მთავარი,სიახლეები

სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა

18.02.2020 • 1599
სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა

აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი – ტარიელ ქათამაძე უჩივის. დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ სკოლაში სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ და დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლის პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა.

ტარიელ ქათამაძემ თავდაპირველად განათლების სამინისტროს მიმართა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რეაგირება მოითხოვა, მაგრამ სამინისტრომ საქმის შესწავლასა და დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებაზე უარი თქვა.

„ეს იქნებოდა პირდაპირ კანონის დარღვევა…“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს თამარ სირიამ. იგი აჭარის განათლების სამინისტროს იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელია და მიიჩნევს, რომ სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევის შემთხვევას თავად სამინისტრო ვერ შეისწავლიდა.

მოსამართლე დაინტერესდა, რამდენად არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სასამართლო პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებს სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ჩაქვის სკოლაში ინსპექტირება ჩაატარეს.

„ჩვენთვის პრობლემაა განათლების სამინისტროს რეაქცია… რეაგირება მსგავს დარღვევებზე არის ნული,“ – უთხრა მოსამართლეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ტარიელ ქათამაძის ინტერესებს იცავს.

„გასაგებია. ამიტომაც ხართ დღეს სასამართლოში,“ – ჩაილაპარაკა მოსამართლემ.

„ჩვენი პოზიციები ვერ შეიცვლება…“ – მოკლედ დასძინა თამარ სირიამ და მოსამართლეს მიანიშნა, რომ შეთანხმების რესურსი არ არსებობს.

„გამოდის, რომ სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას ვერ მოახდენს საკუთარ თანამშრომლებს თუ გადაცდომა ექნებათ, ამას აცხადებს სამინისტრო? მაშინ თქვით პირდაპირ, რომ სამინისტროს რეაგირება ვერ ექნება,“ – გაცხარდა მოსამართლე.

„ჩვენ მივმართეთ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს – აჭარის მთავრობას, სადაც გვიპასუხეს, რომ დისციპლინურ წარმოებას ვერ ჩაატარებდნენ,“ – აღნიშნა თამარ სირიამ.

„ანუ რა გამოდის, თქვენმა თანამშრომლებმა რაც უნდა დაარღვიონ, პასუხისმგებლობაზე რეაგირება არ გექნებათ?“- ისევ იკითხა მოსამართლემ.

„სასამართლოს უნდა მიმართოს,“ – მოკლედ უპასუხა მოსამართლეს სამინისტროს იურისტმა.

„სასამართლო როგორ განიხილავს ამას?“ – ჰკითხა სამინისტროს იურისტს მოსამართლემ და როცა დაინახა, რომ პასუხს ვერ იღებდა, გაეღიმა.

„იქნებ, გადახედოთ თქვენს პოზიციებს… “ – უხერხული სიტუაციიდან გამოსვლა სცადა მოსამართლემ.

„ალბათ, აქამდე მსგავსი შემთხვევა არ გქონიათ, ღირს, მგონი, დაფიქრება,“ – დაამატა მოსამართლემ.

რა დარღვევები დაადგინა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში? – დავის საგანი ეს არ არის, თუმცა სასამართლო ამ საკითხითაც დაინტერესდა.

განათლების სამინისტროს იურისტმა თქვა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სკოლაში ტესტებისთვის ფულის უკანონოდ შეგროვების ფაქტი დაადასტურა.

„დისციპლინური პასუხისმგებლობა დირექტორისთვის აღარ დაგვიკისრებია, რადგან მითითების შემდეგ ეს ფაქტი აღმოიფხვრა – მშობლებს ფული დაუბრუნეს,“ – განაცხადა თამარ სირიამ.

ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორის, ტარიელ ქათამაძის ინტერესების დამცველი. ანა ბერძენიშვილის თქმით, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები კანონდარღვევით ატარებდნენ ინსპექტირებას და მათი ქმედების კანონიერების შესწავლაზე განათლების სამინისტრომ უარი თქვა.

დღევანდელ პროცესზე ანა ბერძენიშვილმა მესამე პირად ჩართვა მოითხოვა იმ ორი პედაგოგის, რომლებიც აცხადებენ, რომ მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ აუდიტის თანამშრომლები. შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

„ჩვენ ეს საქმე ავიღეთ სტრატეგიული საქმისწარმოების გამო,“ – მიმართა მოსამართლეს „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ანა ბერძენიშვილმა სხვა სასამართლო დავებიც გაიხსენა, სადაც, მისი თქმით, ასევე ფიგურირებენ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები: მადონა ტაბატაძე და ალექსანდრე მჟავანაძე.

„ეს უნდა ყოფილიყო განათლების სამინისტროს პრესტიჟის საქმე… გამოდის, რომ აუდიტის ამ თანამშრომლებს ხელიც რომ დაერტყათ პედაგოგებისთვის, მათ სამინისტრო პასუხს არ მოსთხოვდა,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა.

„ძალიან ემოციურად უდგებით საკითხს…“ – ჩაურთო რეპლიკა მოსამართლემ.

„ეს პათეტიკური ტონი არანაირი მტკიცებულებებით არ არის განმტკიცებული,“ – მიმართა მოსამართლეს განათლების სამინისტროს იურისტმა.

მოსამართლე ასევე დაინტერესდა, რატომ არ მოჰყვა რეაგირება იმას, თუკი სკოლაში ფულის შეგროვებას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ მივმართეთ პრევენციულ ღონისძიებას… სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა და ჩაგრულის მანტიის მოსხმა არ არის საინტერესო,“ – დასძინა განათლების სამინისტროს იურისტმა.

თამარ სირიამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აუდიტის დეპარტამენტი 14 ივნისს ესაუბრა პედაგოგებს, სამინისტროს კი, ტარიელ ქათამაძემ 20 ივნისს მიმართა…

„მაგას გეუბნებათ მოსარჩელე – რა მოხდა, მოიკვლიეთო,“ – შეაწყვეტინა  სამინისტროს იურისტს მოსამართლემ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განათლების სამინისტროს იურისტს ჰკითხა, რატომ არ შექმნეს კომისია, რომელიც სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის საკითხს შეისწავლიდა.

„რამდენად მიუკერძოებელი იქნებოდა?“ – კითხვითვე უპასუხა მოსამართლეს თამარ სირიამ.

„ჯობდა ის, რომ საერთოდ ვერანაირი რეაგირება ვერ მოახდინეთ და პირდაპირ წერტილი დასვით? რომელია უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე?“ – მიმართა მოსამართლემ განათლების სამინისტროს იურისტს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„ეს განწყობა გადაეცით თქვენს მარწმუნებელს… ყველაფერზე არაა საჭირო სასამართლო დავა,“ – გახედა მოსამართლემ თამარ სირიას სხდომის დასრულებამდე. სასამართლო განხილვა ერთ თვეში გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: