განათლება,მთავარი,სიახლეები

გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი

18.02.2020 • 4450
გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოში კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ქალებს კლავენ შვილების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, საჯარო სივრცეებში, ქალებს კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერების მიუხედავად, დანაშაული არ მცირდება.  „ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის, ეს ქალების განდევნის ხელობაა“-ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე მწერალს ესაუბრა.

  • გუშინ თქვენ გარდაბანში 23 წლის ქალის მკვლელობას გამოეხმაურეთ  და ფეისბუქში წერდით, რომ ფემიციდი არ არის მხოლოდ მკვლელობა, ეს არის ქალების განდევნის ხელობა ყოველდღე და ყველგან. საიდან და როგორ, რა ფორმით ვდევნით ქალებს?

საქმე ის გახლავთ, რომ რიგ შემთხვევებში, ჩვენი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ყოფით ნაწილში, ინერციული აზრით გულისხმობს ქალის განდევნას და შესაბამისად, ეს მოცემულობა აუცილებლად არის დასამარცხებელი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმას, რომ მე თვითონაც ამ სტერეოტიპების  მსხვერპლი ვიყავი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მე თვითონაც უამრავი შეცდომა დამიშვია და ჩემი აზრიც, უმეტესწილად, ჩემს შეცდომებს ეფუძნება და არა სხვის განქიქებას ან სხვებისკენ ხელის გაშვერას.

  • რა იყო ეს შეცდომები შეგიძლიათ ვისაუბროთ ამაზე?

კონკრეტულის გახსენება ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა ეს იყო სტერეოტიპული განწყობები, რომლებიც გულისხმობდა მამაკაცის უპირატესობას, რადგან მე გარკვეულწილად ასეთ საზოგადოებაში გავიზარდე. ცხადია, ეს უპირატესობა  იყო სრულიად ხელოვნური იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი მიდგომა და განწყობები არ არის ძირეული და ფუნდამენტური ქართული ტრადიცია. მეტიც, მაგალითად, სვანეთში გენდერული თანასწორობა დღესაც  დაცულია და მე ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე ამას, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ და ეს მშვენიერი მაგალითია იმის, რომ ტრადიციული გაგებით საქართველოში ქალი და კაცი თანასწორია. ხოლო ის განცდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ თითქოს ეს უთანასწორობა რაღაც ტრადიციებთან არის თანხვედრაში, აბსურდია. ამიტომ ეს საკენკი, რომ თითქოს ჩვენ ტრადიციებით გვერთმევა გენდერული თანასწორობა, არ არის სწორი და არ უნდა დავუყაროთ მომავალ თაობას.

  • ბოლო ექვს წელში, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, საქართველოში  135 ქალი მოკლეს ფემიციდის საფუძველზე. კაცების მსხვერპლები ხშირ შემთხვევაში არიან ცოლები და ყოფილი ცოლები, ყოფილი პარტნიორები. როგორ ფიქრობთ, რატომ ჰგონიათ კაცებს, რომ ქალი, ცოლი, შეყვარებული მათი საკუთრებაა?

რეალურად, ეს არის შიში პირველ რიგში საკუთარი თავის, მეორე, ეგოისტური მოცემულობა სიმყარის დაკარგვის და საზოგადოებრივი წნეხის შიში. შიში იმისა, რომ ცოლი გამშორდა და რას იტყვის ჩემი მეგობარი თუ ის, ვთქვათ, კიდევ გათხოვდება. ასე მარტივად, პრიმიტიულად რომ ვთქვათ. ამას ემატება ქალის განივთების პრობლემა, რომელიც ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია და ამ კომპლექსების ჯაჭვი ადამიანში იწვევს აგრესიას და ძალიან სამწუხარო შედეგებს.

  • როცა ქალის მკვლელობაზე წერდით, იმავე სტატუსში აღნიშნეთ, რომ როცა წიგნებს არიგებდით, უმეტესწილად მასწავლებლები პატარა ბიჭებს უშვებენ ხოლმე, გოგონები კი მორცხვად დგანან. რა როლი აქვს სკოლას გენდერული თანასწორობის სწავლებაში და ამ როლს ასრულებს თუ ვერა თქვენი აზრით?

ასრულებს თუ ვერა, არ ვიცი, მაგრამ განათლების მიზანი უნდა იყოს მოქალაქის ჩამოყალიბება, ღირებულებების ჩამოყალიბება, ზრუნვაზე ორიენტირება, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სკოლას არ გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მასწავლებლებიც გვყავს.

არსებობს ენობრივი სტრუქტურა, რომელშიც გოგო იმთავითვე დამამცირებელ მდგომარეობაშია. სწორედ ეს აჩენს დიდ უფსკრულს ბიჭად ყოფნასა და გოგოდ ყოფნას შორის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი აქცენტების დასმა ამ საკითხზე ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სკოლაში.

  • როცა ვსაუბრობთ სწავლების მნიშვნელობაზე, რას ვასწავლით გოგოებს და ბიჭებს?

მთავარი ღირებულება არის ის, რომ ადამიანებს გავუღვივოთ განცდა, რომ სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი და სწორედ ადამიანი არის უმთავრესი. აქედან გამომდინარე, უნდა ვასწავლოთ მეორე ადამიანის შემჩნევა და გათვალისწინება. თუ „ალუდა ქეთელაურს“ ვასწავლით სკოლაში კარგად, ზუსტად და ცხადად, ამის შემდეგ მოსწავლეს ნაკლებად გაუჩნდება კითხვები ადამიანის მნიშვნელობაზე, მიხვდება, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინაპარი ვაჟა-ფშაველა ლაპარაკობდა იმავეს, რასაც ლაპარაკობს დღეს რომელიმე მასწავლებელი სამოქალაქო კოდექსის ენით. მთავარია, სწორი აქცენტების დასმა, სწორი ნიუანსების ძებნა იგივე მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც კარგი სახელმძღვანელოა ადამიანისთვის, თუ რა არის კარგი და უკეთესი, ან უარესი.

  • თქვენ თქვით, რომ გენდერული უთანასწორობა არ არის ჩვენი კულტურული ტრადიცია, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული აგრესია სწორედ ტრადიციების სახელით არსებობს…

გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველო ბევრ საამაყო მოცემულობას ინახავს და მე არ ვგულისხმობ ფეოდალურ პერიოდს, ვგულისხმობ მე-20 საუკუნის დასაწყისს, როდესაც ჩვენ მაშინდელ პარლამენტში რამდენიმე პარლამენტარი ქალი გვყავდა, მაშინ როცა ბევრ ევროპულ ქვეყანაში იმ დროს ქალებს ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ. გვქონდა ბრწყინვალე გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, რომელსაც ფანტასტიკური ქალი ავტორები ჰყავდა, ანუ ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან შორს ვიყავით წასული და ძალიან დაგვამუხრუჭა სწორედ საბჭოთა კავშირმა.

  • როცა ახალი ამბები ზიარდება ხოლმე სოციალურ ქსელებში,  საკმაოდ ხშირად ვხვდებით კომენტარებს, რომლებითაც, ფაქტობრივად, მსხვერპლ ქალს ადანაშაულებენ. თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა არის, რატომ არის „ქალი ყოველთვის დამნაშავე“, მაშინაც კი, თუ აშკარად მსხვერპლია?

ტრადიციებით მანიპულირების ნაწილია ეს ყველაფერი და ხშირად კაცებზე მეტად ქალები იმეორებენ ამას. ჩვენ არ ვართ ასეთი ტრადიციების ქვეყანა. თავის მოტყუება და ფუნდამენტურ ტრადიციად წარმოდგენა და გასაღება იწვევს ადამიანებში ამ რწმენის დაბეტონებას და მერე განცდას, რომ ვაიმე, ქვეყანა ინგრევა, თუ სხვანაირად ხდება. ეს არის და ეს. 

  • ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად რამდენად მნიშვნელოვანია ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა ოჯახში, სკოლაში, სადაც ხშირად გვესმის, რომ „ბიჭები მათემატიკას უკეთესად სწავლობენ“, „გოგო ხარ, წესიერად მოიქეცი“, „ქალს არ უხდება ხმამაღალი სიცილი“ და ა.შ.  

ოჯახში დიდი მნიშვნელობა აქვს მედიას, მის გავლენას და როლს. პოპულარულ გადაცემებს, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად აქტიურ და მისაღებ პერსონებს, რადგან ოჯახ-ოჯახ ვერ ვივლით და ვერ მოვახერხებთ გარდატეხის შეტანას. ამიტომ, ამ თემებზე ღია საუბარი არის მნიშვნელოვანი.

  • ბოლო პერიოდში კანონი თითქოს გამკაცრდა, სახელმწიფომ აღიარა ეს პრობლემა და დაიწყო შემაკავებელი ორდერების გამოწერა აქტიურად, თუმცა ამან ვერ შეაჩერა ფემიციდი, ქალზე ძალადობის შემთხვევები. რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, აუცილებელია კანონის გამკაცრება. მკაფიოდ საუბარი კანონის ენაზე და, რა თქმა უნდა, კანონის სწრაფად და ეფექტურად აღსრულება და უფრო მეტი შიშის განცდა პოტენციული დამნაშავის მიერ.

პრევენცია არის განათლება, იმიტომ, რომ ადამიანები შეიცვალონ და მიხვდნენ, რომ ფემიციდი არის ცუდი. ადამიანები ვიცვლებით და ცვლილება არ არის სირცხვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: