მთავარი,სიახლეები

დელფინები ერთმანეთს უნიკალური სახელებით ეკონტაქტებიან – მეცნიერები მათ სტვენას აკვირდებიან

05.05.2020 • 3039
დელფინები ერთმანეთს უნიკალური სახელებით ეკონტაქტებიან – მეცნიერები მათ სტვენას აკვირდებიან

თითოეული დელფინი აფალინა [აფალინა ძუძუმწოვარია დელფინისებრთა ოჯახიდან] უნიკალური სტვენით გამოირჩევა. მკვლევარები აფალინების ერთმანეთისგან განსხვავებულ ხმებს უსმენენ, რათა მათზე დაკვირვებისა და აღრიცხვის მეთოდები გააუმჯობესონ – წერს ევრონიუსი. დელფინის ეს სახეობა შავ ზღვაშიც ბინადრობს. 

ავსტრალიის Edith Cowan University (ECU)-ისა და, ასევე, Curtin University-ის მეცნიერები ვიზუალური დაკვირვების გარდა დელფინების ჯგუფებს ხმების საშუალებითაც აკვირდებიან. 

„ევრონიუსი“ წერს, რომ  კვლევის ფარგლებში მიმდინარეობდა დასავლეთ ავსტრალიაში, მდინარე სუონში მცხოვრები აფალინების მონიტორინგი, რათა დაედგინათ, ესადაგება თუ არა თითოეული უნიკალური სტვენა ცალკეულ  დელფინს.

„დელფინები სოციალური ქმნილებები არიან და ძალიან ხშირად ვხედავთ მათ  ჯგუფებად, რაც ართულებს სტვენის შეთანხმების პროცესს ცალკეული ინდივიდებისთვის,”- ამბობს პროფესორი კრისტინ ერბი.

ხელის ჰიდროფონების გამოყენებით, 1.5 მეტრის სიღრმეზე მკვლევარებმა შეძლეს მოესმინათ დელფინების კომუნიკაცია მაღალ სიხშირეზე.

პროფესორი კრისტინ ერბი ამბობს, რომ თითოეული დელფინისთვის სტვენა სახელივითაა. 

კვლევა ეფუძნებოდა ბოლო წლების კვლევითი მოგზაურობის მონაცემებს. შედეგები მიღებულ იქნა ორი დამოუკიდებელი კვლევის გადამუშავებული მონაცემების შეჯერებით: ერთი – ე.წ. ფოტოპირადობის მოწმობის კვლევა, მეორე კი – წყალქვეშა ბგერის კვლევა.

„ჩვენ დეტალურად ვეძებეთ მონაცემთა ბაზაში ის დღეები, როდესაც ერთდროულად გვქონდა მოპოვებული დელფინების ფოტომასალა და წყალქვეშა ჩანაწერები. ჩვენი შემდეგი მიზანი იქნება მივუსადაგოთ ერთმანეთს ფოტო და აუდიომონაცემები თითოეული ინდივიდისთვის,“ – ამბობს კრისტიან ერბი.

კომერციული თევზაობისას ბადეებისა და სხვა სათევზაო მოწყობილობების გარდა დელფინებს ყოველდღიურად აზიანებს საზღვაო ტრანსპორტის მიერ გამოწვეული წყალქვეშა ხმაური, სამხედრო მოქმედებები, ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძურება და სხვა ფაქტორები.

დენი გროუზი, ვეშაპისა და დელფინის შენარჩუნების  Whale and Dolphin Conservation (WDC) საქველმოქმედო ფონდის სპიკერი ამბობს, რომ „ახლა კარგი დროა ველური ვეშაპისთვის ან დელფინისთვის ოკეანეში საცურაოდ. სანამ ჩვენ ჩაკეტილები ვართ, ისინი იბრუნებენ თავიანთ ტერიტორიებს“.

შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა 2016 წელს პროექტ EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარდა. კვლევა მოიცავდა ზღვის ძუძუმწოვრებზე დაკვირვებას და შავი ზღვის დელფინების ფოტოკატალოგის შედგენასაც.

„დელფინის ზურგის ფარფლზე არსებული ღარები და ნაჭდევები, მათი ფორმა და მოყვანილობა, ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, ამიტომ მათი ერთხელ დაფიქსირებით შესაძლებელია მომავალშიც ამოიცნოთ დელფინი,” – განმარტავდა მაშინ იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

___________________

დელფინები შავ ზღვაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: