მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორონავირუსზე 23 ნიმუშის პასუხს ელოდებიან

16.04.2020 • 1455
ბათუმში კორონავირუსზე 23 ნიმუშის პასუხს ელოდებიან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 16 აპრილის მონაცემებით, აჭარაში Covid-19 სტატისტიკა უცვლელია, ამ დროისათვის კლინიკაში რჩება ლაბორატორიულად დადასტურებული 30 პაციენტი, რომელთაგანაც ერთის ინფიცირება მოხდა სხვა რეგიონში.

„30-დან ორი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და საყურადღებო, დანარჩენი შედარებით მსუბუქია. 6 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, თუმცა ორთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერადი კონტროლით გვაქვს უარყოფითი პასუხი, პაციენტები მაინც კლინიკაში რჩებიან, რადგან აღენიშნებათ პნევმონია,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით, ცხელების კლინიკიდან დღეს, 16 აპრილს, 23 ნიმუში შევიდა კვლევაზე, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.

„ასევე, გუშინ საკარანტინე ზონებიდან, სხვადასხვა კლინიკიდან, თვითდინებით შესული პაციენტებიდან 70 ნიმუში ავიღეთ და ამ ეტაპისთვის არც ერთი არ დადასტურდა,“ – ამბობს ნიჟარაძე.

16 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 336 შემთხვევა.  გუშინდელ მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საქართველოს მთავრობა საზოგადოებას სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები ვირუსის სწრაფი ტემპით გავრცელებას პროგნოზირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: