„ექიმმა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელებაო“ – რატომ აღარ ჩნდებიან ფოთში ბავშვები


„მახსოვს, ექიმმა როცა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელება, გააჩერეთ მანქანაო… რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანაში ჩემი გოგო დაიბადა,“ – ამას ფოთში მცხოვრები მარიამ სიგუა ამბობს. ის არ არის პირველი, ვინც სამშობიაროდ ფოთიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – სენაკში წაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლი დახურეს, ფოთელები შვილებს სენაკში აჩენენ. სენაკი ფოთიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული.

მარიამ სიგუა შვილთან ერთად

მარიამ სიგუამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში ბავშვი 26 ივლისს გააჩინა. სასწრაფო დახმარების ექიმების სიყოჩაღეზე წერდა იმ დღეებში მედია, თუმცა არ გარკვეულა, რატომ არ არის სამშობიარო სახლი ფოთში.

„…ჩემი ქმარი მუშაობს, მეტალურგია. სახლში მხოლოდ დედამთილი და ქმრის ბებია იყვნენ. მუცლის ტკივილი როცა ვიგრძენი, სასწრაფო გამოვიძახე. ვიცოდი, რომ სენაკში მომიწევდა წასვლა, მაგრამ გზაში თუ ვიმშობიარებდი, არ მეგონა… აღარ მინდა გახსენება, ძალიან რთული იყო, ისეთი ტკივილები მქონდა, მაგრამ ექიმები შემხვდნენ კაი,“ – გვიყვება მარიამ სიგუა და დასძენს, რომ არ დაგვავიწყდეს საყვედურის აღნიშვნა, – „როგორ შეიძლება ფოთში ერთი სამშობიარო მაინც არ იყოსო“.

მარიამ სიგუა სენაკის სამშობიაროში ბავშვთან ერთად მივიდა. „ყველა გამომეგება. იცოდნენ უკვე, გზაში იმშობიარა ქალმაო… მომხედეს და გუშინ წამოვედით სახლში. ახლა კარგად ვართ,“ – აღნიშნავს მარიამ სიგუა.

მარიამი და თემური ჩვილთან ერთად

ფოთის სამშობიარო სახლი 2019 წლის თებერვალში დაიხურა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უარყოფითი დასკვნის საფუძველზე. დასკვნის მიხედვით, სამშობიარო სახლი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. დასკვნა არ გაუსაჩივრებიათ სამშობიაროშიც, რომელიც 2002 წლიდან კერძო საკუთრებაა. სამშობიარო სახლის მეწილეებმა სამშობიაროს დახურვამდე ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება ითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. სამშობიარო სახლის 85-წლიან შენობას რემონტი სჭირდებოდა, პირველ რიგში, სახურავი იყო შესაკეთებელი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როცა ფოთის სამშობიარო სახლი იხურებოდა, ფოთის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებდნენ, რომ კერძო კომპანიას ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებით ვერ დაეხმარება და „რეანომობილები უსწრაფესად მოემსახურებიან ბენეფიციარებს“.

ამ ფრაზას ფოთის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, მაია მაკალათია ამბობდა. რას ამბობს იგი დღეს, როცა ფოთელმა ქალმა ბავშვი გზაში გააჩინა?

„მაქსიმალური ყურადღების ქვეშ არის თითოეული მშობიარე და მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო სამსახური მთლიანად მუნიციპალური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით…“ – გვითხრა ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მაია მაკალათიამ. მას რამდენიმე დღის წინ მომხდარი შევახსენეთ, როცა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა.

„ეს უკვე პირდაპირ დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, სამეანო თემა დროში არ არის ზუსტად გაწერილი და არის მოულოდნელი წუთები… პროფესიონალ ექიმებს შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ პრობლემას, მაგრამ უფრო დიდ რისკებთან იყო დამოკიდებული ძველ სამშობიაროში მშობიარობა. ჩვენ უფრო დიდ მსხვერპლს მივიღებდით,“ – აღნიშნა მაია მაკალათიამ. მისივე თქმით, ამ დრომდე სამშობიარო ვერ გარემონტდა, რადგან კლინიკას 42 მეწილე ჰყავს და ისინი ინვესტორს ვერ უთანხმდებოდნენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახლაც მიიჩნევს, რომ კერძო კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერეოდა.

„სამშობიარო სახლი საახალწლოდ დაიწყებს მუშაობას,“ – ამბობს ფოთის სამშობიარო სახლის ერთ-ერთი მეწილე და ხელმძღვანელი, ნანა მორგოშია. მისი თქმით, სახლში ახლაც ფუნქციონირებს ქალთა კონსულტაციის ცენტრი, სამეანო განყოფილებაში კი – სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„შემოვიდა ინვესტორი მამუკა მიქაძე, ის გახდა ერთ-ერთი მეწილეც და მიმდინარეობს აქტიური სარემონტო სამუშაოები. ჩვენ უკვე მივიღეთ სამედიცინო რეგულირებიდან A დონის სერტიფიკატი, ანუ გვაქვს ფიზიკური მშობიარობის უფლება, მაგრამ ველოდებით რემონტის დასრულებას. ამ წლების განმავლობაში სხვა კლინიკებმა ფოთში ვერ გახსნეს სამშობიარო, რადგან ამას სხვა რესურსი სჭირდება, ჩვენ გვყავს ძლიერი სტაფი ამ კუთხით და მას ვინარჩუნებთ,“- გვითხრა ფოთის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა, ნანა მორგოშიამ.

სამშობიარო სახლის ხელმძღვანელის მონაცემებით, ფოთში საშუალოდ თვეში 15 – 20 ბავშვი ჩნდება. 2014 წლის აღწერით ფოთში 41 465 ადამიანი ცხოვრობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი