მთავარი,სიახლეები

ხულოში წყალს გრაფიკით იღებენ – როცა პანდემიის დროს წყალი არ გაქვს

04.05.2020
ხულოში წყალს გრაფიკით იღებენ – როცა პანდემიის დროს წყალი არ გაქვს

“ახლა წყალი არ მოდის, სავარაუდოდ საღამოს მოვა რვისკენ. დღეს წვიმდა და ალბათ ისევ ამღვრეული იქნება,“ –  ხულოში მცხოვრებ ლაშა ბოლქვაძეს აღარ უკვირს, როცა ონკანში ამღვრეული წყალი მოდის.

ლაშა ერთ-ერთია იმ აქტივისტთა შორის, ვინც ხულოს მერიას მუდმივად აკრიტიკებს და სთხოვს დაბისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება უზრუნველყოს.

„ორი კვირის წინ რამდენიმე დღე საერთოდ არ გვქონდა წყალი. არც აგვიხსნა არავინ, რატომ არ გვქონდა. არ არსებობს შეტყობინების სისტემა. არასდროს არ გვეუბნებიან, როდის მოვა, როდის წავა,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

ასეთი ფერი აქვს წყალს, რომელიც ხულოში ონკანიდან მოდის

დაბა ხულოსა და ხულოს მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდების უზრუნველყოფას ხულოს მერიაში შექმნილი ა(ა)იპი ზედამხედველობს. ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე ამბობს, რომ დაბის მცხოვრებლებს წყალი ყოველდღე, გრაფიკით მიეწოდებათ. იმასაც აღიარებს, რომ „რამდენიმე დღის წინ „ერთდღიანი შეფერხება იყო“.

ხულოს მერის მოადგილის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავე ნაგებობაზე მომხდარი დაზიანება იყო. მერის მოადგილე ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ხანდახან ხულოს მცხოვრებთა ონკანებში ამღვრეული წყალი მოდის. მიზეზად თოვლის დნობას და წვიმას ასახელებს.

ხულოს წყალი ორი მონაკვეთიდან მიეწოდება. ერთი სათავე ნაგებობა სოფელ უჩხოშია, მეორე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ე.წ. მთა საჯოგიას ფერდზე.

„გაზაფხულზე, დიდი წვიმის ან ღვარცოფის დროს ამ წყლის გაფილტვრა ფიზიკურად შეუძლებელია. ვერცერთი ტექნოლოგია ამას ვერ გაფილტრავს. უნდა გადააგდო მდინარეში და როცა გაიწმინდება, შემდეგ გაუშვა რეზერვუარში. იმდენად წვრილმარცვლოვანია ეს სიმღვრივე, რომ დადო წყლით სავსე დოქი, ორი დღის განმავლობაში არ გაიფილტრება, ოდნავ ნალექს გაიკეთებს. როდესაც მღვრიე წყალი მოდის, რაღაც მომენტში მოსახლეობისთვის მისი მიწოდება გვიწევს,“ – ასე ხსნის მღვრიე წყლის პრობლემას მერის მოადგილე.

მისივე თქმით, ახლა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მოწესრიგებაზე „აჭარის წყლის ალიანსი“ მუშაობს. ხულოში გადაწყვეტილია, რამდენიმე ათასტონიანი რეზერვუარის აშენება. „ამ რეზერვუარში წყალი დაგროვდება, იმ მოცულობით და იმ მარაგით, რომ 4-5 დღის განმავლობაში, როცა სათავეში წყალი აიმღვრევა, ამ რეზერვუარიდან მიეწოდება წყალი მოსახლეობას,“ – ამბობს ნადიმ ვასაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: