მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.

მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი, პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

კონკრეტულად რა ტერიტორიებს მოიცავს 8-თვიანი პროექტი, ჯერ უცნობია. საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯერჯერობით საბოლოო დოკუმენტი, თუ რომელ სოფლებში განხორციელდება ამ ეტაპზე სისტემური რეგისტრაცია, მიღებული არ არის.

„ტერიტორიაზე, სადაც სისტემური რეგისტრაცია დაიწყება, რეესტრი გააკეთებს იმ მიწის ნაკვეთების ნახაზებს, რომლებიც არ არის რეგისტრირებული და აცნობებს მოქალაქეს/დაინტერესებულ პირს, რომ დაიწყო მის სახელზე ადმინისტრაციული წარმოება და უკვე კონკრეტული მოქალაქის სახელზე მოხდება დოკუმენტების მოძიება. შემდგომ, ამ პროცესში, ნახაზის კორექტირება იქნება ეს, თუ წერილის გაგზავნა, დოკუმენტების მოძიება, ყველაფერს აკეთებს რეესტრი.

არის ტერიტორიები, რომლებსაც უკვე ჰყავს მესაკუთრე, მაგრამ ზოგს ფართობი დაზუსტებული აქვს, ზოგს დაუზუსტებელი, სისტემური რეგისტრაცია კი ემსახურება იმას, რომ მთლიანად მოხდეს კონკრეტულ ტერიტორიებზე ფართობების დადასტურება. ამიტომ, რეესტრი აქაც აკეთებს ნახაზს და ეუბნება მესაკუთრეს, თანახმა ხართ თუ არა, ამა და ამ კვადრატულობით მოხდეს თქვენს მიწაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება და ფართობის დადასტურება. თუ დაინტერესებული პირი დაეთანხმება, რეესტრი განაგრძობს წარმოებას, მაგრამ თუ იტყვის დაინტერესებული პირი, რომ „არა, მე რა ფორმითაც [და ფართობით] მქონდა, იმ ფორმით დამიტოვეთ“, დარჩება რეგისტრაცია არსებული ფორმით და ის იქნება იურიდიული ძალის მქონე“, – გვითხრეს საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მთავრობამ 2016 წლის ზაფხულშიც დაიწყო 12 დასახლებაში როგორც საპილოტე პროექტი. ეს პროექტი 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დამთავრებულა.

ამ 12 დასახლებიდან, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო, ერთ-ერთი დაბა შუახევია. ტერიტორია მოიცავს დაბა შუახევს და სოფლებს: ჩანჩხალო, სხეფი, დაბაძველი, ოქროპილაური, ბესელაშვილები, გუნდაური, დრო.

„დაბისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიები დაიყო 132 ბლოკად, აღირიცხა მიწები, მოამზადეს საკადასტრო ნახაზები და საჯარო რეესტრში წარადგინეს. ნაკვეთებს, რომლებიც 1998 წლის ოქმებით ან სხვა მონაცემებით ეწერათ მოქალაქეებს, საჯარო რეესტრი ურეგისტრირებდა ავტომატურად. მაგრამ რეესტრი თუ ვერ დაადგენდა მართლზომიერ მფლობელს, ვერ მოიძიებდა ვერანაირ დოკუმენტს საკუთრების დასადგენად – ასეთებს გზავნიდა მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიაში. 3000-მდე განცხადება შემოვიდა, აქედან უმეტესს ეთქვა უარი, იმიტომ, რომ ან ზედდება იყო – ტყის მასივთან, ან გადაფარვებში მომიჯნავე ნაკვეთებთან. პარალელურად მიეცათ დრო ხარვეზის გამოსწორებისთვის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.

მისივე ინფორმაცით, ამ პროექტის ფარგლებში დარჩენილია 160-მდე ნაკვეთი, რომლებიც გადასამოწმებელია და ადგილზე დათვალიერებისას თუ კომისიას მოწმეები დაუდასტურებენ, რომ სადავო არ არის, ამ შემთხვევაში აღიარებს  კომისია ამ ნაკვეთებს.

„ბევრ მოქალაქეს, რახან საჯარო რეესტრიდან ერთხელ უკვე იყვნენ და აზომეს ნაკვეთები, ჰგონია, რომ საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული. ეს ბევრ შემთხვევაში ასე არ არის და საჭიროებს დაზუსტებას, რასაც ჩვენი კომისია აკეთებს. შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ნახაზების ჩასწორება და ა.შ.“ – გვითხრა რუსუდან შავაძემ.

მერის მოადგილე ამბობს, რომ თუ მოქალაქეს ეჩქარება ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება, მას შეუძლია თავად გადაიხადოს თანხა, მოამზადებინოს ამზომველს კორექტირებული საკადასტრო ნახაზი და წარადგინოს საჯარო რეესტრში. „თუ არა და დაელოდება რეესტრს, რომელიც უფასოდ ჩაასწორებს ნახაზს“.

რუსუდან შავაძის ინფორმაციით, მერიაში მიიღეს მითითება, რომ მაქსიმუმ ერთი კვირა არ აღიარონ ნაკვეთები. რაც შეეხება ახალ პროექტს, დეტალური ინფორმაცია არც შუახევის მერიაში აქვთ.

„შესაძლოა შუახევში არეალი გაფართოვდეს სისტემური რეგისტრაციის, ან სხვა მუნიციპალიტეტები მოიცვას, ამ ერთ კვირაში ალბათ გვეცოდინება. ეს ერთი კვირა კი გვითხრეს, საგანგებო მდგომარეობის გამოც შეჩერებული იყო აღიარება კომისიის მიერ, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ – ადრე დაწყებული პროექტის ფარგლებში ნაკვეთების დათვალიერების ოქმები უნდა გავაკეთოთ. მოსახლეობაც გვაწუხებს… ამ დროისთვის 7 ნაკვეთზე ყველაფერი მზად გვაქვს და შესაძლებელია აღიარებაზე გატანა, თუმცა, 160-მდე ნაკვეთის დოკუმენტებია მოსაგვარებელი“, – გვითხრა რუსუდან შავაძემ.

რა შედეგი ექნება ამ პროექტის დასრულებას? – რუსუდან შავაძე ამბობს, რომ „შეიქმნება ერთიანი ბაზა, განისაზღვრება და გაიმიჯნება რომელი ნაკვეთები იქნება კერძო საკუთრებაში, რომელი მუნიციპალიტეტის და რომელი სახელმწიფო საკუთრებაში. დაურეგისტრებელი ნაკვეთი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში არ დარჩება“.

ვიდრე მთავრობა სისტემური რეგისტრაციის ახალ პროექტს დაიწყებს, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორადული რეგისტრაციით კვლავ დაირეგისტრირონ.

სპორადული რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.

ანუ მიწის რეგისტრაციის პროგრამა, რაც ამ დრომდე იყო, ჩვეულებრივ გრძელდება, თუმცა პროგრამაში გარკვეული ცვლილებებიც შევიდა.

დეტალურად ამ ცვლილებების შესახებ ნახეთ ბმულზე:

https://netgazeti.ge/news/403918/

„არ ვპასუხობთ პოლიტიკური ტიპის თავდასხმას“ – „გამჭვირვალობა“ რიჟვაძის განცხადებაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმარა  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას ონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით და ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად მოიხსენია.

„არც საკუთარ თავს და არც ხალხს არ ვაკადრებ იმას, რომ კანონდამრღვევი ვიყო. რაც შეეხება კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას და მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ ორგანიზაციას და მათ სატელიტ მედიასაშუალებებს, რომლებმაც თითქოს რაღაც სკანდალი გამოაცხვეს, ბრალდება წამიყენეს, თითქოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ან ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს ვარღვევ,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თორნიკე რიჟვაძის პასუხად აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები ქართველი მაღალჩინოსნების ჩვეული პრაქტიკაა და განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე მეტყველებს.

„ხაზგასმით  აღვნიშნავთ, რომ შეგნებულად არ ვპასუხობთ პოლიტიკური ტიპის თავდასხმას და შეურაცხყოფას, რადგან ეს მაღალჩინოსნების ჩვეული მანკიერი პრაქტიკაა და უპირველესად, ამ პოლიტიკოსების მხრიდან განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე მიუთითებს,“ – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.”

ორგანიზაციის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის დღემდე ფლობს 25 პროცენტს შპს „აჭარა ბერრის ლიმითედში”, რომელიც მას  საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა. მინდობის ხელშეკრულება არ არის ასახული საჯარო რეესტრის მონაცემებში.

„2018 და 2019 წლების ქონებრივ დეკლარაციებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ არის ამ წილის მფლობელი, თუმცა კანონი მას ავალდებულებდა ამ წილის მინდობით გადაცემას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თორნიკე რიჟვაძის განცხადება არ არის სიმართლე და მისი მიზანია, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს, რომ გულდასმით შეისწავლოს თორნიკე რიჟვაძის და კვლევაში მოხსენიებულ თანამდებობის სხვა პირებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზები და შესწავლის შედეგები გაასაჯაროვოს“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

ამავე თემაზე:

რიჟვაძისა და დეპუტატების მიერ შეცდომით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები – TI

საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ჟურნალისტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ვალერი ჟისკარ დესტენის წინააღმდეგ – წერს BBC.

94 წლის ექსპრეზიდენტს გერმანელმა ჟურნალისტმა, ენ-კატრინ სტრაკემ, უჩივლა 10 მარტს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ჟისკარ დესტენი, რომელიც მაშინ 92 წლის იყო, უხამსად ეხებოდა მას 2018 წელს ინტერვიუს შემდეგ, ფოტოების გადაღებისას.

ჟურნალისტი საჩივარში წერს, რომ  რამდენჯერმე მთელი ძალით სცადა დესტენის მოშორება და, ასევე, ოპერატორი ფოტოს გადაღებისას ცდილობდა პრეზიდენტის ყურადღების გადატანას და ამისათვის საგანგებოდ დააგდო ტორშერი.

ტელეარხ France 24-ის ცნობით, რედაქციამ, სადაც ჟურნალისტი მუშაობს, საკუთარი გამოძიება ჩაატარა. ოპერატორი ადასტურებს ჟურნალისტის ნაამბობს, ხოლო ხმის ოპერატორი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ინტერვიუზე, უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე.

„გადავწყვიტე, მომეყოლა იმის შესახებ, რაც შემემთხვა, ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სექსუალურად მავიწროებდა ინტერვიუს შემდეგ,“ – განაცხადა ჟურნალისტმა გერმანულ ტელეარხ WDR-თან ინტერვიუში.

ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტს არ ახსოვს ის მოვლენები, რაზეც ჟურნალისტი საუბრობს.

ვალერი ჟისკარ დესტენი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 1974-1981 წლებში.

ათობით უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ხე [ფოტო]

აჭარის მაღალმთიან სოფელში, მთისუბანში, ხე-ტყის უკანონო ინტენსიურ გაჩეხვაზე „ბათუმელები“ 2016 წელში წერდა. მაშინ ამ სოფელში მცხოვრები მოქალაქე აცხადებდა, რომ ხე-ტყის ჭრა მიმდინარეობს თავად ტყის მცველების, მათ შორის, ხულოს მუნიციპალიტეტის სატყეოს ხელმძღვანელის ხელშეწყობით.

სწორედ ამავე სოფელში და ამავე ტყეში არაერთი უკანონოდ მოჭრილ წიწვოვან ხეს ახლაც ყოველგვარი ძებნის გარეშე იპოვით. ათობით წიწვოვანი ხე სულ ახლახან არის გაჩეხილი. არც ერთ მოჭრილ ხის კუნძზე არ არის აღნიშნული ხის ჭრის ნებართვის დამადასტურებელი ნიშანი.

სამასალე ხე-ტყე უკვე გატანილია სოფლიდან ან გასატანად არის გამზადებული.

12 მაისი. უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყე, სოფელი მთისუბანი
12 მაისი. უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყე, სოფელი მთისუბანი
12 მაისი. უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყე, სოფელი მთისუბანი
12 მაისი. უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყე. სოფელი მთისუბანი.
12 მაისი. უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყე. სოფელი მთისუბანი

ბათუმში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის  21 საათიდან 13 მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია  ცვალებადი მოღრუბლულობა. ხვალ, დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20-25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 მაისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 17 გრადუსია.

_________________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1,6 მილიონად საკონფერენციო დარბაზს ააშენებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორსართულიან საკონფერენციო დარბაზს ააშენებს. მშენებლობისთვის ტენდერი 1 მილიონ 665 ათასი ლარით არის გამოცხადებული. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

დოკუმენტების მიხედვით, ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზი თბილისში [მარშალ გელოვანის N6-ის მიმდებარედ], სამინისტროს ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ 2020 წლის 23 მარტს გასცა.

დარბაზის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება კი, 28 მაისს დაიწყება და 6 ივნისს შეწყდება.

 

ფოტო პროექტიდან

ბათუმში 250 პირს covid19 არ დაუდასტურდა

დღეს, 12 მაისს, ბათუმში Covid19 250 პაციენტს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 13 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე. აჭარაში ჯამში 43 პირი განიკურნა კორონავირუსისგან.

კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გუშინ, 11 მაისს გარდაიცვალა – 81 წლის კაცი „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. პირველი პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა, 73 წლის ქალი, რომლის ინფიცირებაც ასევე „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდებოდა. გარდაცვლილი ქალი და კაცი ცოლ-ქმარი იყო.

12 მაისის მონაცემებით [11:00], ქვეყანაში კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევაა 639, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 349. გარდაცვლილია – 11. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.

მოქალაქემ სოფელთან ახლოს, ტყეში შვლის ნუკრი იპოვა

„ზედა მახუნცეთში პატარა შველი ვნახეთ დედის გარეშე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნარგიზ მახარაძემ.

ნარგიზ მახარაძის თქმით, შველი ტყეში მისმა შვილმა იპოვა.

„ტყეში იყო ჩემი შვილი. ხის ძირში იდგა მარტოო. მოეფერა და წავიდა. როცა უკან დაბრუნდნენ, ისევ იმ ხის ძირში დახვდა ნუკრი. წამოიყვანა სახლში. კარგად იყო, არავითარი დაზიანება არ ჰქონია,  წყალი მივეცი, მაგრამ არ დალია. მერე პურის ნამცეცებიც მივეცი, არც პური შეჭამა“, – გვიყვება ნარგიზ მახარაძე.

ამის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა 112-ზე დაერეკა.

„მოვიდა პოლიციის უფროსი და წაიყვანა“, – გვითხრა ნარგიზ მახარაძემ.

შვლის ნუკრი, სოფელი მახუნცეთი

ქალი: დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან

ტექსტი ქვეყნდება სტილის დაცვით

______

ვის მივმართო?!

თურქეთში დავდიოდი/ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. ახლა ვზივარ უთეთროდ მშიერი. ვის მივმართო დახმარებისთვის? რამდენს მივმართე? – ბევრსსს…

20 მარტი იყო, როდესაც მირიანს მივმართე [მირიან ქათამაძე, ქობულეთის გამგებელი]. მოვიდნენ და მცირედი ამანათი მოიტანეს. მერე, აპრილში, ისევ მივმართე. მისი პასუხი ეს იყო – რომ „მე თქვენ დაგეხმარეთ ამანათითო“. სამჯერ მივწერე, გაუსაძლისი მდგომარეობა მქონდა. ფეისბუქზე დავდე ჩემი ოქროს ჯვარი და 40 ლარში გავყიდე. არაფერს აღარ დავეძებდი, ოღონდ ბავშვები დამეპურებინა.

რას ვიყიდდი 40 ლარში?

მერე მივმართე ბონდო თედორაძეს [ქობულეთის საკრებულოს წევრი]. გამოიჩინა ყურადღება და დამეხმარა….

ახლა შემოსავალი არაფერი მაქვს – ბავშვების 40 ლარის გარდა. დღეს ჩემები მშიერ კუჭზე ტყემალს და პურს ჭამენ. ამ ტყემალს მხოლოდ მარილს ვურთავ, არც სურნელი და არც არაფერი…

წუხელ სასწრაფო მყავდა – კუჭი გამიფუჭდა უჭმელობით. ახლაც ცუდად ვარ. კუჭი ლამის გამიხმეს.

ვის ვთხოვო, ვის მივმართო, მიპასუხეთ?

მე ვმუშაობდი, ჩემი ქმარიც და შიშიც არ მქონდა არაფრის. ახლა კი ვზივართ ბედის ანაბარად მე, ჩემი მეუღლე და ორი შვილი – ერთი 15 წლისაა და მეორე 13 წლის…

ველოდები, როდის გაიხსნება ეს გზა, რომ გადავიდე თურქეთში და ვიმუშაო ….იქნებ მიიტანოთ ჩემი მდგომარეობა გულთან და დაგვეხმაროთ…

მადლობა წინასწარ.

მე ასეთ მდგომარეობამდე მიმიყვანა კორონავირუსმა, თორემ არასოდეს მშიებია.

ლია, 39 წლის.

ქალაქი ქობულეთი, 20 მაისი.

გადაცემა, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერში გადის, მალხაზ რეხვიაშვილს სამსახურს სთავაზობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანს, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეს მალხაზ რეხვიაშვილს მაუწყებლიდან გათავისუფლების შემდეგ სამსახურს სთავაზობენ.

“გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო მაუწყებლიდან გაუშვეს. “პლატფორმა-სოციალური სამართლიანობისთვის” ამზადებს გადაცემა “ათვლის კუთხეს”, რომელიც გადის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნათია ქარჩილაძის გადაწყვეტილებით, მალხაზ რეხვიაშვილს ვუკეთებთ საჯარო შეთავაზებას, დაემატოს “ათვლის კუთხის” გუნდს თანაწამყვანის ამპლუაში და ამ გზით გააგრძელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის სამსახური,” –  წერს “ათვლის კუთხის” წამყვანი გიორგი არობელიძე.

მალხაზ რეხვიაშვილი “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, რომ აპირებს “ათვლის კუთხის” შეთავაზებას დათანხმდეს.

მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის მაუწყებლიდან დღეს, 11 მაისს, გაათავისუფლეს ფეისბუქზე 21 აპრილს დაწერილი პოსტის გამო.

სექსუალურად მოძალადე პაციენტს ფსიქიატრიულში ჯაჭვით აბამდნენ – ომბუდსმენის ანგარიში

„…მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი სექსუალურად ძალადობდა სხვა პაციენტებზე, რასაც ხშირად თან ახლდა კონფლიქტი პაციენტებს შორის. დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობების და სივიწროვის გამო, პაციენტის განცალკევება ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც ზარალდებოდნენ როგორც სხვა პაციენტები, ისე სავარაუდო მოძალადე პაციენტიც, რადგან სამედიცინო პერსონალი მას ხანგრძლივი დროით აჯაჭვავდა რკინის საწოლზე,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ დღეს, 11 მაისს, გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში, სადაც ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობაა აღწერილი ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში.

ანგარიშის მიხედვით, ეს შემთხვევა „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ მოხდა. მონიტორინგის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, პაციენტი ღიად აცხადებდა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, თუმცა „აღნიშნულ ფაქტს ადმინისტრაცია მხოლოდ დანარჩენ პაციენტებზე ფიზიკური ძალადობის ჭრილში განიხილავდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სპეციალურ ანგარიშში გამოვლენილია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებსა და სათემო ორგანიზაციებში მყოფი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მდგომარეობა. ანგარიშში არაერთ დარღვევაზეა საუბარი, მაგალითად, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოვლინდა გაიდლაინებით
გაუთვალისწინებელი მედიკამენტის გამოყენების გზით ლიბიდოს მიზანმიმართულად დაქვეითების შემთხვევა.

ამავე ანგარიშში მოხვდა შემთხვევა, როცა ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტის ორსულობის დადგენა დაწესებულებაში ვერ მოხერხდა და ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა.

„სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის შეფასებით, ძალადობის პრევენციაზე ზრუნვა სათანადოდ არ ხდება და გამოვლინდა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ძალადობის შემთხვევების უგულებელყოფის შემთხვევები.

„სექსუალური ძალადობა არ არის გამიჯნული პაციენტებს შორის ძალადობის სხვა ფორმისგან და დაწესებულებების მხრიდან, როგორც წესი, აღიქმება ფიზიკურ ძალადობად, ფსიქოლოგიურ ზეწოლად და ა.შ.

ბენეფიციართა შორის სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას შშმ პირთა პანსიონატებში. ხშირად ბენეფიციართა ერთი ჯგუფი ცდილობს დაჩაგროს და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მეორე. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იგი პანსიონატში მისი ნების საწინააღმდეგოდ „გაათხოვეს“. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ადამიანების ცხოვრება იმთავითვე ძალადობის მომეტებულ რისკებს შეიცავს და ადამიანის ფუნდამენტური უფლების სათანადოდ დაცვას გამორიცხავს,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე გაუშვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი გაუშვეს. რეხვიაშვილს გათავისუფლების ბრძანება დღეს, 11 მაისს ჩაბარდა.

როგორც მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.

„21 აპრილის პოსტის გამო გამიშვა, რომელიც თეონა თურმანიძის შესახებ დავწერე, ბრძანება ჩამაბარა დაახლოებით 15 წუთის წინ. დამირეკა, მობრძანდით, წერილია თქვენს სახელზეო. მოვედი და დამახვედრა ბრძანება, რომ 21 აპრილის პოსტი იყო ცილისწამება და მე მოვახდინე მაუწყებლის დისკრედიტაცია და შევულახე რეპუტაცია. ამის გამო მომთხოვეს მე უარყოფის გავრცელება და ეს უარყოფა არ გავავრცელე, გავავრცელე საჯარო წერილი, გემახსოვრებათ, ჰოდა, ამის შემდეგ არ მოვაყოლე რეაგირება გამიშვეს სამსახურიდან დღეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მალხაზ რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ის აპირებს დირექტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს. გარდა ამისა, მალხაზ რეხვიაშვილი პროკურატურასაც მიმართავს.

„პროკურატურაში შევიტან საჩივარს, იმიტომ, რომ ეს არ არის შრომითი დავა მხოლოდ, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა. ამ ბრძანებით მან პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გაუშვა სამსახურიდან, გაუშვა კრიტიკული პოზიციის  გამო ფეისბუქზე. ჩემი ქმედება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონით პროფესიული კავშირების შესახებ. დირექტორმა დაარღვია ეს კანონები და შესაბამისად მივმართავ პროკურატურას იმიტომ, რომ ასეთ საქციელებზე ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ციხეში სვამენ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ოდნავ დემოკრატია მაინც გვაქვს,“ –  ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

როცა ფბ-პოსტის გამო ჟურნალისტს სჯიან და საინფორმაციოს უფროსს არა – აჭარა TV

 

 

რისთვის აგროვებს ლადო აფხაზავა ფულს

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა თავის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ფულს აგროვებს. ამაში მას სხვადასხვა ორგანიზაცია და კერძო თუ იურიდიული პირებიც ეხმარებიან. ლადოს ძალისხმევით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 430 მოსწავლეს უკვე აქვს ინტერნეტი. რატომ ცდილობს პედაგოგი ინტერნეტის ფული მოიძიოს თავისი და სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, მაშინ, როცა განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ვისაც ინტერნეტი არ აქვს, შეუძლია ტელესკოლას უყუროს?

„ტელესკოლა ნამდვილად კარგი პროექტია, მაგრამ ტელესკოლის ყურების დროს, მოსწავლე მაინც პასიურია და არც ინტერაქტივია და არც უკუკავშირი. ფეისბუქგვერდიც გააკეთა ტელესკოლამ, სადაც შესაძლებელია დავალებების გადაგზავნაც, მაგრამ მოსწავლეს, რომელსაც ინტერნეტი არ აქვს, როგორ გააგზავნის? ინტერნეტი რომ ჰქონდეს, ატვირთვა და სურათის გადაღება-გადაგზავნა რომ შეეძლოს, ონლაინგაკვეთილებშიც ჩაერთვებოდა მაშინ მოსწავლე“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

პედაგოგის თქმით, ონლაინგაკვეთილების უპირატესობა ის არის, რომ უკუკავშირი გაქვს.

„ონლაინგაკვეთილებზე ვიყენებთ სხვადასხვა რესურსს, ვაწვდი დავალებებს და ვიღებ უკუკავშირს. ვხედავ, როგორ აკეთებს ბავშვი დავალებებს, უფრო აქტიურია, უფრო ჩართულია პროცესში.

მაგალითად, ახლა ვიმსჯელეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. მოვიძიე ვიდეო, რომელიც გავუზიარე ბავშვებს – უყურეს, ვიმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, ვინ არა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და ა.შ. ანუ ასეთი თემების განხილვისას აუცილებელია ინტერაქცია, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავისი აზრი გამოხატონ, იმსჯელონ. ასეთ შემთხვევაში ბავშვები უკეთ სწავლობენ და იმახსოვრებენ“, – ამბობს აფხაზავა.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც ონლაიგაკვეთილებში არიან ჩართული, ტელესკოლასაც არ უყურებენ.

„მე ვისაც  ვკითხე, აღარ ვუყურებთო, ასე მითხრეს. თანაც, ტელესკოლა და ონლაინგაკვეთილები დროში ემთხვევა. ტელესკოლა უფრო ადრე იწყება, ცხრა საათზე და სადღაც 11:00 საათამდე გრძელდება, მაგრამ ჩვენი ონლაინგაკვეთილებიც ამ დროისთვის იწყება“.

ლადო აფხაზავას ვკითხეთ, როგორ აპირებს მოსწავლეების საბოლოო შეფასებას. მისი აზრით, ამ ეტაპზე განმავითარებელი შეფასებებით შემოიფარგლება და ჯერჯერობით უცნობია, შეფასდებიან თუ არა მოსწავლეები ნიშნებით.

„ვინც ესწრება ონლაინგაკვეთილებს ვხედავ, როგორია მისი ჩართულობა პროცესში. შეავსო თუ არა ტესტი, კროსვორდი გააკეთა თუ არა ან ესე თუ დაწერა, ეს კრიტერიუმები განმავითარებელ შეფასებებში გაწერილია და იციან მოსწავლეებმა, მაგრამ იმ ბავშვების შეფასების დროს ვინც მხოლოდ ტელესკოლაზეა დამოკიდებული, შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული უხერხულობები.

თუ მასწავლებელი იტყვის, რომ „ეს ბავშვი არ ესწრებოდა ონლაინგაკვეთილებს, მაშინ მოსწავლე იტყვის, რომ ტელესკოლას უყურებდა. ასე, რომ დაიწერება თუ არა ნიშნები, ეს საკითხი მაინც გადასაწყვეტია და ალბათ დირექტორები იქნებიან ინფორმირებული“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, სადაც მიმდინარე პროცესების შეფასება იქნება წარმოდგენილი. არც ის არის ცნობილი, მოსწავლეების საბოლოო შეფასებისას რა სტანდარტით იხელმძღვანელებს სკოლა. შესაბამისად, სკოლები რეკომენდაციებს ისევ განათლების სამინისტროსგან ელიან.

ადიდებული ალაზანი და ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი 

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ალაზნის ალყაში მოექცა. დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელი ხიდით სარგებლობა დღეს, 11 მაისს, შეუძლებელია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვანო ნასყიდაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხიდი მდინარე ალაზანზე 2017 წელს ააგეს.

„თავად ხიდი დაზიანებული არაა, ხიდამდე მისასვლელი გრუნტის გზაა მხოლოდ დაზიანებული,“ – ამბობს ვანო ნასყიდაშვილი.

მისივე თქმით, ამ მონაკვეთზე მდინარე ალაზნის კალაპოტის სიგანე დაახლოებით 300 მეტრია, ალაზანზე აგებული ხიდის სიგრძე კი  – 110 მეტრი.

„300 მეტრი იქნებოდა, ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე რომ გაგვეკეთებინა და მაგდენს როგორ გავაკეთებდით? სადაც მდინარე მიდიოდა თავის დროზე, ის კალაპოტი დავფარეთ ჩვენ. გრუნტის გზაა მხოლოდ დაზიანებული. სამანქანე ხიდი სადაც იყო, ის ხიდი დგას თავის ადგილას. ეს ხიდი არის საცალფეხო ხიდი, პრივატიზებულ ნაკვეთებთან დამაკავშირებელია მოსახლეობისათვის. სადაც მდინარე მიდიოდა, იქ გავდეთ მარტო ხიდი. გავუკეთეთ კიბეებით ასასვლელი. წყალი რომ ადიდდა, დატბორა ხალაწნის მხრიდან მისასვლელი. ჩამოდგება წყლები და იმ გზას აღვადგენთ,“ –  ამბობს ვანო ნასყიდაშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მაშინ, როცა ისტორიულად მდინარე ალაზანი ყოველ გაზაფხულზე დიდდება, რატომ არ იქნა ეს ფაქტორი გათვალისწინებული ხიდის მშენებლობისას, ახმეტის  მერის მოადგილე პასუხობს: „თვითონ მოსახლეობამ როგორც გვითხრა, ისე გავაკეთეთ გენაცვალე. სულ რომ დიდდება, მაგ ადგილზე მისდღემჩი არ იყო გადასული წყალი“.

ფოტო: რამზან გორგიშვილი

 

ბათუმში Covid19-ით დღეს გარდაცვლილი კაცის ცოლიც კორონავირუსით გარდაიცვალა აპრილში

ბათუმში 81 წლის კაცს, რომელიც დღეს, 11 მაისს, კორონავირუსით გარდაიცვალა კლინიკა „მედალფაში“, თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გადატანილი ჰქონდა ინსულტი.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კორონავირუსითაა გარდაცვლილი მისი ცოლიც, 71 წლის ქალი. იგი კოვიდინფიცირებული პირველი პაციენტი იყო, რომელიც ბათუმში 18 აპრილს გარდაიცვალა. ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.

ცოლ-ქმარი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იყო. კორონავირუსით არიან ინფიცირებული ოჯახის სხვა წევრებიც, რომლებსაც თბილისში მკურნალობენ.

აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი, ქობულეთელი ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, 43 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

11 მაისის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 317 ადამიანი, გარდაიცვალა – 11.

როგორ შევავსოთ მონაცემები 200 ლარი კომპენსაციის მისაღებად [ინსტრუქცია]

დამსაქმებლებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, საშუალება აქვთ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციები გადააგზავნონ იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია [თვეში 200 ლარი] ეკუთვნით.

ინფორმაციის გადასაგზავნად დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურის ვებპორტალიდან rs.ge  შედის თავის [გადამხდელის] გვერდზე, შემდეგ გადადის „განცხადებებში“, აქედან შედის გრაფაში – „ახალი განცხადების რეგისტრაცია“ და ძებნის გრაფაში უთითებს „ინფორმაცია დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება(COVID-19)“, ან მხოლოდ ერთ-ერთ რომელიმე სიტყვას: „კომპენსაციის“ ან „COVID“ და გაიხსნება ფანჯარა:

აქ დასაქმებულთა მონაცემების შევსება შესაძლებელია 2 გზით [რომელიც უფრო ადვილია დამსაქმებლისთვის]:

პირველი: ან პირდაპირ ავსებთ აღნიშნულ ფანჯარაში მონაცემებს და აგზავნით, ან

მეორე: ჩამოტვირთავთ Excel-ის ფაილს [ზემოთა გრაფა – „დანართის ატვირთვა xls ფორმატში (Excel 2003)“]:

ავსებთ ამ Excel-ის ცხრილს და შემდეგ აგზავნით ისევ გადამხდელის გვერდიდან.

გაითვალისწინეთ, რომ გრაფას – „ანაზღაურებული სადაზღვევო პრემია“ – ავსებს მხოლოდ ის დამსაქმებელი, ვინც დაზღვევის თანხას უხდიდა დასაქმებულს [ასეთ შემთხვევაში, გრაფაში „სადაზღვევო პრემია“ კონკრეტულად უნდა მიუთითოთ სსკ-ის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა – დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა].

მონაცემების გაგზავნის ფუნქცია ამ დროისთვის [11 მაისის 17:30 სთ.] ჯერ გააქტიურებული არ არის. თუმცა, 15 მაისამდე აუცილებლად გააქტიურდება.

[highlight color=”red”]დასაქმებულმა უნდა გაითვალისწინოს[/highlight], რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 4 მაისს შევიდა ძალაში. შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც იწყება მაისის თვიდან.

ანუ, დასაქმებული, რომელიც კორონავირუსის გამო უხელფასოდ დარჩა აპრილის თვეში, ის მაისის თვის ბოლომდე მიიღებს აპრილის თვის კომპენსაციას – 200 ლარს. თუ იმავე მიზეზით მარტის თვეშიც არ მიუღია ხელფასი, ის მარტის თვის კომპენსაციას ვერ მიიღებს.

პროგრამის მიხედვით, კომპენსაცია უხელფასოდ დარჩენილ დასაქმებულებზე გაიცემა 6 თვის განმავლობაში, თუმცა, გასათავლისწინებელია ასევე, რომ, თუ მაისის თვეში დასაქმებული აიღებს ხელფასს, ის მაისის კომპენსაციას ივნისში ვეღარ მიიღებს; თუ ივნისში აიღებს ხელფასს, მაშინ ივნისის კომპენსაციას ვეღარ მიიღებს ივლისში და ა.შ. ანუ, პროგრამის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო სიაში არსებულ პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, შეწყდება მასზე კომპენსაციის გაცემა“.

როგორ გაიცემა კომპენსაცია

აღნიშნულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა შემდეგი პირობებით:

დამქირავებელი, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ამ პირობებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge/;

სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამისი ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა;

დამქირავებელი უფლებამოსილია, განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით;

დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

კომპენსაციას დასაქმების სააგენტო გასცემს საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით, დანართში მითითებული პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/451367/?fbclid=IwAR1bOXlzvIpV88GNl3ojgCW7RiXaayNoTjFvATYudHsS0ctAyXPkwsyD38k

როგორ გავახაროთ ავოკადო სახლის პირობებში

ლათინურად Persea Americana – იგივე ავოკადო ბევრს რთულად გასახარებელი მცენარე ჰგონია, თუმცა ეს ასე არ არის. მართალია, ავოკადო საკმაოდ გვიან იძლევა ნაყოფს, მაგრამ მას პრიალა, მუქი და ღია მწვანე ფოთლების წყალობით დეკორატიული ღირებულებაც აქვს. ნაყოფს – 5, 8-10 წლის შემდეგ იძლევა, შესაძლოა 15 წელიც დასჭირდეს: გააჩნია გარემოპირობებს. ერთმანეთთან ახლოს რამდენიმე ნერგი დამტვერვისთვის სასარგებლოა.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ავოკადო სამხრეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში იზრდება და ბოლოს მცენარეს განსაკუთრებულად ნაყოფმსხმოიარე წელი ჰქონდა. იგივე შედეგი მცენარის სათანადოდ მოვლის პირობებში შეიძლება ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს.

საქართველოში ავოკადო პირველად 1904 წელს შემოიტანეს, სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, 1913 წლიდან მცენარე ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც გამოჩნდა და თანდათან მოიკიდა ფეხი.

საქართველოს ჰავა მისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, შავი ზღვის სანაპიროზე იყო გაშენებული საცდელი ნარგავები, კერძოდ, გავრცელებული იყო ჯიშები: მექსიკოლა, პუებლა და ფუერტე.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების კურატორი, ლანა კოდანოვი გვირჩევს, როგორ უნდა დავთესოთ ავოკადო, როგორ გადავრგოთ და მოვუაროთ.

ავოკადოს გამრავლება მარტივია თესლით. ნაყოფის ერთი კურკა ერთ თესლს შეიცავს. მწიფდება შემოდგომაზე. სასურველია თესლის გამოთავისუფლებიდან იმ დღესვე დაითესოს, მაგრამ შესაძლებელია თესლი შევინახოთ ნესტიან ქვიშაში რამდენიმე ხნის განმავლობაში. ნესტიანი ქვიშა საშუალებას იძლევა, შევინარჩუნოთ აღმოცენებისუნარიანი თესლი. დათესვისას თესლის ერთ მესამედს ტოვებენ ღიად და მხოლოდ ნაწილი იფარება მიწით. თესლი დაახლოებით 1, 2 თვეში აღმოცენდება.

როცა ნერგი 7 თვის გახდება და დაახლოებით 10, 15 სანტიმეტრს მიაღწევს, სასურველია მისი გადარგვა უფრო დიდ ქოთანში. ავოკადოსთვის სასურველია მსუბუქი, კარგად დრენაჟირებული ნიადაგი. მიწის, ტორფისა და პერლიტის ნაზავი. პერლიტს ნიადაგის უკეთ გასანიავებლად იყენებენ, რომ ფესვები მორწყვისგან არ დაზიანდეს. სასურველი და აუცილებელიცაა ავოკადოს ქოთანში გვქონდეს მიწის კარგად დრენაჟირებული სისტემა. მცენარე ირწყვება კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ეს ავოკადოს 6- 7 თვის ნერგია. თესლის ერთი მესამედი მიწის ზემოთაა დარჩენილი. ამ ასაკის ნერგი მოზრდილ ქოთანში უნდა გადაირგოს ისე, რომ თესლის ნაწილი ისევ მიწით დაუფარავი დარჩეს.

გადარგვისას სასურველია ფესვები შევაკვეცოთ, დავუმოკლოთ. გადარგვის დროსაც თესლს ნიადაგით არ ვფარავთ მთლიანად. ზაფხულის გვალვისგან შესაძლებელია ავოკადოს ნერგს ფოთლები დასცვივდეს და ამ დროს საჭიროა ფოთლების წყლით დანამვა. ძალიან მარტივია განსაზღვრა, სჭირდება თუ არა წყალი ავოკადოს. შეგვიძლია შევამოწმთ თითითაც – თუ ნიადაგი ზედაპირიდან ცოტა სიღრმეშიც ტენიანი, მაშინ მცენარეს აღარ ვრწყავთ, თუ გამომშრალია – წყალი აკლია.

ავოკადოს გამოზრდა შეგვიძლია ბინაში, ოფისსა და სათბურში. ზაფხულში მისი გატანა შეიძლება აივანზე, ბაღში. მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 15 და 25 გრადუსამდეა. ნერგი ძირითადად უძლებს ყინვას, მაგრამ 2-3-წლიანი ნაზარდები აუცილებელია მოვარიდოთ დაბალ ტემპერატურას. როცა ავოკადო დახურული სივრციდან ღია გრუნტში გაგვაქვს, უნდა შევურჩიოთ ქარისგან დაცული მზიანი ადგილი. ღია გრუნტში დარგვის შემდეგ სასურველია მცენარე ზამთარში შევფუთოთ. თუმცა მოყინვის შემთხვევაში ავოკადოს ფესვი ამოიყრის, რის შემდეგაც ჩვეულებრივ გააგრძელებს სიცოცხლეს.

ავოკადო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ხილად მიიჩნევა. მისი ენერგეტიკული ღირებულება 840 კილოჯოულია 100 გრ რბილობზე, მაშინ, როცა ბანანის ენერგეტიკული ღირებულება 355 კილოჯოულია, მანგოსი კი  – 215. შეიცავს A, B, C, D, K ვიტამინებს, 20-მდე მინერალურ ნივთიერებას. უნიკალური ეთერზეთების გამო გამოიყენებენ კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში.

თიბისის პირველი ციფრული ბარათი უკვე 600-მდე მომხმარებელმა გაიაქტიურა

საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს უკვე 600-მდე მომხმარებელი ჰყავს. ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით შეიქმნა და ის ხელმისაწვდომი 2 დღის წინ გახდა.

