მთავარი,სიახლეები

თუ დღეს არ დავიცავთ ყველა წესს, მაისში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

14.04.2020
თუ დღეს არ დავიცავთ ყველა წესს, მაისში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

„თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, რომლის მართვაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგები“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს, 14 აპრილს.

მან თავის მიმართვაში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას:

„გთხოვთ, დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელწიფო: დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, შევიკავოთ თავი კიდევ ბევრი სხვა ტრადიციული და რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებისგან. იცით, რომ ეს ორი კვირა უმნიშვნელოვანესია.

კვირას იქნება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვზეიმობთ საქართველოში. იცით, რომ ბევრი კითხვა შემოდის ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღინიშნოს. არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და აღიარებული ინსტიტუცია.

…ეს ორი კვირა, ვნების და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის, იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის და არ იქნება. ამიტომ უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენთაგანი ამ ორი კვირის განმავლობაში,  როგორ თავს ავარიდებთ დიდ თავშეყრებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიაში თუ სასაფლაოზე.

კონსულტაციები საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა და მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ის ოქროს შუალედი და კონსესუსი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების.

მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი, როგორც პრევენციული მედიცინის წარმომადგენელი ამ ეტაპზე, და რაც მთავარია – ექიმი, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დღეს სახელმწიფო იძლევა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: