ბათუმში პარკინგის საფასური იზრდება

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ბათუმის საკრებულოს პარკირების საფასურის გაზრდის მოთხოვნით მიმართა. შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი უკვე გადაგზავნილია საკრებულოში დასამტკიცებლად. საკრებულოს კომისიებმა საკითხი განიხილეს და მომავალი სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.

პროექტის შესაბამისად, ცვლილების შემდეგ პარკირების საფასური დროის მიხედვით ასე გადანაწილდება:

 

 

15 ლარით იზრდება ასევე დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის საფასური. ავტომანქანის დასაბრუნებლად ამ დრომდე მეპატრონე 30 ლარს იხდიდა, ცვლილების შემდეგ კი 45 ლარის გადახდა მოუწევს.

კაცი ცოლს მოსამართლის თვალწინ მოკვლით დაემუქრა – განაჩენი

სასამართლო სხდომის დარბაზში და მოსამართლის თვალწინ ცოლზე მუქარისთვის ფოთში მცხოვრებ გ.წ.-ს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებული ცოლს არსებითი განხილვის სხდომაზე დაემუქრა მოკვლით. ბრალდებული მიიჩნევდა, რომ ქალმა არასწორი ჩვენება მისცა სასამართლოს. მანამდე პოლიციელებს გ.წ.-ს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გამოცემული.

„სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ. წ.-მ განმარტა, რომ სასამართლო პროცესის დრო იყო სტრესში… რა და როგორ თქვა არ ახსოვს ზუსტად,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გ.წ. სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის მიხედვით გაასამართლა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით სამართალწარმოების მონაწილის მიმართ სიცოცხლის მოსპობით მუქარას.

სამი ხმით მაუწყებლის მრჩევლებმა თანამშრომლების შტატები გააუქმეს

ეს წუთია[16:05] აჭარის მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ გააუქმა მაუწყებლის სამსახურების მოადგილეების შტატები. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა – სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ გია ქარცივაძე და ნინო წილოსანი. შტატების გაუქმებას მაუწყებლის დირექტორი ითხოვდა.

შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებით სამსახურს კარგავს მაუწყებლის ახალი ამბების სარედაქციო მიმართულების უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე და ასევე რამდენიმე თანამშრომელი.

მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, დღეს სხდომაზე ზეპირსიტყვიერად განაცხადა, რომ შტატგაუქმებული თანამშრომლებისთვის უახლოეს რამდენიმე დღეში ახალ შტატებს შექმნის, ახალი ფუნქცია-მოვალეობებით.

მაუწყებლის ჟურნალისტები აქამდეც აცხადებდნენ, რომ ეს ცვლილება მაია მერკვილაძის სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორებისთვის დასჭირდა არხის ადმინისტრაციას.

დღეს სხდომაზე მივიდა სახალხო დამცველი.

განახლება: მრჩეველთა საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, გიორგი კოხრეიძემ 24 თებერვლამდე უნდა შესთავაზოს ახალი საშტატო პოზიციები აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომელთა შტატებიც გაუქმდა. 24 თებერვლამდე სამსახურების უფროსების მოადგილეები მუშაობას განაგრძობენ.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაუწყებელში „საგანგაშო ვითარებაა“.

___

ამავე თემაზე:

აჭარის მაუწყებლის რედაქტორი: ხვალიდან არ გამოვრიცხავთ გაფიცვას

„სუსი მიდის ღია პროვოკაციაზე“ – ნათია ზოიძე აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად გამართული ორი აქციის შესახებ „ბათუმელებმა“ მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, ნათია ზოიძეს დაუსვა რამდენიმე შეკითხვა. ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2 თებერვალს დატოვა, რადგან, მისივე თქმით, იგი „იძულებული გახდა“ დაეტოვებინა ტელევიზია.

  • დღეს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობდა. ერთი იყო ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია, მეორე კი – კონტრაქცია, რომელზეც მაუწყებელს მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ და ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეს, რომ მადლობის გადახდა სურდათ მთავრობისთვის და ჟურნალისტებმა ეს არ გააშუქეს. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე?

ჩვენ ვხედავდით როგორ ნიშნავდა სისტემა კოხრეიძეს, მე დღეს ვხედავ როგორ იცავს სისტემა კოხრეიძეს. დღეს რაც მოხდა აჭარის ტელევიზიასთან მიმართებაში, ეს იმის მანიშნებელია, რომ სუსი მიდის ღია პროვოკაციაზე. ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს და გაათვიცნობიეროს პრობლემის კონტექსტი. რაც დღეს გააკეთეს, ეს არის ქმედება, რომელიც ტელევიზიის ფარგლებს და მედიის საკითხებს გასცდება.

ხელისუფლება ახალისებს, რომ სხვა კონტექსტში და მასშტაბში გადაიყვანოს პროცესი, სხვას არაფერს ნიშნავს იქ ვითომ აჭარის ტელევიზიაზე გაბრაზებული მოქალაქეების და სუსის ე.წ. დაფინანსებული აგენტების დარბაზში მობილიზება. ეს ყველაფერი გათვლილია, რომ შექმნან ილუზია, თითქოს ჟურნალისტთა გუნდით უკმაყოფილოა საზოგადოება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია და ვინც ეს თამაში წამოიწყო, ვერ გრძნობს კონტექსტს. ფსკერისკენ მიჰყავთ პროცესი. ასლან აბაშიძე აკეთებდა ამას 16 წლის წინ.

  • რატომ ფიქრობთ, რომ პროცესებში სუსი ჩაერთო, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

დარბაზში დავინახე დაფინანსებული პროვოკატორები. ბათუმში იცნობენ ამ ადამიანებს და უფრო მეტად აღარ დავკონკრეტდები. ეს ადამიანები მხარს უჭერდნენ რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდი აფინანსებს. სუსის ხელწერაა ეს, როცა პროცესში რთავენ მოქალაქეებს. ვერ ვიქნები გულუბრყვილო, ეს ადამიანები გამოყენებული არიან, რადგან თუ ვინმეზე მადლობა აქვთ სათქმელი, ეს საინფორმაციო სამსახურის გუნდია, მათი პრობლემების გაშუქება არ მოსწონდა სწორედ ხელისუფლებას. ამიტომ აქვს აჭარის ტელევიზიას დღეს პრობლემები.

  • რას ფიქრობთ, რა არის გამოსავალი მოცემულ სიტუაციაში?

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ვთხოვ: თუ ერთმანეთს მხარში არ დაუდგებით, ნუ დაასხამთ პროვოკატორების წისქვილზე წყალს, არ დაუპირისპირდეთ ერთმანეთს, არ დაუშვათ თქვენი გულწრფელი წუხილი ძალიან საშიშმა ძალებმა უფრო მეტი პროვოკაციისთვის გამოიყენონ. თორნიკე რიჟვაძის სახელის ხსენებაც სულ არ მგონია შემთხვევითი და ეს ძალიან სახიფათოდ გათვლილი თამაშის ნაწილი მგონია.

ეს პროცესები, რაც მაუწყებელში ხდება, ცხადყოფს – ბატონ კოხრეიძეს არ აღმოაჩნდა არანაირი მართვის უნარი, ის აღრმავებს კრიზისს და იწვევს ესკალაციის ახალ ეტაპს. პასუხისმგებლობა პროცესებზე ეკისრება მრჩეველთა საბჭოს, მოქმედ დირექტორს და ხელისუფლებას ერთნაირად. გამოსავალი კომპრომისია და კომპრომისი ვერ შედგება სარედაქციო პოლიტიკის ხარჯზე.

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან 110-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან [„ტოდინთან“]  გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამ ეტაპზე გამოთხოვილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. რაც შეეხება ხულო-ზარზმის პროექტის განვითარებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმება მიღწეულია და ახალი ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის ხელშეკრულებები ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 2 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა.  110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც  არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა [2019 წლის მაისში] გვაცნობა, რომ „ტოდინის“ მიერ წარმოდგენილია TENGRI BANK JSC-ის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე – 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე – 4 026 450 ლარი“.

ამ თემაზე:

„მცდელობა არის, მზაობა სუსტია“ – როგორ ხსნის 110-მილიონიანი პროექტის შეჩერებას დეპარტამენტი

კომპანია „ტოდინს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „ასეული მილიონის ოდენობით თანხას“ იმ ხელშეკრულების შეწყვეტის გამოც ედავება, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.

ამ თემაზე:

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება

მაია მერკვილაძე: საბჭო და მენეჯმენტი არ არიან მზად, დაასაბუთონ ცვლილების აუცილებლობა

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილება დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინიციატივა საშტატო ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაია მერკვილაძემ, საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა და მოთხოვნა ასე დაასაბუთა:

„დღეს არც მრჩეველთა საბჭო და არც მენეჯმენტი არ არის მზად იმისთვის, რომ განმარტოს და დაასაბუთოს ამ ცვლილების აუცილებლობა. მე ვერ ვხედავ აქ ორგანიზაციის იურიდიულ სამსახურს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ასევე, საკადრო განვითარების სამსახურის უფროსს, რომლის უშუალო ფუნქციაში შედის კარგად შეისწავლოს და დაასაბუთოს ეს ცვლილება, რომელიც ეხება კონკრეტულ თანამდებობას და თანამშრომლებს.

მე როგორც ვიცი, ეს ადამიანები არც იყვნენ საქმის კურსში და მე ეს დავაზუსტე გუშინ. აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან გვიან გაიგეს ამის შესახებ. ეს ფარული გადაწყვეტილება საშტატო განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებაში ბევრი ვნებათაღელვა მოჰყვა და დღეს თქვენ ეს ნახეთ, ასე დაუსაბუთებლადაა წარმოდგენილი.

ამიტომ გთხოვთ გადადოთ ამ საკითხის განხილვა მანამ, სანამ არ იქნებიან მხარეები ჩართული, მე, ასევე სამსახურის უფროსები, რომელთაც თქვენ მმართველთა საბჭოზე გააცანით ეს საკითხი და არ მიგიღიათ მათი მხარდაჭერა, მეტიც, ბატონმა გიორგიმ [კოხრეიძემ], სამსახურის უფროსებს უთხრა, რომ ვალდებული არ იყო აეხსნათ, უბრალოდ ცნობად მიიღეთო.

ამის გათვალისწინებით, ვითხოვ სამსახურების მოწვევას, ასევე, იურიდიული და ადამიანური რესურსების სამსახურების ჩართვას ამ პროცესში და ამ საკითხის კარგად მომზადების შემდეგ განხილვას,“ – განაცხადა მაია მერკვილაძემ.

ამ დროისათვის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

„საგანგაშო ვითარებაა“ – ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. იგი აპირებს სხდომას დაესწროს და გაესაუბროს მხარეებს. სახალხო დამცველის თქმით, აჭარის საზოგადოებრივ  მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ისევ აჩენს კითხვებს, რომ ეს არ არის ადმინისტრაციული ცვლილება და საქმე გვაქვს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობასთან:

„მაქვს სურვილი, რომ გავესაუბრო  მხარეებს და გამოვხატო ჩემი პოზიცია. პროცესები როგორც ვითარდება, აშკარად აჩენს კითხვებს, რომ რეალურად, დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არამხოლოდ ორგანიზაციულ ცვლილებებს, არამედ კრიტიკული სარედაქციო მაუწყებლობის ცვლილებებს.

მე ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშო ვითარებაა. იმ ვითარებაში, როდესაც ზოგადად ქვეყანაში გვაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის. ჩვენ გვაქვს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდება დამოუკიდებელი მედიასაშუალების მფლობელების თუ მენეჯერების მიმართ დაწყებულ დევნას და ამ ფონზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაწყებული ეს პროცესი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აჭარის მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მას გააჩნია ვალდებულება, რომ კრიტიკულად და ობიექტურად გააშუქოს მიმდინარე მოვლენები, ამიტომ აქ მიმდინარე პროცესები არ უნდა იყოს მენეჯმენტის სუბიექტური გადაწყვეტილება. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია, ძალიან კრიტიკულად განიხილოს დღეს შემოთავაზებული ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების მხრიდანაც, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს შეფასდება აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩარევის მცდელობად,“  – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ განცხადებაც გაავრცელა. იგი შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც მისი განცხადებით, „საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე“.

დღეს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუქმდება რამდენიმე შტატი. აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებების მეშვეობით მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აპირებს თავიდან მოიშოროს არასასურველი ადამიანები.

რომელ პროგრამებზე აპირებენ პროფესიული კოლეჯები ზოგადი განათლების მოდულის დანერგვას

პროფესიულ სასწავლებლებში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა. ამ სტანდარტების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც, რაც შემდგომში მათ შესაძლებლობას მისცემს, სწავლა უმაღლეს სასწავლებელშიც გააგრძელონ.

პირველ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, შვიდი პროფესიული კოლეჯი აპირებს ინტეგრირებული პროგრამების დანერგვას. აქედან ერთ-ერთი ქობულეთში არსებული კოლეჯი „ახალი ტალღაა“.

„ახალი ტალღის“ ხარისხის მართვის მენეჯერი ირმა მეგრელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ინტეგრირებული მოდული ამ ეპატზე მხოლოდ ერთ მიმართულებაზე  შეიმუშავეს: „ახლა ფაქტობრივად ამ პროგრამის პილოტირებას ვგეგმავთ კომპიუტერული სპეციალობების მიმართულებით, შემდეგ კი სხვა პროფესიულ პროგრამებშიც გვინდა დავნერგოთ. ეს არის მეოთხე დონის პროგრამა. შევისყიდეთ ლაბორატორიებიც და ველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას.“

მისი თქმით, ახალ პროგრამაზე აკრედიტაციის მისაღებად დასჭირდათ პედაგოგების შერჩევაც:

„სულ 14 პედაგოგი დავამატეთ, რომლებიც კონკურსით შევარჩიეთ. გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპი მარტში იგეგმება. ეს არის მეოთხე დონის პროგრამა. პროგრამის ხანგრძლივობა შემუშავებული გვაქვს, შევისყიდეთ ლაბორატორიები და ველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას“.

ირმა მეგრელიძის თქმით, ინტეგრირებულ პროგრამაზე სტუდენტების მიღება სექტემბერში იგეგმება.  კოლეჯში ამ ეტაპზე 1 200 სტუდენტი სწავლობს.

ინტეგრირებული პროგრამების დასანერგად, ავტორიზაციის მისაღებად პროფესიულმა სასწავლებლებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ.

ინტეგრირებული მოდულის დანერგვაზე მუშაობენ  პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსიში“.  კოლეჯის დირექტორი გიორგი გოგიტიძე ამბობს, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან იქნება ეს პროგრამები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი.

„დაინერგება ორი პროგრამა ტურიზმისა და IT მიმართულებით. ინტეგრირებული სწავლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მეოთხე დონის პროგრამებზე. კოლეჯს მოპოვებული აქვს მეოთხე დონის სამი პროგრამის განხორციელების უფლება და მათგან შერჩეულია ორი პროგრამა – სასტუმრო მომსახურება და კომპიუტერული ქსელი და სისტემები, რომლებზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მოსაპოვებელია ახალი მიდგომით განხორციელების უფლება, რაც  დაგეგმილია ზაფხულის პერიოდისათვის,“ – გვითხრა გიორგი გოგიტიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკონკურსო განაცხადების მომზადება. კონკურსი გამოცხადდება ინტეგრირებული მოდულების განმახორციელებელ პროფესიული  განათლების მასწავლებლებისთვის მოდულებზე: მეცნიერება და ტექნოლოგიები,  მეწარმეობა, კომუნიკაცია ქართულ ენაზე და მათემატიკური წიგნიერება.

როგორც ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ამ დროისთვის აკრედიტაციის მისაღებად არც ერთი განაცხადი არ არის შესული.

_________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ეროვნული ბანკი საქართველოს მეფეების საკოლექციო მონეტების სერიას ერეკლე II-ით იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის  –  „საქართველოს მეფეები“ გამოშვებას იწყებს. ეროვნული ბანკის განცხადებით, 2020 წელს ამ სერიის პირველი მონეტა გამოვა, „რომელიც მეფე ერეკლე მეორის მოღვაწეობას მიეძღვნება“.

ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე მეორეს თემაზე 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსი უკვე გამოაცხადა.

„საქართველოში მრავალი საუკუნის მანძილზე იყო მონარქიული მმართველობა. ქვეყნის ისტორიაში გამორჩეულია რამდენიმე მეფე, რომელთაც ახასიათებდათ სახელმწიფო საქმიანობის დიდი მასშტაბები და მათმა მმართველობამ გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ისტორიაში,“ – აღნიშნულია ბანკის საკონკურსო განცხადებაში.

„აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით  მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

 

 

39 წელი ცეცხლის პირისპირ – ამბავი ქალაქის მთავარ მეხანძრეზე

როცა ბათუმის ქუჩებში სახანძრო-სამაშველო მანქანების „კივილი“ ისმის, ხუსეინ სირაბიძის ტელეფონზე ზარი არ წყდება, მასთან ერთდროულად რამდენიმე ჟურნალისტი რეკავს იმის გასარკვევად, სად რა იწვის ან რა მასშტაბის ხანძარია. ამ დროს ის ძირითადად ერთ-ერთ მანქანაშია და შემთხვევის ადგილისკენ მიიჩქარის, თუმცა მაინც ახერხებს პასუხის გაცემას.

ხუსეინ სირაბიძე რესპონდენტების იმ კატეგორიას  განეკუთვნება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი უკმეხად არასდროს გპასუხობს. ბათუმში მისი სახელი და გვარი ბევრმა იცის, ბევრი იცნობს, როგორც ქალაქის პირველ მეხანძრესა და მაშველს.

ხანძრის შესახებ შეტყობინებისთანავე ხუსეინ სირაბიძე და „მისი ბიჭები“ – [ასე თავად მოიხსენიებს თანამშრომლებს] დაუყონებლივ გარბიან თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად, ამ დროს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქუჩები გადატვირთული არ იყოს და ხანძრის კერასთან სწრაფად მივიდნენ:

„იყო შემთხვევები, როცა ხელით გადავწიეთ ავტომანქანები ადგილის გამოსათავისუფლებლად, ისეთიც იყო, როცა შორიდან გავხსენით სახანძრო სახელურები, წყალი რომ მიგვეწოდებინა, რადგან მიახლოება შეუძლებელი იყო“, – გვეუბნება ის.

ხუსეინ სირაბიძემ სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობა 1981 წელს მძღოლად დაიწყო, „სამსახურს ეძებდა და აქ იპოვა“. როგორც თვითონ გვიხსნის, მაშინ ეს იყო გასამხედროვებული სახანძრო ნაწილი. ერთი წლის შემდეგ კი სწავლა დაიწყო უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, სახანძრო ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც 1985 წელს დაასრულა.

უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ხუსეინ სირაბიძე ქუთაისში, სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორის თანამდებობაზე დასაქმდა. შემდეგ იმავე პოზიციაზე ხულოს მუნიციპალიტეტში გადაიყვანეს, 1989 წელს კი ის  ბათუმის სახანძრო სამსახურს დაუბრუნდა, სადაც დღემდე მუშაობს.

„მეხანძრის ცხოვრება რთული, მაგრამ საამაყოა. განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედო, რა თქმა უნდა, შეზღუდულ თავისუფალ დროზე გავამახვილებდი ყურადღებას. გულდასაწყვეტია, რომ ოჯახისთვის ნაკლებად გცალია, მაგრამ თუ ხარ მეხანძრე-მაშველი და გიყვარს შენი საქმე, უნდა ემსახურო ქვეყანას“, – გვიყვება ხუსეინ სირაბიძე.

 

ხუსეინ სირაბიძე თანამშრომლებთან ერთად

მეხანძრე-მაშველის დილა ყოველდღე სპაციალური განაწესის მიხედვით იწყება და იმავე რეჟიმში გრძელდება: „ფორმაში უნდა იყო, ეს მნიშვნელოვანია. თუ გამოძახებაა, გავდივართ, თუ არ გვაქვს წვრთნები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული“.

ქალაქის პირველი მეხანძრის თქმით, ყველა გამოძახება მისთვის რთული და ემოციურია, თუმცა განსაკუთრებული ემოციით იხსენებს იმ ხანძრებს, რასაც მსხვეპლი მოჰყვა: „ასეთი იყო, მაგალითად, ქობულეთში სასტუმროს, ასევე „ლეო გრანდის“ ხანძრის ამბავი. ჩემს პრაქტიკაში იყო ასევე 1989 წლის რეზერვუარების პარკზე გაჩენილი ხანძარი, რომელიც საუკუნის ხანძრად შეფასდა. ამ ყველაფერზე დამწყებ მეხანძრეებს ვუყვებით, ვუზიარებთ გამოცდილებას. თუმცა ყველაზე დიდი მოტივაცია ის არის, როცა ადამიანის სიცოცხლეს ან მის ქონებას გადაარჩენ.“

ხუსეინ სირაბიძე კმაყოფილია იმ აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით, რაც მის სამსახურს ამ დროისთვის აქვს. ერთადერთი, რასაც ის მოქალაქეებისგან ითხოვს,  არის ის, რომ ავტომანქანის გაჩერებისას არასოდეს ჩახერგონ შესასვლელები.

„დიდ სირთულეებს ვაწყდებით ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ძველ ბათუმში. მოგეხსენებათ, აქ ქუჩები ძალიან ვიწროა და ყოველთვის გადაჭედილია ავტომანქანებით“.

ხუსეინ სირაბიძის თქმით, მთავარია მეხანძრე მუშაობისას დაზღვეული  იყოს, ხელმძღვანელმა კი ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მისი ჯგუფის ყველა მეხანძრე-მაშველი უვნებლად გამოვა ხანძრიდან:

„უმეტესწილად ჩვენ გაწერილი წესების მიხედვით ვმოქმედებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა ჩვენ ინტუიციითაც მიგვიღია გადაწყვეტილება.“

ქალაქის მთავარი მეხანძრის თქმით, ბოლო პერიოდში მეხანძრე-მაშველის საქმის სირთულე ხალხმაც გაიაზრა და დააფასა:

„დიდი დაფასებაა, როდესაც მოდის ადამიანი და გვეუბნება – მადლობა თქვენ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთო. არამხოლოდ ჩვენს თითოეულ მხანძრე-მაშველს ჰქონია ასეთი ისტორია თავის პრაქტიკაში. არის შემთხვევები, როცა მაშველს ან მეხანძრეს, თუ ის ფეხითაა და სახლში მიდის, ავტომანქანას უჩერებენ და ადგილამდე მიჰყავთ.“

ხუსეინ სირაბიძე რეკომენდაციას აძლევს ადამიანებს,  თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩენის შემთხვევაში. მთავარი მეხანძრის თქმით, პირველი, რაც მოქალაქემ უნდა გააკეთოს, ეს შეტყობინებაა, შემდეგ კი „თუ ვინმეს ხანძარში მოხვედრილის დახმარება შეუძლია, უნდა დაეხმაროს, მაგრამ  არა სიცოცხლის რისკის ფასად. “

ხუსეინ სირაბიძეს ვკითხეთ იმაზეც, როგორ შეიძლება მოხდეს მეხანძრე ას მეტრზე მაღალი შენობის ბოლო სართულებზე ხანძრის შემთხვევაში. მეხანძრე ამბობს, რომ ასეთ სახლებს ავტომატური ქრობის სისტემა უნდა ჰქონდეს, რომელიც უნდა ამუშავდეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის რეაგირებამდე.

ხუსეინ სირაბიძეს ჰყავს ორი შვილი, ერთმა მამის პროფესია აირჩია. ჰყავს ასევე ორი შვილიშვილი. უფროსი შვილიშვილი მას უამრავ კითხვას უსვამს მეხანძრეობაზე და ბაბუას დიდ, წითელ მანქანაში მოხვედრაც მოუხერხებია.

თავისუფალ დროს შვილიშვილებთან ყოფნა და თევზაობა უყვარს, მაგრამ ამბობს, რომ ასეთი დრო იშვიათად აქვს.

სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც მისი განცხადებით, „საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე“.

„გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი.

კერძოდ, 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა. მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახალი დირექტორის მხრიდან მათ მიკერძოებაში დადანაშაულების თაობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებმა გარკვეულ ფაქტებზე მიუთითეს, რომლის თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა.

გავრცელებული მოსაზრებით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს დაუკავშირდა აგრეთვე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი ჩამოშორდა მაუწყებლის პლატფორმებზე სარედაქციო პოლიტიკის მართვას და საბოლოოდ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. საგულისხმოა, რომ ნათია ზოიძის მიერ თანამდებობის დატოვება კრიტიკულად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ მიერ, რომელმაც აღნიშნული საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდას დაუკავშირა.

განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე.

სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები აჩენს ეჭვებს კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადებაში ჯანსაღი მედიის სასიცოცხლო ფუნქციას და იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უარყოფითად არ აისახება მედია გარემოზე და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა არაერთ ვალდებულებას უდგენს, რომელთა ზედმიწევნით განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით.

ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და მოახდენს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობისთვის მადლობის თქმა გვინდოდა და არ გაგვაშუქეს – პრეტენზიები აჭარის მაუწყებელს

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში, ყოფილი თითების თეატრის წინ, სადაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება, ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს.

მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მართავს ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და, ასევე, შენობის წინ დგანან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზია მიკერძოებულია. „ბათუმელებს“ მათ უთხრეს, რომ ურეკავდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, სურდათ მადლობის გადახდა მთავრობისთვის, თუმცა ჟურნალისტები არ მივიდნენ. მათ ასევე დაასახელეს კიდევ ერთი მაგალითი, როცა „ოცნების ქალაქში“ იყო პრობლემა, თუმცა ჟურნალისტები არ მისულან.

„მადლობა გვინდოდა გადაგვეხადა, ამისთვის არ შეიძლებოდა ტელევიზია მოსულიყო? ეს იყო ერთი კვირის წინ. გუშინაც ვურეკავდით, იყო დაპირისპირება, რამდენიმემ თქვა, რომ ეს სტადიონია და არა ბინები, ჩვენ გვინდოდა, გაგვერკვია, რა იყო აქ. ვერ ამოვალთო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კონტრაქციის მონაწილეების თქმით, ისინი „ოცნების ქალაქიდან“ არიან, გაიგეს მრჩეველთა საბჭოს სხდომის შესახებ და საკუთარი ინიციატივით მოვიდნენ.

კონტრაქციის მონაწილეებს შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციაში „არა ქიმიურ ტერმინალს“ და ასევე, პირები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან სამთავრობო აქციებზე.

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაუქმდება რამდენიმე შტატი. აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებების მეშვეობით მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აპირებს თავიდან მოიშოროს არასასურველი ადამიანები.

კვირას, 16 თებერვალს, ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციაც გაიმართა. აქცია გაიმართა, ასევე, თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ახალციხეში.

ამავე თემაზე: 

დაპირისპირება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე 

 

დაპირისპირება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე 

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაუქმდება ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა, ცვლილება შეეხება შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და  ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს. ამ პროფკავშირში მაუწყებლის 70-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. დაპირისპირების გამო სხდომა ცოტა ხნით გადაიდო, თუმცა ამ დროისთვის მიმდინარეობს.

„დასაქმებული ადამიანები დაინიშნებიან სხვა თანამდებობებზე, შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება ეს ყველაფერიო – წერია განმარტებით ბარათში. მიუხედავად ამისა, ეს აძლევს დირექტორს მეტ ლეგიტიმაციას, ვიდრე სხვა პირობებში მისცემდა. შეიძლება ითქვას, რომ დირექტორის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, ადამიანები დაინიშნებიან თუ არა ტოლფას თანამდებობებზე. თუ არ დაინიშნებიან, ეს ადამიანები წავლენ, მოიგებენ სასამართლოში, მოიგებენ წელიწად-ნახევრის მერე, მაგრამ მაუწყებლის იდეა დაზარალდება.

განმარტებით ბარათში არ არის მოცემული, სად დაინახა დირექტორმა პასუხისმგებლობების დუბლირება, რატომ გახდა საჭირო მოადგილის თანამდებობა გაეუქმებინა, რა ახალი ფუნქციები ექნება იმ საშტატო ერთეულებს, რომლებიც წარმოიქმნება და ა.შ. არ არის დასაბუთებული, რატომ სჭირდება მაუწყებელს ეს ცვლილებები. იმისათვის, რომ პროცესი წარიმართოს ნორმალურად, უნდა გადაიდოს ეს საკითხი, ჩაერთონ მოლაპარაკებებში ის ადამიანები, რომელთაც უშუალოდ ეხება ეს ცვლილებები, ჩაერთოს მოლაპარაკებაში ალტერნატიული პროფკავშირი, იურისტები, განვიხილოთ ეს საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდეს კენჭისყრაზე საკითხი. სხვა ვარიანტში გვაქვს ასეთი სურათი – დღეს რომ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მაგალითად, გიორგი მურვანიძეს და მაია მერკვილაძეს აღარ აქვთ შტატები და დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, სად გადანიშნავს მათ. ამის თქმა გვინდოდა, მაგრამ არ მოგვცეს ამის თქმის საშუალება“, – განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

შენობის წინ, სადაც სხდომა იმართება, ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს. მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მართავს ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და, ასევე, შენობის წინ დგანან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზია მიკერძოებულია. „ბათუმელებს“ მათ უთხრეს, რომ ურეკავდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, სურდათ მადლობის გადახდა მთავრობისთვის, თუმცა ჟურნალისტები არ მივიდნენ.

აქცია
აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა

აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების ჟურნალისტების განცხადებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და დირექტორი რეორგანიზაციის სახელით თავიდან იშორებს მისთვის არასასურველ ადამიანებს.

კვირას, 16 თებერვალს, ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციაც გაიმართა. აქცია გაიმართა, ასევე, თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ახალციხეში.

სარფში ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებზე დააკავეს

შსს ინფორმაციით,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ჯ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფში“ დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „პრეგაბალინის“ შემცველი ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკის“ 490 კაფსულა, 72 გრამი “ამფეტამინი” და 237 გრამი გამომშრალი “მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

მთავარი ფოტო: შსს

ჯეკი ჩანი 150 ათას ევროს გადაუხდის კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალების გამომგონებელს

„კარგად მესმის, რომ საქმე აქ არ ეხება ფულს, მაგრამ მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ვირუსის საწინააღმდეგო საშუალების გამომგონებლის მიმართ. სულერთია ვინ იქნება ის, რომელიმე ერთი ექიმი, თუ მთელი ინსტიტუტი, მე მას 1 მილიონ იუანს გადავუხდი. ადამიანები ტკივილითა და ტანჯვით არ უნდა იხოცებოდნენ, სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ,“ – წერს 65 წლის მსახიობი, ჯეკი ჩანი სოციალურ ქსელ Weibo-ზე. 

ჯეკი ჩანი ასევე გამოჩნდა კორონავირუსის მსხვერპლებისადმი მიძღვნილ ჰიმნში, რომელსაც Believe Love Will Triumph-ი ჰქვია.

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში ეპიდემიამ ბოლო მონაცემებით 1770 -ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.  ახალი ტიპის კორონავირუსი 30 ქვეყანაშია გავრცელებული.

აჭარის მაუწყებლის რედაქტორი: ხვალიდან არ გამოვრიცხავთ გაფიცვას

ხვალ, 19 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო იკრიბება იმისთვის, რომ გააუქმოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. მრჩეველთა საბჭოს მაია მერკვილაძის და კიდევ სამი თანამშრომლის შტატის გაუქმების მოთხოვნით მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა. დირექტორის სურვილის დაკმაყოფილებას 3 ხმა სჭირდება. მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, დირექტორს ეს 3 ხმა აქვს – „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მეურვეები გიორგი კოხრეიძის მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მაუწყებელში არ გამორიცხავენ, რომ ჟურნალისტები გაიფიცონ. რას გეგმავენ ჟურნალისტები – „ბათუმელების“ კითხვებს მაია მერკვილაძე პასუხობს.

  • მაია, შენი შტატი შეიძლება ხვალ გაუქმდეს და დარჩი უმუშევარი. რა გეგმა გაქვს შენ და რას გეგმავს გუნდი, ვისთან ერთადაც მუშაობ?

დიდი ხანია, რაც მაუწყებელში ეს პროცესი დაიწყო და სულ ვფიქრობდი, რომ ჩვენ უნდა დავლოდებოდით იმ მომენტს, როცა  ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად გვეტყოდა, რა უნდა გასულიყო მათი ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი იქ ყოფნის მთავარი მიზეზი და სანამ ამას საკუთარი თვალით არ დავინახავდი, მინდოდა დავლოდებოდი ამ პროცესს.

ხვალინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, თუკი მართლა შემიწყვეტენ ხელშეკრულებას – მრჩევლები ამას გადაწყვეტენ, მექნება ორი არჩევანი, ან უნდა დავრჩე ტელევიზიაში და ვეღარ მივიღო ახალი ამბების მომზადებაში მონაწილეობა, შეიძლება დავალება მივიღო ჩემთვის მიუღებელი, დავრჩე და ამას დაველოდო, ან წამოვიდე ტელევიზიიდან და ვიბრძოლო საკუთარი შრომითი უფლებებისთვის და ასევე მაუწყებლის იდეისთვის გარედან.

ვიცი, რომ იოლი არ იქნება მაუწყებელში დარჩენა, გაცილებით რთული იქნება, ვიდრე გარეთ ყოფნა და ამის კეთება გარედან, მაგრამ ვფიქრობ, ჯობია დავრჩე და პირისპირ შევხვდე ხელისუფლებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლების სახით – მთავარი რედაქტორი თუკი ვინმეს დანიშნავენ, მოადგილე, კოხრეიძე, მრჩეველი თუ ვინმე სხვა. ყველას შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლების სახე.

მათი ნაბიჯები მაფიქრებინებს, რომ ძალიან სწრაფად იქნება ეს ცვლილებები, დრო არ აქვთ, არჩევნებამდე აპირებენ ამ ამბის დალაგებას. ერთ-ორი თვეში უფრო ნათელი იქნება ეს მიზანი, რაც ჰქონდათ ყველა ამ ნაბიჯის უკან ჩასაფრებულ ადამიანებს, ვინც აქამდე მიიყვანა მაუწყებელი და შეძლო წლობით ნაგროვები გამოცდილება, ღირებულებები… დაენგრია. დღეს სამი მრჩეველი ეღობება მაუწყებლის იდეას.

  • შენთან ერთად არის ნიუსრუმი, ჟურნალისტები განიხილავენ წინააღმდეგობის გაწევის სხვადასხვა ვერსიას. ნიუსრუმი მარტოა ამ ბრძოლაში თუ სხვა სამსახურებიც გიჭერენ მხარს?  

ამ გუნდში მოვიაზრებ არა მხოლოდ ახალი ამბების გუნდს, მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია მაუწყებლის იდეა, ღირებულებები, შინაარსი, რაც ახლა არის ეთერში და ისინი არ არიან ცოტა. დაახლოებით 70 კაცია პროფკავშირებში. ბევრს აქვს სურვილი შემოუერთდეს პროფკავშირებს – ეს არ არის მხოლოდ პროფესიული ნიშნით ადამიანების გაერთიანება, ჩვენ გვაერთიანებს გაცილებით მეტი.

ეს ხალხი ცდილობს კონსტრუქციულად მიუდგეს ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც დგამენ თანამშრომლების წინააღმდეგ. არაერთი ნაბიჯი, განცხადება იყო მენეჯმენტის მიმართ, რაც პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გადადგა. ჩვენ ვაჩვენეთ მზაობა, რომ არ დაინგრეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არის ამ ტელევიზიაში – არც შენობაა მანდ ღირებული და არც ტექნიკური აღჭურვილობა. მაუწყებლობის შინაარსია ყველაზე ღირებული.

  • აპირებთ გაფიცვას?

თუკი კარგად დააკვირდება მაუწყებლის მენეჯმენტი, მიხვდება, რატომ იყო ადამიანთა ეს ჯგუფი [ჟურნალისტები] თანმიმდევრული და კონსტრუქციული – სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ განწყობილი ქაოსისა და დესტრუქციისკენ. ჩვენ გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ აქამდე არ მისულიყო მაუწყებელი. თუკი ხვალ, ისინი, ჩვენი კონსტრუქციული შეთავაზების მიუხედავად გადაწყვეტენ იმას, რასაც მთელი მაუწყებელი ელის [სამსახურების უფროსების მოადგილის შტატების გაუქმებას], საგაფიცვო კომიტეტი მზად არის ამისთვის. ჩვენი მხრიდან პროტესტის ამ უკიდურესი ფორმების შესახებაც გაჟღერდა. ჯერჯერობით არ ვიცი რა იქნება, ამას ხვალინდელი დღე გადაწყვეტს. შესაბამისად, არ გამორიცხავენ გაფიცვის ორგანიზებასაც ყველა სამართლებრივი წესის დაცვით. ამის შესახებ სიტყვიერად გაფრთხილებულია მრჩეველთა საბჭო, დირექტორიც ალბათ გაიგებდა ღია ეთერიდან.

თუკი ამ ყველაფრის გათვალისწინებით დირექტორი და მრჩეველთა საბჭო არ გადმოდგამენ ნაბიჯს ჩვენსკენ, არ გაითვალისწინებენ ჟურნალისტების საპროტესტო აქციებს, საზოგადოების მოთხოვნას და ასე შემდეგ, ცხადი გახდება ყველასათვის, რომ ეს იყო და არის პოლიტიკური დაკვეთა. თუკი ანგარიშს არ უწევენ არავის, მხოლოდ ერთი ძალა რჩება, ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ეს ადამიანები [მრჩეველთა საბჭო] აირჩია და ეს გუნდი ვერასდროს მოიშორებს იმ იარლიყს, რაც მათ მიაკრა დიდი ხნის წინ მაუწყებელმა და მის გარეთ მყოფმა ადამიანებმა.

  • ნათია ზოიძის წასვლის შემდეგ გავლენიანმა საერთაშორისო  ორგანიზაციამ თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა. ასე ჩანს, რომ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ამ შეფასება ხელისუფლებამ არ შეიმჩნია. თუმცა მათ მოუწევთ იმის გათვალისწინება, რომ შენ მარტო არ ხარ, რაც გამოჩნდა ერთ-ერთი ბოლო ეთერით, როცა ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრებს. შენ რომც გაგიშვან, მენეჯმენტი შეძლებს ამ ჟურნალისტების „დაოკებას“, თუ ყველას გაშვება მოუწევთ?  

აქამდეც ვიცოდით, რომ ადამიანებს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავკარგავდით. თავიდან იყო ნათია კაპანაძე, შემდეგ ნათია ზოიძე, ნათია შავაძე. ეს ადამიანები ეტაპობრივად ჩამოაშორეს მაუწყებელს. ჩვენ აღარ გვყავდა ზურგი ნათია კაპანაძის და ნათია ზოიძის სახით, მაგრამ მოვედით აქამდე. ახლა მოუწევთ სათითაოდ ყველა ჟურნალისტის მოშორება სხვადასხვა მიზეზით, ეს არ იქნება იოლი. თავადაც ნახეს – ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრებს პირდაპირ ეთერში, ისე ადვილი „მოსათოკები“ არ იქნებიან, როგორც მათ წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისთვის იქნება რთული, მაგრამ არც მათთვის იქნება ადვილი. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ჟურნალისტი, ვინც ახლა ამ პროცესს აპროტესტებს, ბოლომდე იბრძოლებს და არ დატოვებს მაუწყებელს.

  •  ყველამ ვიცოდით, რომ ნათია კაპანაძის და ნათია ზოიძის შემდეგ რიგი შენზე მოვიდოდა. შენი აზრით, ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?

რადგან მე და შორენა ღლონტი ვართ ახლა მიზანში ამოღებული, ალბათ ერთდროულად მოახერხებენ, რომ ჩვენ დავტოვოთ სამსახური, შემდეგ არის რედაქტორთა ჯგუფი და წამყვანები, რომლებიც ქმნიან მაუწყებლის სახეს. ირინა ყურუას, თეონა ბაკურიძის, თეონა თურმანიძის ეთერიდან გაქრობა ასე იოლი არ იქნება, ეს ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის. მე ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, მოახერხონ და დავალება მისცენ თეონა ხარაბაძეს, ჯენი კვანტალიანს, მზია მართალიშვილს… არც ერთი მათგანი არ არის მზად, რომ ამ ჟურნალისტებს დავალება მისცეს. მათი ჩამოშორება მოუწევთ ეტაპობრივად და ეს იქნება მათთვის ძალიან მტკივნეული.

  • მოასწრებენ ამას არჩევნებამდე?

არის მეორე გზაც – რეორგანიზაცია, რაშიც აქამდე მაუწყებელმა შეუშალა ხელი. სხვა მეთოდებსაც გამოიყენებენ – დისციპლინური დევნა, გადაცდომა, ბევრი ხერხი აქვთ. დირექტორი, როგორც მან ერთ-ერთ ეთერში თქვა, გვაკვირდება, სწავლობს ყველა „დარღვევას“ და მზად არის ყველა ამ დარღვევას გამოედევნოს. იმის ნაცვლად, რომ საწერ მაგიდაზე თაგვები რომ გვხვდება ამას მიხედოს, თანამშრომლების დისციპლინური დევნითაა დაკავებული.

  • აჭარის მაუწყებელში დასაქმებულია 310 ადამიანი, თუმცა მაუწყებელი მაინც „20-კაციან“ ნიუსრუმზე დგას, ანუ შეტევა ყველაზე გამართულ რგოლზე მიიტანეს. ნიუსრუმის გარეშე რა დარჩება ამ ტელევიზიიდან?

ადამიანებს ეს ტელევიზია ახსოვთ  ფილმებით, ამერიკულ კინოთეატრებში არ გადიოდა ის ფილმები, რასაც აქ აჩვენებდნენ. მოპარული პროდუქციით, რომელიც ახლაც გვაქვს ეთერში…

დირექციას გადაწყვეტილი აქვს შემოქმედების მიმართულებით ახალი გადაცემების შემოტანა. შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილია „ჰეშთეგი“, ეს გუნდი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ამზადებს გადაცემებს. ხვალინდელი გადაწყვეტილებით დირექტორი აპირებს ამ გუნდიდან ჩახსნას გიორგი მურვანიძე, რომლის ფასიც მაუწყებელში ყველამ კარგად იცის და ამაში არ ვგულისხმობ დირექტორს. მისი ჩართულობით შეიქმნა გადაცემები – „ათვლის კუთხე“, „ჰეშთეგი“. აი, ეს ადამიანი მოხვდა დირექტორისთვის არასასურველი ადამიანების სიაში. არ ვიცი რა ბედი ელით „ჰეშთეგელებს“, ისე  როგორც ნიუსრუმს. ეს ორი რამ თუ არ იქნება, ეთერში დარჩება ეთნოგრაფიაზე შექმნილი მასალები და მოპარული პროდუქცია.

  • შენი აზრით, რა ვერ აპატიეს ნიუსრუმს?

ვერ გვაპატიეს ის,  რასაც ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება სხვადასხვა ეთერიდან. ჩვენ ვერ გვაპატიეს კრიტიკული აზრი. მაგრამ მთავარი მაინც რევანშია. რევანშისტული განწყობები გამოვლინდა დირექტორის და მის უკან მდგომი ძალების მხრიდან.

  • მახსოვს, აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთ მრჩეველს საჯაროდ გადაუხადეს მადლობა „ლიბერალების დესანტის“ მოგერიების, ანუ კაპანაძის იმპიჩმენტის გამო. შენი აზრით, ეს არის ამავე დროს ბრძოლა ლიბერალიზმის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ თქვენ აშუქებდით სხვადასხვა უმცირესობის უფლებებს?

ჩვენ სულ გვესმოდა მათგან, რომ ნათია კაპანაძე იყო NGO-ის ინტერესების დამცველი და ისინი არიან ძალიან ცუდები. ეს გვესმოდა დიდ ხანს. ეს კვებავდა ათეულობით ადამიანს. სწორედ ამ ნიშნით დაუპირისპირდნენ ნათია კაპანაძეს, იყვნენ მენეჯმენტის გამო უკმაყოფილო თანამშრომლებიც, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ლიბერალური ღირებულებების მოწინააღმდეგეები და ამას არც მალავდნენ.

ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით მაშინ, რადგან ჩანდა, რომ უმცირესობაში იყვნენ. ახლა ეს ჯგუფები იმდენად მოძლიერდნენ, რომ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ უმცირესობაში. ისინი ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიან მაუწყებელში, მაგრამ რევანშისთვის არიან განწყობილები.

გიორგი კოხრეიძე ლიბერალური ღირებულებების მატარებელი რომ არ არის, ზუსტად გავიგე იმ შეხვედრის შემდეგ, როდესაც მან პირდაპირ გვითხრა, რომ ის არ ცნობს არავის შეფასებას: არ ენდობა ეუთოს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. ჩვენ რეიტინგების მთვლელიც კი აღარ გვაქვს, გააუქმეს ხელშეკრულება და დავრჩით გიორგი კოხრეიძის სუბიექტურ შეფასებაზე.

  • შენი აზრით, გიორგი კოხრეიძე რამდენად სრულფასოვნად ფლობს არხზე არსებულ სიტუაციას, თუ პროცესებს მისი ხელით სხვა მართავს? 

კოხრეიძე მოძებნა ხელისუფლებამ. მისი სახით შეირჩა ყველაზე რადიკალური და აგრესიული ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს შეფარვით არ აკეთებს.

კოხრეიძე არის ის ადამიანია, რომელიც თვალის დაუხამხამებლად დაანგრევს მაუწყებლის ღირებულებებს. სწორედ ეს არის მისი არჩევის მიზეზი. ამის მიხვედრას დიდი ფიქრი არ სჭირდება. სხვა ნებისმიერ ადამიანს ასეთი ღია დაპირისპირება გაუჭირდებოდა. მის უკან დგანან ის ძალები მაუწყებლის შიგნით და გარეთაც, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ ის ადამიანები გააქრონ მაუწყებლიდან, რომლებიც არხის წუმპეში დაბრუნებას ხელს უშლიან.

სტამბულში მოპარული ძვირადღირებული ავტომანქანა ბათუმში იპოვეს – თურქული მედია

2016 წელს სტამბულში მოპარული ავტომანქანა საქართველოში 2020 წელს იპოვეს – ამის შესახებ სტატიას თურქული მედია აქვეყნებს. სტამბულში მცხოვრებ ქალს მოჰპარეს მერსედესის მარკის ახალი ავტომანქანა, რომელშიც 400 ათასი ლირა [დაახლოებით 53 ათასი დოლარი] ჰქონდა გადახდილი. თურქული მედიის ცნობით, რომელიც ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას ეყრდნობა, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და თურქეთში მუშაობს ავტომანქანების ქურდების ფართო ქსელი, რომელსაც მოპარული ძვირადღირებული მანქანების საქართველოში გადაჰყავს.

თურქული მედიის ცნობით, 2016 წელს დაკარგულ ავტომანქანას დიდხანს ეძებდა პოლიცია, მაგრამ ვერ იპოვა. ამის შემდეგ ავტომანქანის მფლობელმა, სადაზღვევო კომპანიას მიმართა ზიანის ასანაზღაურებლად. მას ზიანი აუნაზღაურეს.

სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჰყვება, რომ ისინი ავტომანქანის მოპარვის შემდეგ, ტრადიციულად ზიანს ანაზღაურებდნენ და აღარ ეძებდნენ ავტომანქანას, მაგრამ ამ შემთხვევაში შეცვალეს პოლიტიკა და ინტერპოლს მიმართეს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით.

მერსედესის მარკის ძვირადღირებული ავტომანქანა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია 2016 წლის შემდეგ ეძებდა, მედიის ცნობით, ბათუმში სწორედ ინტერპოლის მეშვეობით იპოვეს.

სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელი ჰყვება, მაგალითად, სტამბულში დანაშაულებრივი ქსელის მასშტაბების შესახებ, რაც მათ ამ ძიების პროცესში აღმოაჩინეს. როგორ აყალბებდა ქსელი დოკუმენტებს და როგორ გადაჰქონდათ საზღვარზე მოპარული ავტომანქანები. ზუსტად ამ გზით დაადგინა კომპანიამ, კონკრეტულად ეს ძვირადღირებული ავტომანქანა როგორ ჩაიყვანეს ბათუმში ყალბი დოკუმენტებით.

შემდეგი ეტაპი იყო ნაპოვნი ავტომანქანის საქართველოდან უკან დაბრუნების სირთულეები. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჰყვება, რომ ისინი სამი თვე დაყოვდნენ ბათუმში და ცდილობდნენ მოპარული ავტომანქანის დაბრუნებას. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ თავიანთი ნივთის დაბრუნება საქართველოში თურქეთის საელჩოს დახმარებით მოახერხეს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ამ კვლევის პროცესში გაარკვიეს, რომ დაახლოებით 40 მილიონის [5 მილიონი დოლარი] ღირებულების ავტომანქანები, რომლებიც თურქეთში მოიპარეს, საქართველოშია გადაყვანილი.

4 და 5 წელი პატიმრობა დედას და დეიდას, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ

ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ორ ქალს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ქალები 4 მცირეწლოვანი ბავშვის დედა და დეიდა იყვნენ და ბავშვებს ბათუმში, ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდნენ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა გადაწყვიტეს.

„ტრეფიკინგის მუხლზე საპროცესო შეთანხმება არ კეთდება, მაგრამ პროკურატურამ გაითვალისწინა ბევრი გარემოება, მათ შორის, ის, რომ ბრალდებული ბავშვების დედაა, მეორე – დეიდა, მათ წინააღმდეგობა დაკავების დროს არ გაუწევიათ და ასე შემდეგ,“ – ამბობს ადვოკატი მზია ზოიძე. მისი თქმით, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის შესაძლებლობა დიდი იყო, რადგან არსებობდა მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოკადრებიც.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მცირეწლოვანი ბავშვების დედას 5 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, 4 წელი კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ ექნება. მეორე ბრალდებულს კი 4 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, 4 წელი – პირობითი.

ბათუმის ახალ მეჩეთზე სააპელაციო სასამართლო მერიის ზონალურ საბჭოს გამოკითხავს

ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 18 თებერვალს, პირველი სხდომა გაიმართა. სააპელაციო სასამართლო დამატებით ბათუმის მერიის ზონალური საბჭოს წევრების ჩვენებების მოსმენას აპირებს. ეს უწყება რეკომენდაციით მიმართავს ბათუმის მერს კონკრეტული მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელის კიდევ ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. “ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმაც გაასაჩივრა და ბათუმის მერიამაც. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია დადგინდა და ამ მოცემულობაში მერიისგან საკითხის ხელახლა განხილვა ვერაფერს შეცვლის. ბათუმის მერია კი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულად მუსლიმ თემს არ მოპყრობია.

„სასამართლო ასევე გამოითხოვს დამატებით დოკუმენტაციას ამავე ზონაში სხვა საკულტო ნაგებობების მშენებლობების უარის შესახებ… პროცესი ახსნა-განმარტების ეტაპიდან გადაიდო,“ – გვითხრა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის იურისტმა, მერი აღაპიშვილმა. მუსლიმი თემის ინტერესებს ასევე იცავს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.

ბათუმის მერიის პოზიცია არ შეცვლილა – მერია მოლაპარაკების დაწყებას მუსლიმ თემთან იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი მეჩეთის ასაშენებლად მუსლიმები საკუთარი სახსრებით ნაყიდ მიწის ნაკვეთს მუსლიმთა სამმართველოს გადასცემენ, რომელიც სახელმწიფო სსიპ-ია.

გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოში კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ქალებს კლავენ შვილების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, საჯარო სივრცეებში, ქალებს კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერების მიუხედავად, დანაშაული არ მცირდება.  „ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის, ეს ქალების განდევნის ხელობაა“-ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე მწერალს ესაუბრა.

  • გუშინ თქვენ გარდაბანში 23 წლის ქალის მკვლელობას გამოეხმაურეთ  და ფეისბუქში წერდით, რომ ფემიციდი არ არის მხოლოდ მკვლელობა, ეს არის ქალების განდევნის ხელობა ყოველდღე და ყველგან. საიდან და როგორ, რა ფორმით ვდევნით ქალებს?

საქმე ის გახლავთ, რომ რიგ შემთხვევებში, ჩვენი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ყოფით ნაწილში, ინერციული აზრით გულისხმობს ქალის განდევნას და შესაბამისად, ეს მოცემულობა აუცილებლად არის დასამარცხებელი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმას, რომ მე თვითონაც ამ სტერეოტიპების  მსხვერპლი ვიყავი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მე თვითონაც უამრავი შეცდომა დამიშვია და ჩემი აზრიც, უმეტესწილად, ჩემს შეცდომებს ეფუძნება და არა სხვის განქიქებას ან სხვებისკენ ხელის გაშვერას.

  • რა იყო ეს შეცდომები შეგიძლიათ ვისაუბროთ ამაზე?

კონკრეტულის გახსენება ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა ეს იყო სტერეოტიპული განწყობები, რომლებიც გულისხმობდა მამაკაცის უპირატესობას, რადგან მე გარკვეულწილად ასეთ საზოგადოებაში გავიზარდე. ცხადია, ეს უპირატესობა  იყო სრულიად ხელოვნური იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი მიდგომა და განწყობები არ არის ძირეული და ფუნდამენტური ქართული ტრადიცია. მეტიც, მაგალითად, სვანეთში გენდერული თანასწორობა დღესაც  დაცულია და მე ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე ამას, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ და ეს მშვენიერი მაგალითია იმის, რომ ტრადიციული გაგებით საქართველოში ქალი და კაცი თანასწორია. ხოლო ის განცდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ თითქოს ეს უთანასწორობა რაღაც ტრადიციებთან არის თანხვედრაში, აბსურდია. ამიტომ ეს საკენკი, რომ თითქოს ჩვენ ტრადიციებით გვერთმევა გენდერული თანასწორობა, არ არის სწორი და არ უნდა დავუყაროთ მომავალ თაობას.

  • ბოლო ექვს წელში, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, საქართველოში  135 ქალი მოკლეს ფემიციდის საფუძველზე. კაცების მსხვერპლები ხშირ შემთხვევაში არიან ცოლები და ყოფილი ცოლები, ყოფილი პარტნიორები. როგორ ფიქრობთ, რატომ ჰგონიათ კაცებს, რომ ქალი, ცოლი, შეყვარებული მათი საკუთრებაა?

რეალურად, ეს არის შიში პირველ რიგში საკუთარი თავის, მეორე, ეგოისტური მოცემულობა სიმყარის დაკარგვის და საზოგადოებრივი წნეხის შიში. შიში იმისა, რომ ცოლი გამშორდა და რას იტყვის ჩემი მეგობარი თუ ის, ვთქვათ, კიდევ გათხოვდება. ასე მარტივად, პრიმიტიულად რომ ვთქვათ. ამას ემატება ქალის განივთების პრობლემა, რომელიც ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია და ამ კომპლექსების ჯაჭვი ადამიანში იწვევს აგრესიას და ძალიან სამწუხარო შედეგებს.

  • როცა ქალის მკვლელობაზე წერდით, იმავე სტატუსში აღნიშნეთ, რომ როცა წიგნებს არიგებდით, უმეტესწილად მასწავლებლები პატარა ბიჭებს უშვებენ ხოლმე, გოგონები კი მორცხვად დგანან. რა როლი აქვს სკოლას გენდერული თანასწორობის სწავლებაში და ამ როლს ასრულებს თუ ვერა თქვენი აზრით?

ასრულებს თუ ვერა, არ ვიცი, მაგრამ განათლების მიზანი უნდა იყოს მოქალაქის ჩამოყალიბება, ღირებულებების ჩამოყალიბება, ზრუნვაზე ორიენტირება, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სკოლას არ გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მასწავლებლებიც გვყავს.

არსებობს ენობრივი სტრუქტურა, რომელშიც გოგო იმთავითვე დამამცირებელ მდგომარეობაშია. სწორედ ეს აჩენს დიდ უფსკრულს ბიჭად ყოფნასა და გოგოდ ყოფნას შორის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი აქცენტების დასმა ამ საკითხზე ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სკოლაში.

  • როცა ვსაუბრობთ სწავლების მნიშვნელობაზე, რას ვასწავლით გოგოებს და ბიჭებს?

მთავარი ღირებულება არის ის, რომ ადამიანებს გავუღვივოთ განცდა, რომ სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი და სწორედ ადამიანი არის უმთავრესი. აქედან გამომდინარე, უნდა ვასწავლოთ მეორე ადამიანის შემჩნევა და გათვალისწინება. თუ „ალუდა ქეთელაურს“ ვასწავლით სკოლაში კარგად, ზუსტად და ცხადად, ამის შემდეგ მოსწავლეს ნაკლებად გაუჩნდება კითხვები ადამიანის მნიშვნელობაზე, მიხვდება, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინაპარი ვაჟა-ფშაველა ლაპარაკობდა იმავეს, რასაც ლაპარაკობს დღეს რომელიმე მასწავლებელი სამოქალაქო კოდექსის ენით. მთავარია, სწორი აქცენტების დასმა, სწორი ნიუანსების ძებნა იგივე მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც კარგი სახელმძღვანელოა ადამიანისთვის, თუ რა არის კარგი და უკეთესი, ან უარესი.

  • თქვენ თქვით, რომ გენდერული უთანასწორობა არ არის ჩვენი კულტურული ტრადიცია, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული აგრესია სწორედ ტრადიციების სახელით არსებობს…

გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველო ბევრ საამაყო მოცემულობას ინახავს და მე არ ვგულისხმობ ფეოდალურ პერიოდს, ვგულისხმობ მე-20 საუკუნის დასაწყისს, როდესაც ჩვენ მაშინდელ პარლამენტში რამდენიმე პარლამენტარი ქალი გვყავდა, მაშინ როცა ბევრ ევროპულ ქვეყანაში იმ დროს ქალებს ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ. გვქონდა ბრწყინვალე გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, რომელსაც ფანტასტიკური ქალი ავტორები ჰყავდა, ანუ ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან შორს ვიყავით წასული და ძალიან დაგვამუხრუჭა სწორედ საბჭოთა კავშირმა.

  • როცა ახალი ამბები ზიარდება ხოლმე სოციალურ ქსელებში,  საკმაოდ ხშირად ვხვდებით კომენტარებს, რომლებითაც, ფაქტობრივად, მსხვერპლ ქალს ადანაშაულებენ. თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა არის, რატომ არის „ქალი ყოველთვის დამნაშავე“, მაშინაც კი, თუ აშკარად მსხვერპლია?

ტრადიციებით მანიპულირების ნაწილია ეს ყველაფერი და ხშირად კაცებზე მეტად ქალები იმეორებენ ამას. ჩვენ არ ვართ ასეთი ტრადიციების ქვეყანა. თავის მოტყუება და ფუნდამენტურ ტრადიციად წარმოდგენა და გასაღება იწვევს ადამიანებში ამ რწმენის დაბეტონებას და მერე განცდას, რომ ვაიმე, ქვეყანა ინგრევა, თუ სხვანაირად ხდება. ეს არის და ეს. 

  • ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად რამდენად მნიშვნელოვანია ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა ოჯახში, სკოლაში, სადაც ხშირად გვესმის, რომ „ბიჭები მათემატიკას უკეთესად სწავლობენ“, „გოგო ხარ, წესიერად მოიქეცი“, „ქალს არ უხდება ხმამაღალი სიცილი“ და ა.შ.  

ოჯახში დიდი მნიშვნელობა აქვს მედიას, მის გავლენას და როლს. პოპულარულ გადაცემებს, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად აქტიურ და მისაღებ პერსონებს, რადგან ოჯახ-ოჯახ ვერ ვივლით და ვერ მოვახერხებთ გარდატეხის შეტანას. ამიტომ, ამ თემებზე ღია საუბარი არის მნიშვნელოვანი.

  • ბოლო პერიოდში კანონი თითქოს გამკაცრდა, სახელმწიფომ აღიარა ეს პრობლემა და დაიწყო შემაკავებელი ორდერების გამოწერა აქტიურად, თუმცა ამან ვერ შეაჩერა ფემიციდი, ქალზე ძალადობის შემთხვევები. რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, აუცილებელია კანონის გამკაცრება. მკაფიოდ საუბარი კანონის ენაზე და, რა თქმა უნდა, კანონის სწრაფად და ეფექტურად აღსრულება და უფრო მეტი შიშის განცდა პოტენციული დამნაშავის მიერ.

პრევენცია არის განათლება, იმიტომ, რომ ადამიანები შეიცვალონ და მიხვდნენ, რომ ფემიციდი არის ცუდი. ადამიანები ვიცვლებით და ცვლილება არ არის სირცხვილი.

როგორი იქნება ძაღლების გადარჩენისას ზღვაში დაღუპული კაცის ქანდაკება

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში, ავთანდილ ცხვედიანის მემორიალი/ქანდაკებას დადგამენ. ის 2019 წლის 5 აგვისტოს თავისი ძაღლის გადასარჩენად შტორმის დროს შევიდა ზღვაში და დაიღუპა.

ქობულეთის მერიის კონკურსი ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის (ქანდაკება) ესკიზისა და პროექტის შექმნაზე დასრულებულია. ტენდერში ირაკლი ჟვანიამ გაიმარჯვა. პროექტის შესასყიდად მერიამ  7080 ლარი გადაიხადა.

ქობულეთის მერიის ცნობით, თებერვალში უკვე გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შეძენაზე – მემორიალის დამზადება-დამონტაჟებაზე. „გვინდა, რომ ზაფხულში, მაისში-ივნისში უკვე დასრულებული გვქონდეს მემორიალის მონტაჟი,” – ამბობს დავით ვერულიძე, ქობულეთის მერის მოადგილე.

„პროექტის მიხედვით, ეს იქნება მონუმენტური სახის სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც განთავსდება არსებულ შადრევანში სკვერში. იგი შედგება სამი ფიგურისგან, ცენტრში ავთანდილ ცხვედიანის ძეგლისგან და ორი ძაღლის ფიგურისგან, რომელიც შეადგენს ერთ მთლიან კომპოზიციას,” – წერია მემორიალის პროექტში, რომელიც ასე გამოიყურება:

 

 

ავთანდილ ცხვედიანი 51 წლის იყო. 2019 წლის 5 აგვისტოს ის ზღვაში შტორმის დროს თავისი ძაღლების, ბასტისა და ჯესის გამოსაყვანად ორჯერ შევიდა, ერთის გამოყვანა შეძლო, მეორედ შესვლის დროს კი დაიღუპა. მისი ოთხფეხა მეგობარი გადარჩა, ზღვიდან გამოსვლა შეძლო და რამდენიმე საათში დაბრუნდა სახლში.

მეთამბაქოეები: შემოსავლებიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თამბაქოს ჩამოგვართვამენ

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მეათამბაქოეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

მეთამბაქოები ამბობენ, რომ დღეს, დღის პირველ ნახევარში, მათ სავაჭრო წერტილებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და სიტყვიერად გააფრთხილეს.

„მოვიდნენ, გვითხრეს, თუ არ დააფასოებთ თამბაქოს და აქციზს არ დაადებთ, ხვალიდან დაგაჯარიმებთო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასულ წელს მოგვცა დაპირება, რომ ჩვენს თამბაქოს რეგულაცია არ შეეხებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიძინეთ მარაგები და ჩვეულებრივად ვმუშაობდით. დღეს მოდიან და გვეუბნებიან, დაგაჯარიმებთო. ბათუმში, ძირითადად, იმ თამბაქოს რეალიზაცია ხდება, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მოჰყავთ გლეხებს. ჩვენს მშობლებს, დეიდებს, ბიძებს. პურის ფულს ამით შოულობს ხალხი, ამ დარგით ვარსებობთ. თუ გასაღების ბაზარი არ იქნება, ხალხმა რა უნდა ქნას?“ – ამბობს მეთამბაქოე ბადრი ბოლქვაძე.

„გასული წლის 21 ნოემბერს უნდა შესულიყო ძალაში კანონი, რომელიც კრძალავდა თამბაქოს გაყიდვას აქციზების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაიწყო საპროტესტო აქციები, ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა და ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე აქციზის დაწესებაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. დღეს, ერთი საათის წინ, შემოსავლების სამსახური მივიდა და გააფრთხილა, რომ ხვალიდან ყველას, ვისაც აქციზიანი თამბაქო არ ექნება, პროდუქციას ჩამოართმევენ. მოვუწოდებთ ადგილობრივ მთავრობას და ხელისუფლებას, შეასრულონ დანაპირები. წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან საპროტესტო  აქციებს დავიწყებთ,“ – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. 

მეთამბაქოეები შემოსავლების სამსახურის გაფრთხილებაზე დამორჩილებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს რეალიზაცია საქართველოში 2019 წლის 21 ნოემბრიდან აიკრძალა.

ბათუმის მეჩეთში იატაკს ცვლიან

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში იატაკს ცვლიან. მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, იატაკის შეცვლაზე ნებართვა გაცემულია.

„ჩვენ მეჩეთის სრული რეაბილიტაციის პროექტი შესყიდული გვქონდა 2015 წელს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა, თუმცა ამჟამად იცვლება იატაკი, რადგან დაზიანებული იყო და სამუშაოები ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს,“-ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი.

მისი თქმით, მეჩეთში ხის იატაკი მარმარილოთი შეიცვლება.

როგორც სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მეჩეთში იატაკს მორწმუნეთა შემოწირულობებით ცვლიან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილი არ არის. მუფთი არ აკონკრეტებს, რამდენი დაიხარჯება აღნიშნული სამუშაოებისთვის.

 

თიბისიმ და „თბილისის ღვინის მუზეუმმა“ ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და მეწარმეებს საშუალება მისცა ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე, უახლეს მონაცემებსა და სექტორის განვითარების პოტენციალზე მიეღოთ ინფორმაცია.

„თბილისის ღვინის მუზეუმის“ კარი პირველად სწორედ თიბისისა და მეიდან ჯგუფის პარტნიორობისთვის გაიღო და ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე თიბისი კაპიტალის ღონისძიებას უმასპინძლა.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2019 წლის მანძილზე, ღვინის ჯამური ექსპორტის მოცულობა 2018 წელთან შედარებით დოლარში 13.2%-ით გაიზარდა და 222.9 მილიონი დოლარი შეადგინა. კვლევის თანახმად, ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა დამოკიდებულება ერთეულ ბაზრებზე ჯერ კიდევ დიდია. ქართული ღვინისთვის საინტერესო საექსპორტო ბაზრებია: გერმანია, აშშ, ჩინეთი, იაპონია, პოლონეთი.

კვლევის თანახმად, ამჟამად საქართველოში 1 ჰექტარ ვენახზე საშუალოდ 5.2 ტონა ყურძენი მოდის, მსხვილი კომპანიების მოსავლიანობა 8-9 ტონას შეადგენს, ღვინის წარმოების მესამედი კი ოჯახურ მეღვინეობებს უკავიათ. თუმცა, ურბანიზაციის და ფორმალური წარმოების ზრდის პარალელურად, ოჯახური მეღვინეობების წილის კლებაა მოსალოდნელი. სექტორის წინსვლის ერთ-ერთი გზა ორგანიზებული მევენახეობების ზრდა და ვენახების გამსხვილებაა, რაც ქვეყანაში ვენახების საშუალო პროდუქტიულობას გაზრდის.

„თიბისი ლიდერია ღვინის ინდუსტრიის დაფინანსების მხრივ და ბრუნვის მიხედვით ბაზრის წილის 50%-ზე მეტს იკავებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად, სავაჭრო ოპერაციების გამარტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მეღვინეებს გარანტიებს, აკრედიტივებსა და საერთაშორისო ფაქტორინგულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ადგილობრივ ბაზარზე იხვეწება ღვინის მოხმარების კულტურა და ტურიზმის ზრდასთან ერთად ადგილობრივი გაყიდვების პოტენციალიც უმჯობესდება.“ – გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია,  სექტორული კვლევები და საბროკერო საქმიანობა.

სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა

აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი – ტარიელ ქათამაძე უჩივის. დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ სკოლაში სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ და დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლის პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა.

ტარიელ ქათამაძემ თავდაპირველად განათლების სამინისტროს მიმართა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რეაგირება მოითხოვა, მაგრამ სამინისტრომ საქმის შესწავლასა და დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებაზე უარი თქვა.

„ეს იქნებოდა პირდაპირ კანონის დარღვევა…“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს თამარ სირიამ. იგი აჭარის განათლების სამინისტროს იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელია და მიიჩნევს, რომ სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევის შემთხვევას თავად სამინისტრო ვერ შეისწავლიდა.

მოსამართლე დაინტერესდა, რამდენად არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სასამართლო პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებს სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ჩაქვის სკოლაში ინსპექტირება ჩაატარეს.

„ჩვენთვის პრობლემაა განათლების სამინისტროს რეაქცია… რეაგირება მსგავს დარღვევებზე არის ნული,“ – უთხრა მოსამართლეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ტარიელ ქათამაძის ინტერესებს იცავს.

„გასაგებია. ამიტომაც ხართ დღეს სასამართლოში,“ – ჩაილაპარაკა მოსამართლემ.

„ჩვენი პოზიციები ვერ შეიცვლება…“ – მოკლედ დასძინა თამარ სირიამ და მოსამართლეს მიანიშნა, რომ შეთანხმების რესურსი არ არსებობს.

„გამოდის, რომ სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას ვერ მოახდენს საკუთარ თანამშრომლებს თუ გადაცდომა ექნებათ, ამას აცხადებს სამინისტრო? მაშინ თქვით პირდაპირ, რომ სამინისტროს რეაგირება ვერ ექნება,“ – გაცხარდა მოსამართლე.

„ჩვენ მივმართეთ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს – აჭარის მთავრობას, სადაც გვიპასუხეს, რომ დისციპლინურ წარმოებას ვერ ჩაატარებდნენ,“ – აღნიშნა თამარ სირიამ.

„ანუ რა გამოდის, თქვენმა თანამშრომლებმა რაც უნდა დაარღვიონ, პასუხისმგებლობაზე რეაგირება არ გექნებათ?“- ისევ იკითხა მოსამართლემ.

„სასამართლოს უნდა მიმართოს,“ – მოკლედ უპასუხა მოსამართლეს სამინისტროს იურისტმა.

„სასამართლო როგორ განიხილავს ამას?“ – ჰკითხა სამინისტროს იურისტს მოსამართლემ და როცა დაინახა, რომ პასუხს ვერ იღებდა, გაეღიმა.

„იქნებ, გადახედოთ თქვენს პოზიციებს… “ – უხერხული სიტუაციიდან გამოსვლა სცადა მოსამართლემ.

„ალბათ, აქამდე მსგავსი შემთხვევა არ გქონიათ, ღირს, მგონი, დაფიქრება,“ – დაამატა მოსამართლემ.

რა დარღვევები დაადგინა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში? – დავის საგანი ეს არ არის, თუმცა სასამართლო ამ საკითხითაც დაინტერესდა.

განათლების სამინისტროს იურისტმა თქვა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სკოლაში ტესტებისთვის ფულის უკანონოდ შეგროვების ფაქტი დაადასტურა.

„დისციპლინური პასუხისმგებლობა დირექტორისთვის აღარ დაგვიკისრებია, რადგან მითითების შემდეგ ეს ფაქტი აღმოიფხვრა – მშობლებს ფული დაუბრუნეს,“ – განაცხადა თამარ სირიამ.

ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორის, ტარიელ ქათამაძის ინტერესების დამცველი. ანა ბერძენიშვილის თქმით, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები კანონდარღვევით ატარებდნენ ინსპექტირებას და მათი ქმედების კანონიერების შესწავლაზე განათლების სამინისტრომ უარი თქვა.

დღევანდელ პროცესზე ანა ბერძენიშვილმა მესამე პირად ჩართვა მოითხოვა იმ ორი პედაგოგის, რომლებიც აცხადებენ, რომ მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ აუდიტის თანამშრომლები. შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

„ჩვენ ეს საქმე ავიღეთ სტრატეგიული საქმისწარმოების გამო,“ – მიმართა მოსამართლეს „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ანა ბერძენიშვილმა სხვა სასამართლო დავებიც გაიხსენა, სადაც, მისი თქმით, ასევე ფიგურირებენ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები: მადონა ტაბატაძე და ალექსანდრე მჟავანაძე.

„ეს უნდა ყოფილიყო განათლების სამინისტროს პრესტიჟის საქმე… გამოდის, რომ აუდიტის ამ თანამშრომლებს ხელიც რომ დაერტყათ პედაგოგებისთვის, მათ სამინისტრო პასუხს არ მოსთხოვდა,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა.

„ძალიან ემოციურად უდგებით საკითხს…“ – ჩაურთო რეპლიკა მოსამართლემ.

„ეს პათეტიკური ტონი არანაირი მტკიცებულებებით არ არის განმტკიცებული,“ – მიმართა მოსამართლეს განათლების სამინისტროს იურისტმა.

მოსამართლე ასევე დაინტერესდა, რატომ არ მოჰყვა რეაგირება იმას, თუკი სკოლაში ფულის შეგროვებას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ მივმართეთ პრევენციულ ღონისძიებას… სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა და ჩაგრულის მანტიის მოსხმა არ არის საინტერესო,“ – დასძინა განათლების სამინისტროს იურისტმა.

თამარ სირიამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აუდიტის დეპარტამენტი 14 ივნისს ესაუბრა პედაგოგებს, სამინისტროს კი, ტარიელ ქათამაძემ 20 ივნისს მიმართა…

„მაგას გეუბნებათ მოსარჩელე – რა მოხდა, მოიკვლიეთო,“ – შეაწყვეტინა  სამინისტროს იურისტს მოსამართლემ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განათლების სამინისტროს იურისტს ჰკითხა, რატომ არ შექმნეს კომისია, რომელიც სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის საკითხს შეისწავლიდა.

„რამდენად მიუკერძოებელი იქნებოდა?“ – კითხვითვე უპასუხა მოსამართლეს თამარ სირიამ.

„ჯობდა ის, რომ საერთოდ ვერანაირი რეაგირება ვერ მოახდინეთ და პირდაპირ წერტილი დასვით? რომელია უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე?“ – მიმართა მოსამართლემ განათლების სამინისტროს იურისტს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„ეს განწყობა გადაეცით თქვენს მარწმუნებელს… ყველაფერზე არაა საჭირო სასამართლო დავა,“ – გახედა მოსამართლემ თამარ სირიას სხდომის დასრულებამდე. სასამართლო განხილვა ერთ თვეში გაგრძელდება.

„ფორსაჟის” შემდეგ საქართველოთი სხვადასხვა ქვეყნის კინომწარმოებლები ინტერესდებიან

ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარდგენილი (ქართული პავილიონის ნომერია 126 და იგი ბერლინში, სასტუმრო „მერიოტში“ იქნება განთავსებული).

ქართული დელეგაცია ბერლინში უცხოელ კოლეგებს ფილმების პროექტებს წარუდგენს. ეროვნული კინოცენტრის გუნდი გამართავს შეხვედრებს ბერლინის, კანის, სან სებასტიანის, ტორონტოს, ლოკარნოს, ვენეციის, ანსის კინოფესტივალებისა და ევროპის კინოაკადემიის წარმომადგენლებთან. 

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი კინემატოგრაფისტები ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გაემგზავრებიან.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით ქართული დელეგაცია საქართველოში ფილმების გადაღებით დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს გააცნობს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“. გაიმართება მოლაპარაკებები ქართული ფილმების ყიდვით დაინტერესებულ დისტრიბუტორებთან, გაყიდვების აგენტებთან, კინოთეატრებისა და ტელევიზიების წარმომადგენლებთან.

როგორც პროექტის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენელი, კინოკომისიონერი დავით ვაშაძე ამბობს,  გასული წლის ზაფხულში ბლოგბასტერ „ფორსაჟ 9“-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღების შემდეგ ჩვენი ქვეყნის, როგორც გადასაღებად საინტერესო ადგილის მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში გაიზარდა.

„ფორსაჟის გუნდი საქართველოდან ძალიან კმაყოფილი წავიდა, ყველამ იცის, რომ საქართველო კინოინდუსტრიისთვის სანდო და მეგობრული ქვეყანაა. რამდენიმე კონკრეტული უცხოური პროექტი არსებობს უკვე, რომლის ინტერესებშიც შედის საქართველო. ჯერ ვერ გავთქვამთ ამ პროექტებს, თუმცა „ბერლინალეზე” გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი, სადაც მეტ ინფორმაციას მივაწვდით დაინტერესებულ ჯგუფებს საქართველოში გადაღებების შესახებ. უსაფრთხოება, ნაკლები ბიუროკრატული ბარიერები და გადასაღებად საინტერესო გარემო – ძირითადად ეს მოტივები განაპირობებს უცხოელი კინომწარმოებლების ინტერესებს. დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ ასევე აზიის, ჩინეთის, ინდოეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები,” – ამბობს კინოკომისიონერი დავით ვაშაძე, რომლის მისიაც საქართველოს, როგორც გადასაღებად საინტერესო ქვეყნის საზღვარგარეთ  პოპულარიზაციაა. ამ მიზნით „ბერლინალეს” გარდა შეხვედრები მაისის კანის კინოფესტივალსა და  ლოს ანჯელესის „American Film Market”-ზეც გაიმართება.  

21, 22 თებერვალს „ბერლინალეს“ კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორების – ლანა ღოღობერიძისა და უტა ბერიას ფილმებს აჩვენებენ. „ოქროს ძაფი“ ლანა ღოღობერიძის,  „უარყოფითი რიცხვები“ კი უტა ბერიას სადებიუტო ფილმია. 

ლანა ღოღობერიძის დრამა „ოქროს ძაფი“ ფრანგულ-ქართული პროექტია. ფილმის პრემიერა 2019 წლის თბილისის კინოფესტივალზე შედგა. საბჭოთა დროში ერთმანეთს დაპირისპებული, მოხუცი ქალები, იძულებულები არიან ერთად იცხოვრონ. მხოლოდ ერთის გაუჩინარება დააფიქრებს მეორეს რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დაპირისპირება თუ თანაგრძნობა. ამაში კი მას მკვდრეთით აღმდგარი სიყვარული ეხმარება.

უტა ბერიას სადებიუტო ფილმში „უარყოფითი რიცხვები“ არასრულწლოვან ვაჟთა დაწესებულებაში, რომელიც კრიმინალური კანონებით იმართება, პატიმრებს ენიშნებათ ვარჯიშები რაგბიში. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

 

გრიპის შემთხვევებმა იკლო, თუმცა უმჯობესია უსაფრთხოების ნორმები კვლავ დაიცვათ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა გრიპის სეზონის დასრულებამდე უმჯობესია მოსახლეობამ კვლავ იხელმძღვანელოს რესპირაციული ინფექციების თავიდან ასაცილებლად არსებული მარტივი რეკომენდაციებით.

გრიპის სეზონი მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება:

“ამ დროისთვის შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, სხვა წლების გრაფიკებსაც რომ დააკვირდეთ, იქაც შეინიშნება ეს ტენდენცია, თორემ გრიპის სეზონი ოფიციალურად 2020 წლის მე-20 კვირას  მთავრდება. გრიპის სეზონის მახასიათებელია ამ ეტაპზე შემთხვევათა რაოდენობის კლება.  ყველა ვირუსს თავისი ბუნება აქვს, ამ გრიპის ვირუსს ასეთი მახასიათებელი აქვს” – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე გრიპის სეზონის 52-ე კვირიდან (2019 წლიდან) დაიწყო შემთხვევათა მატება, 2020 წლის პირველ კვირას დაფიქსირდა სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მე-2 კვირიდან დაიწყო შემთხვევათა კლება. კლების ტენდენცია შენარჩუნდა მომდევნო პერიოდის განმავლობაში და მე-7 კვირისთვის (2020 წლის) მიუახლოვდა სეზონის დასაწყისის მონაცემებს.

სეზონური გრიპის თავიდან ასარიდებლად  რეკომენდებულია:  ხელების ხშირი დაბანა, სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა, ოთახების სველი წესით დალაგება, ვენტილაცია, საეჭვო ნიშნების გამოვლენისთანავე დროულად ვიზიტი ექიმთან, ქრონიკულად მოავადეთა და რისკჯგუფებისათვის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის დროულად ჩატარება.

ვრცლად:

გრიპის ნიშნები გაქვთ? – უმჯობესია სახლში დარჩეთ

 

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება დაიწყო

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში 2020 წლის 17 თებერვლიდან საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განახლდა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის და ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვთ სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია – 200 ლარი და მათ ასევე მათ აქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაონ ბონუსი.

პროგრმაზე მიღება გამოცხადებულია ყველა ქალაქში, სადაც ფინკა ბანკის ფილიალებია განთავსებული.

პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, ასევე მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის ძირითადი ნაწილია.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო: აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე, ტესტირება და ინდივიდუალური გასაუბრება.

სწავლების პროცესი გაიმართება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და მსმენელების 60% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება.

ფინკა ბანკის განვითარების აკადემიაში აპლიკაციების მიღება 17 თებერვლიდან 17 მარტამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის ფილიალებში.

 

ბათუმის საბავშვო ბაღებში სახანძრო სისტემებს დაამონტაჟებენ

ბათუმის 21 საბავშვო ბაღში სახანძრო სისტემების დამონტაჟებაში ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანება 315 ათასამდე ლარს გადაიხდის. გაერთიანებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები კი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში.

[toggle title=”ბათუმის საბავშვო ბაღების ჩამონათვალი ნახეთ აქ“]სახანძრო სიგნალიზაციების სისტემების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დაქვემდებარებაში არსებულ ოცდაერთ საბავშვო ბაღში, კერძოდ:
საბავშვო ბაღი N3 – ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. N51
საბავშვო ბაღი N4 – ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N8
საბავშვო ბაღი N5 – ქ. ბათუმი, გ. მაზნიაშვილის ქ. N28
საბავშვო ბაღი N7 – ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N17
საბავშვო ბაღი N8 – ქ. ბათუმი, შ. ინასარიძის ქ. N4 ა
საბავშვო ბაღი N9 – ქ. ბათუმი, ნ. ფიროსმანის ქ. N9
საბავშვო ბაღი N10 – ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N14
საბავშვო ბაღი N11 – ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N5
საბავშვო ბაღი N12 – ქ. ბათუმი, ა. წერთლის ქ. N30
საბავშვო ბაღი N13 – ქ. ბათუმი, ი. ანდრონიკაშვილის ქ. N44
საბავშვო ბაღი N14 – ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშავალას ქ. N83
საბავშვო ბაღი N15 – ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. N65
საბავშვო ბაღი N20 – ქ. ბათუმი, ჯ. ქათამაძის ქ. N38
საბავშვო ბაღი N22 – ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზ. I შეს. N4
საბავშვო ბაღი N25 – ქ. ბათუმი, კახაბრის უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N102
საბავშვო ბაღი N26 – ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის უბანი იბერიის ქ. N2
საბავშვო ბაღი N28 – ქ. ბათუმი, ადლიის დასახლება, კოტე აფხაზის ქ N4
საბავშვო ბაღი N29 – ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება, პეტრე იბერის ქN1
საბავშვო ბაღი N30 – ქ. ბათუმი, ბარცხანის დასახლება, ი. ნონეშვილის ქ N 60
საბავშვო ბაღი N31 – ქ. ბათუმი, გ. ტაბიძის ქ. N14
საბავშვო ბაღი N32 – ქ. ბათუმი, კახაბრის დასახლება, ფრიდონ ხალვაშის XII ჩიხი[/toggle]

სახანძრო სისტემის სამონტაჟო სამუშაოები საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის პარალელურად უნდა ჩატარდეს, ამიტომ სამუშაოების საწარმოებლად გამოყენებული უნდა იყოს არასამუშაო საათები და უქმე დღეები.

ტენდერის პირობის თანახმად: „მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების წარმოების პროცესში სამუშაო ადგილის ავეჯისა და სხვა არსებული ინვენტარისაგან დაუზიანებლად გათავისუფლება [გადაადგილება] და სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი განთავსება შესაბამის ადგილებზე.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 28 თებერვალს დაიწყება და 4 მარტს შეწყდება.

სააგენტო 17 ეკომიგრანტ ოჯახს სახლების შესარჩევად ერთთვიან ვადას აძლევს, 2 ოჯახი აჭარიდანაა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო, 25 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებს ამ ეტაპზე 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის. აქედან 2 ოჯახი აჭარიდანაა [ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთიდან და სოფელ რიყეთიდან].

სააგენტოს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართობის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა აქვთ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება.“ – აცხადებს დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს „უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 250-მდე ოჯახი განსახლდება“.

ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანისთვის 4 მოქალაქე დააჯარიმეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ნინოწმინდა“ და „წითელი ხიდი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი გამოვლინდა.

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (242,29 გრამი) შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა სარფში და წითელ ხიდზე. საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა.

ნინოწმინდაში კი მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონით 529,38 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44,923 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმები, შესაბამისად; 12,777.07 ლარის, 3,636.42 ლარისა და 5,663.02 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

2020 წელს სახელმწიფო აჭარიდან 900 სტუდენტს დააფინანსებს

აჭარის განათლების სამინისტრომ წელს ერთი მილიონი ლარი გამოყო 900 სტუდენტის დასაფინანსებლად. თუმცა გრანტი მხოლოდ იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებიც სამინისტროს მიერ დადგენილ კატეგორიას მიეკუთვნებიან.

სტუდენტი იმ შემთხვევაში მიიღებს დაფინანსებას, თუ მისი ბოლო სემესტრის საშულო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის.

ასევე, დაფინანსების მიღება შეუძლიათ: დედ-მამით ობოლ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახიდან სტუდენტებს, სადაც ოთხი ან მეტი შვილი ცხოვრობს, სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 000-ზე და სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები.

სტუდენტები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ აჭარაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება:

პირველ ეტაპზე – დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მეორე ეტაპზე – დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პირველი ეტაპი: 2020 წლის 3 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.

მეორე ეტაპი: 2020 წლის 3 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

დააკავეს პირი, რომელმაც 10 000 ლარი გამოართვა დევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ „შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში.

აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ბათუმის „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის „ნამეს“ აჩვენებენ

20 თებერვლიდან ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ და თბილისში, „ამირანში“ ზაზა ხალვაშის ცნობილი ფილმი, „ნამე“ დაუბრუნდება დიდ ეკრანს.

კინოაფიშის თანახმად, „ნამე“ ნაჩვენები იქნება 20 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით.

„ნამე“ ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმია. ზაზა ხალვაში 4 თებერვალს გარდაიცვალა, 62 წლის ასაკში.

„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

ფილმი საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მუსლიმები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი – მეჩეთია.

ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა.

გასული წლის დეკემბერში გამოცემა „პუბლიკამ“ 26 ქართველი კინომცოდნის გამოკითხვის შედეგად დაასახელა XXI საუკუნის 16 საუკეთესო ქართული ფილმი. პირველ ადგილზე ზაზა ხალვაშის „ნამე“ დასახელდა – გამოკითხული 26 კინომცოდნიდან „ნამე“ საკუთარ სიაში ოცმა შეიყვანა, აქედან შვიდმა კი ხალვაშის ფილმი პირველ ადგილზე დაასახელა.

წაიკითხეთ ამ თემაზე: 

ცისნამი – შიშთან ბრძოლაში გამარჯვებული გოგო ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

__________

ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ნამე“

ქობულეთში, ციხისძირის ყოფილი რუსული სკოლის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე ყოფილი რუსული სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 17 თებერვალს შევიდა ძალაში.

ციხისძირი, ყოფილი რუსული სკოლის შენობა / ფოტო: სააგენტო

ბრძანების მიხედვით, ყოფილი რუსული სკოლის შენობა, რომელიც სოფელ ციხისძირში მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით [არქიტექტურულად] ღირებულ ობიექტად ჩაითვალა. შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული.

ნაკვეთი [3303 კვ.მ ფართობის ტერიტორია], სადაც ეს შენობა მდებარეობს, სახელმწიფომ, პირობებით, 2018 წელს კერძო პირს მიჰყიდა.

სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს [სამტრედია, სოფელი ქვედა ნოღა], საცხოვრებელ სახლს [თელავში] და ღვთისმშობლის ეკლესიას [ქ. ახმეტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ადგილი „საბერო“].

აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი / ფოტო: სააგენტო

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში – 19, 20 და 21 თებერვალს ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში ძირითადად მოღრუბლული, თუმცა უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8-13 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

Exit mobile version