თიბისიმ და „თბილისის ღვინის მუზეუმმა“ ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და მეწარმეებს საშუალება მისცა ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე, უახლეს მონაცემებსა და სექტორის განვითარების პოტენციალზე მიეღოთ ინფორმაცია.

„თბილისის ღვინის მუზეუმის“ კარი პირველად სწორედ თიბისისა და მეიდან ჯგუფის პარტნიორობისთვის გაიღო და ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე თიბისი კაპიტალის ღონისძიებას უმასპინძლა.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2019 წლის მანძილზე, ღვინის ჯამური ექსპორტის მოცულობა 2018 წელთან შედარებით დოლარში 13.2%-ით გაიზარდა და 222.9 მილიონი დოლარი შეადგინა. კვლევის თანახმად, ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა დამოკიდებულება ერთეულ ბაზრებზე ჯერ კიდევ დიდია. ქართული ღვინისთვის საინტერესო საექსპორტო ბაზრებია: გერმანია, აშშ, ჩინეთი, იაპონია, პოლონეთი.

კვლევის თანახმად, ამჟამად საქართველოში 1 ჰექტარ ვენახზე საშუალოდ 5.2 ტონა ყურძენი მოდის, მსხვილი კომპანიების მოსავლიანობა 8-9 ტონას შეადგენს, ღვინის წარმოების მესამედი კი ოჯახურ მეღვინეობებს უკავიათ. თუმცა, ურბანიზაციის და ფორმალური წარმოების ზრდის პარალელურად, ოჯახური მეღვინეობების წილის კლებაა მოსალოდნელი. სექტორის წინსვლის ერთ-ერთი გზა ორგანიზებული მევენახეობების ზრდა და ვენახების გამსხვილებაა, რაც ქვეყანაში ვენახების საშუალო პროდუქტიულობას გაზრდის.

„თიბისი ლიდერია ღვინის ინდუსტრიის დაფინანსების მხრივ და ბრუნვის მიხედვით ბაზრის წილის 50%-ზე მეტს იკავებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად, სავაჭრო ოპერაციების გამარტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მეღვინეებს გარანტიებს, აკრედიტივებსა და საერთაშორისო ფაქტორინგულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ადგილობრივ ბაზარზე იხვეწება ღვინის მოხმარების კულტურა და ტურიზმის ზრდასთან ერთად ადგილობრივი გაყიდვების პოტენციალიც უმჯობესდება.“ – გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია,  სექტორული კვლევები და საბროკერო საქმიანობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი