მთავარი,სიახლეები

12 მილიონი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში – ვინ რამდენი გაიღო პანდემიის დასამარცხებლად

26.03.2020 • 1727
12 მილიონი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში – ვინ რამდენი გაიღო პანდემიის დასამარცხებლად

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, 26 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით, 12 მილიონი ლარია აკუმულირებული. სპეციალური პლატფორმა StopCoV ფონდი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შექმნეს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ფონდში ანგარიშის გახსნიდან 72 საათში უკვე 9 მილიონი ლარი იყო შეგროვილი. ამ დროისთვის კი ანგარიშზე 12 მილიონ 500 000 ლარია და ეს თანხა ყოველდღიურად იზრდება.

ომბუდსმენის ინფორმაციით, #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ბიზნესომბუდსმენის ინფორმაციით, ფონდში თანხა შეიტანეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის ყველაზე მსხვილი შენატანი – 3 მილიონი ლარი  კომპანია „მაგთიკომს“ ეკუთვნის, შემდეგ მოდიან, „არ ემ ჯი“, „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ და  „სამედიცინო უნივერსიტეტი“  რომლებმაც ფონდში მილიონ-მილიონი ლარი ჩარიცხეს.

„მეტრო ჰოლდინგმა“ ფონდის ანგარიშზე – 500 ათასი ლარი ჩარიცხა. 

კომპანიებმა – „თელავის ღვინის მარანმა“, „რიკო ექსპრესმა“ „პე ეს პე ჯგუფმა“  და იმპორტიორმა კომპანიამ – „დაფნა“, 300-300 ათასი ლარი შესწირეს ფონდს.

კომპანიებმა – „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ და „ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრმა“ კი –  200 -200 ათასი ლარი შეიტანეს.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა და კავკასიის ავტოიმპორტმა 150 ათასი ლარია. 

 

გარდა ამისა, არიან კომპანიები, რომლებიც კორონავირუსისგან მიღებული ზიანის შესამცირებლად, დიდი თანხების გაღებას გეგმავენ, თუმცა ისინი თანხას ბიზნესომბუდსმენის ფონდში არ რიცხავენ და აპირებენ, რომ საკუთარი ძალებით მიაწვდინონ დახმარება მოსახლეობას, მათ შორისაა „თიბისი ბანკი“. კომპანიის ინფორმაციით, თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს.

„თიბისი შენთვის“ – თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID 19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, მოხუცების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე, 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: