ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა ინვესტორებისთვის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს

31.07.2019 • 1038
აჭარის მთავრობა ინვესტორებისთვის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავს.

სხდომაზე განიხილავენ განკარგულების პროექტებს, რომლებიც საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს მოქალაქე როლანდ შანთაძის, შპს „ევრო თაუერის“, შპს „ორბი ჯგუფის“ და შპს „ბიჯი თრეიდის“ მიმართ.

სხდომაზე ასევე განიხილება განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არასტანდარტული საცხოვრისის ე.წ. ბარაკული საცხოვრებლების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ორი კომპანიისთვის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს შორის მოისმენენ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების ანგარიშს და პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება.

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 102,4 პროცენტით შესრულდა და 138 152 700 ლარი შეადგინა [გეგმა იყო 134 951100 ლარი]. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშემოსავლო გადასახადის ზრდა 12 026 700 ლარს შეადგენს. 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შემოსავლები 105,1 პროცენტით შესრულდა.
საშემოსავლო გადასახადი [ორი კვარტალი]:
2018 წელი – 117 645 634 ლარი;
2019 წელი – 129 672 260 ლარი

ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროპარკის იჯარით გაცემის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი გააცნობს სხდომაზე დამსწრეებს. სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება აგროპარკის, 25 წლის ვადით, იჯარით სარგებლობაში გადაცემა ელექტრონული აუქციონით. აგროპარკი – მდებარეობს ქობულეთის სოფელ ალამბარში, სულ 62 220 კვ.მ. მიწის ფართობზე, სადაც მოწყობილია 50 ერთეული, თითოეული 500 კვ.მეტრიანი სათბური, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ობიექტებით. აგროპარკის საბაზრო ღირებულება სულ 4 382 900 ლარია.

მთავრობის სხდომა ამ წუთებშიც [12:50 სთ] მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: