მთავარი,სიახლეები

თურქეთში Grup Yorum-ის წევრმა შიმშილობა 323-ე დღეს შეწყვიტა – ჯგუფი კონცერტის უფლებას ითხოვს

05.05.2020
თურქეთში Grup Yorum-ის წევრმა შიმშილობა 323-ე დღეს შეწყვიტა – ჯგუფი კონცერტის უფლებას ითხოვს

თურქეთში მოღვაწე მემარცხენე მუსიკალური კოლექტივის Grup Yorum-ის ბასგიტარისტმა, იბრაჰიმ გიოქჩექმა მომაკვდინებელი შიმშილობა 323-ე დღეს შეწყვიტა – იუწყება სააგენტო ბიანეტი თავად ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

“ჩვენ მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ უკვე მიაღწია პოლიტიკურ გამარჯვებას. ჩვენი ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ვიმედოვნებთ, დაკმაყოფილდება ჩვენი განაცხადი კონცერტის ჩატარების მოთხოვნაზე”, – წერია ჯგუფის განცხადებაში.

ამ მოთხოვნით დღეს, 5 მაისს მიმართეს ჯგუფის წევრებმა სტამბოლის სამმართველოს.

5 მაისს შეკრებილები გიოქჩექის სახლის წინ.
წყარო: Bianet

დღეს დილას იბრაჰიმ გიოქჩექის სახლის წინ გააკეთეს განცხადება არტისტებმა, პარლამენტისა და უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრებმა. თურქეთის ადამიანის უფლებათა ფონდის (TİHV) თავმჯდომარემ შებნენ ქორურმა თქვა:

“სიცოცხლემ გაიმარჯვა. ჩვენ ვთქვით, რომ მათი მოთხოვნები ჩვენი მოთხოვნებიც იყო. ვიბრძვით, რათა შევქმნათ გარემო, სადაც ისინი თავიანთ სიმღერებს თავისუფლად იმღერებენ და ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ.”

რამდენიმე დღის წინ გიოქჩექმა გამოაქვეყნა წერილი, რითაც მან არტისტებსა და ინტელექტუალებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“როგორც ინტელექტუალებმა და როგორც არტისტებმა,  ყველამ ჩვენი წილი დევნა და ჩაგვრა მივიღეთ ჩვენი სახელმწიფოსგან. ჩვენი წარმოდგენები და კონცერტები აიკრძალა, დაიწყო სამართლებრივი დევნა. განა ეს თავდასხმები ასეთი დაუნდობელი იმიტომ არ გახდა, რომ დღემდე ჩვენ ვერ შევძელით მთელი ძალებით ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევა?” – წერს გიოქჩექი.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, როგორ გადაჰყავთ იბრაჰიმი საავადმყოფოში.

ის და ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ჰელინ ბოლექი, მანამდე მარტში ძალდატანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მათ მალევე დატოვეს ჰოსპიტალი და სახლში გააგრძელეს შიმშილობა.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, საპროტესტო შიმშილობის 288-ე დღეს, გარდაიცვალა ჰელინ ბოლექი.

უფრო მეტ დეტალს ჰელინსა და ჯგუფის მოღვაწეობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ :

ჰელინ ბოლექის შეწყვეტილი სიმღერა – მუსიკოსი შიმშილობის 288-ე დღეს გარდაიცვალა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: