მთავარი,სიახლეები

„ადრე ქამრები კუჭზე გვქონდა, ახლა – კისერზე“ – სოცაგენტი

05.05.2020 • 2410
„ადრე ქამრები კუჭზე გვქონდა, ახლა – კისერზე“ – სოცაგენტი

„მე არ ვარ ექიმი. არც ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძვი, რადგან მე უკვე ვიბრძოლე წვიმაში, ქარში, ყინვაში, უტრანსპორტობაში, სტრესულ გარემოში მოვიპოვე თითოეულ მაძიებელ ოჯახზე ინფორმაცია, რომლებიც დღეს სოციალურად დაუცველის სტატუსით გადარჩებიან. გადარჩებიან იმიტომ, რომ ჩემი სახელმწიფო დაეხმარება. უბრალოდ იმიტომ, რომ გადარჩნენ…  ქალბატონო ეკატერინე, ხმამაღალი ნათქვამია “ხელფასზე 2-ჯერ მეტი ჩაერიცხებათ ბონუსის სახით”… 160 ლარის ჩარიცხვაც ისეთივე შეურაცხყოფააა თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც 80 ლარი იყო,“ – ეს პოსტი ფეისბუქის პირად გვერდზე ერთ-ერთმა სოციალურმა აგენტმა, თეა ნარიმანიშვილმა დაწერა. მისი ხელფასი, სხვა სოციალური აგენტების მსგავსად, 80 ლარია. პანდემიის პირობებში სახელმწიფომ თითოეულ აგენტს 160 ლარი ჩაურიცხა.

პანდემიამდე, 80 ლარის გარდა, სოციალური აგენტების შემოსავალი დამოკიდებული იყო მათ მიერ შევსებული დეკლარაციების რაოდენობაზე, ანუ თითოეულ იმ ოჯახზე, რომლებსაც სახელმწიფოსგან შემწეობის მიღება სურთ და სოცაგენტები ამოწმებენ. ერთი დეკლარაციის შევსების საფასური ხელზე 4 ლარი 80 თეთრია. სოცაგენტების თქმით, მათთვის საქმიანობა არავის შეუზღუდია, მაგრამ 18 მარტის შემდეგ სამსახურიდან მითითება მიიღეს, რომ გეგმიურ გადამოწმებაზე აღარ იმუშავებდნენ და მხოლოდ ოჯახების მიმართვის შემთხვევაში გავიდოდნენ სამუშაოდ სპეციალური აღჭურვილობით.

„მე დროებით აღარ ვმუშაობ, რადგან ამ ვითარებაშიც კი, ჩვენთვის ტრანსპორტი არ არსებობს, მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის… მე საგარეჯოში ვცხოვრობ, სოფელ პატარძეულში, სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს. 2006 წლიდან სოცაგენტად ვმუშაობ და საგარეჯოდან თბილისში დავდივარ სამუშაოდ,“ – გვიყვება სოციალური აგენტი თეა ნარიმანიშვილი, რომელმაც ფეისბუქპოსტში 80-ლარიანი დანამატის გარდა არაერთ სხვა პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იმაზე, რომ სოცაგენტებს უვადო ხელშეკრულებას არ უფორმებენ.

ფეისბუქპოსტში სოცაგენტი ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით მიმართავს:

„ფაქტია, რომ ყოველი თვის ბოლოს შიშით ველოდებით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას. გთხოვთ, ჩაერიოთ, დაგვეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში, რათა დავიბრუნოთ საკუთარი თავისა და დამსაქმებლის მიმართ დაკარგული ნდობა და პატივისცემა… სოცაგენტების გაღატაკება თქვენი სოციალური პოლიტიკის ნაწილია?“

მიიღო თუ არა პასუხი სოციალურმა აგენტმა ფეისბუქში დასმულ კითხვაზე?

„აბსოლუტურად არანაირი გამოხმაურება არ მქონია დამსაქმებლის მხრიდან. ალბათ, თვითონაც ჩათვალეს, რომ ძალიან სამართლიანი იყო, რაც დავწერე…“ – გვითხრა თეა ნარიმანიშვილმა.

სოცაგენტის თქმით, პანდემიამდე თვეში დაახლოებით 600, 700, 800 ლარს იღებდა. ამ თანხით ოჯახის შენახვა უჭირდა, თუმცა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. სოცაგენტი დასძენს იმასაც, რომ ამ სამსახურში თავისუფალი გრაფიკი აქვს და მისი გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს ან დაასრულებს სამუშაო დღეს. თეა ნარიმანიშვილის თქმით, სოცაგენტები პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაუცველები დარჩნენ – 160 ლარის ამარა.

„აქამდე კუჭზე გვქონდა შემოჭერილი ქამრები, ახლა კისერზე… სხვა რა გითხრათ?

რომ გავიდე სამუშაოდ, რით ვიმოძრაო? ადრეც იყო პრობლემა, პანდემიამდე. ვიცი, მაგალითად, აჭარის მაღალმთიან სოფლებში როგორი პრობლემაც იყო: სოფელში რომ ორი ან სამი ოჯახია გადასამოწმებელი, ადიხარ და უკან ვეღარ ბრუნდები, სამარშრუტო ტაქსი უკან აღარ ბრუნდება, ან მეორე დღეს მოდის….

ჩვენ შეღავათი გვაქს ავტობუსით გადაადგილებაზე – ჩვენი ბენეფიციარები 10 თეთრს იხდიან, ჩვენ  – 20 თეთრს. თითქოს, ჩვენ მდიდრები ვართ.

საგარეჯოდან თბილისში ჩამოსვლამდე ყოველდღე ერთი გზა ორლარ-ნახევარია. პლუს დღეში ერთ ცალ ხაჭაპურსაც თუ შევჭამ, 10 ლარზე ავდივარ,“ – გვითხრა თეა ნარიმანიშვილმა.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს სოციალურმა აგენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ  სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქულებს ხშირად ხარვეზით ანიჭებენ. სოცაგენტი ამბობს, რომ მათი როლი მინიმალურია და მხოლოდ მონაცემები შეჰყავთ, სარეიტინგო ქულას კი პროგრამა ფორმულის მიხედვით ანიჭებს ამა თუ იმ ოჯახს. აგენტის თქმით, მათ აქვთ კონკრეტული მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ შეიძლება იკლოს უზუსტობებმა და მოსახლეობაში უსამართლობის განცდამ, თუმცა აგენტებისთვის ამ დრომდე მთავრობაში არავის მოუსმენია.

„…ჩვენ რა დავინახეთ საკუთარი თვალით, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, შემდეგ კი, ჩვენ ვიღებთ საყვედურებს ხალხისგან… ჩვენი მუშაობის პრაქტიკაში ასე ხდება: როცა ცვლილებებს გეგმავენ, შეგვკრებენ და გვეტყვიან, რომ ეს ასე გადაწყვიტეს და ასე უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ ვმონაწილეობთ არაფერში,“ – ამბობს თეა ნარიმანიშვილი.

რატომ ხდება ასე? – ვკითხეთ სოციალურ აგენტს.

„არ ვიცი, პასუხი არ მაქვს ამაზე. ჩვენ პატარა ხალხი ვართ და ალბათ ამიტომ,“ – გვიპასუხა მან.

რატომ არ უფორმებენ სოციალურ აგენტებს უვადო ხელშეკრულებას და როგორ წარმოუდგენია აგენტს ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად?

„ჩემი შეფასება ცუდად გამოჩნდება, არ ვიცი, დაშინებული კადრი აწყობთ ალბათ, მორჩილი, ხმის ამოღების უფლება რომ წართმეული აქვს…. შეიძლება, რაღაც ლოგიკური ახსნა ჰქონდეს დამსაქმებელს, როცა ასე ყოველთვიურად ბრძანებით ხდება ჩვენი ხელშეკრულების განახლება, თუმცა ეს ჩვენთვის არავის აუხსნია. შრომის კოდექსის მე-6 მუხლში მე ეს ახსნა ვერ ვიპოვე. იქ წერია, რომ 30 თვის განმავლობაში უწყვეტად მუშაობის შემთხვევაში, უნდა დაიდოს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ამიტომაცაა, რომ რთულ სიტუაციაში სოციალურ აგენტებს ხმის ამოღების ეშინიათ… არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მოულოდნელად შეუწყვეტიათ ხელშეკრულება და გაუშვიათ სამსახურიდან.

ჩვენ მართლა გვჭირდება დახმარება. მე უკვე 14 წელია აქ ვმუშაობ და არაფერი შეცვლილა. ალბათ, ამოქმედდება ჩემთვისაც 37-ე მუხლი და ჩემი შვილები გაიხარებენ – სახლში დედა ეყოლებათ“, – დაასრულა სოციალურმა აგენტმა თეა ნარიმანიშვილმა.

გასული წლის მონაცემებით, სოციალური სააგენტოს დირექტორის ხელფასი 5116 ლარია.

ამ თემაზე:

სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის კი 5116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: