მთავარი,სიახლეები

სტამბულში მოპარული ძვირადღირებული ავტომანქანა ბათუმში იპოვეს – თურქული მედია

18.02.2020 • 3773
სტამბულში მოპარული ძვირადღირებული ავტომანქანა ბათუმში იპოვეს – თურქული მედია

2016 წელს სტამბულში მოპარული ავტომანქანა საქართველოში 2020 წელს იპოვეს – ამის შესახებ სტატიას თურქული მედია აქვეყნებს. სტამბულში მცხოვრებ ქალს მოჰპარეს მერსედესის მარკის ახალი ავტომანქანა, რომელშიც 400 ათასი ლირა [დაახლოებით 53 ათასი დოლარი] ჰქონდა გადახდილი. თურქული მედიის ცნობით, რომელიც ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას ეყრდნობა, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და თურქეთში მუშაობს ავტომანქანების ქურდების ფართო ქსელი, რომელსაც მოპარული ძვირადღირებული მანქანების საქართველოში გადაჰყავს.

თურქული მედიის ცნობით, 2016 წელს დაკარგულ ავტომანქანას დიდხანს ეძებდა პოლიცია, მაგრამ ვერ იპოვა. ამის შემდეგ ავტომანქანის მფლობელმა, სადაზღვევო კომპანიას მიმართა ზიანის ასანაზღაურებლად. მას ზიანი აუნაზღაურეს.

სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჰყვება, რომ ისინი ავტომანქანის მოპარვის შემდეგ, ტრადიციულად ზიანს ანაზღაურებდნენ და აღარ ეძებდნენ ავტომანქანას, მაგრამ ამ შემთხვევაში შეცვალეს პოლიტიკა და ინტერპოლს მიმართეს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით.

მერსედესის მარკის ძვირადღირებული ავტომანქანა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია 2016 წლის შემდეგ ეძებდა, მედიის ცნობით, ბათუმში სწორედ ინტერპოლის მეშვეობით იპოვეს.

სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელი ჰყვება, მაგალითად, სტამბულში დანაშაულებრივი ქსელის მასშტაბების შესახებ, რაც მათ ამ ძიების პროცესში აღმოაჩინეს. როგორ აყალბებდა ქსელი დოკუმენტებს და როგორ გადაჰქონდათ საზღვარზე მოპარული ავტომანქანები. ზუსტად ამ გზით დაადგინა კომპანიამ, კონკრეტულად ეს ძვირადღირებული ავტომანქანა როგორ ჩაიყვანეს ბათუმში ყალბი დოკუმენტებით.

შემდეგი ეტაპი იყო ნაპოვნი ავტომანქანის საქართველოდან უკან დაბრუნების სირთულეები. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჰყვება, რომ ისინი სამი თვე დაყოვდნენ ბათუმში და ცდილობდნენ მოპარული ავტომანქანის დაბრუნებას. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ თავიანთი ნივთის დაბრუნება საქართველოში თურქეთის საელჩოს დახმარებით მოახერხეს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ამ კვლევის პროცესში გაარკვიეს, რომ დაახლოებით 40 მილიონის [5 მილიონი დოლარი] ღირებულების ავტომანქანები, რომლებიც თურქეთში მოიპარეს, საქართველოშია გადაყვანილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: