მთავარი,სიახლეები

აღდგომის ღამის წირვა მონასტრებში მრევლის გარეშე ჩატარდება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

15.04.2020
აღდგომის ღამის წირვა მონასტრებში მრევლის გარეშე ჩატარდება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება გაიმართება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დაიწყება აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე.

„ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, პატრიარქთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ლოცვა-კურთხევა.

მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც მდებარეობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და თავად მეუფე დიმიტრიც ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება, ყველას მიეცემა საშუალება, სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება.

ეს ეხება მხოლოდ მონასტრებს.

ხოლო რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამრევლო ტაძრებს, ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ მოხდეს კანონის დარღვევა.

დილის 7-ზე დაიწყება ღვთისმსახურება, შესაძლებელი იქნება დასწრება, დისტანციის და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული“, – განაცხადა იოანე გორელიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

იოანე გორელიშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვასა და რეკომენდაციების შესრულებას გააკონტროლებენ სასულიერო პირები და სტიქაროსნები.

„აღდგომის ღამეს, როდესაც ტარდება ღვთისმსახურება, არამხოლოდ მრევლი იღებს ამაში მონაწილეობას, რადგანაც ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული და საზოგადოების უმეტესობა მოდის თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სანთელი დაანთოს და მადლობა შესწიროს ღმერთს. მაგრამ როდესაც მსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, ფაქტობრივად მხოლოდ მრევლი ადგება ასე დილაადრიან, რომ მივიდეს ღვთისმსახურებაზე და ზიარება მიიღოს,“  – განაცხადა იოანე გორელიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ეპარქიის ამ გადაწყვეტილების მიზეზი  არის ტაძრის შედარებით პატარა ეზო:  „რომ ავიღოთ თბილისის საკათედრო ტაძარი და მისი ეზო, იმ ეზოში დაახლოებით 20 000 ადამიანი შეძლებს დისტანციით დადგომას, ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში კი შეუძლებელი იქნება ამ დისტანციის დაცვა და მრევლის დატევა,“ – აღნიშნა მან.

იოანე გორელიშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ სასაფლაოზე გასვლისაგან აღდგომის დღეებში მანამ, სანამ პანდემია მძვინვარებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: