მთავარი,სიახლეები

როცა პატარა სახლში ცხოვრობ და ირგვლივ მაღალი კორპუსები ააშენეს

05.05.2020 • 2905
როცა პატარა სახლში ცხოვრობ და ირგვლივ მაღალი კორპუსები ააშენეს

„შევიცვალეთ, უფრო ამაყები გავხდით, პირდაპირ კი არა, მაღლა ვუყურებთ, ან პირდაპირ მაღლა, მარჯვნივ მაღლა, მარცხნივ მაღლა, სანახავი არაფერია, უბრალოდ ისე მექანიკურად – გეხუმრეთ და მეტს ვერაფერს გეტყვით, არ ჩამწეროთ და არც გადამიღოთ“, – გვითხრა ერთ-ერთი პატარა სახლის ეზოში ახალგაზრდა კაცმა და ეზო სწრაფად დატოვა, ჭიშკრიდან გასვლამდე კი დაამატა: „თუმცა ისინი მაღლიდან დაბლა გვიყურებენ“.

ერთსართულიანი დასახლების ირგვლივ, საიდაც მას გავესაუბრეთ, მაღალი სახლებია აშენებული.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა

ბათუმში უმეტესწილად აღარ მოსწონთ ცხოვრება იმ დაბალ სახლებში, რომელთა ირგვლივაც მაღალი, მრავალბინიანი კორპუსები ააშენეს. ბევრ ეზოში ინვესტორს ელიან, თავადაც მაღალ სართულებზე რომ აინაცვლონ, ბევრს კი ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ სურს, „მით უმეტეს ჟურნალისტებთან“.

არიან ისეთებიც, ვინც გამწვანებულ ეზოს და შეჩვეულ სახლს ვერ ელევა. „როგორ გავყიდო, მამაჩემმა დამიტოვა“, – გვითხრა ასაკოვანმა კაცმა. გურამის [მან მხოლოდ სახელი გვითხრა] სახლის გვერდით, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიას მთელი კვარტალი უყიდია და უკვე შემოუღობია კიდეც მშენებლობის დასაწყებად. გურამი ამბობს, რომ კომპანიას მისი სახლის შესყიდვაც უნდოდა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა გაყიდვა:

„შვილი უცხოეთშია, მითხრა, მამა თუ არ გემეტება, ნუ გაყიდი, მაგის არ გვიჭირსო და არ გავყიდე. ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება არასწორად გავაკეთე, შეიძლება ჩემმა შვილებმა არც იცხოვრონ ამ სახლში“.

გურამს ორსართულიანი სახლი აქვს. პირველ სართულს კომერციულ ფართობებად აქირავებს, მეორე სართულზე კი თვითონ ცხოვრობს.

მაღლივი კედლების შუაში მოქცეულები უმეტესწილად ნესტს და უჰაერობას უჩივიან.

„დავიხრჩეთ, ჩვენ აქ ჩავლპით“, ნესტი და უჰაერობა მთავარი თემაა, რაზეც ყველა ეზოში ამახვილებენ ყურადღებას და ირწმუნებიან, რომ ისედაც ნესტიან ქალაქში, ირგვლივ მაღალი სახლების აშენების შემდეგ, მათი სახლების კედლები უფრო ხშირად სველდება.

„მოდით, შეხედეთ კედლებს, ხავსი მოედო, ვხეხავთ და ვრეცხავთ, თუმცა მაინც არაფერი იცვლება“, – გვიყვება ლალი ნარსია. ის გორგილაძის ქუჩაზე ერთსართულიან სახლში, ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრობს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, მაღალი სართულებიდან გადმოყრილი ნარჩენებია: „ზამთარში ვუძლებთ ხოლმე, ხან ერთი ალაგებს, ხან – მეორე. ზაფხულში საშინელებაა, რადგან მალე ფუჭდება და სუნი დგება. ვბრაზდებით, პირობას ვდებთ, რომ აღარ დავალაგებთ. რატომ უნდა ვალაგოთ ჩვენ მაგათი ჩამოყრილი ნაგავი? – მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ გვიწევს, სუნი გვაწუხებს“.

ბათუმი, ყაზბეგის ქუჩა

„გგონიათ მათ ჩვენ მოვწონვართ, ჩვენი სახლები მოსწონთ და ფაჯრებიდან რომ გადმოიხედავენ, ჩვენი სახლების დანახვა უნდათ? – განცხადება დაუწერიათ და მერიაში შეუტანიათ ეს უსახური სახლები დაანგრიეთ და აქ სკვერი გაგვიკეთეთო. უსახურიო – ჩვენ სად უნდა წავიდეთ ამაზე არ უფიქრიათ? – არ უნდათ ჩვენი ბარაკების დანახვა“, – გვითხრა ლამზირა კახიძემ.

ფარნავაზ მეფის #147

მაღალი სახლების აშენების შემდეგ პატარა სახლებისთვის კიდევ ერთი რამ შეიცვალა, ახლა მათი შესასვლელების ჭიშკრებზე გაჩნდა წარწერა – „აქ არ გააჩეროთ მანქანა“. მანქანის გასაჩერებელი ადგილი მაღალ და დაბალ სახლებში მცხოვრებლებს შორის მუდმივი დავის საგანია.

ბევრი მსგავსი სახლის მეპატრონემ გვითხრა, რომ თავადაც მიმართა მერიას ახლის ასაშენებლად, მაგრამ მერიამ ისეთი პარამეტრების შეთანხმებაზე, როგორც მათი სახლების გვერდით აშენდა, უარი უთხრა.

ბათუმში, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე მის გარეუბნებში, მშენებლები ახლის შენებას უმეტესწილად არსებულის ნგრევის ხარჯზე იწყებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა.

მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2019 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: