ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში

15.04.2020
ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში

15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს შეზღუდვა 10 დღით იმოქმედებს.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ 4 ქალაქში შესვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო გასვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც სხვა ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი.

მაგალითად, შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ბათუმში მცხოვრები პირი [რომელიც რეგისტრირებულია ბათუმში] თავისუფლად შემოვა ბათუმში, თუმცა, ქალაქს ვეღარ დატოვებს მანამ, ვიდრე ეს შეზღუდვა იმოქმედებს. ამასთან, ბათუმში მცხოვრები პირი თუ იმყოფება, ვთქვათ, თბილისში, რუსთავში ან ქუთაისში, ის ამ ქალაქებიდან გამოსვლას შეძლებს.

ასევე, პირი, რომელიც სხვაგანაა რეგისტრირებული და შეზღუდვის ამოქმედების დროს, მაგალითად, იმყოფება ბათუმში, ის ბათუმს თავისუფლად დატოვებს ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში.

შეზღუდვა არ ეხება ასევე:

[checklist]

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
  • მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

[/checklist]

შეზღუდვის პერიოდში „რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს“, – განაცხადა გუშინ პრემიერმა.

ცხელია ხაზის ნომერია: 144

საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი და სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, რის გამოც ამ პერიოდში ნებისმიერი გადაადგილება ისედაც აკრძალულია.

12 აპრილიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა და 7 სოფელი ჩაიკეტა.

15 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 300 შემთხვევა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/269591/

მთავარი ფოტო: ბლოკპოსტი ბათუმის შემოსასვლელში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: