მთავარი,სიახლეები

მთავრობისთვის მადლობის თქმა გვინდოდა და არ გაგვაშუქეს – პრეტენზიები აჭარის მაუწყებელს

19.02.2020 • 2311
მთავრობისთვის მადლობის თქმა გვინდოდა და არ გაგვაშუქეს – პრეტენზიები აჭარის მაუწყებელს

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში, ყოფილი თითების თეატრის წინ, სადაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება, ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს.

მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მართავს ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და, ასევე, შენობის წინ დგანან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზია მიკერძოებულია. „ბათუმელებს“ მათ უთხრეს, რომ ურეკავდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, სურდათ მადლობის გადახდა მთავრობისთვის, თუმცა ჟურნალისტები არ მივიდნენ. მათ ასევე დაასახელეს კიდევ ერთი მაგალითი, როცა „ოცნების ქალაქში“ იყო პრობლემა, თუმცა ჟურნალისტები არ მისულან.

„მადლობა გვინდოდა გადაგვეხადა, ამისთვის არ შეიძლებოდა ტელევიზია მოსულიყო? ეს იყო ერთი კვირის წინ. გუშინაც ვურეკავდით, იყო დაპირისპირება, რამდენიმემ თქვა, რომ ეს სტადიონია და არა ბინები, ჩვენ გვინდოდა, გაგვერკვია, რა იყო აქ. ვერ ამოვალთო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/199944617914798/UzpfSTE0MjA1NjgyMzg6MTAyMjI1NzcxOTQ1MjQ4MzE/

კონტრაქციის მონაწილეების თქმით, ისინი „ოცნების ქალაქიდან“ არიან, გაიგეს მრჩეველთა საბჭოს სხდომის შესახებ და საკუთარი ინიციატივით მოვიდნენ.

კონტრაქციის მონაწილეებს შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციაში „არა ქიმიურ ტერმინალს“ და ასევე, პირები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან სამთავრობო აქციებზე.

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაუქმდება რამდენიმე შტატი. აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებების მეშვეობით მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აპირებს თავიდან მოიშოროს არასასურველი ადამიანები.

კვირას, 16 თებერვალს, ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციაც გაიმართა. აქცია გაიმართა, ასევე, თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ახალციხეში.

ამავე თემაზე: 

დაპირისპირება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: