მთავარი,სიახლეები

„შუქის ფულს ვერ ვიხდით“ – 52 ოჯახის საპროტესტო აქცია ბათუმში [ვიდეო]

04.05.2020
„შუქის ფულს ვერ ვიხდით“ – 52 ოჯახის საპროტესტო აქცია ბათუმში [ვიდეო]

„შუქის ფული ვერ გადავიხადეთ და შუქის გარეშე დაგვტოვეს, ყველას გაუკეთეს შეღავათი, ჩვენ არა… აქ ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები, ომის ვეტერანები,“ – გვითხრეს ბათუმში, ქიქავას 11-ში საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ადამიანებმა. 52 ოჯახი ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად 2012 წლიდან ცხოვრობს.

ეს ადამიანები მესაკუთრეები არ არიან და ვერც აბონენტებად დარეგისტრირდნენ –  „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამხანაგობას აწვდის ელექტროენერგიას და საერთო მრიცხველით დაფიქსირებულ გადასახადს ეს ოჯახები შემდეგ აგროვებენ.

„ჩვენ გვაქვს ცალ-ცალკე მრიცხველიც, მაგრამ მაგას არავი არ ამოწმებს… ახლა რომ შეღავათი დაწესდა, მაგით ვერ ვსარგებლობთ, რადგან ჩვენ კომერციული დენი მოგვეწოდება და კოლექტიურად ვიხდით გადასახადს. აქ ვინც ცხოვრობს, ყველა თვითდასაქმებულია, სეზონურად მუშაობდა, ჩაის კრეფდა. ახლა საიდან უნდა გადავიხადოთ ეს ფული? ყველა უმუშევარია. მეც ბინის რემონტზე ვმუშაობდი, ახლა გაჩერებულია ყველაფერი,“ – გვიყვება ქიქავას 11-ში მცხოვრები ტრისტან კეკელიძე.

უშუქოდ დარჩა ომის ვეტერანი ლევან კეკელიძეც. იგი 2008 წლის რუსეთ საქართველოს  ომის მონაწილეა.

„შეღავათი მაქვს მხოლოდ გაზის ტალონებზე და ავტობუსით გადაადგილებაზე, მეტი არაფერი… მეც ბინის რემონტზე ვმუშაობდი, რასაც ახლა ვერც დავადასტურებ. როგორც თვითდასაქმებული ამ ანაზღაურებასაც ვერ მივიღებ,“ – გვითხრა ლევან კეკელიძემ.

საპროტესტო აქციის შემდეგ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას გამართავენ და ოჯახებს დავალიანების გადახდის გადანაწილებას შესთავაზებენ.

„თავის დროზე ჩვენი კეთილი ნება იყო ის, რომ შეიქმნა ამხანაგობა და ამ ამხანაგობას მიეწოდება ელექტროენერგია, შიდა გაყვანილობა ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელი არ არის და ჩვენ ვერ შევისწავლით, ვინ რამდენი ელექტროენერგია მოიხმარა. ჩვენ კეთილი ნება გამოვიჩინეთ მაშინაც, როცა თებერვალსა და მარტში დავალიანების გადაუხდელობის გამო მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ შეგვიწყვეტია… ამ დაგროვილი დავალიანების გადანაწილება  დაახლოებით სამ თვეზე შეიძლება, რომ ერთიანად არ დააწვეთ, ეს მოლაპარაკების საგანია,“ – გვითხრა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ავთანდილ დვალიშვილმა.

____

აქცია ელექტროენერგიის ჩართვის მოთხოვნით

https://www.facebook.com/batumelebi/videos/3082023821836291/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: