განათლება,მთავარი,სიახლეები

რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე – მოსწავლეები დიპლომთან ერთად ატესტატსაც აიღებენ 

04.05.2020 • 1860
რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე – მოსწავლეები დიპლომთან ერთად ატესტატსაც აიღებენ 

2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყება. ტრადიციულად, პროფესიული პროგრამებზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწყებოდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში უთხრეს, წელს მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზაფხულში დარეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდებს აგვისტოში ჩააბარებენ, სწავლა კი ოქტომბერში დაიწყება.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, განათლების სამინისტროში, ირინა წეროძე ამბობს, რომ წელს გარკვეულ პროფესიულ სასწავლებლებში პირველად დაინერგა ინტეგრირებული პროგრამა, რაც მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საშუალო განათლების ატესტატიც აიღონ. აჭარაში ინტეგრირებული პროგრამა დანერგილია ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში – „ახალი ტალღა.“

განათლების სამინისტროში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პროფესიულ განათლებაში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სერტიფიკატის აღებაც, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, როგორც ირინა წეროძე ამბობს, ამ ეტაპზე მხოლოდ CISCO-ს სერტიფიკატის მოპოვებაა შესაძლებელი და მხოლოდ ერთ – IT პროგრამაზე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა, რადგან ჩვენთან აქამდე არ არსებობდა არანაირი რეგულაცია, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა გაგვეცა ორმაგი დიპლომი. როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი პროგრამები, სწორედ ამის დალაგება მიმდინარეობს ახლა.

შემდეგ როგორ დალაგდება ურთიერთობები, ვთქვათ, გერმანიის ან საქართველოს რომელიმე პროფესიულ სასწავლებელს შორის,  ეს ამ ორ ინსტიტუციაზე იქნება დამოკიდებული. სასწავლებელში ჩარიცხვის წესს კი სახელმწიფო განსაზღვრავს“, – ამბობს ირინა წეროძე.

მისი თქმით, საერთაშორისო პროფესიულ პროგრამებზე სწავლის შემთხვევაში, სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობაც ექნებათ.

როგორც ირინა წეროძე ამბობს, რომელ პროფესიულ პროგრამებზე შეეძლებათ სტუდენდებს საერთაშორისო სერთიფიკატის აღება, ამის შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება რეგისტრაციის  გავლის დროს.

„კონკრეტული კოლეჯის გვერდზე შეიძლება ვერ მოიძიოს აბიტურიენტმა ადვილად ეს ინფორმაცია, ამიტომ, რეგისტრაციის დროს ატვირთული იქნება კატალოგი, სადაც ჩამოიშლება ინფორმაცია, რომელ პროფესიულ სასწავლებელში, რომელ პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში შეიძლება მიიღოს საერთაშორისო სერტიფიკატი“, – ამბობს ირინა წეროძე.

ირინა წეროძის თქმით, 2020-2021 სასწავლო წლის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: