აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამჯერად თითო ოჯახზე 40 ჩითილის გადაცემას გეგმავს. ამ მიზნით, სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრი ერთ მილიონზე მეტ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის სათესლე მასალას შეისყიდის, რისთვისაც 111 235 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. შეძენილი იქნება კიტრის, პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის თესლი.
„პროგრამა ითვალისწინებს აჭარის რეგიონში მცხოვრები ფერმერებისთვის ჩითილების უსასყიდლოდ გადაცემას. აღნიშნული რაოდენობით გათვლილია მინიმალური რაოდენობის – 40 ჩითილის გადაცემა ერთ ოჯახზე. ვინაიდან ჩითილის წარმოებისთვის საჭიროა 30 დღე, რეგიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩითილის ღია გრუნტში გადატანა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 10 ივნისისა. აქედან გამომდინარე, ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში ვერ განხორციელდება დაგეგმილი ღონისძიება“ – აცხადებს აგროსერვისცენტრი.
მოსახლეობისთვის ჩითილების უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო მიიღო.
აგროსერვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითო ოჯახზე 30-30 პომიდორის ჩითილის დარიგება.
ჩითილები მარტის თვეშიც დაარიგეს. მაშინ ერთ ოჯახზე კიტრის 7 ჩითილი იყო გათვლილი. აგროსერვისცენტრის ინფორმაციით, 150 ათასი ლარის ჩითილი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში დარიგდა.
ფეისბუქმა საინფორმაციო პორტალი „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა საქართველოში. საუბარია რამდენიმე ფეისბუქგვერდზე, სადაც „სპუტნიკის“ ახალი ამბები ვრცელდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ბენიძე ავრცელებს, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.
„დაგვიდასტურეს, რომ “ნიუს-ფრონტის” ქართულ ანგარიშებთან ერთად “ფეისბუქმა” ასევე გააუქმა “სპუტნიკის” ქსელი საქართველოში, რომელზეც 1 თვის წინ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ “სპუტნიკის” მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები..) მაგრამ მაშინ წაშლას გადაურჩა…“ – წერს მიხეილ ბენიძე.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ აპრილში გაავრცელა ინფორმაცია „სპუტნიკის“ ქსელის შესახებ. ეს საინფორმაციო პორტალი, არამხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, პრორუსული მედიასაშუალებაა.
„სამართლიანმა არჩევნებმა სპუტნიკთან დაკავშირებული 26 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული ფეისბუქგვერდი და 41 საჯარო ფეისბუქჯგუფი აღმოაჩინა, სადაც „სპუტნიკის“ მასალები საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად ვრცელდება,“ – აღნიშნული იყო „სამართლიანი არჩევნების“ აპრილის ანგარიშში.
ფეისბუქმა პროსამთავრობო და ანტისამთავრობო გვერდების ნაწილი პირველ მაისს წაშალა.
„უკანასკნელი 6 დღის განმავლობაში Covid19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია რეგიონში,“ – განაცხადა დღეს, 6 მაისს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.
კორონავირუსის ბოლო შემთხვევა აჭარაში 30 აპრილს გამოვლინდადა იგი ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“, 19 პირს მკურნალობენ Covid19-ზე და მიმდინარე კვირაში ელოდებიან გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობის ზრდას.
ამჟამად „ცხელების ცენტრში“ იმყოფება 27 პირი და მათი ანალიზის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში 36 ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან, ისინი რეაბილიტაციას გადიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში.
„ვფიქრობ, ეს სიტუაცია არის მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების შედეგი, შესაბამისად, როცა მომავალში ეს შემზღუდავი ღონისძიებები მოიხსნება, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ პრევენციული ღონისძიებები,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
6 მაისის მონაცემებით [11 სთ], საქართველოში კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი, გარდაიცვალა – 9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 523.
„ტყემლის საწებელი მანდილოსნებისთვის“ – ასეთი წარწერით იყიდება მაღაზიაში კონკრეტული ბრენდის ტყემლის საწებელი. „მანდილოსნების“ ტყემლის ბოთლის ფოტო დღეს ფეისბუქში გავრცელდა და ქართული ინტერნეტის რეაქციაც მოჰყვა. ამავე ტყემლის საწებლის გვერდით იყიდება იმავე შეფუთვით ტყემლის საწებელი მწვადისა და თევზეულისთვის.
„მანდილოსნების“ ტყემლის საწებლის მწარმოებელი საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს „ედენაა“.
კითხვაზე, რით განსხვავდება ტყემალი მანდილოსნებისთვის ჩვეულებრივი ტყემლის საწებლისგან, „ედენაში“ გვითხრეს, რომ „ტყემალი მანდილოსნებისთვის“ უფრო „მსუბუქია“: „არ ვიცი, როგორ გითხრათ, ვინც ბრენდი შექმნა, იმან გააკეთა რეცეპტი. სჯობს, რომ ბრენდის მფლობელს დაელაპარაკოთ“, – გვითხრეს „ედენაში“.
ბრენდს რუსული კომპანია „დელფუდი“ ფლობს, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული და საქართველოში, იმერეთში წარმოებულ პროდუქციას საქართველოსა და რუსეთში ყიდის MADLI-ის სახელით.
„ტყემლის საწებელი მანდილოსნებისთვის“ რუსეთში გამოდის წარწერით – СОУС ТКЕМАЛИ ДАМСКИЙ. კომპანიის ვებგვერდზე, პროდუქტის აღწერაში მითითებულია, რომ ტყემალი „მანდილოსნებისთვის“ მწვანე ტყემლისგან მზადდება, მშრალი სანელებლებით.
„ერთი მხრივ ეს არის სასაცილო და, ასევე, რა თქმა უნდა, ასეთი მარკეტინგი გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს“, – ამბობს გენდერის მკვლევარი ეთუნა ნოღაიდელი.
„რას აძლევს ეს ამ კომპანიას, რა მარკეტინგული გათვლა აქვს, ცოტა გაუგებარია, რადგან საწებელზეა საუბარი. ალბათ ამით რაღაც მესიჯს უგზავნიან მომხმარებელს. ამ მესიჯს რომ ჩავუღრმავდეთ, შეიძლება გემოს თვალსაზრისით ეს მწვანე ტყემალი, ვთქვათ, უფრო ნაზია და ამიტომ არის ქალებისთვის? თუ კი ქვეტექსტი არის ის, რომ ეს ტყემალი უფრო სუსტია, უფრო ნაზია და ამიტომ არის ქალებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია თავის მომხმარებელს უყურებს ძალიან სტერეოტიპულად, თუმცა გენდერულ სტერეოტიპებს თავისთავად აძლიერებს ასეთი მარკეტინგი. ფართოდ რომ შევხედოთ, დღეს, თანამედროვე მარკეტინგში, გენდერულ სტერეოტიპებზე აშენებული ბრენდი მისაღები არ არის.
რაც შეეხება სიტყვა მანდილოსანს, ქალს რომ არ ახსენებენ ხოლმე და აუცილებლად ქალბატონი უნდა დააყოლონ, ქალბატონის კიდევ ზედა ზღვარია მანდილოსანი, რომელსაც ძალიან ბევრი კონოტაცია მოჰყვება. მანდილოსანი არ არის უბრალოდ ქალი, მანდილოსანი არის ჩარჩოში ჩასმული ქალი, რომელსაც დაწესებული აქვს რიგი კრიტერიუმებისა“, – ამბობს ეთუნა ნოღაიდელი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მარკეტინგში გენდერულ სტერეოტიპებს იყენებენ. საქართველოში გენდერული სტერეოტიპებისა და სექსისტური გზავნილების ყველაზე გახმაურებული მაგალითებია „ელიტ-ელექტრონიქსის“ სექსისტური რეკლამა, „წყალი მარგებელის“ მიერ წარმოებული სასმელი „ბუღა“, რომელიც „მხოლოდ მამაკაცებისთვის“ იყო განკუთვნილი, „სანდომის“ შოკოლადი გოგოებისა და ბიჭებისთვის და ასევე, წიგნები – გოგოებისა და ბიჭებისთვის.
2018 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რეკლამაში სექსტისტური სტერეოტიპების თავიდან ასაცილებლად ვიდეორგოლიცმოამზადა, სადაც რეკლამის დამკვეთებს შეახსენა, რომ პროდუქტები და ნივთები არ იყოფა სქესის მიხედვით: „საყოფაცხოვრებო ნივთებს კაცებიც იყენებენ, შოკოლადს, საღეჭ რეზინს, სასმელსადა ნებისმიერ სხვა პროდუქტს სქესი არ აქვს. თუ უცნაურად გეჩვენება, ეს გენდერული სტერეოტიპია. ნუ გამოიყენებ დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს შენი პროდუქტის რეკლამირებისთვის!“ – ისმის ვიდეორგოლში.
მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უკვე მეორედ გახდნენ სიძულვილის სამიზნე. პირველად მაშინ, როცა ერთ ადამიანს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა და მთელი რეგიონი კარანტინში მოაქციეს, სულ ახლახან კი ბოლნისში, სოფელ მუშევანში [დელლარი] მომხდარი ინციდენტი გახდა სიძულვილისა და ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზეზი.
„კედელი კი არა, რკინის გალია და კაი ჯოხი უნდა მაგათ,“ – წერს ფეისბუქში ერთ-ერთი ადამიანი ამ სოფელში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, რომლებმაც სასწრაფო დახმარების ექიმებს კოვიდ 19-ით ინფიცირებული ადამიანის გადაყვანისას წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ კომენტარს მალევე გამოეხმაურა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, რომელმაც დაწერა, რომ „უნდა ჩაკეტო სოფელი და ამოიხოცონ“.
სიძულვილით სავსე რიტორიკას ბევრი აჰყვა სოციალურ მედიაში და გაჩნდა ქსენოფობიით განწყობილი კომენტარები და ვიდეოები, სადაც ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან „თათრები და სათათრეთში უნდა გავრეკოთ“.
რა კვებავს ეთნიკური უმცირესობების მიმართ ასეთ ღიად აგრესიულ სიძულვილს და როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ ამ აგრესიას?
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ქართველოლოგი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ოქტაი ქაზუმოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეთნიკური ნიშნით სიძულვილს ორი მხარე აქვს, ერთი გარეგნული და მეორე – უფრო ღრმა.
„არავინ არ ამართლებს ძალადობას ექიმებსა და პოლიციელებზე,თუმცა დანაშაულზე კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი კანონის შესაბამისად. თუ გაქვს უფლებები, გაქვს მოვალეობებიც. უფლებებს უნდა ითხოვდე და მოვალეობები უნდა აღასრულო პირნათლად. კანონდარღვევა ეთნიკურობის გამო არავის არ უნდა აპატიო, მაგრამ ჩვენს გაღიზიანებას იწვევს არა ექიმების თუ პოლიციელების სამართლიანი მოთხოვნა, არამედ ის, რომ 1-2 უპასუხისმგებლო ადამიანის ქცევა განზოგადდა მთლიან ეთნიკურ ჯგუფზე და დაიწყეს შეურაცხყოფა და მარგინალიზება საქართველოში მცხოვრები ყველა აზერბაიჯანელის“.
სიძულვილით გაჯერებული პოსტები ფეისბუქში
ოქტაისთვის გულსატკენია, როცა ასეთ დროს არ ჩანს მთავრობის ნათელი და სწორი პოზიცია. მისი დაკვირვებით, ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში შენდებოდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით, ნელ-ნელა ინგრევა.
„სააკაშვილის მმართველობის დროს შემოვიდა ტერმინი – „ქართველი სომეხი“, „ქართველი აზერბაიჯანელი“, ქართველი ებრაელის კვალობაზე და ეს იყო ძალიან პოზიტიურად აღქმული უმცირესობების მხრიდან, რადგან ქართველობა გახდა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის, არამედ საერთო, ზოგადი ეროვნულობის აღმნიშვნელი. გაჩნდა განწყობა, რომ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთი მიზანი გვაქვს. ეს ყველაფერი არათუ შეჩერდა, არამედ მიდის უკან-უკან“, – გულისტკივილით ამბობს ოქტაი ქაზუმოვი.
მისი აზრით, მინავლებული პრობლემა გააცოცხლეს ქსენოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა და ადამიანებმა, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი არ აქვს. „იგივე ზაზა აბაშიძის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება, თან ასეთი უშვერი ფორმით, არის ანტისახელმწიფოებრივი, ურაპატრიოტული განწყობების გამოვლინება. საშიშია იმ გაგებით, რომ პროპაგანდა მიმართულია საქართველოს მოქალაქეების დეზინტეგრაციისკენ და გათიშულობისკენ. დღევანდელი მთავრობის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი პოლიტიკა კი იმ დვრიტას აცლის ქვეყანას, რომელიც შეადუღაბებდა ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ საზოგადოებასთან, რომლებიც ყველაზე მეტად ახლა არიან ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ინტეგრირების პროცესში“, – გვეუბნება ოქტაი.
ოქტაი ქაზუმოვი
ოქტაის აზრით, შფოთი, რომელიც პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაჩნდა მარნეულში, გადაფარულია ქსენოფობიური განწყობებით.
„ეს ხალხი ითხოვდა საგანგებო რეჟიმის შერბილებას, მათივე მოწეული პროდუქციის გატანის და რეალიზაციის საშუალება რომ მიეცა სახელმწიფოს. პროდუქცია უფუჭდებოდათ და სახელმწიფომ ამის მენეჯმენტი ვერ შეძლო“, – ამბობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ქართველოლოგი ოქტაი ქაზუმოვი. მისი თქმით, პოლიციასთან წინააღმდეგობის მომენტი იყო ვარკეთილშიც, „თუმცა იქ არავის უთქვამს – მაგათი დედაც, ჩაკეტეთ ვარკეთილი, ამოწყდნენ“.
ზაზა აბაშიძის თუ სხვა პირების მხრიდან სიძულვილის ტირაჟირების პრობლემას გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა „არა ფობიას“ და ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რეაგირება მოახდინოს როგორც ზაზა აბაშიძის განცხადებაზე და განიხილონ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ასევე გააკეთოს თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
სოლიდარობის პლატფორმის აქტივისტი, ეთნიკურად სომეხი ქრისტი არაქელოვა მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენა არამარტო ეთნიკური აზერბაიჯანელების, არამედ საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართაც ხშირია. „მე, პირადად, ქვემო ქართლიდან ვარ და ამჟამად რუსთავში ვცხოვრობ. ამჯერად გაგვიმართლა ალბათ, რომ ეთნიკურ სომხებში არ გავრცელებულა კორონავირუსი, თორემ დარწმუნებული ვარ, უარესიც შეიძლება ყოფილიყო“.
ქრისტი არაქელოვა
ქრისტის აზრით, საქართველოში ქსენოფობია ნაციონალიზმით იკვებება, რასაც აძლიერებს გაუნათლებლობა და დაუსჯელობის სინდრომი.
„განათლება არ ნიშნავს დიპლომის ქონას. ასეთი ლექტორი მყავდა – დოქტორი, რომელიც ქართველების ყველა უბედურებაში სომხებს ადანაშაულებდა. ვერ ეგუებოდა საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსებს. ეს არის ცნობიერების პრობლემა. როცა შენ ხარ მოქალაქე ამა თუ იმ ქვეყნის, შენ ხარ სრულფასოვანი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, თუ რა დაბოლოებაზე მთავრდება შენი გვარი“, – ამბობს ქრისტი.
მისი თქმით, ცნობიერების ამაღლებაში ხელისუფლებამ უნდა ითამაშოს თავისი როლი პოზიტიური მესიჯებით. მისი აზრით, თუ სახელმწიფო იტყვის, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი, სომეხი თანასწორია საქართველოს სხვა მოქალაქეების, მაშინ თანამდებობის პირები და საზოგადოებაც დაფიქრდება, რამდენად ღირს სიძულვილის ენის ტირაჟირება.
ზაზა მიქელაძე ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ზაზა წალკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ის ეთნიკური ნიშნით არა, მაგრამ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს. „ბავშვობიდან მოყოლებული მიწევს სწორედ მსგავს საკითხებზე დისკუსია. რადგან ეთნიკურად ვარ ქართველი, მაგრამ აღმსარებლობით მუსლიმი, ქართულ საზოგადოებაში მუდმივად მიწევდა თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა, რადგან უმრავლესობის რელიგიური იდენტობის ნაწილად არ აღვიქმები“.
ზაზა მიქელაძე
მგავს სიძულვილის ენაზე დაფუძნებული დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართაც ხშირია, მათ შორის, მუსლიმ თემთან და სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციასთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც ხშირად ამ თემის წარმომადგენლები საუბრობენ კიდეც.
როცა საჯარო მოხელე ხდება სიძულვილის მოტივატორი და ახალისებს მას, ეს თავისთავად გამოწვევაა სახელმწიფოსთვის. ხელისუფლება კი ვალდებულია, იყოს სოლიდარული ჩაგრული ჯგუფების მიმართ“, – ამბობს ზაზა მიქელაძე.
ზაზას აზრით, სიძულვილის ენის და ქსენოფობიის საფუძვლები უნდა ვეძიოთ საბჭოთა წარსულში, „ეთნო-კონფესიურ მსოფლმხედველობაში, განათლების სისტემის ინკლუზიურობის პრობლემასა და ამაზე დაშენებულ სახელმწიფოს პოლიტიკურ ხედვაში. ამის გამოსწორება სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეობაზე ორიენტირებული ქვეყნის მშენებლობითაა შესაძლებელი“.
ზაზას აზრით, ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენას ხშირად ირეკლავს დღეს ქართული სახელმწიფო, როცა უმცირესობების მიმართ პოლიტიკის დოკუმენტში მათ წარმოაჩენს, როგორც სახელმწიფოსთვის საშიშ ძალად და საფრთხედ.
„ფაშიზმი და რასიზმი არის ის, როცა საქართველოს მოქალაქეებს უცხოტომელებად, ველურებად წარმოაჩენ და ამბობ, რომ „ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, მოსულები, ყველა თავის ქვეყანაში წავიდეს“, – ამბობს ზაზა მიქელაძე.
გაუცხოების პრობლემაზე საუბრობს რამზან გორგიშვილიც პანკისიდან. მისი თქმით, განა რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს პანკისიდან? „ჩვენც ვსვამთ ხოლმე ამ კითხვას, მაგრამ პასუხი არ არის“, – გვეუბნება ის. რამზანის აზრით, სახელმწიფომ თავის მოქალაქეებთან თანამშრომლობა უნდა შეძლოს, „იგრძნოს გარკვეული თემის თუ ჯგუფის შიდა ქსოვილი, სპეციფიკა“ და დაინახოს რეალობა, რომელიც ხშირად სოციალური ფაქტორებით უფროა განპირობებული, რომლის გადაფარვაც არ უნდა მოხდეს ქსენოფობიური რიტორიკით.
რამზან გორგიშვილი
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორის, ეკა ჭითანავას შეფასებით, ხელისუფლების პოზიცია იყო სუსტი, იგივე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან მიმართებაში, როცა ისინი არ დაემორჩილნენ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს და პანდემიის საფრთხის მიუხედავად, მაინც ჩაატარეს ღვთისმსახურებები. იგივე შეიძლება ითქვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა, რომ სწორედ მუფთი და მოლა უწყობენ ხელს საზოგადოების მხრიდან დაუმორჩილებლობას, მაშინ, როცა მათი განცხადებები იყო ლოიალური მართლმადიდებელი იერარქების ჯიუტობაზე.
ეკა ჭითანავა
მისი თქმით, მთავარი პრობლემა მაინც განათლების სისტემაში უნდა ვეძიოთ, რადგან იგივე სახელმძღვანელოებში ეთნიკური მრავალფეროვნების თემა არის მიჩქმალული ან წარმოჩენილია დამაკნინებელი ფორმით: „წარმოჩენილია ეთნოცენტრული დამოკიდებულებები, საქართველოს ისტორია გააზრებულია მონორელიგიურ და ეთნოცენტრისტულ კონტექსტში, როცა მართლმადიდებელია ამ ქვეყანაში პრივილეგირებული მოქალაქე და მასპინძელი, სხვა დანარჩენი კი სტუმარი, ჩამოსული“.
ეკა ჭითანავას აზრით, სწორედ ამიტომ არ ისმის ეთნიკური უმცირესობების ხმა საჯარო დისკუსიებში და თუ გაისმა, ჩნდება სიძულვილის ენა, რომელსაც ერთადერთი გზავნილი აქვს – „სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს“.
____
მთავარი ფოტო: რადიო მარნეული. პირველი მაისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა
ბათუმის სანაპირო დღეს, 5 მაისს, სხვა დღეებისგან განსხვავებით ნახევრადცარიელი იყო.
ბათუმი დღეს 05.05.2020 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბათუმი 05.05.2020ბათუმის პორტიმეთევზეები სანაპიროზე 05.05.2020ბათუმი დღესბათუმი დღეს 05.05.2020ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბათუმი დღეს 05.05.2020 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
260 კუბ.მ ორგანული სასუქის „პრობიოტიკის“ და 1300 კუბ.მ სხვა ორგანული სასუქის შესყიდვას აჭარის სოფლის მეურნეობის აგროსერვისცენტრი, გამარტივებული წესით, ჯამში 152 100 ლარად აპირებს.
სასუქი, როგორც ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობაში ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვისაა საჭირო.
„კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ მოითხოვა აგროპარკის ამოქმედება, რათა განხორციელდეს ბოსტნეული კულტურების დამატებით წარმოება. სასათბურე მეურნეობაში ჩითილების დარგვის პერიოდში საჭიროა პრობიოტიკის შეტანა, რაც ხელს შეუწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას და დამატებით მიწის განოყიერებას. აგროვადებიდან გამომდინარე 15 მაისისთვის უნდა მოხდეს ჩითილების სათბურებში გადატანა, შესაბამისად, ამ თარიღისთვის აღნიშნული შესყიდვის ელექტრონული ტენდერით განხორციელება შეუძლებელია“, – აღნიშნულია აგროსერვისცენტრის განაცხადში.
ცენტრში აცხადებენ, რომ ეს შესყიდვა დაიგეგმა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების შემდეგ, ორგანული სასუქის შესყიდვის გარეშე, სასათბურე მეურნეობაში ბოსტნეული კულტურების წარმოება კი შეუძლებელია: „ორგანული სასუქი ხელს უწყობს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებას, ხარისხიანი და ერთგვაროვანი ნაყოფის მიღებას“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში, ა(ა)იპ აგროსერვისცენტრს გააჩნია სულ 43 ერთეული [ჯამში 21 500 კვ.მ ფართობის] სათბური.
მთავრობას ეს სასათბურე მეურნეობა აუქციონის წესით უნდა გაეყიდა, თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ აუქციონის ჩაშლას მოწყობილ სათბურში ბოსტნეულის მოყვანა არჩიეს.
რატომ მოიყვანს აჭარის მთავრობა ბოსტნეულს ფერმერების ნაცვლად და სად წაიღებს ამ ბოტნეულს, ნახეთ ბმულზე:
„შევიცვალეთ, უფრო ამაყები გავხდით, პირდაპირ კი არა, მაღლა ვუყურებთ, ან პირდაპირ მაღლა, მარჯვნივ მაღლა, მარცხნივ მაღლა, სანახავი არაფერია, უბრალოდ ისე მექანიკურად – გეხუმრეთ და მეტს ვერაფერს გეტყვით, არ ჩამწეროთ და არც გადამიღოთ“, – გვითხრა ერთ-ერთი პატარა სახლის ეზოში ახალგაზრდა კაცმა და ეზო სწრაფად დატოვა, ჭიშკრიდან გასვლამდე კი დაამატა: „თუმცა ისინი მაღლიდან დაბლა გვიყურებენ“.
ერთსართულიანი დასახლების ირგვლივ, საიდაც მას გავესაუბრეთ, მაღალი სახლებია აშენებული.
ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა
ბათუმში უმეტესწილად აღარ მოსწონთ ცხოვრება იმ დაბალ სახლებში, რომელთა ირგვლივაც მაღალი, მრავალბინიანი კორპუსები ააშენეს. ბევრ ეზოში ინვესტორს ელიან, თავადაც მაღალ სართულებზე რომ აინაცვლონ, ბევრს კი ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ სურს, „მით უმეტეს ჟურნალისტებთან“.
არიან ისეთებიც, ვინც გამწვანებულ ეზოს და შეჩვეულ სახლს ვერ ელევა. „როგორ გავყიდო, მამაჩემმა დამიტოვა“, – გვითხრა ასაკოვანმა კაცმა. გურამის [მან მხოლოდ სახელი გვითხრა] სახლის გვერდით, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიას მთელი კვარტალი უყიდია და უკვე შემოუღობია კიდეც მშენებლობის დასაწყებად. გურამი ამბობს, რომ კომპანიას მისი სახლის შესყიდვაც უნდოდა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა გაყიდვა:
„შვილი უცხოეთშია, მითხრა, მამა თუ არ გემეტება, ნუ გაყიდი, მაგის არ გვიჭირსო და არ გავყიდე. ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება არასწორად გავაკეთე, შეიძლება ჩემმა შვილებმა არც იცხოვრონ ამ სახლში“.
გურამს ორსართულიანი სახლი აქვს. პირველ სართულს კომერციულ ფართობებად აქირავებს, მეორე სართულზე კი თვითონ ცხოვრობს.
მაღლივი კედლების შუაში მოქცეულები უმეტესწილად ნესტს და უჰაერობას უჩივიან.
„დავიხრჩეთ, ჩვენ აქ ჩავლპით“, ნესტი და უჰაერობა მთავარი თემაა, რაზეც ყველა ეზოში ამახვილებენ ყურადღებას და ირწმუნებიან, რომ ისედაც ნესტიან ქალაქში, ირგვლივ მაღალი სახლების აშენების შემდეგ, მათი სახლების კედლები უფრო ხშირად სველდება.
„მოდით, შეხედეთ კედლებს, ხავსი მოედო, ვხეხავთ და ვრეცხავთ, თუმცა მაინც არაფერი იცვლება“, – გვიყვება ლალი ნარსია. ის გორგილაძის ქუჩაზე ერთსართულიან სახლში, ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრობს.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, მაღალი სართულებიდან გადმოყრილი ნარჩენებია: „ზამთარში ვუძლებთ ხოლმე, ხან ერთი ალაგებს, ხან – მეორე. ზაფხულში საშინელებაა, რადგან მალე ფუჭდება და სუნი დგება. ვბრაზდებით, პირობას ვდებთ, რომ აღარ დავალაგებთ. რატომ უნდა ვალაგოთ ჩვენ მაგათი ჩამოყრილი ნაგავი? – მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ გვიწევს, სუნი გვაწუხებს“.
ბათუმი, ყაზბეგის ქუჩა
„გგონიათ მათ ჩვენ მოვწონვართ, ჩვენი სახლები მოსწონთ და ფაჯრებიდან რომ გადმოიხედავენ, ჩვენი სახლების დანახვა უნდათ? – განცხადება დაუწერიათ და მერიაში შეუტანიათ ეს უსახური სახლები დაანგრიეთ და აქ სკვერი გაგვიკეთეთო. უსახურიო – ჩვენ სად უნდა წავიდეთ ამაზე არ უფიქრიათ? – არ უნდათ ჩვენი ბარაკების დანახვა“, – გვითხრა ლამზირა კახიძემ.
ფარნავაზ მეფის #147
მაღალი სახლების აშენების შემდეგ პატარა სახლებისთვის კიდევ ერთი რამ შეიცვალა, ახლა მათი შესასვლელების ჭიშკრებზე გაჩნდა წარწერა – „აქ არ გააჩეროთ მანქანა“. მანქანის გასაჩერებელი ადგილი მაღალ და დაბალ სახლებში მცხოვრებლებს შორის მუდმივი დავის საგანია.
ბევრი მსგავსი სახლის მეპატრონემ გვითხრა, რომ თავადაც მიმართა მერიას ახლის ასაშენებლად, მაგრამ მერიამ ისეთი პარამეტრების შეთანხმებაზე, როგორც მათი სახლების გვერდით აშენდა, უარი უთხრა.
ბათუმში, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე მის გარეუბნებში, მშენებლები ახლის შენებას უმეტესწილად არსებულის ნგრევის ხარჯზე იწყებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა.
14 მარტიდან მოყოლებული დღემდე, თვე-ნახევარზე მეტია, ,,ვარშავა ბარი“ თბილისში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა, ისევე როგორც ყველა მსგავსი ადგილი ქვეყანაში. სახლში წავიდა ბარში დასაქმებული შვიდივე თანამშრომელი, მათ შორის მანო სვანიძეც, რომელიც უკვე მესამე წელია ამ ბარში მუშაობს.
როგორც მანო ამბობს, თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს თვის ბოლოს შეტყობინება მიუვიდათ მეპატრონისგან, რომ ბარის დაკეტვის მიუხედავად მიიღებდნენ ხელფასს. ბარის პოლონელმა მეპატრონემ, ანა მარია გაიდამ მას მისწერა, რომ როგორც დამსაქმებელი, თავს ვალდებულად გრძნობდა შემოსავლის გარეშე არ დაეტოვებინა თანამშრომლები.
„ეს პატარა ბარია, ფასები იაფია, ყველასთვის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით პოპულარულია პოლონელ ტურისტებში. გარემო ძალიან დადებითია და მუშაობის დროს ბევრს ვერთობით. დამსაქმებელი უსაგნო ღიმილს არ გვავალდებულებს. ,,ვარშავა“ ინტერნაციონალური ბარია და საქართველოს გარდა გვყავს ნიგერიელი, პოლონელი, ლიტველი და ბანგლადეშელი თანამშრომლები.
თუ კლიენტი უხეშობს, რასისტულ და ჰომოფობიურ კომენტარებს აკეთებს, შეგვიძლია საერთოდ არ მოვემსახუროთ და დაცვა გამოვიძახოთ“, – ამბობს მანო სვანიძე.
მისივე თქმით, ბარში არავის უკრძალავენ უსახლკაროებისთვის გამასპინძლებას – როცა ვინმე შემოდის და ითხოვს საკვებს, ბარმენს და მიმტანს შეუძლიათ რამით გამასპინძლება ისე, რომ ამისთვის მათ ხელფასიდან არ დაექვითებათ.
ბარ ,,ვარშავაში“ ძირითადად პოლონური სასმელების დასაგემოვნებლად დადიან. სტუმრებს შეუძლიათ ასევე პოლონური გაზეთებითა და ბიბლიოთეკით ისარგებლონ, შინაც წაიღონ წიგნები, მერე კი დააბრუნონ.
ორსართულიანი ბარის პირველ სართულზე სულ 3 მაგიდა დგას, ხშირად უკრავს დიჯეი და ცეკვაც შეიძლება. მეორე სართულზე სასმელებს უკვეთავენ.
როგორც ბარის მეპატრონე, ანა მარია გაიდა გვეუბნება, ხელფასს ბარის 7 თანამშრომელს საქართველოში ბარების გახსნამდე შეუნარჩუნებს.
„ეს ძალიან პატარა ბარია, ყველანი კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ექვსი წელია, რაც თბილისში ,,ვარშავა“ გავხსენი და ზოგი თანამშრომელი წლებია უკვე ჩვენთან მუშაობს, ერთი ოჯახივით ვართ. პოლონეთში, საიდანაც მე ვარ, სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო დონეზე რეგულირდება. დასაქმებულები დამსაქმებლებთან დებენ კონტრაქტს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ჯანმრთელობისა და უმუშევრობის დაზღვევით: თუ ადამიანი სამსახურს კარგავს და უხელფასოდ რჩება, მას სახელმწიფო უხდის ხელფასის 80%-ს რამდენიმე თვის განმავლობაში. საქართველოში ასე არ ხდება, მაგრამ თანამშრომლების შემოსავლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში, მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც დამსაქმებლის მოვალეობაა, ამაში უჩვეულო არაფერია“, – ამბობს ბარის მეპატრონე.
ანა მარია გაჟდა – ,,ვარშავა ბარის“ მფლობელი
,,ვარშავა ბარს“ 14 მარტის შემდეგ დაგეგმილი უამრავი საღამო და დაბადების დღე გაუუქმდა, მაგრამ როგორც ანა მარია ამბობს, მას ყოველთვის აქვს გადანახული ბარის ანგარიშზე ,,შავი დღისთვის“ დანაზოგი. სწორედ ამ დანაზოგით უხდის ის ხელფასს საქართველოში კარანტინის დასრულებამდე დასაქმებულებს.
„წეღან ვმსჯელობდით რამდენიმე ადამიანი ნიღაბთან დაკავშირებით და იქნებ მოგვაწოდონ აზრი, ნიღაბი ვიხმაროთ ქართულად თუ პირბადე? იქნებ მოსახლეობაც შეგვეხმიანოს, განსაკუთრებით ენათმეცნიერები და ქართულის კარგად მცოდნეები“ – განაცხადა დღეს, 5 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
„იქნებ მსმენელმაც გვირჩიოს, რომელი ტერმინი დავამკვიდროთ, იმიტომ რომ ჩვენ ნიღბით ან პირბადით, როგორც გინდათ ბრძანეთ, მოგვიწევს კარგა ხანს ცხოვრება, ანუ თანაცხოვრება კორონავირუსთან“ – აღნიშნა გამყრელიძემ.
ბრიფინგზე, რომელსაც ამირან გამყრელიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ხაზაშვილი მართავენ, პირველ შეკითხვას ნიღბებთან დაკავშირებით უპასუხეს. ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ ნიღაბი სახეზე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს და მისი დამზადება ქსოვილისგანაც შეიძლება სასურველი დიზაინით. მან ხაზი გაუსვა ნიღბის სწორად გამოყენების საჭიროებას:
„ხშირად ვაწყდებით რეალობაში, როცა ადამიანები არასწორად მოიხმარენ ნიღაბს, ან როცა იწყებენ საუბარს, ნიღაბს ამოძრავებენ, საუბრის დროს ჩამოიწევენ და რომ დაამთავრებენ აიწევენ ისევ სახეზე, რაც აბსოლუტურად არასწორია რადგან რისკები იქმნება მაშინ, როცა ვსაუბრობთ“ – განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კიდევ ორი პაციენტი განიკურნა ახალი კორონავირუსისგან. მათ კლინიკა „მედალფა“ უკვე დატოვეს. ამჟამად კლინიკაში 19 პაციენტს მკურნალობენ Covid19-ის დიაგნოზით.
მეხუთე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
5 მაისის მონაცემებით [18:50 სთ], საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი, გარდაიცვალა – 9. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 500 პირი, კარანტინის რეჟიმში – 4887.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და განათლების კოალიციას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ახალი საგანმანათლებლო პროექტი უნდა ამოქმედდეს.
პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.
„ზოგადი განათლების „სკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისთვის, შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე www.el.ge მოსწავლეები დისტანციურად შეძლებენ საჭირო მასალის გაცნობას და დავალებების შესრულებას.
ონლაინპლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის, საგნობრივ ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება პროექტის მეორე – სკოლამდელი განათლების კომპონენტს, სამინისტროს ინფორმაციით, ის გულისხმობს რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის, „რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება“. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეიქმნება დისტანციური სწავლების გზამკვლევები“.
„მას თავშესაფარში არ იღებენ, რადგან ნასვამია…“ – ამბობს მოქალაქე მზია ქედელიძე, რომელმაც დღეს ბათუმში, გრიბოედოვისა და გორგილაძის ქუჩების გადაკვეთაში, ტროტუარზე მძინარე მოხუცის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში გაავრცელა.
„…იქნებოდა დაახლოებით 70 წლის მოხუცი და 112-ზე დავრეკე. პოლიციელებმა მითხრეს, რომ წინა დღეებშიც გამოიძახეს, მაგრამ მოხუცს თავშესაფარში არ იღებენ, რადგან ხშირად ნასვამია. აქ მცხოვრებმა ადამიანებმაც მითხრეს, რომ უკვე რამდენიმე დღეა ეს მოხუცი ქუჩაში ათენებს ღამეს. ახლა სასწრაფო მოვიდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში, მითხრეს, რომ გადასხმას გაუკეთებენ, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი,“ – გვითხრა მზია ქედელიძემ.
„ნასვამ მდგომარეობაში ვერავის მივიღებთ, ვერც მოხუცს,“ – ამას ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მართვისა და მატერიალური განყოფილების უფროსი, გიგა ბეჟანიძე ამბობს. გიგა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოხუცს თავშესაფარში მიღებაზე უარი უთხრეს.
რა უნდა გაკეთდეს მსგავს სიტუაციაში, როცა ადამიანი, მით უმეტეს მოხუცი, პანდემიის დროს ქუჩაში რჩება?
„არ ვიცი, ამაზე მე ნუ მომთხოვთ პასუხს“, – აღნიშნა გიგა ბეჟანიძემ.
ბათუმის მერიის თანამშრომლის თქმით, გუშინ თავშესაფარში მიღებაზე უარი უთხრეს ერთ ადამიანს, თუმცა ის მოხუცი არ იყო.
„…ის არის დაახლოებით 40 წლის, ჩვენი ყოფილი ბენეფიციარია და როცა თავშესაფარში ცხოვრობდა, ახერხებდა ხშირად ცივი იარაღის შემოტანას, სხვა ბენეფიციარებს ემუქრებოდა. შინაგანაწესის დარღვევის გამო 6 თვის წინ თავშესაფრიდან გავუშვით. ახლა უარი ვუთხარით მიღებაზე, რადგან მხოლოდ თერმოსკრინინგით ვერ მივიღებთ, უნდა შემოწმდეს, დადასტურდეს, რომ Covid19 არ აქვს და შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ,“ – ამბობს გიგა ბეჟანიძე.
ბათუმის ღამის თავშესაფარში სულ 50 ადგილია. დღევანდელი მდგომარეობით თავშესაფარში 32 ადამიანი ცხოვრობს. პანდემიის პირობებში, მათ დღისითაც შეუძლიათ თავშესაფრის ერთ კონკრეტულ ოთახში გაჩერება. ბათუმის მერიის წარმომადგენლის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს თავშესაფარში მყოფი ადამიანები ქალაქში აღარ გადიან. თავშესაფარში ბენეფიციარები დღეში სამჯერ იკვებებიან.
თურქეთში მოღვაწე მემარცხენე მუსიკალური კოლექტივის Grup Yorum-ის ბასგიტარისტმა, იბრაჰიმ გიოქჩექმა მომაკვდინებელი შიმშილობა 323-ე დღეს შეწყვიტა – იუწყება სააგენტო ბიანეტი თავად ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
“ჩვენ მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ უკვე მიაღწია პოლიტიკურ გამარჯვებას. ჩვენი ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ვიმედოვნებთ, დაკმაყოფილდება ჩვენი განაცხადი კონცერტის ჩატარების მოთხოვნაზე”, – წერია ჯგუფის განცხადებაში.
ამ მოთხოვნით დღეს, 5 მაისს მიმართეს ჯგუფის წევრებმა სტამბოლის სამმართველოს.
5 მაისს შეკრებილები გიოქჩექის სახლის წინ. წყარო: Bianet
დღეს დილას იბრაჰიმ გიოქჩექის სახლის წინ გააკეთეს განცხადება არტისტებმა, პარლამენტისა და უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრებმა. თურქეთის ადამიანის უფლებათა ფონდის (TİHV) თავმჯდომარემ შებნენ ქორურმა თქვა:
“სიცოცხლემ გაიმარჯვა. ჩვენ ვთქვით, რომ მათი მოთხოვნები ჩვენი მოთხოვნებიც იყო. ვიბრძვით, რათა შევქმნათ გარემო, სადაც ისინი თავიანთ სიმღერებს თავისუფლად იმღერებენ და ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ.”
რამდენიმე დღის წინ გიოქჩექმა გამოაქვეყნა წერილი, რითაც მან არტისტებსა და ინტელექტუალებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“როგორც ინტელექტუალებმა და როგორც არტისტებმა, ყველამ ჩვენი წილი დევნა და ჩაგვრა მივიღეთ ჩვენი სახელმწიფოსგან. ჩვენი წარმოდგენები და კონცერტები აიკრძალა, დაიწყო სამართლებრივი დევნა. განა ეს თავდასხმები ასეთი დაუნდობელი იმიტომ არ გახდა, რომ დღემდე ჩვენ ვერ შევძელით მთელი ძალებით ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევა?” – წერს გიოქჩექი.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, როგორ გადაჰყავთ იბრაჰიმი საავადმყოფოში.
Grup Yorum üyesi Ibrahim Gökçek ölüm orucuna bugün som verdi. Gökçek tedavi için özel bir hastaneye götürülüyor.
ის და ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ჰელინ ბოლექი, მანამდე მარტში ძალდატანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მათ მალევე დატოვეს ჰოსპიტალი და სახლში გააგრძელეს შიმშილობა.
შეგახსენებთ, 3 აპრილს, საპროტესტო შიმშილობის 288-ე დღეს, გარდაიცვალა ჰელინ ბოლექი.
უფრო მეტ დეტალს ჰელინსა და ჯგუფის მოღვაწეობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ :
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ჭურვი აღმოაჩინეს.
ჭურვი აქ სანდასუფთავების სამსახურმა იპოვა, რომელიც მოსახლეობამ გამოიძახა ბინიდან ნაგვის გასატანად.
დავით დუმბაძემ, შპს „სანდასუფთავების“ დირექტორმა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ადგილზე „ქვემეხის ჭურვის აღმოჩენისთანავე, სამუშაოებს ვინც აწარმოებდა, დაუკავშირდა 112-ს და 112-მა გამოიძახა გამნაღმველები“.
ჭურვი
შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა.
სტატია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს იტალიური მაფია პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, BBC-იმ გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ გთავაზობთ სტატიის თარგმანს მცირე შემოკლებით.
___________________
პანდემიის გამო იტალიაში დაწესებულმა კარანტინმა ბიზნესი დააზარალა. დაკეტილია კაფეები, რესტორნები, საფუნთუშეები და ხორცის მაღაზიები, მათი მეპატრონეები კოტრდებიან. მათ დახმარებას ადგილობრივი მაფიოზები სთავაზობენ, მაგრამ არა საჩუქრად.
„კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ბოსის ძმა სიცილიაზე, პალერმოს ღარიბ უბანში უფასო საკვებს ურიგებს ხალხს.
„ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ადამიანები მირეკავენ და ტირიან, რომ მათ არაფერი აქვთ ბავშვების გამოსაკვებად. ერთი ახალგაზრდა ქალი ყოველ დღე რეკავს, მას ხუთი შვილი ჰყავს და არ იცის მათ რა აჭამოს“, – ამბობს ის.
მომხიბვლელი მხსნელი
„მეც ზუსტად იმავეს ვაკეთებდი,“ – ამბობს გასპარე მუტოლო, სიცილიის მაფიის ყოფილი წევრი, რომელიც ათობით სასამართლო პროცესზე გამოდიოდა ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად.
„მე ვიყავი ყოველთვის მომხიბვლელი და ხალხი ფიქრობდა, რომ ძალიან ხელგაშლილი ვიყავი. მაფიას სურს ადამიანების ნდობის მოპოვება, ამიტომაც მე ვმალავდი, რით ვიყავი დაკავებული. მე ვიყავი დამნაშავე, რომელსაც 20-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა მოკლული“.
მუტოლო „ბიბისიმ“ სოციალური ქსელის მეშვეობით ჩაწერა. იგი საიდუმლო ადგილას იმყოფება, პოლიციის დაცვის ქვეშაა და მხატვრობითაა დაკავებული. მის ბევრ ნახატზე გამოსახულია მაფიის საცეცები.
ყოფილი მაფიოზი ამბობს, რომ როცა იგი ღარიბ ოჯახებს ეხმარებოდა, მათ არ აინტერესებდათ, რით იყო იგი დაკავებული.
„თუ თქვენი შვილები ტირიან, რადგან მათ არა აქვთ სახლში საჭმელი, ან გაკოტრდით, არ გაღელვებთ რა მოჰყვება შედეგად იმას, რომ თქვენ „ცუდი ხალხი“ გეხმარება. ასეთ დროს ადამიანები მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობენ“, – ამბობს ის.
„შენ – მე, მე – შენ“
მაფია ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა.
„ამის მიზანი ნდობის მოპოვება და, ამავე დროს, ალტერნატიული სახელმწიფო სტრუქტურის შექმნაა“, – ამბობს პროკურორი ნიკოლა გრატერი, რომელიც მაფიასთან დაკავშირებულ საქმეებს იკვლევს.
მაფიას მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება. „კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ეს [„დახმარება“] უფრო გახშირდება“, – ამბობს ის.
„მაფია არასდროს არაფერს აკეთებს კეთილი ზრახვებით. მათ სამყაროში არის მხოლოდ ერთი მიდგომა – მე გეხმარები შენ, შენ მეხმარები მე“ – ამბობს ენცა რანდო, მაფიასთან ბრძოლის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
უფსკრულის პირას
მარჩელო რესტორნის მეპატრონეა პალერმოში. მისი რესტორანი მარტში დაიკეტა. „უბრალოდ ველოდები, როდის მოვა ვინმე მაფიიდან და იყიდის რესტორანს, მე მის გახსნას უკვე ვეღარ შევძლებ“, – ამბობს ის.
მარჩელოს თქმით, ყველაფერი მარტივად ხდება, ვიღაც აკაკუნებს კარზე და გთავაზობს ბიზნესის გაყიდვას აქ და ახლა. შესაძლებელია შევაჭრება. შემდეგ თანხის ნაწილი ბანკში, ანგარიშზე გერიცხება, ნაწილი კი ნაღდი ფულის სახით მოაქვთ.
„ახლა ჩემი ბიზნესი კოტრდება. თუ ვინმე გთავაზობს სამაშველო ჟილეტს, არჩევანი იოლია – ან უნდა გადარჩე, ან დაიხრჩო შენს იდეალებთან ერთად“, – ამბობს ის.
ჩვეულებრივ მაფია არაფერს ითხოვს სანაცვლოდ დაუყოვნებლივ, მაგრამ ადრე თუ გვიან გადახდა მაინც მოგიწევს. მაფია დაბრუნდება და დახმარების სანაცვლოდ რაიმეს მოგთხოვთ – ამბობს ყოფილი მაფიოზი მუტოლო.
მაგალითად, მისი თქმით, არჩევნების წინ იგი მიდიოდა მათთან, ვისაც მანამდე ეხმარებოდა და მათ ეუბნებოდა: „გამარჯობა, გახსოვარ? მე დაგეხმარე მაშინ, როცა შენ ეს გჭირდებოდა, ახლა შენი დახმარება მე მჭირდება. ერთადერთი, რაც მინდა, ისააა, რომ ხმა მისცე ამა და ამ კანდიდატს“.
ამ პრაქტიკას ეწოდება voto di scambio – ხმების მოსყიდვა.
„იაფი“ კრედიტები
მაფიას აწყობს კრიზისები და ეს პანდემია მათთვის საოცნებოა.
„მათ აქვთ ძალიან ბევრი ფული, თან – ნაღდი ფული,“ – ამბობს მუტოლო.
მისი თქმით, სამთავრობო სამსახურებთან შედარებით ისინი უფრო ეფექტურად ეხმარებიან ადამიანებს.
ვნახოთ ანტონიოსა და მისი ცოლის, ფრანჩესკას მაგალითი. მათ ხორცის მაღაზია აქვთ სამხრეთ იტალიის პატარა ქალაქში.
კარანტინის დაწყებიდან მოკლე ხანში მათთან მივიდა ერთ-ერთი ხშირი კლიენტი და ფინანსურად დახმარება შესთავაზა.
„ერთმანეთს შევხედეთ და გული გაგვიჩერდა, უცებ მივხვდით, რა ხდებოდა“, – ამბობს ანტონიო. მათ უარი თქვეს შეთავაზებაზე.
მაფია გასცემს იაფ კრედიტებს დაბალი პროცენტებით, მაგრამ, როგორც პროკურორი გრატერი ამბობს, ადრე თუ გვიან მაფია დაასახელებს ამ დახმარების რეალურ ფასს.
„ასეთ დროს მაფიას არ უნდა ფულის შოვნა, მას სჭირდება ბიზნესის გამოჭერა, რომ ფული გაათეთროს“, – ამბობს გრატერი.
გამოსავალი არ არის
მას შემდეგ, რაც იტალიაში კარანტინი დაიწყო, ზარების რაოდენობა კრედიტორების ცხელ ხაზზე 100 პროცენტით გაიზარდა.
„თუ იტალიის ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ ადამიანების დახმარებას, ისინი მაფიის ხელში აღმოჩნდებიან“, – ამბობს ატილიო სიმეონე, ცხელი ხაზის თანამშრომელი.
მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული კრიზისი მოელის. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იტალიის მშპ 9,1 პროცენტით დაეცემა და ბევრი იტალიელი აღმოჩნდება ძალიან რთულ სიტუაციაში.
„ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია მაფიისთვის, ახლა სასწრაფო ზომებია მისაღები“, – ამბობს ენცა რანდო. ის და მაფიასთან ბრძოლის სხვა სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობამ უნდა დაასწროს მაფიას და შესთავაზოს დახმარება ბიზნესსა და მოსახლეობას.
ძალიან ცოტა, ძალიან გვიან
იტალიის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ყოველ დაზარალებულ მეწარმეზე 25 ათასამდე ევროს გამოყოფენ. მაგრამ მარჩელო, რესტორნის მეპატრონე პალერმოდან, არ აპირებს მთავრობისგან სესხის აღებას.
„მე ვერ შევძლებ გადახდას. კარანტინის შემდეგ ყველა ვალდებული იქნება ძველებურად დაიცვას სოციალური დისტანცია, რაც ნიშნავს, რომ რესტორანს ნაკლები კლიენტი ეყოლება და შემოსავალიც ნაკლები იქნება“, – ამბობს ის. მისივე თქმით, ასე ფიქრობენ რესტორნების მისი ნაცნობი მეპატრონეებიც და მიიჩნევენ, რომ ერთდაერთი გამოსავალია მიჰყიდონ მაფიას ბიზნესი, რაც შეიძლება სწრაფად.
„საშინლად ვგრძნობ თავს. მთელი ცხოვრება მაფიის წინააღმდეგი ვარ, ახლა კი მომიწევს ჩემი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა“, – ამბობს მარჩელო.
„მე არ ვარ ექიმი. არც ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძვი, რადგან მე უკვე ვიბრძოლე წვიმაში, ქარში, ყინვაში, უტრანსპორტობაში, სტრესულ გარემოში მოვიპოვე თითოეულ მაძიებელ ოჯახზე ინფორმაცია, რომლებიც დღეს სოციალურად დაუცველის სტატუსით გადარჩებიან. გადარჩებიან იმიტომ, რომ ჩემი სახელმწიფო დაეხმარება. უბრალოდ იმიტომ, რომ გადარჩნენ… ქალბატონო ეკატერინე, ხმამაღალი ნათქვამია “ხელფასზე 2-ჯერ მეტი ჩაერიცხებათ ბონუსის სახით”… 160 ლარის ჩარიცხვაც ისეთივე შეურაცხყოფააა თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც 80 ლარი იყო,“ – ეს პოსტი ფეისბუქის პირად გვერდზე ერთ-ერთმა სოციალურმა აგენტმა, თეა ნარიმანიშვილმა დაწერა. მისი ხელფასი, სხვა სოციალური აგენტების მსგავსად, 80 ლარია. პანდემიის პირობებში სახელმწიფომ თითოეულ აგენტს 160 ლარი ჩაურიცხა.
პანდემიამდე, 80 ლარის გარდა, სოციალური აგენტების შემოსავალი დამოკიდებული იყო მათ მიერ შევსებული დეკლარაციების რაოდენობაზე, ანუ თითოეულ იმ ოჯახზე, რომლებსაც სახელმწიფოსგან შემწეობის მიღება სურთ და სოცაგენტები ამოწმებენ. ერთი დეკლარაციის შევსების საფასური ხელზე 4 ლარი 80 თეთრია. სოცაგენტების თქმით, მათთვის საქმიანობა არავის შეუზღუდია, მაგრამ 18 მარტის შემდეგ სამსახურიდან მითითება მიიღეს, რომ გეგმიურ გადამოწმებაზე აღარ იმუშავებდნენ და მხოლოდ ოჯახების მიმართვის შემთხვევაში გავიდოდნენ სამუშაოდ სპეციალური აღჭურვილობით.
„მე დროებით აღარ ვმუშაობ, რადგან ამ ვითარებაშიც კი, ჩვენთვის ტრანსპორტი არ არსებობს, მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის… მე საგარეჯოში ვცხოვრობ, სოფელ პატარძეულში, სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს. 2006 წლიდან სოცაგენტად ვმუშაობ და საგარეჯოდან თბილისში დავდივარ სამუშაოდ,“ – გვიყვება სოციალური აგენტი თეა ნარიმანიშვილი, რომელმაც ფეისბუქპოსტში 80-ლარიანი დანამატის გარდა არაერთ სხვა პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იმაზე, რომ სოცაგენტებს უვადო ხელშეკრულებას არ უფორმებენ.
ფეისბუქპოსტში სოცაგენტი ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით მიმართავს:
„ფაქტია, რომ ყოველი თვის ბოლოს შიშით ველოდებით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას. გთხოვთ, ჩაერიოთ, დაგვეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში, რათა დავიბრუნოთ საკუთარი თავისა და დამსაქმებლის მიმართ დაკარგული ნდობა და პატივისცემა… სოცაგენტების გაღატაკება თქვენი სოციალური პოლიტიკის ნაწილია?“
მიიღო თუ არა პასუხი სოციალურმა აგენტმა ფეისბუქში დასმულ კითხვაზე?
„აბსოლუტურად არანაირი გამოხმაურება არ მქონია დამსაქმებლის მხრიდან. ალბათ, თვითონაც ჩათვალეს, რომ ძალიან სამართლიანი იყო, რაც დავწერე…“ – გვითხრა თეა ნარიმანიშვილმა.
სოცაგენტის თქმით, პანდემიამდე თვეში დაახლოებით 600, 700, 800 ლარს იღებდა. ამ თანხით ოჯახის შენახვა უჭირდა, თუმცა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. სოცაგენტი დასძენს იმასაც, რომ ამ სამსახურში თავისუფალი გრაფიკი აქვს და მისი გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს ან დაასრულებს სამუშაო დღეს. თეა ნარიმანიშვილის თქმით, სოცაგენტები პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაუცველები დარჩნენ – 160 ლარის ამარა.
„აქამდე კუჭზე გვქონდა შემოჭერილი ქამრები, ახლა კისერზე… სხვა რა გითხრათ?
რომ გავიდე სამუშაოდ, რით ვიმოძრაო? ადრეც იყო პრობლემა, პანდემიამდე. ვიცი, მაგალითად, აჭარის მაღალმთიან სოფლებში როგორი პრობლემაც იყო: სოფელში რომ ორი ან სამი ოჯახია გადასამოწმებელი, ადიხარ და უკან ვეღარ ბრუნდები, სამარშრუტო ტაქსი უკან აღარ ბრუნდება, ან მეორე დღეს მოდის….
ჩვენ შეღავათი გვაქს ავტობუსით გადაადგილებაზე – ჩვენი ბენეფიციარები 10 თეთრს იხდიან, ჩვენ – 20 თეთრს. თითქოს, ჩვენ მდიდრები ვართ.
საგარეჯოდან თბილისში ჩამოსვლამდე ყოველდღე ერთი გზა ორლარ-ნახევარია. პლუს დღეში ერთ ცალ ხაჭაპურსაც თუ შევჭამ, 10 ლარზე ავდივარ,“ – გვითხრა თეა ნარიმანიშვილმა.
„ბათუმელებთან“ საუბრის დროს სოციალურმა აგენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქულებს ხშირად ხარვეზით ანიჭებენ. სოცაგენტი ამბობს, რომ მათი როლი მინიმალურია და მხოლოდ მონაცემები შეჰყავთ, სარეიტინგო ქულას კი პროგრამა ფორმულის მიხედვით ანიჭებს ამა თუ იმ ოჯახს. აგენტის თქმით, მათ აქვთ კონკრეტული მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ შეიძლება იკლოს უზუსტობებმა და მოსახლეობაში უსამართლობის განცდამ, თუმცა აგენტებისთვის ამ დრომდე მთავრობაში არავის მოუსმენია.
„…ჩვენ რა დავინახეთ საკუთარი თვალით, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, შემდეგ კი, ჩვენ ვიღებთ საყვედურებს ხალხისგან… ჩვენი მუშაობის პრაქტიკაში ასე ხდება: როცა ცვლილებებს გეგმავენ, შეგვკრებენ და გვეტყვიან, რომ ეს ასე გადაწყვიტეს და ასე უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ ვმონაწილეობთ არაფერში,“ – ამბობს თეა ნარიმანიშვილი.
რატომ ხდება ასე? – ვკითხეთ სოციალურ აგენტს.
„არ ვიცი, პასუხი არ მაქვს ამაზე. ჩვენ პატარა ხალხი ვართ და ალბათ ამიტომ,“ – გვიპასუხა მან.
რატომ არ უფორმებენ სოციალურ აგენტებს უვადო ხელშეკრულებას და როგორ წარმოუდგენია აგენტს ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად?
„ჩემი შეფასება ცუდად გამოჩნდება, არ ვიცი, დაშინებული კადრი აწყობთ ალბათ, მორჩილი, ხმის ამოღების უფლება რომ წართმეული აქვს…. შეიძლება, რაღაც ლოგიკური ახსნა ჰქონდეს დამსაქმებელს, როცა ასე ყოველთვიურად ბრძანებით ხდება ჩვენი ხელშეკრულების განახლება, თუმცა ეს ჩვენთვის არავის აუხსნია. შრომის კოდექსის მე-6 მუხლში მე ეს ახსნა ვერ ვიპოვე. იქ წერია, რომ 30 თვის განმავლობაში უწყვეტად მუშაობის შემთხვევაში, უნდა დაიდოს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ამიტომაცაა, რომ რთულ სიტუაციაში სოციალურ აგენტებს ხმის ამოღების ეშინიათ… არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მოულოდნელად შეუწყვეტიათ ხელშეკრულება და გაუშვიათ სამსახურიდან.
ჩვენ მართლა გვჭირდება დახმარება. მე უკვე 14 წელია აქ ვმუშაობ და არაფერი შეცვლილა. ალბათ, ამოქმედდება ჩემთვისაც 37-ე მუხლი და ჩემი შვილები გაიხარებენ – სახლში დედა ეყოლებათ“, – დაასრულა სოციალურმა აგენტმა თეა ნარიმანიშვილმა.
გასული წლის მონაცემებით, სოციალური სააგენტოს დირექტორის ხელფასი 5116 ლარია.
მოსკოვის საავადმყოფოში COVID19-ით გარდაიცვალა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური კორპორაციის (РКК) გენერალური კონსტრუქტორი ევგენი მიკრინი. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (РАН) პრეზიდენტის, ალექსანდრე სერგეევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიკრინი, რომელიც ასევე იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, გარდაიცვალა 5 მაისს, 65 წლის ასაკში.
ევგენი მიკრინი იყო სარაკეტო-კოსმოსურ კორპორაცია (РКК) „ენერგიაში“ გენერალური კონსტრუქტორი, სწორედ ის იყო პასუხისმგებელი პილოტურ პროგრამებზე. მიკრინი “ენერგიაში” 1981 წლიდან მუშაობდა.
მას კორონავირუსი აღმოაჩნდა კოსმოდრომ ბაიკონურიდან დაბრუნების შემდეგ, საიდანაც 9 აპრილს, კოსმოსში გაიგზავნა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მორიგი ეკიპაჟი. თუმცა მაშინ “ენერგიას” კომენტარი არ გაუკეთებია მიკრინის დაავადების შესახებ – წერს currenttime.
დამსაქმებლები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, ვერ ახერხებენ იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციების გადაგზავნას, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ეკუთვნით.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მათ ამის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემათ. შესაბამისი ფორმა სატესტო რეჟიმშია და ის შემოსავლების გვერდზე მალე ჩაეშვება.
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ გუშინ, 4 მაისს, დაამტკიცა. სწორედ ეს პროგრამა მოიცავს მოქალაქეების დახმარების იმ პაკეტებს, რომლებიც მთავრობამ 24 აპრილს დააანონსა.
ამ პროგრამით, როგორც დაანონსებული იყო, თვეში 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას [6 თვის განმავლობაში] მიიღებს ის დასაქმებული, რომელიც მუშაობდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს.
ამ კატეგორიის დაქირავებულებმა კომპენსაცია რომ მიიღონ, ყოველი თვის 15 რიცხვამდე, მათ შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი წარადგენს გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
დამსაქმებელი ამ ინფორმაციას აღნიშნული გვერდიდან წარადგენს შესაბამისად დადგენილი ფორმით. ასეთი ფორმა ახალი პროგრამით დამტკიცდა, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის რომ გადამხდელის პირად გვერდზე ცალკე გრაფაში [ან ტექნიკურად სხვა ფორმით] გამოჩნდეს, მიმდინარეობს მუშაობა. შესაძლოა ის შემოსავლების სამსახურის მთავარ გვერდზეც გამოჩნდეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ დამსაქმებლებს საშუალება, გადააგზავნონ იმ პირების მონაცემები, რომლებსაც ეკუთვნით კომპენსაცია. ჩვენივე ინფორმაციით, ეს უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.
აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:
დამქირავებელი, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ პირობებს. ინფორმაციაში აღინიშნება:
დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);
ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge/;
სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამისი ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20 რიცხვისა;
დამქირავებელი უფლებამოსილია, განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით;
დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;
კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, დანართში მითითებული პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა.
[/toggle]
ეს ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს დამსაქმებელმა, შემოსავლების გვერდზე მაქსიმუმ 2-3 დღეში ჩაეშვება
თითოეული დელფინი აფალინა [აფალინა ძუძუმწოვარია დელფინისებრთა ოჯახიდან] უნიკალური სტვენით გამოირჩევა. მკვლევარები აფალინების ერთმანეთისგან განსხვავებულ ხმებს უსმენენ, რათა მათზე დაკვირვებისა და აღრიცხვის მეთოდები გააუმჯობესონ – წერს ევრონიუსი. დელფინის ეს სახეობა შავ ზღვაშიც ბინადრობს.
„ევრონიუსი“ წერს, რომ კვლევის ფარგლებში მიმდინარეობდა დასავლეთ ავსტრალიაში, მდინარე სუონში მცხოვრები აფალინების მონიტორინგი, რათა დაედგინათ, ესადაგება თუ არა თითოეული უნიკალური სტვენა ცალკეულ დელფინს.
„დელფინები სოციალური ქმნილებები არიან და ძალიან ხშირად ვხედავთ მათ ჯგუფებად, რაც ართულებს სტვენის შეთანხმების პროცესს ცალკეული ინდივიდებისთვის,”- ამბობს პროფესორი კრისტინ ერბი.
ხელის ჰიდროფონების გამოყენებით, 1.5 მეტრის სიღრმეზე მკვლევარებმა შეძლეს მოესმინათ დელფინების კომუნიკაცია მაღალ სიხშირეზე.
პროფესორი კრისტინ ერბი ამბობს, რომ თითოეული დელფინისთვის სტვენა სახელივითაა.
კვლევა ეფუძნებოდა ბოლო წლების კვლევითი მოგზაურობის მონაცემებს. შედეგები მიღებულ იქნა ორი დამოუკიდებელი კვლევის გადამუშავებული მონაცემების შეჯერებით: ერთი – ე.წ. ფოტოპირადობის მოწმობის კვლევა, მეორე კი – წყალქვეშა ბგერის კვლევა.
„ჩვენ დეტალურად ვეძებეთ მონაცემთა ბაზაში ის დღეები, როდესაც ერთდროულად გვქონდა მოპოვებული დელფინების ფოტომასალა და წყალქვეშა ჩანაწერები. ჩვენი შემდეგი მიზანი იქნება მივუსადაგოთ ერთმანეთს ფოტო და აუდიომონაცემები თითოეული ინდივიდისთვის,“ – ამბობს კრისტიან ერბი.
კომერციული თევზაობისას ბადეებისა და სხვა სათევზაო მოწყობილობების გარდა დელფინებს ყოველდღიურად აზიანებს საზღვაო ტრანსპორტის მიერ გამოწვეული წყალქვეშა ხმაური, სამხედრო მოქმედებები, ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძურება და სხვა ფაქტორები.
დენი გროუზი, ვეშაპისა და დელფინის შენარჩუნების Whale and Dolphin Conservation (WDC) საქველმოქმედო ფონდის სპიკერი ამბობს, რომ „ახლა კარგი დროა ველური ვეშაპისთვის ან დელფინისთვის ოკეანეში საცურაოდ. სანამ ჩვენ ჩაკეტილები ვართ, ისინი იბრუნებენ თავიანთ ტერიტორიებს“.
შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა 2016 წელს პროექტ EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარდა. კვლევამოიცავდა ზღვის ძუძუმწოვრებზე დაკვირვებას და შავი ზღვის დელფინების ფოტოკატალოგის შედგენასაც.
„დელფინის ზურგის ფარფლზე არსებული ღარები და ნაჭდევები, მათი ფორმა და მოყვანილობა, ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, ამიტომ მათი ერთხელ დაფიქსირებით შესაძლებელია მომავალშიც ამოიცნოთ დელფინი,” – განმარტავდა მაშინ იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.
___________________
დელფინები შავ ზღვაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ბოლო 24 საათში რუსეთში COVID19-ით ინფიცირების 10 102 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 95 ადამიანი. რუსეთმა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალში მერვედან მე-7 ადგილზე აინაცვლა.
ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა რუსეთში 155 370-ია. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში [5714].
ეპიდემიის დაწყებიდან COVID19-ით რუსეთში დაიღუპა 1451, გამოჯანმრთელდა 1770 ადამიანი.
რუსული გამოცემა„დოჟდი“ წერს, რომ რუსეთში მესამე დღეა ზედიზედ ფიქსირდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი შემთხვევა.
დღეს, 5 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, მირდატ ქამადაძემ, ბათუმის მერიის წინ პოლიტიკური პერფორმანსი გამართა. მერიის შესასვლელ კარებთან სხვადასხვა სამუშაოს ატრიბუტიკა გამოფინა. მისი განცხადებით, ენმ-ს წევრები მერიას საგანგებო სხდომის ჩანიშვნას და ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას სთხოვენ.
„აქ წარმოდგენილი ნივთები სიმბოლურად ასახავს იმ პროფესიის ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს და დღემდე ელოდებიან ანტიკრიზისულ გეგმას. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან შეკრება არ შეიძლება, ეს ადამიანები სხედან სახლში და ელოდებიან დახმარებას.
გვაინტერესებს, როდის წარმოადგენს მერია ანტიკრიზისულ გეგმას, მაგალითად, რაში დაიხარჯება „ბათუმობის“ ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც წელს ამ ღონისძიებაში ვეღარ დაიხარჯება. ასევე, აპირებს თუ არა მერია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რომლის გადასახადებსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს. ასევე, აპირებს თუ არა იმ მცირე და საშუალო მეწარმებიისთვის საიჯარო გადასახადის გადახედვას და შეღავათების გაწევას, რომელი მეწარმეებიც ფლობენ მერიის საკუთრებაში არსებულ ქონებას იჯარით“, – ამბობს მირდატ ქამადაძე.
მისი თქმით, თუ საკრებულოს თავმჯდომარე მათ განცხადებას რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში არ განიხილავს და არ მოიწვევს სხდომას, ოპოზიციის წევრები მაინც შეიკრიბებიან.
„ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პარასკევამდე არ ჩაინიშნება სხდომა, ჩვენი ფრაქცია პარასკევს მაინც მოვა საკრებულოში. ვნახოთ, ვინ შემოგვიერთდება უმრავლესობიდან და ვინ არის დაინტერესებული მოქალაქეების ბედით და ანტიკრიზისული გეგმით“, – ამბობს ქამადაძე.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, StopCov ფონდში, 5 მაისის მდგომარეობით, 129 მილიონ 683 ათას 782 ლარია ჩარიცხული და ამ ფონდიდან თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა.
„ამ თანხის ხარჯვა ჯერ დაწყებული არ არის. ეს თანხა სახელმწიფო ხაზინაშია, StopCov ფონდის ანგარიშზე, როგორც სახელმწიფო შემოსავლები. ხარჯვას რაც შეეხება, ის კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურებით მოხდება“, – გვითხრეს ბიზნესომბუდსმენის აპარატში.
StopCov ფონდი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიქმნა.
პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. კითხვაზე, რა მიმართულებებზე დაიხარჯება ფონდში აკუმულირებული თანხები, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ფული მოხმარდება მოქალაქეების ინტერესებს და COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სამანქანე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
არსებული გზები ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ.
ამჯერად საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ადგილობრივები რეაბილიტირებული გზებით შეუფერხებლად ისარგებლებენ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში – ქედა, შუახევი, ხულო, 25 მიმართულებით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს.
ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე დაესწრნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლატვიის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ასევე, დ.გ. სისტემატურად მიდიოდა ო.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში და მასთან ამყარებდა ვერბალურ კომუნიკაციას, რითაც იგი არღვევდა მეუღლის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს“ – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 7 მაისს ღამით და დილით მოსალოდნელია ელვა-ჭექა და წვიმა, ღამით – ზოგან ძლიერი, დღისით – უმეტესად უნალექოდ. მომდევნო 2 დღეს, 8-9 მაისს, ასევე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 140 პირისგან აღებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია, ახალი კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ აღმოაჩნდა.
დღეს, 5 მაისს, მეხუთე დღეა, რაც აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ბოლო შემთხვევა 30 აპრილს გამოვლინდადა იგი ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.
ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ 21 პაციენტს მკურნალობენ Covid19-ზე.
5 მაისის მონაცემებით [10:43], საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი, გარდაიცვალა – 9. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 500 პირი, კარანტინის რეჟიმში – 4887.
„…50 ლარი აქვს გადასახდელი ჩემს ოჯახს, საიდან უნდა გადავიხადო? ჩემი პენსია, როგორც ომის ვეტერანის, 22 ლარია…“ – ამბობს ლევან კეკელიძე. ის ბათუმში, ქიქავას 11-ში ცხოვრობს და კიდევ 51 ოჯახის მსგავსად დღეს დილით შუქი გამოურთეს. ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში 2012 წელს თვითნებურად შესახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ვინაიდან ისინი მესაკუთრეები არ არიან, არც აბონენტებად არიან რეგისტრირებული. შესაბამისად, აქ კოლექტიური მრიცხველია და ამ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს მთავრობის მიერ კომუნალურ გადასახადებზე პანდემიის დროს დაწესებული შეღავათით.
„18 წლის ვიყავი, როცა ჯარი მიწევდა და საკონტრაქტოსაც დავთანხმდი… მეორე წელს ქვეყანაში ომი დაიწყო. ჩვენ კოდორის ხეობაში წაგვიყვანეს. მაგ პერიოდის გახსენება არ მინდა, ახლაც მიჭირს…
ომის შემდეგაც საკონტრაქტოზე დავრჩი და ავღანეთში წამიყვანეს. სამშვიდობო მისიააო, მაგრამ თავს გვესხმოდნენ… აქედან ვინც წავედით, უკან ორი ვეღარ დაბრუნდა, ზოგიერთი დაბრუნდა, მაგრამ თავისი ფეხით ვეღარ დადიოდა… ეს 2010 წელი იყო. ავღანეთის შემდეგ კონტრაქტის შეწყვეტა გადავწყვიტე.
ახლა შავი მუშა ვარ – ხან სად ვმუშაობ, ხან – სად. ძირითადად მოხელეებს ვეხმარები… თურქეთშიც ვიყავი ორჯერ თხილის საკრეფად, მაგრამ ვერ გავუძელი და უკან დავბრუნდი. 2013 წელს ცოლი მოვიყვანე. ორი შვილი გვყავს. უფროსი უკვე სასკოლოა,“ – გვიყვება ლევან კეკელიძე.
ლევანი, როგორც აგვისტოს ომის მონაწილე, 22-ლარიან პენსიას ყოველთვიურად იღებს. ბათუმის მერია მას ასევე უფინანსებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობას და თხევადი გაზის ტალონს აძლევს. ლევანის ოჯახში ასევე არიან მისი მოხუცი მშობლები, და, ძმა და რძალი.
ლევან კეკელიძის ოჯახი, როგორც ეკომიგრანტი, ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძეს ჩაუსახლებია დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანში, თუმცა ლევანი ამბობს, რომ ფიროსმანში სახლი მათ საკუთრებაში არ გადასცეს. ასევე, ოჯახს თავის გატანა უჭირდა.
2012 წელს, აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახიც, ბევრი სხვა ეკომიგრანტისა თუ სოციალურად დაუცველის მსგავსად, ბათუმში თვითშესახლებული გახდა.
„…მე იქ დავიბადე ფიროსმანში, სკოლაც იქ დავამთავრე და ჯარშიც იქედან წავედი… ეს ორი თვეა ვეღარ ვმუშაობთ ვერც ერთი. არ ვიცი, როგორ გაგვაქვს თავი, მაგრამ არც ის მინდა, ჩემს ქვეყანას კისერზე ჩამოვეკიდო,“ – დაასრულა ლევანმა.
მასალა გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა, როცა ლევან კეკელიძე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ დასახლებას შუქი ჩაურთეს. მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმდა, რომ დავალიანებას შემდეგ სამ თვეში გადაიხდიან.
____
მთავარი ფოტო: ლევან კეკელიძე საპროტესტო აქციაზე. დღეს, 4 მარტს, ლევან კეკელიძემ და მისმა მეზობლებმა ელექტროენერგიის ჩართვის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყება. ტრადიციულად, პროფესიული პროგრამებზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწყებოდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში უთხრეს, წელს მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზაფხულში დარეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდებს აგვისტოში ჩააბარებენ, სწავლა კი ოქტომბერში დაიწყება.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, განათლების სამინისტროში, ირინა წეროძე ამბობს, რომ წელს გარკვეულ პროფესიულ სასწავლებლებში პირველად დაინერგა ინტეგრირებული პროგრამა, რაც მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საშუალო განათლების ატესტატიც აიღონ. აჭარაში ინტეგრირებული პროგრამა დანერგილია ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში – „ახალი ტალღა.“
განათლების სამინისტროში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პროფესიულ განათლებაში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სერტიფიკატის აღებაც, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, როგორც ირინა წეროძე ამბობს, ამ ეტაპზე მხოლოდ CISCO-ს სერტიფიკატის მოპოვებაა შესაძლებელი და მხოლოდ ერთ – IT პროგრამაზე.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა, რადგან ჩვენთან აქამდე არ არსებობდა არანაირი რეგულაცია, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა გაგვეცა ორმაგი დიპლომი. როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი პროგრამები, სწორედ ამის დალაგება მიმდინარეობს ახლა.
შემდეგ როგორ დალაგდება ურთიერთობები, ვთქვათ, გერმანიის ან საქართველოს რომელიმე პროფესიულ სასწავლებელს შორის, ეს ამ ორ ინსტიტუციაზე იქნება დამოკიდებული. სასწავლებელში ჩარიცხვის წესს კი სახელმწიფო განსაზღვრავს“, – ამბობს ირინა წეროძე.
მისი თქმით, საერთაშორისო პროფესიულ პროგრამებზე სწავლის შემთხვევაში, სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობაც ექნებათ.
როგორც ირინა წეროძე ამბობს, რომელ პროფესიულ პროგრამებზე შეეძლებათ სტუდენდებს საერთაშორისო სერთიფიკატის აღება, ამის შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება რეგისტრაციის გავლის დროს.
„კონკრეტული კოლეჯის გვერდზე შეიძლება ვერ მოიძიოს აბიტურიენტმა ადვილად ეს ინფორმაცია, ამიტომ, რეგისტრაციის დროს ატვირთული იქნება კატალოგი, სადაც ჩამოიშლება ინფორმაცია, რომელ პროფესიულ სასწავლებელში, რომელ პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში შეიძლება მიიღოს საერთაშორისო სერტიფიკატი“, – ამბობს ირინა წეროძე.
ირინა წეროძის თქმით, 2020-2021 სასწავლო წლის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
“ახლა წყალი არ მოდის, სავარაუდოდ საღამოს მოვა რვისკენ. დღეს წვიმდა და ალბათ ისევ ამღვრეული იქნება,“ – ხულოში მცხოვრებ ლაშა ბოლქვაძეს აღარ უკვირს, როცა ონკანში ამღვრეული წყალი მოდის.
ლაშა ერთ-ერთია იმ აქტივისტთა შორის, ვინც ხულოს მერიას მუდმივად აკრიტიკებს და სთხოვს დაბისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება უზრუნველყოს.
„ორი კვირის წინ რამდენიმე დღე საერთოდ არ გვქონდა წყალი. არც აგვიხსნა არავინ, რატომ არ გვქონდა. არ არსებობს შეტყობინების სისტემა. არასდროს არ გვეუბნებიან, როდის მოვა, როდის წავა,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.
ასეთი ფერი აქვს წყალს, რომელიც ხულოში ონკანიდან მოდის
დაბა ხულოსა და ხულოს მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდების უზრუნველყოფას ხულოს მერიაში შექმნილი ა(ა)იპი ზედამხედველობს. ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე ამბობს, რომ დაბის მცხოვრებლებს წყალი ყოველდღე, გრაფიკით მიეწოდებათ. იმასაც აღიარებს, რომ „რამდენიმე დღის წინ „ერთდღიანი შეფერხება იყო“.
ხულოს მერის მოადგილის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავე ნაგებობაზე მომხდარი დაზიანება იყო. მერის მოადგილე ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ხანდახან ხულოს მცხოვრებთა ონკანებში ამღვრეული წყალი მოდის. მიზეზად თოვლის დნობას და წვიმას ასახელებს.
ხულოს წყალი ორი მონაკვეთიდან მიეწოდება. ერთი სათავე ნაგებობა სოფელ უჩხოშია, მეორე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ე.წ. მთა საჯოგიას ფერდზე.
„გაზაფხულზე, დიდი წვიმის ან ღვარცოფის დროს ამ წყლის გაფილტვრა ფიზიკურად შეუძლებელია. ვერცერთი ტექნოლოგია ამას ვერ გაფილტრავს. უნდა გადააგდო მდინარეში და როცა გაიწმინდება, შემდეგ გაუშვა რეზერვუარში. იმდენად წვრილმარცვლოვანია ეს სიმღვრივე, რომ დადო წყლით სავსე დოქი, ორი დღის განმავლობაში არ გაიფილტრება, ოდნავ ნალექს გაიკეთებს. როდესაც მღვრიე წყალი მოდის, რაღაც მომენტში მოსახლეობისთვის მისი მიწოდება გვიწევს,“ – ასე ხსნის მღვრიე წყლის პრობლემას მერის მოადგილე.
მისივე თქმით, ახლა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მოწესრიგებაზე „აჭარის წყლის ალიანსი“ მუშაობს. ხულოში გადაწყვეტილია, რამდენიმე ათასტონიანი რეზერვუარის აშენება. „ამ რეზერვუარში წყალი დაგროვდება, იმ მოცულობით და იმ მარაგით, რომ 4-5 დღის განმავლობაში, როცა სათავეში წყალი აიმღვრევა, ამ რეზერვუარიდან მიეწოდება წყალი მოსახლეობას,“ – ამბობს ნადიმ ვასაძე.
5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.
5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს, 4 მაისს, განაცხადა.
ქალაქების გახსნის მიუხედავად, ძალაში რჩება კომენდანტის საათი ანუ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
ასევე, ძალაში რჩება რეკომენდაციები და წესები, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილებას შეეხება. მაგალითად, აკრძალულია, მძღოლის ჩათვლით 3 პირზე მეტის ყოფნა მსუბუქ ავტომანქანაში. ამასთან, მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.
ამ წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება.
რუსთავსა და თბილისში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კი კვლავ ძალაშია.
როგორები იყვნენ როკვარსკვლავები ბავშვობაში? მიკ ჯაგერს გაარჩევდით ბავშვობის ფოტოზე სტივ ტაილერისგან? ჯონი როტენი ბავშვობაშიც ისეთივე გიჟი იყო როგორც მერე, ლონდონის სარდაფების სცენაზე ატრიალებდა თვალებს? თურმე სულაც არა. გახამებული პერანგი ეცვა და ჰალსტუხიც ეკეთა. დანარჩენები როგორები იყვნენ? როგორები და ასეთები:
მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იგი ბევრჯერ დაადანაშაულესგადაწყვეტილების დაგვიანებით მიღებაში. რა პასუხი აქვს ჯანმოს ამ ბრალდებაზე, ამის შესახებ ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა და ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრეს.
ჯანმოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა 22 და 23 იანვარს გაიმართა, მაგრამ კომიტეტი ვერ შეჯერდა გადაწყვეტილებაზე და ხმები გაიყო, რადგან კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ გლობალური განგაშის გამოსაცხადებლად საკმარისი ინფორმაცია და მტკიცებულება არ ჰქონდათ, რისთვისაც შესთავაზეს ჯანმოს გენერალურ დირექტორს, მოეგროვებინა დამატებითი ინფორმაცია და რამდენიმე დღეში დაბრუნებოდნენ საკითხის განხილვას.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი დარგების დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. როგორც ბრიფინგზე ითქვა, კომიტეტი არ იღებს გადაწყვეტილებას განგაშის გამოცხადების შესახებ, მას არსებული მონაცემების საფუძველზე გამოაქვს რეკომენდაცია ჯანმოსა და მისი გენერალური დირექტორისთვის.
ამავდროულად, ჩინეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 20 იანვრისთვის დაადასტურა, რომ ახალი, ამ დრომდე უცნობი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა; 22 იანვრის მონაცემებით კორონავირუსი ჩინეთში ლაბორატორიულად 440-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ასევე, გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. ამ დროისათვის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ყველა ინფიცირებული ამ ქვეყნებში ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა; უკვე 23 იანვარს ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი – 500-ს გადააჭარბა.
„მინდა აღვნიშნო, რომ 30 იანვრამდე, 22 და 23 იანვარს შორისაც კი, არ დაგვიკარგავს არანაირი დრო. ჩვენ დაუყოვნებლივ გავემგზავრეთ პეკინში, რათა გაგვეგო ქვეყნის მთავრობისგან და ჩვენით გვენახა, რა სიტუაცია იყო ჩინეთში. ამას ვაკეთებდით იმ 5 დღეში, რაც გვქონდა. სწორედ ამ დროს შევთანხმდით ჩინეთთან, რომ გაგვეგზავნა საერთაშორისო ექსპერტები ( იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, აშშ-დან, სინგაპურიდან, რუსეთიდან, ნიგერიიდან და სხვა ქვეყნებიდან) ჩინეთში, რომლებიც დახმარებოდნენ ჩინელ სპეციალისტებს და შეამოწმებდნენ სიტუაციას. ეს მოლაპარაკება და შეთანხმება დიდი მიღწევა იყო, რომელსაც ჩინეთი დათანხმდა და გამოაცხადეს ღიაობა საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობისთვის“ – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.
30 იანვარს გამართულ კომიტეტის მორიგ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მოგროვებული მონაცემები საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინათ.
ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი ამბობს, რომ 30 იანვარს ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჩინეთის საზღვრებს მიღმა იყო მხოლოდ 82 და არ იყო არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა.
„ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. მე, ჩემს კოლეგებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო კომიტეტს გვჯერა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგებო სიტუაციის გამოცხადება 30 იანვარს იყო დროული და იძლეოდა საკმარის დროს იმისთვის, რომ დანარჩენ მსოფლიოს მიეღო საპასუხო ზომები, რადგან ჩვენ იმ დროს გვქონდა მხოლოდ 82 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება (ჩინეთის საზღვრებს გარეთ)” – თქვა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ბრიფინგზე.
ჯანმოს მიმართ სხვა ეპიდაფეთქებების დროსაც ყოფილა კრიტიკა, როცა ორგანიზაციამ დაგვიანებით გამოაცხადა განგაში, მაგალითად ებოლას შემთხვევაში, თუმცა ჯანმო დაუდანაშაულებიათ განგაშის ნაადრევად გამოცხადებაშიც, მაგალითად 2009 წელს, H1N1-ის პანდემიისას. ამის შესახებ ისაუბრა სპეციალურ ვიდეოჩართვაში ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანგმა პროფესორი დიდიე უსენმა.
„კომიტეტი შეიკრიბა 22-23 იანვარს, როცა ჩინეთის საზღვრებს მიღმა სულ 4 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ჩვენ ფრანგულში გვაქვს გამონათქვამი Lucidité à posteriori, რაც ნიშნავს, რომ დავალება მარტივია, მაგრამ რთულია წინასწარ განჭვრიტო ზუსტად რა მოხდება, ასე რომ ვფიქრობ, განცხადება გაკეთდა დროულად” – განაცხადა დიდიე უსენმა ჯანმოს მიმართ კრიტიკის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმო რამდენჯერმე დაადანაშაულა ჩინეთზე ორიენტირებულობაში და იმაში, რომ მათ განგაში პანდემიასთან დაკავშირებით დააგვიანეს, რის გამოც ჯანმოს დაფინანსება შეუჩერა.
„შუქის ფული ვერ გადავიხადეთ და შუქის გარეშე დაგვტოვეს, ყველას გაუკეთეს შეღავათი, ჩვენ არა… აქ ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები, ომის ვეტერანები,“ – გვითხრეს ბათუმში, ქიქავას 11-ში საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ადამიანებმა. 52 ოჯახი ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად 2012 წლიდან ცხოვრობს.
ეს ადამიანები მესაკუთრეები არ არიან და ვერც აბონენტებად დარეგისტრირდნენ – „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამხანაგობას აწვდის ელექტროენერგიას და საერთო მრიცხველით დაფიქსირებულ გადასახადს ეს ოჯახები შემდეგ აგროვებენ.
„ჩვენ გვაქვს ცალ-ცალკე მრიცხველიც, მაგრამ მაგას არავი არ ამოწმებს… ახლა რომ შეღავათი დაწესდა, მაგით ვერ ვსარგებლობთ, რადგან ჩვენ კომერციული დენი მოგვეწოდება და კოლექტიურად ვიხდით გადასახადს. აქ ვინც ცხოვრობს, ყველა თვითდასაქმებულია, სეზონურად მუშაობდა, ჩაის კრეფდა. ახლა საიდან უნდა გადავიხადოთ ეს ფული? ყველა უმუშევარია. მეც ბინის რემონტზე ვმუშაობდი, ახლა გაჩერებულია ყველაფერი,“ – გვიყვება ქიქავას 11-ში მცხოვრები ტრისტან კეკელიძე.
უშუქოდ დარჩა ომის ვეტერანი ლევან კეკელიძეც. იგი 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის მონაწილეა.
„შეღავათი მაქვს მხოლოდ გაზის ტალონებზე და ავტობუსით გადაადგილებაზე, მეტი არაფერი… მეც ბინის რემონტზე ვმუშაობდი, რასაც ახლა ვერც დავადასტურებ. როგორც თვითდასაქმებული ამ ანაზღაურებასაც ვერ მივიღებ,“ – გვითხრა ლევან კეკელიძემ.
საპროტესტო აქციის შემდეგ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას გამართავენ და ოჯახებს დავალიანების გადახდის გადანაწილებას შესთავაზებენ.
„თავის დროზე ჩვენი კეთილი ნება იყო ის, რომ შეიქმნა ამხანაგობა და ამ ამხანაგობას მიეწოდება ელექტროენერგია, შიდა გაყვანილობა ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელი არ არის და ჩვენ ვერ შევისწავლით, ვინ რამდენი ელექტროენერგია მოიხმარა. ჩვენ კეთილი ნება გამოვიჩინეთ მაშინაც, როცა თებერვალსა და მარტში დავალიანების გადაუხდელობის გამო მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ შეგვიწყვეტია… ამ დაგროვილი დავალიანების გადანაწილება დაახლოებით სამ თვეზე შეიძლება, რომ ერთიანად არ დააწვეთ, ეს მოლაპარაკების საგანია,“ – გვითხრა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ავთანდილ დვალიშვილმა.