ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის შეძლებთ იმ თანამშრომელთა მონაცემების გადაგზავნას, ვისაც კომპენსაცია – 200 ლარი ერგება

05.05.2020 • 2490
როდის შეძლებთ იმ თანამშრომელთა მონაცემების გადაგზავნას, ვისაც კომპენსაცია – 200 ლარი ერგება

დამსაქმებლები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, ვერ ახერხებენ იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციების გადაგზავნას, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ეკუთვნით.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მათ ამის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემათ. შესაბამისი ფორმა სატესტო რეჟიმშია და ის შემოსავლების გვერდზე მალე ჩაეშვება.

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ გუშინ, 4 მაისს, დაამტკიცა. სწორედ ეს პროგრამა მოიცავს მოქალაქეების დახმარების იმ პაკეტებს, რომლებიც მთავრობამ 24 აპრილს დააანონსა.

ამ პროგრამით, როგორც დაანონსებული იყო, თვეში 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას [6 თვის განმავლობაში] მიიღებს ის დასაქმებული, რომელიც მუშაობდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს.

ამ კატეგორიის დაქირავებულებმა კომპენსაცია რომ მიიღონ, ყოველი თვის 15 რიცხვამდე, მათ შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი წარადგენს გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

დამსაქმებელი ამ ინფორმაციას აღნიშნული გვერდიდან წარადგენს შესაბამისად დადგენილი ფორმით. ასეთი ფორმა ახალი პროგრამით დამტკიცდა, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის რომ გადამხდელის პირად გვერდზე ცალკე გრაფაში [ან ტექნიკურად სხვა ფორმით] გამოჩნდეს, მიმდინარეობს მუშაობა. შესაძლოა ის შემოსავლების სამსახურის მთავარ გვერდზეც გამოჩნდეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ დამსაქმებლებს საშუალება, გადააგზავნონ იმ პირების მონაცემები, რომლებსაც ეკუთვნით კომპენსაცია. ჩვენივე ინფორმაციით, ეს უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.

ეს ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს დამსაქმებელმა, შემოსავლების გვერდზე მაქსიმუმ 2-3 დღეში ჩაეშვება

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში მიიღებს 300 ლარს ის, ვინც ბინას დღიურად აქირავებდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: