მთავარი,სიახლეები

როგორ იყენებს იტალიური მაფია პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის – BBC

05.05.2020 • 3682
როგორ იყენებს იტალიური მაფია პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის – BBC

სტატია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს იტალიური მაფია პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, BBC-იმ გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ გთავაზობთ სტატიის თარგმანს მცირე შემოკლებით. 

___________________

პანდემიის გამო იტალიაში დაწესებულმა კარანტინმა ბიზნესი დააზარალა. დაკეტილია კაფეები, რესტორნები, საფუნთუშეები და ხორცის მაღაზიები, მათი მეპატრონეები კოტრდებიან. მათ დახმარებას ადგილობრივი მაფიოზები სთავაზობენ, მაგრამ არა საჩუქრად.

„კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ბოსის ძმა სიცილიაზე, პალერმოს ღარიბ უბანში უფასო საკვებს ურიგებს ხალხს.

„ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ადამიანები მირეკავენ და ტირიან, რომ მათ არაფერი აქვთ ბავშვების გამოსაკვებად. ერთი ახალგაზრდა ქალი ყოველ დღე რეკავს, მას ხუთი შვილი ჰყავს და არ იცის მათ რა აჭამოს“, – ამბობს ის.

  • მომხიბვლელი მხსნელი 

„მეც ზუსტად იმავეს ვაკეთებდი,“ – ამბობს გასპარე მუტოლო, სიცილიის მაფიის ყოფილი წევრი, რომელიც ათობით სასამართლო პროცესზე გამოდიოდა ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად.

„მე ვიყავი ყოველთვის მომხიბვლელი და ხალხი ფიქრობდა, რომ ძალიან ხელგაშლილი ვიყავი. მაფიას სურს ადამიანების ნდობის მოპოვება, ამიტომაც მე ვმალავდი, რით ვიყავი დაკავებული. მე ვიყავი დამნაშავე, რომელსაც 20-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა მოკლული“.

მუტოლო „ბიბისიმ“ სოციალური ქსელის მეშვეობით ჩაწერა. იგი საიდუმლო ადგილას იმყოფება, პოლიციის დაცვის ქვეშაა და მხატვრობითაა დაკავებული. მის ბევრ ნახატზე გამოსახულია მაფიის საცეცები.

ყოფილი მაფიოზი ამბობს, რომ როცა იგი ღარიბ ოჯახებს ეხმარებოდა, მათ არ აინტერესებდათ, რით იყო იგი დაკავებული.

„თუ თქვენი შვილები ტირიან, რადგან მათ არა აქვთ სახლში საჭმელი, ან გაკოტრდით, არ გაღელვებთ რა მოჰყვება შედეგად იმას, რომ თქვენ „ცუდი ხალხი“ გეხმარება. ასეთ დროს ადამიანები მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობენ“, – ამბობს ის.

  • „შენ – მე, მე – შენ“ 

მაფია ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა.

„ამის მიზანი ნდობის მოპოვება და, ამავე დროს, ალტერნატიული სახელმწიფო სტრუქტურის შექმნაა“, – ამბობს პროკურორი ნიკოლა გრატერი, რომელიც მაფიასთან დაკავშირებულ საქმეებს იკვლევს.

მაფიას მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება. „კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ეს [„დახმარება“] უფრო გახშირდება“, – ამბობს ის.

„მაფია არასდროს არაფერს აკეთებს კეთილი ზრახვებით. მათ სამყაროში არის მხოლოდ ერთი მიდგომა – მე გეხმარები შენ, შენ მეხმარები მე“ – ამბობს ენცა რანდო, მაფიასთან ბრძოლის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

  • უფსკულის პირას 

მარჩელო რესტორნის მეპატრონეა პალერმოში. მისი რესტორანი მარტში დაიკეტა. „უბრალოდ ველოდები, როდის მოვა ვინმე მაფიიდან და იყიდის რესტორანს, მე მის გახსნას უკვე ვეღარ შევძლებ“, – ამბობს ის.

მარჩელოს თქმით, ყველაფერი მარტივად ხდება, ვიღაც აკაკუნებს კარზე და გთავაზობს ბიზნესის გაყიდვას აქ და ახლა. შესაძლებელია შევაჭრება. შემდეგ თანხის ნაწილი ბანკში, ანგარიშზე გერიცხება, ნაწილი კი ნაღდი ფულის სახით მოაქვთ.

„ახლა ჩემი ბიზნესი კოტრდება. თუ ვინმე გთავაზობს სამაშველო ჟილეტს, არჩევანი იოლია – ან უნდა გადარჩე, ან დაიხრჩო შენს იდეალებთან ერთად“, – ამბობს ის.

ჩვეულებრივ მაფია არაფერს ითხოვს სანაცვლოდ დაუყოვნებლივ, მაგრამ ადრე თუ გვიან გადახდა მაინც მოგიწევს. მაფია დაბრუნდება და დახმარების სანაცვლოდ რაიმეს მოგთხოვთ – ამბობს ყოფილი მაფიოზი მუტოლო.

მაგალითად, მისი თქმით, არჩევნების წინ იგი მიდიოდა მათთან, ვისაც მანამდე ეხმარებოდა და მათ ეუბნებოდა: „გამარჯობა, გახსოვარ? მე დაგეხმარე მაშინ, როცა შენ ეს გჭირდებოდა, ახლა შენი დახმარება მე მჭირდება. ერთადერთი, რაც მინდა, ისააა, რომ ხმა მისცე ამა და ამ კანდიდატს“.

ამ პრაქტიკას ეწოდება voto di scambio – ხმების მოსყიდვა.

  • „იაფი“ კრედიტები

მაფიას აწყობს კრიზისები და ეს პანდემია მათთვის საოცნებოა.

„მათ აქვთ ძალიან ბევრი ფული, თან – ნაღდი ფული,“ – ამბობს მუტოლო.

მისი თქმით, სამთავრობო სამსახურებთან შედარებით ისინი უფრო ეფექტურად ეხმარებიან ადამიანებს.

ვნახოთ ანტონიოსა და მისი ცოლის, ფრანჩესკას მაგალითი. მათ ხორცის მაღაზია აქვთ სამხრეთ იტალიის პატარა ქალაქში.

კარანტინის დაწყებიდან მოკლე ხანში მათთან მივიდა ერთ-ერთი ხშირი კლიენტი და ფინანსურად დახმარება შესთავაზა.

„ერთმანეთს შევხედეთ და გული გაგვიჩერდა, უცებ მივხვდით, რა ხდებოდა“, – ამბობს ანტონიო. მათ უარი თქვეს შეთავაზებაზე.

მაფია გასცემს იაფ კრედიტებს დაბალი პროცენტებით, მაგრამ, როგორც პროკურორი გრატერი ამბობს, ადრე თუ გვიან მაფია დაასახელებს ამ დახმარების რეალურ ფასს.

„ასეთ დროს მაფიას არ უნდა ფულის შოვნა, მას სჭირდება ბიზნესის გამოჭერა, რომ ფული გაათეთროს“, – ამბობს გრატერი.

  • გამოსავალი არ არის 

მას შემდეგ, რაც იტალიაში კარანტინი დაიწყო, ზარების რაოდენობა კრედიტორების ცხელ ხაზზე 100 პროცენტით გაიზარდა.

„თუ იტალიის ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ ადამიანების დახმარებას, ისინი მაფიის ხელში აღმოჩნდებიან“, – ამბობს ატილიო სიმეონე, ცხელი ხაზის თანამშრომელი.

მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული კრიზისი მოელის. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იტალიის მშპ 9,1 პროცენტით დაეცემა და ბევრი იტალიელი აღმოჩნდება ძალიან რთულ სიტუაციაში.

„ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია მაფიისთვის, ახლა სასწრაფო ზომებია მისაღები“, – ამბობს ენცა რანდო. ის და მაფიასთან ბრძოლის სხვა სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობამ უნდა დაასწროს მაფიას და შესთავაზოს დახმარება ბიზნესსა და მოსახლეობას.

  • ძალიან ცოტა, ძალიან გვიან 

იტალიის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ყოველ დაზარალებულ მეწარმეზე 25 ათასამდე ევროს გამოყოფენ. მაგრამ მარჩელო, რესტორნის მეპატრონე პალერმოდან, არ აპირებს მთავრობისგან სესხის აღებას.

„მე ვერ შევძლებ გადახდას. კარანტინის შემდეგ ყველა ვალდებული იქნება ძველებურად დაიცვას სოციალური დისტანცია, რაც ნიშნავს, რომ რესტორანს ნაკლები კლიენტი ეყოლება და შემოსავალიც ნაკლები იქნება“, – ამბობს ის. მისივე თქმით, ასე ფიქრობენ რესტორნების მისი ნაცნობი მეპატრონეებიც და მიიჩნევენ, რომ ერთდაერთი გამოსავალია მიჰყიდონ მაფიას ბიზნესი, რაც შეიძლება სწრაფად.

„საშინლად ვგრძნობ თავს. მთელი ცხოვრება მაფიის წინააღმდეგი ვარ, ახლა კი მომიწევს ჩემი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა“, – ამბობს მარჩელო.

________________________

სტატიაში შეცვლილია რამდენიმე სახელი.

ფოტო: ჯილა დასტმალჩის ილუსტრაცია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: