მთავარი,სიახლეები

„ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან“ – შრომის ინსპექცია მშენებლობაზე, სადაც ლიფტი ჩავარდა

29.07.2019 • 1805
„ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან“ – შრომის ინსპექცია მშენებლობაზე, სადაც ლიფტი ჩავარდა

„ეს ობიექტი შემოწმებული არ იყო… შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი დღესვე შევა ობიექტზე უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან,“ – გვითხრეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ თუკი შრომის უსაფრთხოების ნორმები კანონმდებლობასთან კრიტიკულად შეუსაბამოა, შესაძლებელია, ინსპექციამ მშენებლობის შეჩერება მოითხოვოს.

საუბარია დღეს, 29 ივლისს, დილით, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – აღმაშენებლის 2-ში დაახლოებით მეოთხე სართულიდან მშენებარე კორპუსში დამონტაჟებული სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა. ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის შემდეგ კომპანია „გრანდ სითის“ იურისტმა განაცხადა, რომ მშენებლობაზე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და იმ ლიფტით ისარგებლეს ადამიანებმა, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ იყო. მან ვერ უპასუხა ჟურნალისტებს, რატომ მუშაობდა ლიფტი, თუკი იგი ექსპლუატაციაში შესული არ იყო და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე.

„გრანდ სითის“ სამშენებლო კორპუსში დილიდან შევიდნენ გამომძიებლები – გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

„გამოძიება არკვევს ბრალეულ პირს, ჩვენი მოკვლევა კი დაფუძნებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაზე, სადაც კონკრეტულად გაწერილია უბედური შემთხვევების მოკვლევის დეტალები, რომლითაც უნდა დადგინდეს – რა ნორმები იქნა დარღვეული. შრომის ინსპექციის ჯგუფი დაათვალიერებს მშენებლობას, გამოკითხავს შემსწრე პირებს და გამოითხოვს შესაბამის დოკუმენტაციას. ზოგადად, ინპექციას აქვს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა, თუმცა მოკვლევის პარალელურად დაიწყება ინსპექტირებაც, ანუ უნდა დადგინდეს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა. თუ დადგინდება კრიტიკული შეუსაბამობა, ინსპექციას შეუძლია შეაჩეროს მშენებლობა,“- გვითხრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ.

რატომ არ შეამოწმა შრომის ინსპექციამ ეს სამშენებლო ობიექტი აქამდე? – მაია მიქაიას განმარტებით, სამშენებლო ობიექტები, სადაც ინსპექტირება უკვე განხორციელდა და ქვეყნის მასშტაბით 60 მშენებლობა შეჩერდა, დადგენილებით შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მშენებლობები, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა უბედური შემთხვევა, არსებობს პროფესიული დაავადების გაჩენის ან განვითარების რისკი და მესამე, სადაც დარღვეულია შრომის უსაფრთხოების ნორმები.

რა რეაგირება მოჰყვება შრომის ინსპექციის დასკვნას?

„შრომის ინსპექციას შეჩერების მექანიზმის გარდა შეუძლია გამოიყენოს გაფრთხილება ან დაჯარიმება… გაფრთხილება ხდება გონივრული ვადით ანუ რა ვადაც სჭირდება კომპანიას დაფიქსირებული დარღვევის აღმოსაფხვრელად. თუ ვადის გასვლის შემდეგ დარღვევების დიდი ნაწილი ისევ დაფიქსირდება, შესაძლებელია კომპანია დააჯარიმონ გამომდინარე იქედან, რა ბრუნვა აქვს კომპანიას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მაია მიქაიამ, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ლიფტებს, როგორც „მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს“ ექსპლუატაციაში გაშვებამდე არეგისტრირებს ტექნიკური და სამშენებელო ზედამხედველობის სააგენტო. ამ უწყებაში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გრანდ სითის“ ბათუმში, აღმაშენებლის 2-ში, ლიფტი ექსპლუატაციაში გაშვებული არ ჰქონია და კომპანიას უწყებისთვის არც შესაბამისი დოკუმენტაციით მიუმართავს.

„პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას. ლიფტის მფლობელი ვალდებულია შეაფასოს მის განკარგულებაში არსებულ ლიფტთან დაკავშირებული ყველა საფრთხე, რათა აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიღებულ იქნეს საჭირო ზომები უსაფრთხოების უზუნველსაყოფად,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისივე თქმით, კომპანიას ასევე უნდა ჰყოლოდა შესაბამისი კვალიფიკაციის პირი, რომელიც ლიფტის გამოყენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ლიფტების გამართულად მუშაობაზე პერიოდულ ინსპექტირებას, კანონის მიხედვით, სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აწარმოებს. გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: