მთავარი,სიახლეები

მირდატ ქამადაძის პერფორმანსი მერიის წინ – ის სამუშაოდაკარგულების მხარდასაჭერ გეგმას ითხოვს

05.05.2020 • 1972
მირდატ ქამადაძის პერფორმანსი მერიის წინ – ის სამუშაოდაკარგულების მხარდასაჭერ გეგმას ითხოვს

დღეს, 5 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, მირდატ ქამადაძემ, ბათუმის მერიის წინ პოლიტიკური პერფორმანსი გამართა. მერიის შესასვლელ კარებთან სხვადასხვა სამუშაოს ატრიბუტიკა გამოფინა. მისი განცხადებით, ენმ-ს წევრები  მერიას საგანგებო სხდომის ჩანიშვნას და ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას სთხოვენ.

„აქ წარმოდგენილი ნივთები სიმბოლურად ასახავს იმ პროფესიის ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს და დღემდე ელოდებიან ანტიკრიზისულ გეგმას. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან შეკრება არ შეიძლება, ეს ადამიანები სხედან სახლში და ელოდებიან დახმარებას.

გვაინტერესებს, როდის წარმოადგენს მერია ანტიკრიზისულ გეგმას, მაგალითად, რაში დაიხარჯება „ბათუმობის“ ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც წელს ამ ღონისძიებაში ვეღარ დაიხარჯება. ასევე, აპირებს თუ არა მერია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რომლის გადასახადებსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს. ასევე, აპირებს თუ არა იმ მცირე და საშუალო მეწარმებიისთვის საიჯარო გადასახადის გადახედვას და შეღავათების გაწევას, რომელი მეწარმეებიც ფლობენ მერიის საკუთრებაში არსებულ ქონებას იჯარით“, – ამბობს მირდატ ქამადაძე.

მისი თქმით, თუ საკრებულოს თავმჯდომარე მათ განცხადებას რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში არ განიხილავს და არ მოიწვევს სხდომას, ოპოზიციის წევრები მაინც შეიკრიბებიან.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პარასკევამდე არ ჩაინიშნება სხდომა, ჩვენი ფრაქცია პარასკევს მაინც მოვა საკრებულოში. ვნახოთ, ვინ შემოგვიერთდება უმრავლესობიდან და ვინ არის დაინტერესებული მოქალაქეების ბედით და ანტიკრიზისული გეგმით“, – ამბობს ქამადაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: