„…სავენტილაციო სისტემის მუშაობის რეჟიმის შეცვლა გახდა საჭირო. მესამე დღეა მიმდინარეობს ნაკადების მიმართულების შეცვლა, რომ არ იმოძრაოს ამ ჰაერმა სხვა პალატებში, აქაური ჰაერი სხვაგან არ მოხვდეს,“ – ასე განმარტავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე მიზეზს, რის გამოც აქ პაციენტები არ მიუღიათ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ნაწილი covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 9 აპრილს გახსნეს. მაშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა თქვეს, რომ შენობა პაციენტების მისაღებად მზადაა.
სოლომონ ფუტკარაძის თქმით, სამედიცინო-კლინიკური კუთხით ყველაფერი მზადაა, მაგრამ საჭირო გახდა დამატებითი მოწყობილობების მონტაჟი სავენტილაციო სისტემაში. რესპუბლიკურის დირექტორი ამბობს, რომ დღეს ეს სამუშაოები უკვე სრულდება და, სავარაუდოდ, ამ ხარჯებს, რაც სავენტილაციო სისტემის შეცვლისთვის გახდა საჭირო, შპს „სტადიონი“ დაფარავს. ეს სახელმწიფო შპს მართავს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
„…დეტალური ინფორმაცია მე არ მაქვს. ახალი რესპუბლიკური ცალკე იურიდიული პირია და ის არ არის ძველის სამართალმემკვიდრე. დირექტორად მე მოვიაზრები, მაგრამ ჯერ დანიშნული არ ვარ,“ – გვითხრა სოლომონ ფუტაკარაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ხვალ, 14 აპრილიდან, მიიღებენ პაციენტებს კლინიკის ახალ შენობაში. საუბარია „ცხელების ცენტრზე“ – მაგრამ, თუკი პაციენტს covid 19 დაუდასტურდება, მას კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანენ.
„შესაძლებელია, დატოვონ ჩვენთანაც, თუკი იქ ადგილი აღარ იქნება… ამ ეტაპზე „მედალფაში“ გადაიყვანენ. ჩვენთან მედიკოსები უკვე მზად არიან პაციენტის მისაღებად, ლაბორატორიაც მოწესრიგებულია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სოლომონ ფუტკარაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის თანხა ამ დრომდე არ არის გამოყოფილი ბიუჯეტში. ახალი კლინიკის ერთი ნაწილი ბიზნესორგანიზაციებმა, როგორც აჭარის მთავრობა ამბობს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოაწყვეს, covid 19-ით დაინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ. რა თანხა დახარჯეს ბიზნესმენებმა „რესპუბლიკურის“ კონკრეტული განყოფილების მოსაწყობად? – კითხვაზე აჭარის მთავრობის პრესცენტრში ვერ გვიპასუხეს, აქ მხოლოდ კომპანიების ჩამონათვალი მოგვაწოდეს: „ორბი ჯგუფი“, „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, „ანაგი“, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი“, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი“, „რეკან გრუპ ჯორჯია“, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი“, ,,დიეს გრუპი”, „აჭარის წყალი ჯორჯია“, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი“, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში”, შპს „ახალი ხედვა“, ლევან შერვაშიძე.
რამდენი თანხა დაიხარჯა რესპუბლიკურის ახალი შენობის მოსაწყობად – ეს არც რესპუბლიკურის დირექტორმა იცის ან ამ ინფორმაციის გამხელა არ სურს.
„არ მაქვს მე ეს ინფორმაცია და არც მაინტერესებს… როგორც გითხარით, ეს არის ახალი კლინიკა, რომლის დირექტორიც მე არ ვარ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოლომონ ფუტკარაძემ.