მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

დაგვიანდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – ჯანმოს განმარტება

04.05.2020 • 1925
დაგვიანდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – ჯანმოს განმარტება

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იგი ბევრჯერ დაადანაშაულეს გადაწყვეტილების დაგვიანებით მიღებაში. რა პასუხი აქვს ჯანმოს ამ ბრალდებაზე, ამის შესახებ ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა და ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრეს.

ჯანმოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა 22 და 23 იანვარს გაიმართა, მაგრამ კომიტეტი ვერ შეჯერდა გადაწყვეტილებაზე და ხმები გაიყო, რადგან კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ გლობალური განგაშის გამოსაცხადებლად საკმარისი ინფორმაცია და მტკიცებულება არ ჰქონდათ, რისთვისაც შესთავაზეს ჯანმოს გენერალურ დირექტორს, მოეგროვებინა დამატებითი ინფორმაცია და რამდენიმე დღეში დაბრუნებოდნენ საკითხის განხილვას.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი დარგების დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. როგორც ბრიფინგზე ითქვა, კომიტეტი არ იღებს გადაწყვეტილებას განგაშის გამოცხადების შესახებ, მას არსებული მონაცემების საფუძველზე გამოაქვს რეკომენდაცია ჯანმოსა და მისი გენერალური დირექტორისთვის.

ამავდროულად, ჩინეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 20 იანვრისთვის დაადასტურა, რომ ახალი, ამ დრომდე უცნობი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა22 იანვრის მონაცემებით კორონავირუსი ჩინეთში ლაბორატორიულად 440-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ასევე, გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. ამ დროისათვის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ყველა ინფიცირებული ამ ქვეყნებში ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა; უკვე 23 იანვარს ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი – 500-ს გადააჭარბა.

„მინდა აღვნიშნო, რომ 30 იანვრამდე, 22 და 23 იანვარს შორისაც კი, არ დაგვიკარგავს არანაირი დრო. ჩვენ დაუყოვნებლივ გავემგზავრეთ პეკინში, რათა გაგვეგო ქვეყნის მთავრობისგან და ჩვენით გვენახა, რა სიტუაცია იყო ჩინეთში. ამას ვაკეთებდით იმ 5 დღეში, რაც გვქონდა. სწორედ ამ დროს შევთანხმდით ჩინეთთან, რომ გაგვეგზავნა საერთაშორისო ექსპერტები ( იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, აშშ-დან, სინგაპურიდან, რუსეთიდან, ნიგერიიდან და სხვა ქვეყნებიდან) ჩინეთში, რომლებიც დახმარებოდნენ ჩინელ სპეციალისტებს და შეამოწმებდნენ სიტუაციას. ეს მოლაპარაკება და შეთანხმება დიდი მიღწევა იყო, რომელსაც ჩინეთი დათანხმდა და გამოაცხადეს ღიაობა საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობისთვის“ – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა. 

30 იანვარს გამართულ კომიტეტის მორიგ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მოგროვებული მონაცემები საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინათ.

ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი ამბობს, რომ 30 იანვარს ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჩინეთის საზღვრებს მიღმა იყო მხოლოდ 82 და არ იყო არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა.

„ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, მოეხდინა შესაბამისი რეაგირება. მე, ჩემს კოლეგებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო კომიტეტს გვჯერა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგებო სიტუაციის გამოცხადება 30 იანვარს იყო დროული და იძლეოდა საკმარის დროს იმისთვის, რომ დანარჩენ მსოფლიოს მიეღო საპასუხო ზომები, რადგან ჩვენ იმ დროს გვქონდა მხოლოდ 82 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება (ჩინეთის საზღვრებს გარეთ)” – თქვა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ბრიფინგზე.

ჯანმოს მიმართ სხვა ეპიდაფეთქებების დროსაც ყოფილა კრიტიკა, როცა ორგანიზაციამ დაგვიანებით გამოაცხადა განგაში, მაგალითად ებოლას შემთხვევაში, თუმცა ჯანმო დაუდანაშაულებიათ განგაშის ნაადრევად გამოცხადებაშიც, მაგალითად 2009 წელს, H1N1-ის პანდემიისას. ამის შესახებ ისაუბრა სპეციალურ ვიდეოჩართვაში ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანგმა პროფესორი დიდიე უსენმა.

„კომიტეტი შეიკრიბა 22-23 იანვარს, როცა ჩინეთის საზღვრებს მიღმა სულ 4 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ჩვენ ფრანგულში გვაქვს გამონათქვამი Lucidité à posteriori, რაც ნიშნავს, რომ დავალება მარტივია, მაგრამ რთულია წინასწარ განჭვრიტო ზუსტად რა მოხდება, ასე რომ ვფიქრობ, განცხადება გაკეთდა დროულად” – განაცხადა დიდიე უსენმა ჯანმოს მიმართ კრიტიკის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმო რამდენჯერმე დაადანაშაულა ჩინეთზე ორიენტირებულობაში და იმაში, რომ მათ განგაში პანდემიასთან დაკავშირებით დააგვიანეს, რის გამოც ჯანმოს დაფინანსება შეუჩერა.

ამავე თემაზე:

ჯანმოს დირექტორი ტრამპს დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარას პასუხობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: