ლინდა გობაძე მეექვსე კლასელია. ხულოში, სოფელ ირემაძეების სკოლაში სწავლობს. მარტის დასაწყისში, როცა საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გამო სწავლა შეწყდა, ლინდას სკოლა ონლაინსწავლებაზე გადაერთო.
ლინდას კლასში ექვსი მოსწავლეა. მათგან ინტერნეტი მხოლოდ ლინდას არ აქვს.
„მხოლოდ კომპიუტერი მაქვს, ინტერნეტი არა. სახლშიც არავის აქვს დიდი ტელეფონი და ვერ ვახერხებდი მეცადინეობას,“ – გვიხსნის ლინდა. გოგონას თქმით, მისი თანაკლასელები მშობლების ტელეფონებით სარგებლობენ.
სოფლად მცხოვრები მოსწავლეების უმეტესობა მობილურ ინტერნეტზეა დამოკიდებული. ნაწილი კი ერთ-ერთ ინტერნეტ პროვაიდერზე. თუმცა პრობლემა ყველას საერთო აქვს – ინტერნეტის დაბალი სიხშირე.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/267998407567587/UzpfSTEwMDAwOTExMDY3NTU1NjoyNDY5NDg1MTMwMDMxODE5/
ლინდა და მის სიტუაციაში მყოფი ასობით ბავშვი ტელესკოლის იმედადაა დარჩენილი. ტელესკოლა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 30 მარტს დაიწყო.
„ონლაინ სწავლებაზე რომ გადავედით, თავიდან ვერ ვსწავლობდი. ახლა ტელესკოლა რომ გამოვიდა, იმით ვმეცადინეობ. დღეს არ მქონდა გაკვეთილები, მაგრამ მაინც ვუსმენდი ტელევიზორს. იმიტომ, რომ რაღაც გამეგო და რაღაც მესწავლა. სამშაბათ დღეს ვმეცადინეობ „ჩვენს საქართველოს“, „ბუნებას“ და „მათემატიკას“, ხუთშაბათ დღეს კი – „სახვით ხელოვნებას“, „ქართულს“ და „მუსიკას,“ – გვიყვება ლინდა.
მისივე თქმით, არის საგნები, რომელსაც ტელეფონით უხსნიან.
„დღეს მქონდა ინგლისური. მასწავლებელმა დამირეკა ტელეფონზე. ცოტა ძნელია ასე. დავალებები ჩამანიშნინეს, ამიხსნეს გაკვეთილი და უნდა ჩავაბარო მერე, ოღონდ ტელეფონის საშუალებით,“ – ამბობს ლინდა.
ირემაძეების სკოლაში სულ 75 მოსწავლეა. სკოლის დირექტორი ბადრი ირემაძე ამბობს, რომ ონლაინ სწავლებაში ყველა მოსწავლე ჩაერთო, თუმცა ხარვეზებით. ხარვეზებს კი ცუდი ინტერნეტკავშირი ქმნის. მოსწავლეების ნაწილი მაიკროსოფტ თიმს იყენებს, ნაწილი ფეისბუქ მესენჯერს.
რაც შეეხება ლინდა გობაძეს, დირექტორის თქმით, ლინდას სმარტფონი ნამდვილად არ აქვს და ვერც მობილური ინტერნეტით სარგებლობს. სკოლის დირექტორის თქმით, პრობლემის გადასაჭრელად თავად იყო ლინდასთან სახლში მისული. რადგან ოჯახს არც ტელეფონის ყიდვის საშუალება აქვს და არც ინტერნეტის შეყვანის, მათ მეზობელი დაეხმარა – ლინდას უკაბელო ქსელის ინტერნეტი გაუზიარა. თუმცა, კავშირი სუსტია და ინტერნეტი მუდმივად ჭედავს.