„შეიძლება ავიჭრათ 5-8 ათას ინფიცირებულამდე. ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით“

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

__________________

„თუ ამ ტემპით წავალთ, როგორც დღეს არის, ე.წ. „მოჭერის ღონისძიებებით“ – მაისის 10-თვის შეიძლება გვქონდა 2000-2500 დადასტურებული შემთხვევა და თუ მოვეშვით… უკვე, ჩანს, რომ მოვეშვით და ეს მეტად მოსალოდნელია ამ 4 დღის განმავლობაში. თუ მოვეშვებით, ჩვენ შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას ინფიცირებულამდე.

ეს არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, იმიტომ, რომ სიმპტომები 4-5 დღის შემდეგ ვლინდება, ეს 4 დღე იქნება გადამწყვეტი.

ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების თქმა – არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან.

ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები და მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღვთის წინაშე, რომ ნაკლები სენითა და ზარალით გამოვალთ სიტუაციიდან. პირველად ვაკეთებთ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ღმერთი, იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას“.

___________________

კომენდანტის საათის დარღვევის 234 ფაქტი ბოლო 24 საათში

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინდა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით დააჯარიმეს 92 მოქალაქე.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 125 მოქალაქე დააჯარიმეს.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 13 პირი დააჯარიმეს. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

დაწყებულია კლინიკური კვლევები 3 ვაქცინაზე – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს კლინიკური კვლევები სამ ვაქცინაზე, ხოლო კიდევ 70 ვაქცინაზე დაჩქარებული ტემპით განაგრძობენ მუშაობას.

90-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა ჯანმოს გლობალურ კვლევას, სახელად – “სოლიდარობა”. მასში 900-ზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული, რათა შეაფასონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი წამლის და ამავე წამლების კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

კვლევაში, სახელად სოლიდარობა, მოწმდება ოთხი სხვადასხვა წამალი ან მათი კომბინაციები:

  • რემდესივირი
  • ორი წამლის კომბინაცია – ლოპინავირი და რიტონავირი
  • ორ პრეპარატს პლუს ინტერფერონი ბეტა 
  • ქლოროქინი

ტედროს გებრეისუსმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანმომ შეკრიბა კლინიცისტების ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან კორტიკოსტეროიდებისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობის შედეგებს:

„კერძოდ, ჩვენ ვაკვირდებით ჟანგბადის გამოყენებისა და მართვითი სუნთქვის სტრატეგიებს პაციენტებში. ნებისმიერი ჩარევა, რომელიც შეამცირებს მართვითი სუნთქვის აპარატების საჭიროებას და გააუმჯობესებს კრიტიკულად მძიმე პაციენტების შედეგებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით სამედიცინო რესურსების სიმცირის პირობებში, სიცოცხლეების გადასარჩენად,” – ამბობს ჯანმოს გენერალური დირექტორი.

ამავე თემაზე:

2 მასშტაბური კვლევა კორონავირუსის სამკურნალო საშუალების დასადგენად

#დარჩისახლში – შპს „სტადიონის“ მადლობა ექიმებს

შპს „სტადიონი“ : კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ექიმების მიმართ. თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ქვეყნებს, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ძალზედ რთულია და Covid 19-ით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

#დარჩისახლში

შეღავათი ვისაც ეხება, დენის გათიშვაზე სმს-ებს ყურადღება არ მიაქციონ – „ენერგო-პრო ჯორჯია“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ამაზე ნაკლები თანხის ელექტროენერგია მოიხმარეს, დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს.

შესაბამისი შეტყობინებები ამ კატეგორიის მომხმარებლებმა კომპანიისგანაც მიიღეს, თუმცა ზოგიერთ მათგანს იგივე კომპანიისგან კვლავ მიუვიდა შეტყობინებები, რომ თუ მარტის თვის დავალიანებას არ გადაიხდიან, შეუწყდებათ დენის მიწოდება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს არის ერთგვარი პროგრამული ხარვეზი.

„შეტყობინებები ავტომატურად დაიგზავნა ყველგან, ისე, როგორც წინა თვეებში. ამიტომ იმ აბონენტებმა, რომლებსაც ეხება სახელმწიფო სუბსიდია, არ მიაქციონ ამ გაფრთხილებას ყურადღება. მათ მარტის თვის გადასახადს დაუფარავს სახელმწიფო და დენის მიწოდება არ შეუწყდებათ,“ – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში.

კომპანიამ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებს, რომლებმაც მარტში მოიხმარეს 200 კვტ-ზე მეტი ელექტროენერგია, დღეს მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, გადასახდელი საფასურის შეხსენების და არგადახდის შემთხვევაში მოსალოდნელი გათიშვის შესახებ.

მოკლე ტექსტური შეტყობინება ავტომატურად იგზავნება და ამიტომ აღნიშნული სმს მიიღეს იმ აბონენტების ნაწილმაც, რომლებმაც მარტში მოიხმარეს 200 კვტ-ს ჩატვლით ელექტროენერგია.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აბონენტები, რომლებმაც მარტში მოიხმარეს 200 კვტ ან ნაკლები ელექტროენერგია, მთავრობის მიერ განსაზღვრულ სუბსიდირების პროგრამაში ავტომატურად ერთვებიან.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში, სრულად დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების შემთხვევაში კი, 200 კილოვატი სწორედ 36 ლარი და 43 თეთრია.

ამ თემაზე ვრცლად:

მოსახლეობის ნაწილს 3 თვის კომუნალურ გადასახადებს დავუფარავთ – გახარია

 

„ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები“ – რატიანი

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი

_______________________________

„დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას ვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთისგან.

სამი შვილი მყავს, თვენახევარია ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს, განა არ მენატრება. ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ.

…ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები.

თვითონ „გამოძვრნენ“ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვნები მიჯაჭვულები არიან ვენტილაციას. ამ ხრჩობის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის და ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ. ამ დრომდე ვიჭერდით, იმედია, დავიჭერთ, თუ ყველა სახლში დავსხდებით და პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ არ გამოვიდეთ სახლიდან“.

ბათუმში ახალმა „რესპუბლიკურმა“ საავადმყოფომ პაციენტების მიღება დაიწყო

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების მიღება დაწყებულია. კლინიკა ამ ეტაპზე მუშაობს როგორც ცხელების ცენტრი. დღევანდელი მონაცემებით იქ უკვე 20-მდე პაციენტი იმყოფება, რომლებსაც კვლევისთვის სინჯები აუღეს კოვიდ-19-ზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ლაბორატორიის პასუხები დღეს, 16 აპრილს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„ვიღებთ იმ პაციენტებს, ვისაც ცხელება აქვს. დღემდე მიღებულ პაციენტებს შორის ამ დროისთვის არავის აქვს დადასტურებული ახალი კორონავირუსული ინფექცია. ერთი პაციენტი, რომელსაც თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინდა, სამკურნალოდ ახალი კლინიკიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში [ძველ შენობაში – ავტ.] გადმოვიყვანეთ,“ – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ.

ამ დროისთვის ახალ კლინიკაში მზად 65 საწოლია, აპრილის ბოლომდე კი იგეგმება საწოლების 170-მდე გაზრდა. კლინიკა სწორედ 170 საწოლზეა გათვლილი.

________________________

ახალი კლინიკის შენობის ნაწილი covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 9 აპრილს გახსნეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა მაშინ თქვეს, რომ შენობა პაციენტების მისაღებად მზად იყო, თუმცა, პროცესი რამდენიმე დღით შეფერხდა.

სოლომონ ფუტკარაძის თქმით, სამედიცინო-კლინიკური კუთხით ყველაფერი მზად იყო, მაგრამ საჭირო გახდა დამატებითი მოწყობილობების მონტაჟი სავენტილაციო სისტემაში.

ამ თემაზე:

რატომ ვერ იღებენ პაციენტებს „ახალ რესპუბლიკურში“

 

დღეიდან თერმოსკრინინგს ოჩხამურის მოსახლეობასაც ჩაუტარებენ

ქობულეთის კლასტერის გამო აჭარაში კვლევის არეალი გაფართოვდა. დღეს, 16 აპრილს, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ თქვა, სოფელ ოჩხამურშიც დაიწყება მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

მისი თქმით, ოჩხამურში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა:

„თუმცა გვინდა მეტ არეალში ჩავატაროთ თერმოსკრინინგი და დავიჭიროთ ყველა საეჭვო ჩივილების მქონე პაციენტი, ვისაც ჯანმრთელობის ერთჯერადი საყურადღებო დარღვევები მაინც ჰქონია,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მისი თქმით, სოფელ გვარაში კვლევები დასრულდა, თუმცა გაიზარდა კვლევის არეალი.

„ქობულეთის კლასტერთან ჯამში აღრიცხულია 450 სხვადასხვა რიგის კონტაქტი. აქედან მხოლოდ 29 გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, 450 პირი კი იმყოფება მკაცრი თვითიზოლაციის პირობებში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მეთვალყურეობის ქვეშ.

გარდა ამისა,  თერმოსკრინინგით 7 800-ზე მეტი პირი მოხვდა მეთვალყურეობის ქვეშ და აქედან 25 პირი იყო საყურადღებო, რომელთაგანაც 15 შემთხვევაში გვაქვს უარყოფითი პასუხი. ყველა შემთხვევა რაც ქობულეთშია რეგისტრირებული, არის კლასტერთან ასოცირებული და მოსახლეობის სხვა ჯგუფში  დამატებით საყურადღებო შემთხვევები არ გვაქვს,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა საქართველოში 336-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 74 ადამიანი, სტაციონარში კი 494 პაციენტი იმყოფება.

ბათუმში კორონავირუსზე 23 ნიმუშის პასუხს ელოდებიან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 16 აპრილის მონაცემებით, აჭარაში Covid-19 სტატისტიკა უცვლელია, ამ დროისათვის კლინიკაში რჩება ლაბორატორიულად დადასტურებული 30 პაციენტი, რომელთაგანაც ერთის ინფიცირება მოხდა სხვა რეგიონში.

„30-დან ორი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და საყურადღებო, დანარჩენი შედარებით მსუბუქია. 6 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, თუმცა ორთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერადი კონტროლით გვაქვს უარყოფითი პასუხი, პაციენტები მაინც კლინიკაში რჩებიან, რადგან აღენიშნებათ პნევმონია,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით, ცხელების კლინიკიდან დღეს, 16 აპრილს, 23 ნიმუში შევიდა კვლევაზე, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.

„ასევე, გუშინ საკარანტინე ზონებიდან, სხვადასხვა კლინიკიდან, თვითდინებით შესული პაციენტებიდან 70 ნიმუში ავიღეთ და ამ ეტაპისთვის არც ერთი არ დადასტურდა,“ – ამბობს ნიჟარაძე.

16 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 336 შემთხვევა.  გუშინდელ მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საქართველოს მთავრობა საზოგადოებას სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები ვირუსის სწრაფი ტემპით გავრცელებას პროგნოზირებენ.

დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა – სულ 336

16 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 336 შემთხვევა.  გუშინდელ მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზარდა.

ინფიცირებული 336 პირიდან გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 494

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

_________________

ფოტოზე: პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. წყარო: nplg.gov.ge

ამავე თემაზე: 

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ჩვენთან განმეორდება იტალია

ჩვენმა სეკულარულმა სახელმწიფომ მუხლებზე იხოხა საპატრიარქოს ტერორისტებთან – პაატა შამუგია

დღეს გადაწყდა, რომ აღდგომის დღესასწაულზე საპატრიარქო დღესასწაულის აღნიშვნის წესს არ შეცვლის, მრევლი ტაძრებში კომენდანტის საათის დადგომამდე შეიკრიბება და დილის 6 საათამდე დარჩება. ინფექციონისტმა პაატა იმნაძემ კი ცოტა ხნის წინ სატელევიზიო ეთერით მოუწოდა ხალხს დარჩნენ სახლში დღესასწაულზე, რათა ავირიდოთ თავიდან კორონავირუსით გამოწვეული იტალიის მსგავსი მაგალითები.

საპატრიარქომ საკუთარ გადაწყვეტილებას „შეღავათი“ უწოდა, ხელისუფლებამ კი „შეთანხმება“. TV პირველზე თამარ ჩიხლაძის ღამის ეთერში  დღეს ამ გადაწყვეტილებაზე პენცენტრის პრეზიდენტმა, პოეტმა პაატა შამუგიამ ისაუბრა:

„სასწორის ერთ პინაზე ადამიანების სოცოცხლე და ჯანმრთელობა დგას, მეორეზე კონკრეტული ორგანიზაციის რქიანობა და სიჯიუტე. იმუნოლოგმა პაატა იმნაძემ გარკვევით თქვა თუ წახვალთ ეკლესიაში კუბოებს ვეღარ დავითვლითო, მეტი რა უნდა ქნას, ხომ არ გვაგინებს? სპეციალისტი გვეუბნება, რომ ეპიდაფეთქება იქნება. რას ფიქრობენ მღვდლები, მიტროპოლიტები და ისინი, ვისაც ათასი ტიტულატურა აქვს ხორციელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად?

სახელმწიფო პრაქტიკულად გაგვიუქმდა. გახსოვთ შს მინისტრი ჭიკაიძე, რომელსაც თალიბანი ადამიანი ეგონა? ამაზე უარესი თქვა გუშინ პრემიერმა გახარიამ რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა. პრემიერმინისტრმა არ იცის, როგორი სახელმწიფოს მეთაურია – საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რაც კონსტიტუციაში დეტალურად გვაქვს გაწერილი, რა უნდა პრემიერად ადამიანს, რომელმაც ისიც კი არ იცის როგორი კონსტიტუციური მოწყობის ქვეყანაა საქართველო? რატომ დავისაჯეთ ასე ასეთი ხეპრეები რომ გვყავს ხელისუფლებაში ვერ ამიხსნია.

უარესი თქვეს სხვებმაც – შინაგან საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებს ეკითხებოდა იქნებოდა თუ არა დარღვევა მრველი თუ ღამით 9 საათზე შევიდოდა ეკლესიაში და დილის 6-ზე გამოვიდოდა. ანუ მან არ იცის, რომ საგანგებო რეჟიმით სამ ადამიანზე მეტის შეკრება დაუშვებელია.

საპატრიარქოს სიჯიუტე ეკლესიის რეიტინგს ჩააქვესკნელებს, უამრავი ადამიანი დარჩება ერთადერთი ეგზისტენციური საყრდენის გარეშე. შიმშილისგან, გაჭირვებისგან, პირადი და საზოგადო ტრაგედიებისგან გამოფიტულ ადამიანებს ის ერთადერთი ღერძიც გამოეცლებათ, რაც ეკლესიაში ეგულებდათ და ეს ცარიელი ადგილები შეივსება გაცილებით უფრო სახიფათო რამეებით, მეტი რადიკალიზაციით, კრიმინალით, ნიჰილიზმით.

თუ ამ ვირუსებს გადავურჩით უნდა გვახსოვდეს და თაობებს უნდა შემოვუნახოთ, რომ ამ ყველაფრის, ამ უბედურებების ერთ-ერთი მიზეზი არის ჩვენი უმდიდრესი და უნეტარესი საპატრიარქო და ჩვენი ჩასვრილი ხელისუფლება, რომელიც მშვიდობიან ხალხთან არის სასტიკი და ბრუტალური, თავისზე რქიანებთან კი მუხლებზე ხოხავს. ჩვენ დავინახეთ, ჩვენმა სეკულარულმა სახელმწიფომ როგორ იხოხა მუხლებზე (საპატრიარქოს) ტერორისტებთან. სასწორზე ადამიანის სიცოცხლეს დებენ“.

აღდგომის ღამის წირვა მონასტრებში მრევლის გარეშე ჩატარდება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება გაიმართება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დაიწყება აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე.

„ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, პატრიარქთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ლოცვა-კურთხევა.

მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც მდებარეობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და თავად მეუფე დიმიტრიც ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება, ყველას მიეცემა საშუალება, სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება.

ეს ეხება მხოლოდ მონასტრებს.

ხოლო რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამრევლო ტაძრებს, ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ მოხდეს კანონის დარღვევა.

დილის 7-ზე დაიწყება ღვთისმსახურება, შესაძლებელი იქნება დასწრება, დისტანციის და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული“, – განაცხადა იოანე გორელიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

იოანე გორელიშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვასა და რეკომენდაციების შესრულებას გააკონტროლებენ სასულიერო პირები და სტიქაროსნები.

„აღდგომის ღამეს, როდესაც ტარდება ღვთისმსახურება, არამხოლოდ მრევლი იღებს ამაში მონაწილეობას, რადგანაც ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული და საზოგადოების უმეტესობა მოდის თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სანთელი დაანთოს და მადლობა შესწიროს ღმერთს. მაგრამ როდესაც მსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, ფაქტობრივად მხოლოდ მრევლი ადგება ასე დილაადრიან, რომ მივიდეს ღვთისმსახურებაზე და ზიარება მიიღოს,“  – განაცხადა იოანე გორელიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ეპარქიის ამ გადაწყვეტილების მიზეზი  არის ტაძრის შედარებით პატარა ეზო:  „რომ ავიღოთ თბილისის საკათედრო ტაძარი და მისი ეზო, იმ ეზოში დაახლოებით 20 000 ადამიანი შეძლებს დისტანციით დადგომას, ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში კი შეუძლებელი იქნება ამ დისტანციის დაცვა და მრევლის დატევა,“ – აღნიშნა მან.

იოანე გორელიშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ სასაფლაოზე გასვლისაგან აღდგომის დღეებში მანამ, სანამ პანდემია მძვინვარებს.

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებით განათდა

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის მხარდასაჭერად მიიღეს.

„ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. გვჯერა, ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის,“ – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღევანდელი, 15 აპრილის მდგომარეობით, თურქეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის გავრცელების 69 392 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 1518 ადამიანი. თურქეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა.

თბილისის ანძა აქამდე სიმბოლურად განათდა ესპანეთის, იტალიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის დროშების ფერებით.

მეუფე საბა ტაძარში მისვლაზე: ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ

„…ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ასი აშენებული ტაძარი და ნებისმიერი სხვა მატერიალური რამ, რაც კი არსებობს. სახლში დარჩენით თქვენ უფრთხილდებით თქვენი ოჯახის წევრებს და საკუთარ სიცოცხლეს. სიყვარული გადაგვარჩენს. ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს რწმენაში. მე, მაგალითად, ვერავის შევეჯიბრები…. ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ და გახარებთ ქრისტეს აღდგომას,“ – აღნიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ პანდემიის და არსებული საფრთხეების მიუხედავად, ის სააღდგომო ლიტურგიაში არაფერს ცვლის – ეკლესიამ მრევლს მოუწოდა კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძრებში მისვლისკენ. საფრთხეებს არც ხელისუფლება ითვალისწინებს.

„…ჩემი აზრი და მოწოდება ყოველთვის იყოს ის, რომ გავითვალისწინოთ მოწოდება სახლში დარჩენის, მაგრამ ასე არ ხდება და ახლა ისღა დაგვრჩენია, შევთხოვოთ ღმერთს, დაგვიცვას და ნაკლებად გამოგვიყვანოს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ქვეყანა შესაძლოა აღმოჩნდეს….“ – თქვა მეუფე საბამ. მან აქცენტი გააკეთა სასულიერო პირების პასუხისმგებლობაზეც.

„…პასუხისმგებლობას არც მე გავურბივარ, როგორც წმინდა სინოდის წევრი და ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ. პასუხისმგებლობა არის ჩვენზეც, რაზეც შევთანხმდით ხელისუფლებასთან… იმის ვაჟკაცობა გვეყოს, რომ პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ… მრევლს, როცა არჩევანის წინაშე ვაყენებთ, ჩვენ არ ვიცით, შედეგები რა იქნება, აღდგომაზე იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ეკლესიაში,“ – თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა.

სინოდის წევრმა ისაუბრა იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობაზეც, რომლებმაც თქვეს, რომ ქრისტეს ღალატი იქნება ტაძარში მიუსვლელობა. ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ ასეთი სასულიერო პირები უპასუხისმგებლოები არიან.

„…იმ სასულიერო პირების მოწოდებას თუ გაეცა პასუხი, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ ქრისტიანობა არის ვაჟკაცობა და აბა ახლა ვინ დარჩება სახლში და ვინ მოვა აღდგომას ტაძარში, ან ჩვენ 100 ათასი მოწამის ერი ვართ და ახლა ჩნდება, ვუღალატებთ თუ არა ქრისტეს. ჩემო კარგებო, ეს ასე არ არის. დღეს ჩვენ არავინ გვართმევს სარწმუნოებას, არავინ გვართმევს ქრისტეს სიყვარულს, არამედ დღეს ჩვენ ვებრძვით ვირუსს და ამ მეთოდებს გვეუბნებიან მედიკოსები… ასეთი განცხადებები არის უპასუხისმგებლო მრევლის მიმართ,“ – განაცხადა „პირველის“ ეთერში მეუფე საბა ინწკირველმა.

____

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ჩვენთან განმეორდება იტალია

პაატა იმნაძე გარეთ სეირნობაზე:”იტალია რომ დაგვემართება, მერე ვეღარ ისეირნებენ”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე

——————————————————————————————————–

ჟურნალისტი: ვხედავთ, რომ ქალაქებში არის საცობები. მოქალაქეები ამბობენ, რომ  ქუჩაში გადიან მცირე ხნით, სეირნობენ, ამბობენ, რომ იცავენ დისტანციას და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობენ. ასეთ დროს რა არის გასაკეთებელი, კიდევ არის თუ არა გასამკაცრებელი ზომები?

პაატა იმნაძე: „აი, რომ დაემართებათ იგივე, რაც იტალიაში დაემართათ, მერე ვეღარ ისეირნებენ“.

ჟურნალისტი: თუ სახლებში დარჩებიან, გვრჩება კიდევ რამე შანსი, რომ ეს ცუდი სცენარები არ გამართლდეს?

პაატა იმნაძე: “რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ჩვენი დინამიკა დღემდე იყო ისეთი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგებით, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ ლაპარაკია ადამიანების სიცოცხლეზე. ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას. თუ არა, მოგველის ის, რაც იყო იტალიაში. ვეღარ ავითვლით საქართველოში კუბოებს. აი, ეს გვინდა?

დავრჩეთ სახლში.”

 

წყარო: პირველი არხი, მოამბე

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ჩვენთან განმეორდება იტალია

„…მესმის, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ მოერიდეთ ამას ყველაფერს. მესმის, რომ ტრადიცაა, მაგრამ ერთხელ უარი თქვით ამაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ეს გავიგოთ, იგივე ეკლესია, რომ გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. მან ასევე თქვა, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სამ კვირაში საქართველოში იგივე სიტუაცია იქნება, რაც იტალიაში იყო.

„…ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დარჩით სახლში, ეს  არის თქვენი მოვალეობა, თქვენ ახლა მხოლოდ ეს მოგეთხოვებათ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, გვაქვს საშიშროება, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, თუ ეს არ გავითავისეთ, სამ კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად… ოჯახის წევრთანაც დაიცავით დისტანცია. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

____

https://netgazeti.ge/news/443734/

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის კლასტერის კვლევა დასრულებულია

„ქობულეთის კლასტერის სრული კვლევა დასრულებულია… ამ კლასტერში გვყავს 410 ადამიანი, რომელზეც გრძელდება ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა,“ – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე.

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ნებისმიერი კლინიკური ნიშნის გამოჩენის შემთხვევაში, განმეორებითი კვლევა ჩატარდება. მინისტრის თქმით, დღეს ცხელების ცენტრში გადაყვანილი 18 მოქალაქის და ასევე, ქობულეთის კონტაქტირებული 15 მოქალაქის ანალიზის კვლევის მიხედვით, ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

„.დღეს ჩატარდა ქობულეთში 2300 თერმოსკრინინგი, ჯამში, ბოლო სამ დღეში ჩატარდა 7800 თერმოსკრინინგი…. შევძელით ქობულეთის კლასტერის სრული კვლევის დასრულება,“ – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული რამდენიმე პირი სხვა რეგიონში ცხოვრობს და მათთან ამ რეგიონში მყოფი ეპიდემიოლოგები იმუშავებენ.

ამ დრომდე ქობულეთის კლასტერში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 29 შემთხვევაა დადასტურებული.

დადგენილი 410 კონტაქტირებული პირიდან 200-ზე მეტი გამოკვლეულია.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. სწორედ მისი ინფიცრების ფაქტი გამოვლინდა პირველად, თუმცა უცნობია, ქალი ქობულეთში დაინფიცირდა თუ არა. მას შემდეგ, რაც ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა  ახალი შემთხვევები. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს და მათთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

1500 ევროს ბონუსად მიიღებს ინფიცირებულებთან მომუშავე მედპერსონალი – საფრანგეთი

მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ედუარდ ფილიპმა დღეს განაცხადა, რომ მედპერსონალისთვის, რომლებიც დაავადებულებს უვლიან, ბონუსად 1500 ევროს გასცემენ.

ბონუსი შეეხება ყველა მედპერსონალს, ვისაც Covid 19-ის შემთხვევებთან აქვს საქმე, განსაკუთრებით კი დაზარალებულ რეგიონებში, ასევე დაწესებულებებში მომუშავეებს, რომლებიც არ არიან განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონებში, მაგრამ იღებენ Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს.

დანარჩენი სამედიცინო პერსონალი მიიღებს პრემიას 500 ევროს ოდენობით. გაცემული ბონუსებიდან მედპერსონალს საშემოსავლო გადასახადი არ ჩამოეჭრება.

საფრანგეთმა მარტის დასასრულს უმუშევრად დარჩენილებისთვისაც აამოქმედა სოციალური პროგრამები, სამუშაო სტაჟის მიუხედავად ფულადი კომპენსაცია დაუწესდათ მშობლებს, რომლებიც შინ ბავშვებს უვლიან. კომპენსაცია მშობლების ხელფასის არანაკლებ 90%-ია.

15 აპრილის მდგომარეობით, საფრანგეთში 131 365 პირია კოვიდ 19-ით ინფიცირებული, მათგან 15 729 პირი გარდაიცვალა.

_____

ამავე თემაზე:

როგორ დაეხმარება საფრანგეთი უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს

სასაფლაოების დახურვაზე გადაწყვეტილება ბათუმის მერიას ჯერ არ მიუღია

ბათუმის მერიას სასაფლაოების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბათუმის მერიის პრესსამსახური გვითხრეს, რომ ამის შესახებ უახლოეს დღეებში მოგვაწვდიან ინფორმაციას.

14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა დიდ ქალაქებში სასაფლაოების შესაძლო დახურვის შესახებ.

დღეს ქუთაისსა და ზესტაფონის სასაფლაოების დაკეტვის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივიდან

საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა და სასმელი წყალი? – ახალი კორონავირუსი

COVID-19-ისა და წყლის უსაფრთხოების შესახებ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის: შეიძლება თუ არა ახალი კორონავირუსი გავრცელდეს წყლით და საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა პანდემიის პირობებში. 

  • შეიძლება თუ არა covid-19 გავრცელდეს სასმელი წყლით?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალში ვირუსის არსებობა შესაძლებელია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალ კორონავირუსებს შეუძლიათ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში გაჩერება ან ვირუსის გავრცელება შესაძლებელია დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებით.

აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სამინისტროს ინფორმაციით, სასმელი წყლის მუნიციპალურ სისტემებში წყლის გაწმენდის ჩვეულებრივი მეთოდები, როგორიცაა ფილტრაცია და დეზინფექცია, საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მოაშოროს ან გაანეიტრალოს COVID-19ის გამომწვევი ვირუსი.

COVID-19 კონვერტირებული ვირუსია ანუ ვირუსი, რომელიც მოთავსებულია კონვერტში – გარსში. ასეთი ვირუსები ნაკლებად მდგრადები არიან გარემო პირობების მიმართ და უფრო მგრძნობიარენი არიან ისეთი ოქსიდანტების მიმართ, როგორიცაა ქლორი.

„ამ დროისთვის არ გვაქვს მტკიცებულება, რომ COVID-19-ს შეუძლია გადარჩეს წყალში ან ჩამდინარე წყლებში [კანალიზაციაში]. ამ პირობებში, დიდი ალბათობით ვირუსი გახდება უმოქმედო ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა, არაკონვერტირებული ადამიანის ვირუსები, რომლებსაც წყლით გადადებაც ახასიათებთ [ადენოვირუსები, ნეროვირუსები, როტავირუსები და ა ჰეპატიტი].”

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო EPA წერს, რომ ვირუსის პრევენციისთვის სასმელი წყლის ადუღებაც არ არის საჭირო.

სამედიცინო ონლაინ ჟურნალიWebMD– წერს, რომ აშშ-ს ეროვნული მეცნიერების ფონდის, გარემოს ქიმიაზე აეროზოლის ზემოქმედების ცენტრის დირექტორის, კიმბერლი პრატერის განმარტებით, ზღვის წყალი ნაკლებად საფრთხილოა Covid-19-ის გავრცელების თვალსაზრისით, მისი თქმით საფრთხეს წარმოადგენს უშუალოდ პლაჟი, სადაც ნიავი უბერავს და ადამიანებს შორის 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.

„თუ ვინმე დაინფიცირებულია და ამის შესახებ არ იცის, შესაძლოა მის მიერ გამოფრქვეული, არა წვეთები, არამედ აეროზოლი, რომელიც გაცილებით უფრო მცირე წვეთებს წარმოადგენს, ზღვიდან მობერილი ბრიზის გამო გაცილებით უფრო დიდ დისტანციაზე გადაადგილდეს“ – ამბობს ის.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი CDC: ამ დროისთვის მიიჩნევა, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის გადადების რისკი საკანალიზაციო სისტემებით ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩამდინარე წყლებით შესაძლებელია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ზღვაზე მეტად, პლაჟზე გასული ადამიანებს უნდა ვერიდოთ, რომლებთანაც ზღვის სიახლოვეს უფრო დიდი დისტანცია უნდა დავიკავოთ ვიდრე აქამდე

„საუკეთესო შედარებაა თუ წარმოვიდგენთ – რამდენად შორს უნდა დადგეთ მწეველი ადამიანისგან, თუ არ გინდათ, რომ კვამლმა შეგაწუხოთ?“ – ამბობს პრატერი.

WebMD არის ამერიკული სამედიცინო თემატიკის ონლაინ ჟურნალი, რომლის კონტენსაც ქმნიან როგორც ჟურნალისტები, ისე ჯანდაცვის სპეციალისტები.

ქობულეთში ქარსაფარ ზოლს ცეცხლი გაუჩნდა – ხანძარი ჯერ ჩამქრალი არ არის

ქობულეთში, ავტობანთან ახლოს, ქარსაფარ ზოლს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობას 40-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ხეები აღარ იწვის და ხანძარი ლოკალიზებულია.

ამ სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მეხანძრეები ეკალ-ბარდზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაზე ახლაც მუშაობენ, ხოლო ხანძრის შედეგად დაზიანებული ფართობი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ დადგინდება.

საქართველოში 71 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 71 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 306 შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 463

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

_________________

ფოტოზე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

კავშირი სუსტია და ინტერნეტი ჭედავს – როგორ სწავლობენ ბავშვები სოფლად

ლინდა გობაძე მეექვსე კლასელია. ხულოში, სოფელ ირემაძეების სკოლაში სწავლობს. მარტის დასაწყისში, როცა საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გამო სწავლა შეწყდა, ლინდას სკოლა ონლაინსწავლებაზე გადაერთო.

ლინდას კლასში ექვსი მოსწავლეა. მათგან ინტერნეტი მხოლოდ ლინდას არ აქვს.

„მხოლოდ  კომპიუტერი მაქვს, ინტერნეტი არა. სახლშიც არავის აქვს დიდი ტელეფონი და ვერ ვახერხებდი მეცადინეობას,“ – გვიხსნის ლინდა. გოგონას თქმით, მისი თანაკლასელები მშობლების ტელეფონებით სარგებლობენ.

სოფლად მცხოვრები მოსწავლეების უმეტესობა მობილურ ინტერნეტზეა დამოკიდებული. ნაწილი კი ერთ-ერთ ინტერნეტ პროვაიდერზე. თუმცა პრობლემა ყველას საერთო აქვს – ინტერნეტის დაბალი სიხშირე.

ლინდა და მის სიტუაციაში მყოფი ასობით ბავშვი ტელესკოლის იმედადაა დარჩენილი. ტელესკოლა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 30 მარტს დაიწყო.

„ონლაინ სწავლებაზე რომ გადავედით, თავიდან ვერ ვსწავლობდი. ახლა ტელესკოლა რომ გამოვიდა, იმით ვმეცადინეობ. დღეს არ მქონდა გაკვეთილები, მაგრამ მაინც ვუსმენდი ტელევიზორს. იმიტომ, რომ რაღაც გამეგო და რაღაც მესწავლა. სამშაბათ დღეს ვმეცადინეობ „ჩვენს საქართველოს“, „ბუნებას“ და „მათემატიკას“, ხუთშაბათ დღეს კი – „სახვით ხელოვნებას“, „ქართულს“ და „მუსიკას,“ – გვიყვება ლინდა.

მისივე თქმით, არის საგნები, რომელსაც ტელეფონით უხსნიან.

„დღეს მქონდა ინგლისური. მასწავლებელმა დამირეკა ტელეფონზე. ცოტა ძნელია ასე. დავალებები ჩამანიშნინეს, ამიხსნეს გაკვეთილი და უნდა ჩავაბარო მერე, ოღონდ ტელეფონის საშუალებით,“ –  ამბობს ლინდა.

ირემაძეების სკოლაში სულ 75 მოსწავლეა. სკოლის დირექტორი ბადრი ირემაძე ამბობს, რომ ონლაინ სწავლებაში ყველა მოსწავლე ჩაერთო, თუმცა ხარვეზებით. ხარვეზებს კი ცუდი ინტერნეტკავშირი ქმნის. მოსწავლეების ნაწილი მაიკროსოფტ თიმს იყენებს, ნაწილი ფეისბუქ მესენჯერს.

რაც შეეხება ლინდა გობაძეს, დირექტორის თქმით, ლინდას სმარტფონი ნამდვილად არ აქვს და ვერც მობილური ინტერნეტით სარგებლობს. სკოლის დირექტორის თქმით, პრობლემის გადასაჭრელად თავად იყო ლინდასთან სახლში მისული. რადგან ოჯახს არც ტელეფონის ყიდვის საშუალება აქვს და არც ინტერნეტის შეყვანის, მათ მეზობელი დაეხმარა – ლინდას უკაბელო ქსელის ინტერნეტი გაუზიარა. თუმცა, კავშირი სუსტია და ინტერნეტი მუდმივად ჭედავს.

10 მილიონს გადააჭარბა კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა წესების დარღვევისთვის, სულ 3 604 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში 10 მილიონ 812 ათას ლარს გადააჭარბა.

ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის ავიღეთ ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 3 ათასი ლარი.

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის -15 000 ლარის ოდენობით.

[red_box]დაჯარიმებულთა სტატისტიკა:[/red_box]

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ანუ 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 1 076 პირი დააჯარიმა.

აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 570, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო – 342, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 132, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 19 და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე – 13 [11 ფიზიკური და 2 იურიდიული] პირი.

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. ამ დროიდან 8 აპრილამდე პერიოდში კი, წესების დარღვევისთვის კიდევ 2 528 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, მთავრობა აპირებს მიმართოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდეს, რაც შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ამ თემაზე:

როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს

რატომ თქვა გახარიამ, რომ „ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო“

„ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე, როცა კორონავირუსის ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვები დაუწესა მოქალაქეებს. პრემიერმა დასძინა, რომ ეკლესიები არ დაიკეტება და პასუხისმგებლობის ტვირთი სახელმწიფომ, როგორც გახარია ამბობს, „ბრძენ მოქალაქეებს“ დააკისრა. საზოგადოების ნაწილი პრემიერს კონსტიტუციის გადაკითხვას ურჩევს. რა იგრძნობოდა პრემიერის ამ სიტყვებში – ეკლესიისადმი მორჩილება თუ გააზრებული რიტორიკა სეკულარიზმის წინააღმდეგ? – ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ჰკითხა.

  • ბატონო მირიან, რას ფიქრობთ პრემიერის განცხადებაზესაქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოთუ სეკულარული?

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მომუშავე ადამიანისთვის არა მგონია ეს წამოცდენა ან საკითხში გაუთვითცნობიერებლობა იყოს, თუმცა ესეც არ არის გამორიცხული. როგორც მახსოვს, ამის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს მრავალსაუკუნოვანი  ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება  ეკლესიასთან და ა.შ.  მაგრამ უმთავრესი პრობლემა აქ არის ის, რომ ხალხის მეხსიერებაში ეკლესია თვითონ არის შეზრდილი სახელმწიფოსთან. მართლმადიდებელი მღვდლების არგუმენტები სახლში არდარჩენაზე არის აბსოლუტურად არარელიგიური ხასიათის. ისინი ძირითადად ამოზრდილია ისტორიული მითებისაგან და ხშირად სრულიად ალოგიკურ თხრობებს წარმოადგენენ.

მოსახლეობის წარმოდგენაში სახელმწიფო და ეკლესია არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული. ეს არის ფაქტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაშიც ძალიან ცუდი ჩანაწერით, რომ სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის ისტორიულ როლს და ა.შ. მაშინ, როცა ვიცით, რომ საქართველოში ისლამიც არსებობდა ისტორიულად, მაზდეანობაც და მითრაიზმიც და ა.შ. ქართული სამეტყველო ენაც და მათ შორის საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაც, ასე ვთქვათ, ძალიან დავალებულია სპარსული რელიგიებით. ასე, რომ გახარიას ეს შეფასება მე წამოცდენად არ მიმიღია. მან უბრალოდ, რაღაცნაირად ასე დაალაგა სურათი და ეცადა აეხსნა გარემოება, რატომ ვერ აიძულებს სახელმწიფო საპატრიარქოს, დაემორჩილოს კანონმდებლობას. ფაქტობრივად, ჩვენ გამოვდივართ ირანის მსგავსი სახელმწიფო იმ განსხვავებით, რომ ირანში რელიგიამ მიიღო ჯანსაღი ზომები ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს კი მასობრივი თვითმკვლელობის ორგანიზება სურს საკუთარი უძლეველობის დასამტკიცებლად.

  • შესაძლოა მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს ადამიანების გონება კვებოს მითოლოგიით, მაგრამ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ამაში? ჩვენ ხომ რიტორიკის დონეზე მაინც ვაღიარებთ, რომ სეკულარული სახელმწიფო გვაქვს, ვაღიარებთ კულტურულ და რელიგიურ მრავალფეროვნებას და .?

ჩვენ რომ  სეკულარული სახელმწიფო ვართ, ეს არის ძალიან მცირე ადამიანების წარმოდგენა. უდიდესი ნაწილისთვის ეს ასე არ არის. უნდა ვაღიაროთ, რომ უმრავლეს პოლიტიკოსთა თავებიც ამ წარმოდგენით არის გაჯერებული და ამას ხელს უწყობს კონსტიტუციაც, სადაც ეკლესიის განსაკუთრებულ მდგომარეობაზეა საუბარი. ეს აბსურდული ჩანაწერი გადასახედია. საუბარი აღარ მაქვს კონკორდატზე, რომელიც ფაქტობრივად დიდი სიშლეგეა. ირანის ისლამური რესპუბლიკაც აფინანსებს მაგალითად სომხურ სამოციქულო ეკლესიას საკუთარ ტერიტორიაზე და არც ის გამორიცხავს გარკვეულ შეწყნარებულ მრავალფეროვნებას. დაახლოებით ასეთი წარმოდგენაა საქართველოშიც სეკულარიზმზე.

  • როცა სახელმწიფო მოუწოდებს ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში, რადგან უფრო მეტად არ გავრცელდეს ვირუსი, დაწესებულია ძალიან მაღალი ჯარიმები საგანგებო რეჟიმის დარღვევაზე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია არ ემორჩილება საგანგებო მდგომარეობას. რისი ნიშანია ეს, ხელისუფლების უძლურების?

გახარიამ  ეკლესიის მიმართ ლოიალობა ახსნა იმით, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას შორის კატეგორიული ურთიერთობების გამოცდილება არ არსებობსო. თუმცა, პირველი რესპუბლიკის პირობებშიც შეიზღუდა ეკლესიის პოლიტიკური ძალაუფლება და ეს ასახულია 1918 წლის კონსტიტუციაშიც, საბჭოთა გამოცდილებაც არსებობს, რომელიც ასევე ჩვენი წარსულია და შუა საუკუნეებშიც კი არ ყოფილა ჰარმონიული ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. პირიქით, ხშირად იყო დაძაბულობა.

ეკლესიების დაკეტვა არის ყველაზე დიდი პრობლემაო – აცხადებს საპატრიარქო, მაშინ როცა დამოწმებული ფაქტია, რომ დავით ულუს დროს საქართველოს ეკლესიამ ინტერდიქტი გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ეკლესია წყვეტს კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე წირვა-ლოცვას. მაშინ ეკლესიამ წირვა-ლოცვა სრულიად შეაჩერა. მიზეზი იყო ის, რომ ახალი მეფე, დავით ულუ, არ უმტკიცებდა ეკლესიებს ძველ პრივილეგიებს, – მიწას,  ტერიტორიებს, ტყეებს და ა.შ. სანამ ეს საკითხი გაირკვეოდა ადგა და საკუთარ მრევლს ზიარება დაუკავა ეკლესიამ, ეს იყო პოლიტიკური იარაღი. ასე, რომ პოლიტიკური მიზნით ზიარების მიცემა ან ზიარებაზე უარის თქმის გამოცდილება საქართველოს ეკლესიას უხვად აქვს.

მთავრობა ცდილობს ახსნას, თუ რატომ ვერ ეხება საპატრიარქოს კონკრეტული და კატეგორიული ტონით. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ გახარიას ტვინში მსგავსი რაღაც მართლაც ხდებოდეს. ეს ხომ ის მთავრობაა, მართლმადიდებლური ასამბლეის ჩაშლის გამო საზოგადოებას რომ დაუპირისპირდა და თვალები დათხარეს ადამიანებს. შესაძლოა მართლმადიდებლობა გახარიასაც პოლიტიკური მოწყობის ფორმად ესმის.

  • თუ ტრადიციებზე ვსაუბრობთ, რომის ეკლესიას არანაკლები ტრადიცია და გავლენები აქვს თავის სახელმწიფოში, თუმცა ვნახეთ რომის პაპის ლოცვა წმ. პეტრეს ცარიელ მოედანზე.

რომის ეკლესიის პოლიტიკურ გამოცდილებას მართლაც ვერ შევედრებით, მაგრამ კათოლიკური და სხვა ბევრი ეკლესია ამოდის საღვთისმეტყველო პოზიციებიდან. ქართველ მღვდლებს როცა ვუსმენ, საღვთისმეტყველო კი არა რელიგიური შეფერილობის ტექსტებიც კი არ აქვთ. ეს არის სრული ბოდვა, რასაც  ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს. ულტრაორთოდოქსები არ ემორჩილებიან ისრაელში და ამერიკაში ამ განკარგულებებს. თუმცა იქ ორთოდოქსები, ზოგადად, სახელმწიფოს არ მიიჩნევენ ღვთიურ წარმონაქმნად და ეს ჟესტია მათი მხრიდან დაუმორჩილებლობა, ქართული ეკლესია კი ცდილობს არსებული სიტუაცია პრაგმატულად გამოიყენოს. ევაჭრება სახელმწიფოს ხეებს, ტყეებს და ა.შ.

  • საპატრიაროზე ტყეების გადაცემის თემა რამდენიმე დღეა გააქტიურდა. მაშინ, როცა პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერებულია ქვეყანაში, პარლამენტმა სწორედ ამ საკითხის განხილვა დაიწყო. ამაზე ვაჭრობა მიდის მთავრობასა და საპატრიაროს შორის?

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, საუბარი იყო, რომ ყოველწლიური დაფინანსება გაზრდილიყო 49 მილიონამდე, თუმცა ეს საკითხი არ გაჟღერებულა არც ერთი მხარისგან. შესაძლოა ამ ტიპის გარიგებებზეც იყოს საუბარი. თუმცა მეორე საკითხიცაა. როდესაც  საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენი პოლიტიკური ელიტა ჯართის გაყიდვით იყო დაკავებული, ეკლესია ცდილობდა მომავალი დაესურათხატებინა. სწორედ მაშინ დაიწყო გავრცელება მითების და ეკლესია ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლა არის მიახლოება ეშმაკთან, ანტიქრისტესთან და საქართველო გადარჩება მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი წმინდა პატრიარქი ჰყავს. შესაძლოა მოცემულ მომენტში სწორედ ამ მითების ტყვეა და მსხვერპლია თავად საპატრიარქოც, შეთქმულების თეორიებისა, რომელსაც თვითონ ქმნიდა წლების განმავლობაში.

  • მუსლიმები დაემორჩილნენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც. რომ არ ყოფილიყო ასე, როგორც მოიქცეოდა სახელმწიფო, რას ფიქრობთ?

ჯარიმები არ ასცდებოდათ არც მუსლიმებს და არც სხვებს. სახელმწიფო მუშაობს ძალიან მკაცრი შერჩევითი სამართლის პრინციპით. ორუელის ფრაზა რომ გავიხსენოთ -„ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“, მართლმადიდებელი ეკლესია  „უფრო თანასწორიას“ კატეგორიაა და მსგავსი პოლიტიკა მიუღებელია, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. სისულელეა დააჯარიმო ტიტების გამყიდველი 3 ათასი ლარით, რომელიც ისედაც მშიერი და გაღატაკებულია, როცა იქვე ბზებით მოვაჭრე პირების არსებობა არც კი გინდა შეიმჩნიო.

გარდა ამისა, რატომ უჭირთ ეკლესიების დაკეტვა? იმიტომ, რომ სხვა ეკლესიებს მრევლთან სხვაგვარი ურთიერთობის  გამოცდილებაც აქვთ, ეს არის პასტორალური საქმიანობა, ანუ მრევლის დამოძღვრა, წმინდა წერილი უნდა იცოდეს მღვდელმა კარგად, რომ ღვთის სიტყვა მიიტანოს ადამიანებთან, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. მაგალითად, დასავლეთში თეოლოგიას როცა ვსწავლობთ, ლექციების ერთი მესამედი ფსიქოლოგიაა. საქართველოში კი სასულიერო პირებმა ერთადერთი რაც იციან, არის რიტუალები. თუთიყუშს რომ დააზეპირებინო გალიაში როდის შევიდეს და გამოვიდეს, რა დროს რა წამოიძახოს დაახლოებით ისე. მექანიზირებული რიტუალების აღმასრულებელნი არიან და ტაძრები რომ დაკეტონ, ამის მიღმა რა საქმიანობის გაშლა შეუძლიათ, ამაზე წარმოდგენა არ აქვთ, ცოდნის დონეზეც კი არ იციან, რა აკეთონ.

  • პრემიერმა პასუხისმგებლობის ტვირთი დააკისრა მოქალაქეებს – „გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება“, რომ ეკლესიაში არ უნდა წავიდესო. რაზე იყო მინიშნება?

მინიშნება იყო იმაზე, რომ მთავრობას არ აქვს თავი რაიმე დაუშალოს ეკლესიას. თუ ეტყვის არ მიხვიდეო, ეკლესია ბრალს დასდებს, რომ ღვთისმგმობია ხელისუფლება. მეორე მხრივ, საპატრიარქო მრევლს ეუბნება, მისვლით დამტკიცდება მისი ერთგულება ღმერთისადმი. დაიწყეს მოქალაქეების მორალური კომპრომეტირება. პარადოქსია, რომ ეკლესია არ იღებს ასეთ დროს პასუხისმგებლობას და ადამიანებს ეუბნება, რომ არ დაემორჩილოს საგანგებო რეჟიმს, – დაავადდებით ტაძარში,  ესეც ღვთის ნება იქნებაო. ეს არის ანტიქრისტიანული ქმედება. მათ ქრისტიანობის მთავარი მიღწევა, რომ ღმერთთან მისასვლელი გზა ჩვენს გულსა, სულსა და გონებაზე გადის, შემოატრიალეს და ქრისტიანობა რაღაც ქვებამდე დაიყვანეს.

ეკლესია ცდილობს პანდემიის დროსაც კი სახელმწიფოს დაუწესოს თამაშის წესები. შესაძლოა, ეს არის მისი პასუხი ციანიდის საქმეზე, ამ ბოღმას ახლა აკომპენსირებენ და კვირიკაშვილის [ყოფილი პრემიერი] გამოჩენაც ამას უკავშირდებოდეს, რომელსაც ისევ მძაფრად აქვს დანაშაულის განცდა ამ საქმეში.

აშშ-ის უნივერსიტეტებში პირისპირ სწავლების პროცესი შესაძლოა 2021 წლამდე გადაიდოს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის უნივერსიტეტებში არ გამორიცხავენ  სასწავლო პროცესის გადადებას 2021 წლამდე. ბოსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რობერტ ბრაუნმა, ონლაინგანცხადება გააკეთა და თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაცია შემოდგომის სემესტრიდან უსაფრთხოდ მიიჩნევს ჩვეულებრივად სწავლებას, უნივერსიტეტი მაინც გადახედავს საკუთარ, შიდა გეგმას და უსაფრთხოების მიზნით შემოდგომის სემესტრს დისტანციურად გაივლის, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი კი შესაძლოა გადაიდოს 2021 წლის იანვრამდე.

ჰარვარდი ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი იყო, საიდანაც სტუდენტები ვირუსის გავრცელებისთანავე დაითხოვეს და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. აქაც სხვადასხვაგვარ სცენარს განიხილავენ საშემოდგომო სემესტრისთვის. გასულ კვირას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ლოურენს ბეკოვმა განაცხადა, რომ საჭირო იქნება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სწავლის უშუალო პროცესის 2021 წლამდე გადადების განხილვა.

ორეგონის შტატის დიდი კოლეჯიც დისტანციურ სწავლებას გადის ამჯერად. კოლეჯის ოფიციალური წარმომადგენელი სტივ კლარკი იმედოვნებს, რომ 2020 წლის შემოდგომის სემესტრში სწავლა ჩვეულებრივ გაგრძელდება, თუმცა, როგორც იქვე აღნიშნავს, კოლეჯი უნდა მოემზადოს ყველა შესაძლო სცენარისთვის და ეს იმედი არ ნიშნავს, რომ სწავლა ერთმნიშვნელოვნად და გადაჭრით 2020 წლის შემოდგომაზე განახლდება.

არიზონას უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადებით აქაც მიესალმებიან ფაქტს, თუკი შემოდგომის სემესტრიდან აღდგება პირისპირ სწავლის პროცესი, თუმცა უპირატესობას მიანიჭებენ ნაკლებ რისკს და უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების საფრთხისგან დასაცავად დღის წესრიგში დააყენებენ სწავლის პროცესის 2021 წლამდე გადადების საკითხს.

ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ეპიდემიოლოგი ერიკ ფეილ-დინგი აღნიშნავს, რომ სასწავლებლები სწორად იქცევიან, როცა ნებისმიერი სცენარისთვის მზაობას გამოხატავენ.

„ვფიქრობ, ყველა კოლეჯი მზად უნდა იყოს გადაიტანოს სწავლის პროცესი, პერიოდულად მერე ისევ შეწყვიტონ სწავლა და ხელახლა დაიწყონ. ეპიდსიტუაციაა ასეთი, შესაძლოა 2022 წლამდე სწავლის პროცესის განახლება-შეწყვეტის პროცესში ვიყოთ ეტაპობრივად, –  ეპიდემიის ტალღის შესაბამისად,“- ამბობს ეპიდემიოლოგი.

მისივე თქმით, სკოლების დაკეტვა, სოციალური დისტანცირების და შინ ყოფნის რეჟიმი ამერიკაში შესაძლოა 2022 წლამდე გახანგრძლივდეს, მანამ, სანამ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახდება.

ჯერჯერობით უცნობია ავადდებიან თუ არა ხელახლა ის ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ვირუსი – ამაზე პასუხი მეცნიერებს ჯერ არ აქვთ, რაც ტოვებს კითხვებს ეპიდაფეთქების შესაძლო მეორე ტალღასთან დაკავშირებით.

გამონაკლისი – ვის შეუძლია ჩაკეტილ ქალაქებში შესვლა და გასვლა 

ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში შესვლა დღეს, 21 საათიდან ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში რეგისტრირებულები არ არიან, ხოლო გამოსვლა ეკრძალებათ მათ, ვინც რეგისტრირებულია ამავე ქალაქებში.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 15 აპრილს, გამოაქვეყნა დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, თუ ვის არ ეხება ეს შეზღუდვა.

რა უნდა ქნან იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ამა თუ იმ ქალაქში არ არიან რეგისტრირებულნი, თუმცა, ფაქტობრივად, იქ ცხოვრობენ, ზოგი კი სხვაგან არის რეგისტრირებული და ქალაქში მუშაობს ან სჭირდება აუცილებელი სამედიცინო მომსახურება – ასეთ შემთხვევებზე დადგენილებაში არაფერია ნათქვამი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდვის პერიოდში „რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მთავრობის ცხელ ხაზს [ხაზის ნომერია: 144]. 

„რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი შემთხვევები და ვეხმარებით ადამიანს, თუ შესაბამისი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გადაადგილება აუცილებელია – ან ორსულობის შემთხვევა გვაქვს, ან სხვადასხვა დაავადებასთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში ამ პირების გადაადგილება ხდება შესაბამის საავადმყოფოებში. თუმცა, გადაადგილებამდე ცხელ ხაზზე უნდა დაგვირეკონ და ამის შესახებ განაცხადონ წინასწარ. ჩვენ უკვე შემდეგ ვეუბნებით კონკრეტულ შემთხვევაში რა საბუთი დასჭირდებათ ან როგორ შეძლებენ გადაადგილებას“, – გვითხრეს 144-ზე.

მთავრობის ცხელ ხაზზე ასევე გვითხრეს, რომ თუ მოქალაქეს აქვს, მაგალითად, ფორმა-100 და მისი საავადმყოფოში მისვლა აუცილებელია, მას შესაბამის ქალაქში შეუშვებენ [რათა მიმართოს საავადმყოფოს].

ბევრი მოქალაქე, მაგალითად ბათუმში, ცხოვრობს ქალაქში, თუმცა, რეგისტრირებულია სხვადასხვა სოფლებში.

„თუ ბათუმის ტერიტორიაზე იქნებიან პირები, რომელთა იურიდიული მისამართი არ არის ბათუმი, შეზღუდვის პერიოდში, შეეძლებათ ქალაქი დატოვონ, თუმცა შემდეგ უკან ქალაქში ვეღარ დაბრუნდებიან“. – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

ჩვენ დაგვიკავშირდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ბათუმში, თუმცა ქალაქში მუშაობენ. ერთ-ერთი მოქალაქე, მაგალითად, მუშაობს ძიძად.

მთავრობის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გამონაკლისია მხოლოდ ისეთი სამსახურები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელთა თანამშრომლებიც სპეციალური ნებართვით გადაადგილდებიან. რაც შეეხება ვთქვათ, ძიძას, არ მგონია ნებართვა მისცენ ქალაქში შესვლის და გამოსვლის. თუმცა, ასეთ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ, როგორც მთავრობის ცხელ ხაზზე, ასევე შეუძლიათ თავიანთ თემატურ სამინისტროებს მიმართონ თხოვნით, ან დაუკავშირდნენ ბიზნესომბუდსმენს, ნომერზე: 2 28 28 28“.

ბიზნესომბუდსმენთან არსებულ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ მათ, თანამშრომლების გადაადგილების თხოვნით, თუმცა ისეთ თვითდასაქმებულებს, როგორიც, მაგალითად, ძიძაა, ვერ დაეხმარებიან.

 

მთავარი ფოტო: ბლოკ-პოსტი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე

ძლიერმა ქარმა წერეთლის ქუჩაზე ხე წააქცია [ფოტო]

ბათუმში დღეს, 15 საათზე ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა წერეთლის ქუჩაზე, 23-ე სკოლასთან, ხე წააქცია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა, ქარით გამოწვეული სხვა დაზიანებების შესახებ კი მერიაში ინფორმაცია არ შესულა.

სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ქარი [17-22მ/წმ-მდე] აჭარაში 20 საათამდე შენარჩუნდება.

 

შტორმული გაფრთხილება: დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 15 აპრილს, 16.00 საათიდან 20.00 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ქარის შკვალური გაძლიერება 17-22მ/წმ-მდე.

დღეს, 15 აპრილს, საღამოს 9 საათიდან ბათუმში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ.

ხვალ, 16 აპრილს კი, დღისით დროგამოშვებით იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით 13-18 გრადუსი
  • ღამით 5-10 გრადუსი

მთაში:

  • ღამით 3-8 გრადუსი
  • დღისით 10-15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

არაქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიას სთავაზობენ

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ.

მაგალითად, მე-5-დან მე-6 კლასის ჩათვლით ხელმისაწვდომი იქნება  გამომცემლობა „კლიოს“ ხელოვნების სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე და ამავე გამომცემლობის „ჩვენი საქართველო“, იმავე კლასებისთვის.

გამომცემლობა სიდის „მე და საზოგადოება“ მე-3-მე-4 კლასებისთვის, გამომცემლობა „ინტელექტის“ მუსიკა მე-5 და მე-6 კლასებისთვის და მათემატიკა პირველი და მე-4 კლასებისთვის.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არაქართულენოვან სკოლებს ასევე სთავაზობს მათემატიკის სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას მე-5 და მე-6 კლასებისთვის და ბუნებისმეტყველებას, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით.

ხოლო გამომცემლობა „პეგასი“ ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას პირველი მე-4 კლასების ჩათვლით.

ელექტრონული სახელმძღვანელოების ბმულები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ მოიძიონ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

ელექტრონული სახელმძღვანელო მოიცავს მასწავლებლის წიგნს, მოსწავლის წიგნის პირველ და მეორე ნაწილს.

„ნებართვა ვითხოვეთ, პასუხს ვერ ვიღებთ“- შეჩერებული მშენებლობები ბათუმში

„განაცხადი შევიტანეთ 3 აპრილს, მე-11 დღეა ველოდებით პასუხს, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა,“ – ამბობს მართვის კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე. სხვა მშენებლების მსგავსად, პირველ აპრილს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ამ კომპანიამაც მიმდინარე მშენებლობა ბათუმში შეაჩერა. მშენებლებს პირველ აპრილს უთხრეს, რომ მშენებლობის გასაგრძელებლად სპეციალური ნებართვის მიღება იყო საჭირო. ბიზნესმენებმა განაცხადები შეავსეს, თუმცა პასუხს ვერ იღებენ.

მშენებლობებზე არც ის პირები გამოჩენილან, ვინც შეამოწმებდა – აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული მშენებლობის პროცესის უსაფრთხოების ნორმებს.

„…3 აპრილს შევავსეთ განაცხადი ონლაინპლატფორმაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შექმნა. ორი დღის წინ განაცხადის ფორმა განაახლეს და ხელახლა მივმართეთ, თუმცა მეთერთმეტე დღეა არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა… რამდენადაც ვიცი, თბილისში რამდენიმე სამშენებლო კომპანიამ განაგრძო მუშაობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე. მან ბათუმში სხვა სამშენებლო კომპანიებსაც გაუწია ლოჯისტიკური მომსახურება და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარა. გენო გელაძის ინფორმაციით, ბათუმში ამ დრომდე არც სხვა რომელიმე სამშენებლო კომპანიას მიუღია მშენებლობის სპეციალური ნებართვა.

გენო გელაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია, დროულად იცოდეს ბიზნესმენმა, რომ ის კონკრეტულ დრომდე მშენებლობის გაგრძელებას ვერ შეძლებს, ვიდრე მოლოდინის რეჟიმში იყოს.

„გარდა ამისა, ჩვენ არ მიგვიმართავს იმ მშენებლობის ნებართვაზე, რომელიც საწყის ეტაპზეა. ის სამშენებლო ობიექტი, რის გამოც მივმართეთ მთავრობას, არის 2008 წელს შეჩერებული მშენებლობა და მთავრობასთან გვაქვს აღებული ვალდებულება, დროულად მის დასრულებაზე. ეს არ არის სტანდარტული შემთხვევა, 40 ოჯახი ელოდება ბინას,“ – აღნიშნავს გენო გელაძე.

მშენებლობას ბათუმში, მაგალითად, განაგრძობს კომპანია „თბილისიმოლი ელიტი“. ეს კომპანია მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს. კომპანიის დირექტორს, მამუკა გურგენიძეს ვკითხეთ, როდის და რა პირობით მოახერხა მან ე.წ. სპეციალური ნებართვის მიღება.

„…ჩვენ გაჩერებული გვაქვს ყველა მშენებლობა, მივმართეთ 3 აპრილს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ობიექტს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, აქ არის სერიოზული დაზიანება, გრუნტის წყლები ამოდის და რომ შეჩერდეს სამუშაო, იქნება სერიოზული ზიანი, მდგომარეობა არის საშიში, მიწები გახეთქილია და მეზობლებს ვუქმნით საფრთხეს… ამიტომაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შევუთანხმდით, რომ რამდენიმე დღით ვიმუშავებდით მხოლოდ საძირკველზე, რასაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ,“ – გვითხრა მამუკა გურგენიძემ.

მართვის კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე მიიჩნევს, რომ ღია სამშენებლო ობიექტზე შესაძლებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ეს ბევრმა მშენებელმა უკვე გაითვალისწინა.

„სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებულებს პირბადე და ხელთათმანი ისედაც ჰქონდათ, სადეზინფექციო ხსნარი ავიღეთ, სიცხის საზომი სისტემა მოვაწყვეთ… მშენებელმა კომპანიებმა, რომლებსაც სურთ სპეციალური ნებართვის მიღება, მოახერხეს ამ დამატებითი შეზღუდვების დაკმაყოფილება,“ – დასძენს გენო გელაძე.

როდის მიიღებენ ნებართვას მშენებლები საგანგებო მდგომარეობის დროს და რამდენმა კომპანიამ მიიღო ნებართვა ბათუმში? – ვკითხეთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს გუშინ, 13 აპრილს. აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, მაგრამ დღეს ჩვენ სატელეფონო შეტყობინებებს აღარ უპასუხეს.

თბილისის შემთხვევაში სამშენებლო ნებართვებს თბილისის მერია გასცემს. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო იმის გასაგებად, რომელიმე კომპანიამ საგანგებო რეჟიმის დროს მიიღო თუ არა მშენებელობის ნებართვა.

„კონკრეტულ კომპანიებს აქვთ ეს ნებართვა, მაგრამ რამდენ კომპანიას და რომელია ეს კომპანია, ასე ვერ გეტვით,“ – გვითხრეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

რამდენ სამშენებლო ობიექტს აქვს ბათუმში ნებართვა ან რამდენი დაჯარიმდა საგანგებო ვითარების დროს უკანონო მშენებლობისთვის? – ვიკითხეთ ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც, სადაც განმარტეს, რომ ამ საკითხებს საგანგებო რეჟიმის დროს ეკონომიკის სამინისტრო არეგულირებს და მათ მონაცემები არ აქვთ.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, 8 აპრილს განაცხადა, რომ 76 შემოწმებული კომპანიიდან 26-ს მიეცა მშენებლობის ნებართვა.

მინისტრის განმარტებით, პირველ რიგში, ამოწმებენ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან კრიტიკულად მნიშვნელოვან საწარმოებს მიწოდების თვალსაზრისით. ასეთ საწარმოებად მინისტრმა დაასახელა კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან კვების, ასევე სამედიცინო ინდუსტრიას. ერთ-ერთი კრიტერიუმია ისიც, თუ რამდენად მოახერხა კომპანიამ გადაწყობა, თანამშრომლების გადაყვანა ონლაინ ან დისტანცირებულ რეჟიმზე. მინისტრს 8 მარტს არ უთქვამს, გაიცა თუ არა ნებართვა რომელიმე სამშენებლო კომპანიაზე.

მთავარი ფოტო: GGM-ის შეჩერებული მშენებლობა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა, 2020 წელი

 

ამ თემაზე:

ნგრევა და შენება ბათუმში კარანტინის დროს

ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედა-შვილს Covid-19 დაუდასტურდა 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედას და მის 10-წლამდე შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ორ ბავშვებთან ერთად გამოვიდა სოფლიდან და ბათუმში მშობლებს სტუმრობდა. ინფექციონისტებმა მათ სახლში მიაკითხეს და დედა შვილებთან ერთად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Covid-19 ერთ ბავშვს არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დარჩება თვითიზოლაციაში, მათთან დაკავშირებული 2 პირი კი – კარანტინში.

სოფელ ლეღვაში 13 აპრილს 5 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის არის ასევე ორი – ერთწლამდე და ათწლამდე – ბავშვი. დედა და ერთწლამდე ბავშვი იმავე დღეს გადაიყვანეს თბილისის შესაბამის კლინიკაში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერში უკვე 29 პირია ინფიცირებული.

ქვეყანაში კი, 15 აპრილის დილის მონაცემებით, Covid 19-ით 306 პირია ინფიცრებული. წუხანდელი ღამის შემდეგ ინფიცრებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა.

____

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ქალი სოფლის ჩაკეტვის შემდეგ ჩამოვდა ბათუმში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალი სოფლიდან 9 აპრლს გამოვიდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ჩვენი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა

შპს „სტადიონი“ უერთდება მსოფლიო სოლიდარობის აქციას. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ჩვენი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა.

ამ ფორმით გვსურს, ამ ძმიმე სიტუაციაში ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ექიმების მიმართ, ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადოთ პანდემიაში მებრძოლ მსოფლიო თანამეგობრობას.

ქობულეთის კლასტერში უკვე 29 ინფიცირებულია – ახალი მონაცემები

ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და 29 ადამიანს შეადგენს  – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 15 აპრილს.

დღეს ოთხი ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დადგენილია 410 კონტაქტირებული პირი, მათგან 210 პირი გამოკვლეულია.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ, რაც ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა  ახალი შემთხვევები. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს და მათთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

ამავე თემაზე: 

ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედა-შვილს Covid-19 დაუდასტურდა 

დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – სულ 306

15 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 306 შემთხვევა.  რამდენიმე საათის წინანდელ მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი ექვსით გაიზარდა.

ინფიცირებული 306 პირიდან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 462

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში

15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს შეზღუდვა 10 დღით იმოქმედებს.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ 4 ქალაქში შესვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო გასვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც სხვა ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი.

მაგალითად, შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ბათუმში მცხოვრები პირი [რომელიც რეგისტრირებულია ბათუმში] თავისუფლად შემოვა ბათუმში, თუმცა, ქალაქს ვეღარ დატოვებს მანამ, ვიდრე ეს შეზღუდვა იმოქმედებს. ამასთან, ბათუმში მცხოვრები პირი თუ იმყოფება, ვთქვათ, თბილისში, რუსთავში ან ქუთაისში, ის ამ ქალაქებიდან გამოსვლას შეძლებს.

ასევე, პირი, რომელიც სხვაგანაა რეგისტრირებული და შეზღუდვის ამოქმედების დროს, მაგალითად, იმყოფება ბათუმში, ის ბათუმს თავისუფლად დატოვებს ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში.

შეზღუდვა არ ეხება ასევე:

[checklist]

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
  • მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

[/checklist]

შეზღუდვის პერიოდში „რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“, – განაცხადა გუშინ პრემიერმა.

ცხელია ხაზის ნომერია: 144

საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი და სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, რის გამოც ამ პერიოდში ნებისმიერი გადაადგილება ისედაც აკრძალულია.

12 აპრილიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა და 7 სოფელი ჩაიკეტა.

15 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 300 შემთხვევა.

ამ თემაზე:

თუ დღეს არ დავიცავთ ყველა წესს, მაისში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

მთავარი ფოტო: ბლოკპოსტი ბათუმის შემოსასვლელში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
Exit mobile version