მთავარი,სიახლეები

ნგრევა და შენება ბათუმში კარანტინის დროს

14.04.2020 • 2325
ნგრევა და შენება ბათუმში კარანტინის დროს

ბათუმში, პუშკინისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ისტორიულ სახლებს ანგრევენ. ბანერზე გამოკრული ნებართვის მიხედვით, აქ  შპს „გმ გრუპი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, 2020 წლის 24 თებერვალს გაუცია. აქ მშენებელი 11 ოჯახის საკუთრების ათვისებას გეგმავს.

უკვე შემოფარგლულ ტერიტორიაზე გამოკრული არ არის ახალი პროექტის რენდერი, „ვერ მოვასწარით“ – გვითხრეს კომპანიაში. მათივე თქმით, აქ 8-სართულიან საცხოვრებელ სახლს ააშენებენ. რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია 718 კვადრატული მეტრია.

კომპანიაში გვითხრეს, ასევე, რომ დემონტაჟის პროცესი კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო გააჩერეს. თუმცა მისი განახლების ნებართვის თხოვნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს უკვე მიმართეს და პასუხს ელიან.

ბათუმი, პუშკინისა და ასათიანის ქუჩების კვეთა

ისტორიული სახლები დაანგრიეს ფარნავაზ მეფის 98-102-ში. აქ მრავალბინიანი სახლის მშენებლობა შპს „თბილისიმოლი ელიტს“ უკვე დაწყებული აქვს. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 24 დეკემბრით თარიღდება. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, აქ სამშენებლო ტერიტორიაზე მუშები დაგვხვდნენ. კითხვაზე, გაქვთ თუ არა მშენებლობის ნებართვა? – მათ გვიპასუხეს: „ალბათ, გვაქვს“. შემდეგ გვითხრეს, რომ უფროსები ადგილზე არ არიან, ამიტომაც სხვა კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემენ.

 

ამ ადგილს მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან მეორე სკოლის შენობა ესაზღვრება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

მეზობლად მცხოვრებლების თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, კარანტინის პერიოდში, დაანგრიეს რამდენიმე სახლი ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე. ადგილზე განთავსებული არ არის საინფორმაციო დაფა, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ აქ 14-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნებართვაა გაცემული. მშენებლობას შპს „სმარტ ჰაუსი“ გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: