მთავარი,სიახლეები

„ფორსაჟის” შემდეგ საქართველოთი სხვადასხვა ქვეყნის კინომწარმოებლები ინტერესდებიან

18.02.2020 • 1408
„ფორსაჟის” შემდეგ საქართველოთი სხვადასხვა ქვეყნის კინომწარმოებლები ინტერესდებიან

ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარდგენილი (ქართული პავილიონის ნომერია 126 და იგი ბერლინში, სასტუმრო „მერიოტში“ იქნება განთავსებული).

ქართული დელეგაცია ბერლინში უცხოელ კოლეგებს ფილმების პროექტებს წარუდგენს. ეროვნული კინოცენტრის გუნდი გამართავს შეხვედრებს ბერლინის, კანის, სან სებასტიანის, ტორონტოს, ლოკარნოს, ვენეციის, ანსის კინოფესტივალებისა და ევროპის კინოაკადემიის წარმომადგენლებთან. 

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი კინემატოგრაფისტები ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გაემგზავრებიან.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით ქართული დელეგაცია საქართველოში ფილმების გადაღებით დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს გააცნობს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“. გაიმართება მოლაპარაკებები ქართული ფილმების ყიდვით დაინტერესებულ დისტრიბუტორებთან, გაყიდვების აგენტებთან, კინოთეატრებისა და ტელევიზიების წარმომადგენლებთან.

როგორც პროექტის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენელი, კინოკომისიონერი დავით ვაშაძე ამბობს,  გასული წლის ზაფხულში ბლოგბასტერ „ფორსაჟ 9“-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღების შემდეგ ჩვენი ქვეყნის, როგორც გადასაღებად საინტერესო ადგილის მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში გაიზარდა.

„ფორსაჟის გუნდი საქართველოდან ძალიან კმაყოფილი წავიდა, ყველამ იცის, რომ საქართველო კინოინდუსტრიისთვის სანდო და მეგობრული ქვეყანაა. რამდენიმე კონკრეტული უცხოური პროექტი არსებობს უკვე, რომლის ინტერესებშიც შედის საქართველო. ჯერ ვერ გავთქვამთ ამ პროექტებს, თუმცა „ბერლინალეზე” გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი, სადაც მეტ ინფორმაციას მივაწვდით დაინტერესებულ ჯგუფებს საქართველოში გადაღებების შესახებ. უსაფრთხოება, ნაკლები ბიუროკრატული ბარიერები და გადასაღებად საინტერესო გარემო – ძირითადად ეს მოტივები განაპირობებს უცხოელი კინომწარმოებლების ინტერესებს. დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ ასევე აზიის, ჩინეთის, ინდოეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები,” – ამბობს კინოკომისიონერი დავით ვაშაძე, რომლის მისიაც საქართველოს, როგორც გადასაღებად საინტერესო ქვეყნის საზღვარგარეთ  პოპულარიზაციაა. ამ მიზნით „ბერლინალეს” გარდა შეხვედრები მაისის კანის კინოფესტივალსა და  ლოს ანჯელესის „American Film Market”-ზეც გაიმართება.  

21, 22 თებერვალს „ბერლინალეს“ კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორების – ლანა ღოღობერიძისა და უტა ბერიას ფილმებს აჩვენებენ. „ოქროს ძაფი“ ლანა ღოღობერიძის,  „უარყოფითი რიცხვები“ კი უტა ბერიას სადებიუტო ფილმია. 

ლანა ღოღობერიძის დრამა „ოქროს ძაფი“ ფრანგულ-ქართული პროექტია. ფილმის პრემიერა 2019 წლის თბილისის კინოფესტივალზე შედგა. საბჭოთა დროში ერთმანეთს დაპირისპებული, მოხუცი ქალები, იძულებულები არიან ერთად იცხოვრონ. მხოლოდ ერთის გაუჩინარება დააფიქრებს მეორეს რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დაპირისპირება თუ თანაგრძნობა. ამაში კი მას მკვდრეთით აღმდგარი სიყვარული ეხმარება.

უტა ბერიას სადებიუტო ფილმში „უარყოფითი რიცხვები“ არასრულწლოვან ვაჟთა დაწესებულებაში, რომელიც კრიმინალური კანონებით იმართება, პატიმრებს ენიშნებათ ვარჯიშები რაგბიში. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

 

გადაბეჭდვის წესი