ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 18 თებერვალს, პირველი სხდომა გაიმართა. სააპელაციო სასამართლო დამატებით ბათუმის მერიის ზონალური საბჭოს წევრების ჩვენებების მოსმენას აპირებს. ეს უწყება რეკომენდაციით მიმართავს ბათუმის მერს კონკრეტული მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელის კიდევ ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. “ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმაც გაასაჩივრა და ბათუმის მერიამაც. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია დადგინდა და ამ მოცემულობაში მერიისგან საკითხის ხელახლა განხილვა ვერაფერს შეცვლის. ბათუმის მერია კი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულად მუსლიმ თემს არ მოპყრობია.
„სასამართლო ასევე გამოითხოვს დამატებით დოკუმენტაციას ამავე ზონაში სხვა საკულტო ნაგებობების მშენებლობების უარის შესახებ… პროცესი ახსნა-განმარტების ეტაპიდან გადაიდო,“ – გვითხრა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის იურისტმა, მერი აღაპიშვილმა. მუსლიმი თემის ინტერესებს ასევე იცავს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.
ბათუმის მერიის პოზიცია არ შეცვლილა – მერია მოლაპარაკების დაწყებას მუსლიმ თემთან იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი მეჩეთის ასაშენებლად მუსლიმები საკუთარი სახსრებით ნაყიდ მიწის ნაკვეთს მუსლიმთა სამმართველოს გადასცემენ, რომელიც სახელმწიფო სსიპ-ია.