მთავარი,სიახლეები

აშშ-ის უნივერსიტეტებში პირისპირ სწავლების პროცესი შესაძლოა 2021 წლამდე გადაიდოს

15.04.2020 • 961
აშშ-ის უნივერსიტეტებში პირისპირ სწავლების პროცესი შესაძლოა 2021 წლამდე გადაიდოს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის უნივერსიტეტებში არ გამორიცხავენ  სასწავლო პროცესის გადადებას 2021 წლამდე. ბოსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რობერტ ბრაუნმა, ონლაინგანცხადება გააკეთა და თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაცია შემოდგომის სემესტრიდან უსაფრთხოდ მიიჩნევს ჩვეულებრივად სწავლებას, უნივერსიტეტი მაინც გადახედავს საკუთარ, შიდა გეგმას და უსაფრთხოების მიზნით შემოდგომის სემესტრს დისტანციურად გაივლის, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი კი შესაძლოა გადაიდოს 2021 წლის იანვრამდე.

ჰარვარდი ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი იყო, საიდანაც სტუდენტები ვირუსის გავრცელებისთანავე დაითხოვეს და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. აქაც სხვადასხვაგვარ სცენარს განიხილავენ საშემოდგომო სემესტრისთვის. გასულ კვირას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ლოურენს ბეკოვმა განაცხადა, რომ საჭირო იქნება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სწავლის უშუალო პროცესის 2021 წლამდე გადადების განხილვა.

ორეგონის შტატის დიდი კოლეჯიც დისტანციურ სწავლებას გადის ამჯერად. კოლეჯის ოფიციალური წარმომადგენელი სტივ კლარკი იმედოვნებს, რომ 2020 წლის შემოდგომის სემესტრში სწავლა ჩვეულებრივ გაგრძელდება, თუმცა, როგორც იქვე აღნიშნავს, კოლეჯი უნდა მოემზადოს ყველა შესაძლო სცენარისთვის და ეს იმედი არ ნიშნავს, რომ სწავლა ერთმნიშვნელოვნად და გადაჭრით 2020 წლის შემოდგომაზე განახლდება.

არიზონას უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადებით აქაც მიესალმებიან ფაქტს, თუკი შემოდგომის სემესტრიდან აღდგება პირისპირ სწავლის პროცესი, თუმცა უპირატესობას მიანიჭებენ ნაკლებ რისკს და უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების საფრთხისგან დასაცავად დღის წესრიგში დააყენებენ სწავლის პროცესის 2021 წლამდე გადადების საკითხს.

ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ეპიდემიოლოგი ერიკ ფეილ-დინგი აღნიშნავს, რომ სასწავლებლები სწორად იქცევიან, როცა ნებისმიერი სცენარისთვის მზაობას გამოხატავენ.

„ვფიქრობ, ყველა კოლეჯი მზად უნდა იყოს გადაიტანოს სწავლის პროცესი, პერიოდულად მერე ისევ შეწყვიტონ სწავლა და ხელახლა დაიწყონ. ეპიდსიტუაციაა ასეთი, შესაძლოა 2022 წლამდე სწავლის პროცესის განახლება-შეწყვეტის პროცესში ვიყოთ ეტაპობრივად, –  ეპიდემიის ტალღის შესაბამისად,“- ამბობს ეპიდემიოლოგი.

მისივე თქმით, სკოლების დაკეტვა, სოციალური დისტანცირების და შინ ყოფნის რეჟიმი ამერიკაში შესაძლოა 2022 წლამდე გახანგრძლივდეს, მანამ, სანამ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახდება.

ჯერჯერობით უცნობია ავადდებიან თუ არა ხელახლა ის ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ვირუსი – ამაზე პასუხი მეცნიერებს ჯერ არ აქვთ, რაც ტოვებს კითხვებს ეპიდაფეთქების შესაძლო მეორე ტალღასთან დაკავშირებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: