ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გამონაკლისი – ვის შეუძლია ჩაკეტილ ქალაქებში შესვლა და გასვლა 

15.04.2020
გამონაკლისი – ვის შეუძლია ჩაკეტილ ქალაქებში  შესვლა და გასვლა 

ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში შესვლა დღეს, 21 საათიდან ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში რეგისტრირებულები არ არიან, ხოლო გამოსვლა ეკრძალებათ მათ, ვინც რეგისტრირებულია ამავე ქალაქებში.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 15 აპრილს, გამოაქვეყნა დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, თუ ვის არ ეხება ეს შეზღუდვა.

რა უნდა ქნან იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ამა თუ იმ ქალაქში არ არიან რეგისტრირებულნი, თუმცა, ფაქტობრივად, იქ ცხოვრობენ, ზოგი კი სხვაგან არის რეგისტრირებული და ქალაქში მუშაობს ან სჭირდება აუცილებელი სამედიცინო მომსახურება – ასეთ შემთხვევებზე დადგენილებაში არაფერია ნათქვამი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდვის პერიოდში „რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მთავრობის ცხელ ხაზს [ხაზის ნომერია: 144]. 

„რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი შემთხვევები და ვეხმარებით ადამიანს, თუ შესაბამისი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გადაადგილება აუცილებელია – ან ორსულობის შემთხვევა გვაქვს, ან სხვადასხვა დაავადებასთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში ამ პირების გადაადგილება ხდება შესაბამის საავადმყოფოებში. თუმცა, გადაადგილებამდე ცხელ ხაზზე უნდა დაგვირეკონ და ამის შესახებ განაცხადონ წინასწარ. ჩვენ უკვე შემდეგ ვეუბნებით კონკრეტულ შემთხვევაში რა საბუთი დასჭირდებათ ან როგორ შეძლებენ გადაადგილებას“, – გვითხრეს 144-ზე.

მთავრობის ცხელ ხაზზე ასევე გვითხრეს, რომ თუ მოქალაქეს აქვს, მაგალითად, ფორმა-100 და მისი საავადმყოფოში მისვლა აუცილებელია, მას შესაბამის ქალაქში შეუშვებენ [რათა მიმართოს საავადმყოფოს].

ბევრი მოქალაქე, მაგალითად ბათუმში, ცხოვრობს ქალაქში, თუმცა, რეგისტრირებულია სხვადასხვა სოფლებში.

„თუ ბათუმის ტერიტორიაზე იქნებიან პირები, რომელთა იურიდიული მისამართი არ არის ბათუმი, შეზღუდვის პერიოდში, შეეძლებათ ქალაქი დატოვონ, თუმცა შემდეგ უკან ქალაქში ვეღარ დაბრუნდებიან“. – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

ჩვენ დაგვიკავშირდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ბათუმში, თუმცა ქალაქში მუშაობენ. ერთ-ერთი მოქალაქე, მაგალითად, მუშაობს ძიძად.

მთავრობის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გამონაკლისია მხოლოდ ისეთი სამსახურები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელთა თანამშრომლებიც სპეციალური ნებართვით გადაადგილდებიან. რაც შეეხება ვთქვათ, ძიძას, არ მგონია ნებართვა მისცენ ქალაქში შესვლის და გამოსვლის. თუმცა, ასეთ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ, როგორც მთავრობის ცხელ ხაზზე, ასევე შეუძლიათ თავიანთ თემატურ სამინისტროებს მიმართონ თხოვნით, ან დაუკავშირდნენ ბიზნესომბუდსმენს, ნომერზე: 2 28 28 28“.

ბიზნესომბუდსმენთან არსებულ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ მათ, თანამშრომლების გადაადგილების თხოვნით, თუმცა ისეთ თვითდასაქმებულებს, როგორიც, მაგალითად, ძიძაა, ვერ დაეხმარებიან.

 

მთავარი ფოტო: ბლოკ-პოსტი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: