მთავარი,სიახლეები

კახა მიქელაძე ბრალს აღიარებს – „ფეისბუქპოსტის გამო მერიის ყოფილი თანამშრომლის დაჭრის საქმე“

31.07.2019 • 2653
კახა მიქელაძე ბრალს აღიარებს – „ფეისბუქპოსტის გამო მერიის ყოფილი თანამშრომლის დაჭრის საქმე“

თანხმობის ნიშნად კახა მიქელაძემ და ირაკლი აბუსერიძემაც თავი დაუკრეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, როცა მან იკითხა: ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ?

კახა მიქელაძე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია. ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი – ალეკო თევზაძე მას და კიდევ ირაკლი აბუსერიძეს ფიზიკურ ძალადობას ედავება. დღევანდელ პროცესს ალეკო თევზაძე არ დასწრებია. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

დღეს, 31 ივლისს, სასამართლო სხდომა სულ რამდენიმე წუთში დასრულდა, რადგან ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ წარადგინა, ბრალდებულებმა დასაშვებად მიიჩნიეს და უდავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მორიგი პროცესიც მალე დასრულდება და, შესაბამისად, საქმის განხილვაც. მოსამართლე ამ შემთხვევაში ვერ მოისმენს ვერც ერთი მოწმის ჩვენებას, რომლებმაც ჩვენება გამოძიებას მისცეს – დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

კახა მიქელაძე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მან გვითხრა, რომ მას შემდეგ ისაუბრებს და კონკრეტულ ფაქტებსაც გააჟღერებს, როცა სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – ევროპის მოედნიდან ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი წაიყვანეს და ხელის, ასევე, თავის არეში დაჭრეს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, იყო მისი გატაცების მცდელობაც, რის შემდეგაც მან მძღოლს კაფე „კონტესთან“ მანქანა გააჩერებინა. დაპირისპირება ფეისბუქპოსტს მოჰყვა.

ბრალდებულები ბათუმში 24 ივნისს დააკავეს. მათ გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით ედავებოდა, რაც ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს. მალევე გამოძიებას პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს, ირაკლი აბუსერიძეს კი – 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლია.

ამ თემაზე:

რატომ გაუწიეს „შეღავათი“ პირებს, რომელთაც ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: