მთავარი,სიახლეები

39 წელი ცეცხლის პირისპირ – ამბავი ქალაქის მთავარ მეხანძრეზე

19.02.2020 • 4959
39 წელი ცეცხლის პირისპირ – ამბავი ქალაქის მთავარ მეხანძრეზე

როცა ბათუმის ქუჩებში სახანძრო-სამაშველო მანქანების „კივილი“ ისმის, ხუსეინ სირაბიძის ტელეფონზე ზარი არ წყდება, მასთან ერთდროულად რამდენიმე ჟურნალისტი რეკავს იმის გასარკვევად, სად რა იწვის ან რა მასშტაბის ხანძარია. ამ დროს ის ძირითადად ერთ-ერთ მანქანაშია და შემთხვევის ადგილისკენ მიიჩქარის, თუმცა მაინც ახერხებს პასუხის გაცემას.

ხუსეინ სირაბიძე რესპონდენტების იმ კატეგორიას  განეკუთვნება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი უკმეხად არასდროს გპასუხობს. ბათუმში მისი სახელი და გვარი ბევრმა იცის, ბევრი იცნობს, როგორც ქალაქის პირველ მეხანძრესა და მაშველს.

ხანძრის შესახებ შეტყობინებისთანავე ხუსეინ სირაბიძე და „მისი ბიჭები“ – [ასე თავად მოიხსენიებს თანამშრომლებს] დაუყონებლივ გარბიან თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად, ამ დროს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქუჩები გადატვირთული არ იყოს და ხანძრის კერასთან სწრაფად მივიდნენ:

„იყო შემთხვევები, როცა ხელით გადავწიეთ ავტომანქანები ადგილის გამოსათავისუფლებლად, ისეთიც იყო, როცა შორიდან გავხსენით სახანძრო სახელურები, წყალი რომ მიგვეწოდებინა, რადგან მიახლოება შეუძლებელი იყო“, – გვეუბნება ის.

ხუსეინ სირაბიძემ სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობა 1981 წელს მძღოლად დაიწყო, „სამსახურს ეძებდა და აქ იპოვა“. როგორც თვითონ გვიხსნის, მაშინ ეს იყო გასამხედროვებული სახანძრო ნაწილი. ერთი წლის შემდეგ კი სწავლა დაიწყო უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, სახანძრო ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც 1985 წელს დაასრულა.

უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ხუსეინ სირაბიძე ქუთაისში, სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორის თანამდებობაზე დასაქმდა. შემდეგ იმავე პოზიციაზე ხულოს მუნიციპალიტეტში გადაიყვანეს, 1989 წელს კი ის  ბათუმის სახანძრო სამსახურს დაუბრუნდა, სადაც დღემდე მუშაობს.

„მეხანძრის ცხოვრება რთული, მაგრამ საამაყოა. განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედო, რა თქმა უნდა, შეზღუდულ თავისუფალ დროზე გავამახვილებდი ყურადღებას. გულდასაწყვეტია, რომ ოჯახისთვის ნაკლებად გცალია, მაგრამ თუ ხარ მეხანძრე-მაშველი და გიყვარს შენი საქმე, უნდა ემსახურო ქვეყანას“, – გვიყვება ხუსეინ სირაბიძე.

 

ხუსეინ სირაბიძე თანამშრომლებთან ერთად

მეხანძრე-მაშველის დილა ყოველდღე სპაციალური განაწესის მიხედვით იწყება და იმავე რეჟიმში გრძელდება: „ფორმაში უნდა იყო, ეს მნიშვნელოვანია. თუ გამოძახებაა, გავდივართ, თუ არ გვაქვს წვრთნები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული“.

ქალაქის პირველი მეხანძრის თქმით, ყველა გამოძახება მისთვის რთული და ემოციურია, თუმცა განსაკუთრებული ემოციით იხსენებს იმ ხანძრებს, რასაც მსხვეპლი მოჰყვა: „ასეთი იყო, მაგალითად, ქობულეთში სასტუმროს, ასევე „ლეო გრანდის“ ხანძრის ამბავი. ჩემს პრაქტიკაში იყო ასევე 1989 წლის რეზერვუარების პარკზე გაჩენილი ხანძარი, რომელიც საუკუნის ხანძრად შეფასდა. ამ ყველაფერზე დამწყებ მეხანძრეებს ვუყვებით, ვუზიარებთ გამოცდილებას. თუმცა ყველაზე დიდი მოტივაცია ის არის, როცა ადამიანის სიცოცხლეს ან მის ქონებას გადაარჩენ.“

ხუსეინ სირაბიძე კმაყოფილია იმ აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით, რაც მის სამსახურს ამ დროისთვის აქვს. ერთადერთი, რასაც ის მოქალაქეებისგან ითხოვს,  არის ის, რომ ავტომანქანის გაჩერებისას არასოდეს ჩახერგონ შესასვლელები.

„დიდ სირთულეებს ვაწყდებით ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ძველ ბათუმში. მოგეხსენებათ, აქ ქუჩები ძალიან ვიწროა და ყოველთვის გადაჭედილია ავტომანქანებით“.

ხუსეინ სირაბიძის თქმით, მთავარია მეხანძრე მუშაობისას დაზღვეული  იყოს, ხელმძღვანელმა კი ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მისი ჯგუფის ყველა მეხანძრე-მაშველი უვნებლად გამოვა ხანძრიდან:

„უმეტესწილად ჩვენ გაწერილი წესების მიხედვით ვმოქმედებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა ჩვენ ინტუიციითაც მიგვიღია გადაწყვეტილება.“

ქალაქის მთავარი მეხანძრის თქმით, ბოლო პერიოდში მეხანძრე-მაშველის საქმის სირთულე ხალხმაც გაიაზრა და დააფასა:

„დიდი დაფასებაა, როდესაც მოდის ადამიანი და გვეუბნება – მადლობა თქვენ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთო. არამხოლოდ ჩვენს თითოეულ მხანძრე-მაშველს ჰქონია ასეთი ისტორია თავის პრაქტიკაში. არის შემთხვევები, როცა მაშველს ან მეხანძრეს, თუ ის ფეხითაა და სახლში მიდის, ავტომანქანას უჩერებენ და ადგილამდე მიჰყავთ.“

ხუსეინ სირაბიძე რეკომენდაციას აძლევს ადამიანებს,  თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩენის შემთხვევაში. მთავარი მეხანძრის თქმით, პირველი, რაც მოქალაქემ უნდა გააკეთოს, ეს შეტყობინებაა, შემდეგ კი „თუ ვინმეს ხანძარში მოხვედრილის დახმარება შეუძლია, უნდა დაეხმაროს, მაგრამ  არა სიცოცხლის რისკის ფასად. “

ხუსეინ სირაბიძეს ვკითხეთ იმაზეც, როგორ შეიძლება მოხდეს მეხანძრე ას მეტრზე მაღალი შენობის ბოლო სართულებზე ხანძრის შემთხვევაში. მეხანძრე ამბობს, რომ ასეთ სახლებს ავტომატური ქრობის სისტემა უნდა ჰქონდეს, რომელიც უნდა ამუშავდეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის რეაგირებამდე.

ხუსეინ სირაბიძეს ჰყავს ორი შვილი, ერთმა მამის პროფესია აირჩია. ჰყავს ასევე ორი შვილიშვილი. უფროსი შვილიშვილი მას უამრავ კითხვას უსვამს მეხანძრეობაზე და ბაბუას დიდ, წითელ მანქანაში მოხვედრაც მოუხერხებია.

თავისუფალ დროს შვილიშვილებთან ყოფნა და თევზაობა უყვარს, მაგრამ ამბობს, რომ ასეთი დრო იშვიათად აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: