მთავარი,სიახლეები

„დენის ფული 50 ლარია, პენსია 22 ლარი მაქვს“ – აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც შუქი გაუთიშეს

04.05.2020 • 2759
„დენის ფული 50 ლარია, პენსია 22 ლარი მაქვს“ – აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც შუქი გაუთიშეს

„…50 ლარი აქვს გადასახდელი ჩემს ოჯახს, საიდან უნდა გადავიხადო? ჩემი პენსია, როგორც ომის ვეტერანის, 22 ლარია…“ – ამბობს ლევან კეკელიძე. ის ბათუმში, ქიქავას 11-ში ცხოვრობს და კიდევ 51 ოჯახის მსგავსად დღეს დილით შუქი გამოურთეს. ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში 2012 წელს თვითნებურად შესახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ვინაიდან ისინი მესაკუთრეები არ არიან, არც აბონენტებად არიან რეგისტრირებული. შესაბამისად, აქ კოლექტიური მრიცხველია და ამ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს მთავრობის მიერ კომუნალურ გადასახადებზე პანდემიის დროს დაწესებული შეღავათით.

„18 წლის ვიყავი, როცა ჯარი მიწევდა და საკონტრაქტოსაც დავთანხმდი… მეორე წელს ქვეყანაში ომი დაიწყო. ჩვენ კოდორის ხეობაში წაგვიყვანეს. მაგ პერიოდის გახსენება არ მინდა, ახლაც მიჭირს…

ომის შემდეგაც საკონტრაქტოზე დავრჩი და ავღანეთში წამიყვანეს. სამშვიდობო მისიააო, მაგრამ თავს გვესხმოდნენ… აქედან ვინც წავედით, უკან ორი ვეღარ დაბრუნდა, ზოგიერთი დაბრუნდა, მაგრამ თავისი ფეხით ვეღარ დადიოდა… ეს 2010 წელი იყო. ავღანეთის შემდეგ კონტრაქტის შეწყვეტა გადავწყვიტე.

ახლა შავი მუშა ვარ – ხან სად ვმუშაობ, ხან – სად. ძირითადად მოხელეებს ვეხმარები… თურქეთშიც ვიყავი ორჯერ თხილის საკრეფად, მაგრამ ვერ გავუძელი და უკან დავბრუნდი. 2013 წელს ცოლი მოვიყვანე. ორი შვილი გვყავს. უფროსი უკვე სასკოლოა,“ – გვიყვება ლევან კეკელიძე.

ლევანი, როგორც აგვისტოს ომის მონაწილე, 22-ლარიან პენსიას ყოველთვიურად იღებს. ბათუმის მერია მას ასევე უფინანსებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობას და თხევადი გაზის ტალონს აძლევს. ლევანის ოჯახში ასევე არიან მისი მოხუცი მშობლები, და, ძმა და რძალი.

ლევან კეკელიძის ოჯახი, როგორც ეკომიგრანტი, ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძეს ჩაუსახლებია დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანში, თუმცა ლევანი ამბობს, რომ ფიროსმანში სახლი მათ საკუთრებაში არ გადასცეს. ასევე, ოჯახს თავის გატანა უჭირდა.

2012 წელს, აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახიც, ბევრი სხვა ეკომიგრანტისა თუ სოციალურად დაუცველის მსგავსად, ბათუმში თვითშესახლებული გახდა.

„…მე იქ დავიბადე ფიროსმანში, სკოლაც იქ დავამთავრე და ჯარშიც იქედან წავედი… ეს ორი თვეა ვეღარ ვმუშაობთ ვერც ერთი. არ ვიცი, როგორ გაგვაქვს თავი, მაგრამ არც ის მინდა, ჩემს ქვეყანას კისერზე ჩამოვეკიდო,“ – დაასრულა ლევანმა.

მასალა გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა, როცა ლევან კეკელიძე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ დასახლებას შუქი ჩაურთეს. მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმდა, რომ დავალიანებას შემდეგ სამ თვეში გადაიხდიან. 

____

მთავარი ფოტო: ლევან კეკელიძე საპროტესტო აქციაზე. დღეს, 4 მარტს, ლევან კეკელიძემ და მისმა მეზობლებმა ელექტროენერგიის ჩართვის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

____

ამავე თემაზე:

„შუქის ფულს ვერ ვიხდით“ – 52 ოჯახის საპროტესტო აქცია ბათუმში [ვიდეო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: