მთავარი,სიახლეები

მაია მერკვილაძე: საბჭო და მენეჯმენტი არ არიან მზად, დაასაბუთონ ცვლილების აუცილებლობა

19.02.2020
მაია მერკვილაძე: საბჭო და მენეჯმენტი არ არიან მზად, დაასაბუთონ ცვლილების აუცილებლობა

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილება დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინიციატივა საშტატო ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაია მერკვილაძემ, საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა და მოთხოვნა ასე დაასაბუთა:

„დღეს არც მრჩეველთა საბჭო და არც მენეჯმენტი არ არის მზად იმისთვის, რომ განმარტოს და დაასაბუთოს ამ ცვლილების აუცილებლობა. მე ვერ ვხედავ აქ ორგანიზაციის იურიდიულ სამსახურს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ასევე, საკადრო განვითარების სამსახურის უფროსს, რომლის უშუალო ფუნქციაში შედის კარგად შეისწავლოს და დაასაბუთოს ეს ცვლილება, რომელიც ეხება კონკრეტულ თანამდებობას და თანამშრომლებს.

მე როგორც ვიცი, ეს ადამიანები არც იყვნენ საქმის კურსში და მე ეს დავაზუსტე გუშინ. აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან გვიან გაიგეს ამის შესახებ. ეს ფარული გადაწყვეტილება საშტატო განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებაში ბევრი ვნებათაღელვა მოჰყვა და დღეს თქვენ ეს ნახეთ, ასე დაუსაბუთებლადაა წარმოდგენილი.

ამიტომ გთხოვთ გადადოთ ამ საკითხის განხილვა მანამ, სანამ არ იქნებიან მხარეები ჩართული, მე, ასევე სამსახურის უფროსები, რომელთაც თქვენ მმართველთა საბჭოზე გააცანით ეს საკითხი და არ მიგიღიათ მათი მხარდაჭერა, მეტიც, ბატონმა გიორგიმ [კოხრეიძემ], სამსახურის უფროსებს უთხრა, რომ ვალდებული არ იყო აეხსნათ, უბრალოდ ცნობად მიიღეთო.

ამის გათვალისწინებით, ვითხოვ სამსახურების მოწვევას, ასევე, იურიდიული და ადამიანური რესურსების სამსახურების ჩართვას ამ პროცესში და ამ საკითხის კარგად მომზადების შემდეგ განხილვას,“ – განაცხადა მაია მერკვილაძემ.

ამ დროისათვის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: