დღეს, 29 ივლისს, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა, ასევე „ძველი ბათუმის დამცველმა“, სამოქალაქო აქტივისტებმა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „რივიერას“ პროექტი, რომელიც ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ პროექტით ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის შედეგად ქალაქი დაიჩრდილება და შესაძლოა გამოიწვიოს ეკოლოგიური საფრთხეები.

„მინდვრებში არასასურველ სტუმრებს „საფრთხობელათი“ აშინებენ. ჩვენ ეს საფრთხობელა გვინდა აღვმართოთ იმის საჩვენებლად, თუ რამდენად არასასურველია „რივიერას“ პროექტი ქალაქისთვის“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი, ვინც რივიერაზე მშენებლობას ეწინააღმდეგება, ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელებით ხელისუფლება მოქალაქეთა ინტერესებს უგულებელყოფს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, 5 თაცამბჯენის მშენებლობით ისედაც შემცირებული რეკრეაციული სივრცეები კიდევ უფრო შემცირდება ქალაქში.
„რივიერას“ პროექტზე სამართლებრივი პროცედურები ბათუმის მერიამ მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაიწყო. პროექტს აქტიურად უჭერს მხარს ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც.

„გაწიე ბეტონი, მზე დამანახე“, „რივიერა“ ცათამბჯენების გარეშე“ – ამ გზავნილებით ბათუმელები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ