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.

ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში (APPLE WALLET, TBC WALLET).

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

[checklist]

  •  მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
  • ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში;
  • ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
  • Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

[/checklist]

„ჩვენი სტრატეგია მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების შეთავაზებაა. ადამიანებს სჭირდებათ ისეთი მომსახურება და პროდუქტები, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ციფრული ბარათი ძალიან პრაქტიკული პროდუქტია, რასაც მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესიც ადასტურებს. ძალიან მალე ბარათს ფიზიკურ პირებთან ერთად უკვე ბიზნესების წარმომადგენლებსაც შევთავაზებთ“, – ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პირველი ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc

„ხელისუფლებას ხელიდან გამოეცალა მტრის ხატი, რომ სააკაშვილი დაბრუნდება“ – სამნიძე

“საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, წერტილი“ – ეს პრემიერმა გახარიამ გუშინ, 9 მაისს, თქვა. მანამდეც ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებიდან ცხადი გახდა, „8 მარტის შეთანხმების“ ერთი ნაწილი რომ ვერ შესრულდებოდა, რაც ეხება პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. „8 მარტის შეთანხმებამდე“ მოლაპარაკებების ხანგრძლივ პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო თანამეგობრობაც.

რამდენად გამოუვა „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება და საჯაროდ დადებული პირობის შეუსრულებლობა? – თემაზე „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს, ხათუნა სამნიძეს ვესაუბრეთ, რომელიც ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.

  • ქალბატონო ხათუნა, პირველ რიგში, რამდენად ხედავთ დღეს იმის რესურსს, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება სრულად?

მე, პირადად, არ მგონია, რომ ხელისუფლება გაბედავს და ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს… რაც შეეხება პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, ეს პირობა ნამდვილად იყო შეთანხმების ნაწილი. თუ გავიხსენებთ, იგივე ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ ამერიკის საელჩოს და დასავლელი პარტნიორების გამოხმაურებას, ეს ცხადად მოწმობს, რომ შეთანხმების საგანი არ იყო მხოლოდ საარჩევნო მოდელის შეცვლა. ხელისუფლების დღევანდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ მან ახალი დღის წესრიგი დაიწყო, რომ გააქროს ამ შეთანხმებიდან პოლიტიკური პატიმრები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომელსაც დანარჩენები აჟღერებენ. ივანიშვილისთვის ეს პერსონალური საკითხია – უგულავას და ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი ეს ბრძანება შესრულდეს.

  • 8 მარტის შეთანხმების შემდეგ მიღებულ მემორანდუმში წერია: „…აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“. აქ მართლაც არაფერია ნათქვამი კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე. რითი დასტურდება, რომ მმართველ პარტიას ამ საკითხზე შეუთანხმდით? 

ასეთ მოლაპარაკებებში, როცა საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩართული, ბუნებრივია, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არავინ ჩაწერდა მემორანდუმში, მაგრამ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც იციან ძალიან კარგად, რომ საუბარი იყო კონკრეტულ ადამიანებზე: ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა, ასევე აქტივისტების დაკავებაზე, რომლებიც შემდეგ გაათავისუფლეს. მოლაპარაკებების დროს პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანების წინააღმდეგ საქმეების შეწყვეტაზე რომ შევთანხმდით, ამას ადასტურებს ამერიკის საელჩოს განცხადებაც, როცა ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს. საელჩომ პირდაპირ თქვა, რომ ეს ჩრდილს აყენებს 8 მარტის შეთანხმებას… ევროპარლამენტარი კუბილიუსიც ამაზე საუბრობს, რომ შეთანხმების საგანი მხოლოდ საარჩევნო მოდელის შეცვლა არ იყო.

მემორანდუმში, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქვე საუბარია იმაზე, რომ მხარეები მიესალმებიან პრეზიდენტის მზაობას საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ პროცესს, ანუ აქაც საუბარი იყო პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებაზე.

  • ანუ საუბარი იყო მხოლოდ მსჯავრდებულებზე? სხვა მხრივ, რა ფორმით შეიძლებოდა მმართველ პოლიტიკურ გუნდს გავლენა მოეხდინა იმ საქმეებზე, რომლებსაც სასამართლო განიხილავს? 

იყო საუბარი, მაგალითად, აღკვეთის შეცვლაზე რურუას შემთხვევაში, ეს უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია… მთავარია, რომ მოლაპარაკებების დროს ხელისუფლების მხრიდან იყო გამოხატული მზაობა, მართლმსაჯულებას აღარ გამოიყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომაც უწოდეს ამ შეთანხმებას ისტორიული, რომ ადამიანების დევნა შეწყდებოდა პოლიტიკური ნიშნით, რომ არ ყოფილიყო აღქმა – ადამიანები იდევნებიან საარჩევნო პროცესის წინ და მეორე: საარჩევნო სისტემა ყოფილიყო უფრო სამართლიანი, ვიდრე აქამდე.

  • შესაძლო პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულების გათავისუფლებას ხელისუფლება აპირებდა და შემდეგ გადაიფიქრა?

კი, ივანიშვილს ახასიათებს აკვიატებები და პირადი ბოღმა, ასევე დაპირების უკან წაღება, გაგახსენებთ: დიდი მიტინგის დროს ის გამოვიდა და შეგვპირდა, რომ იქნებოდა პროპორციული სისტემა. შემდეგ გამოვიდა და თქვა, მე ეს იმიტომ ვთქვი, რომ ჩაწყნარებულიყო სიტუაციაო. მას ახასიათებს ასეთი სვლები, რომ კონკრეტულ მომენტში ცეცხლი თითქოს ჩააქროს და შემდეგ პოზიცია შეცვალოს. ახლა ხელისუფლება აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება და ოპოზიცია იქნება პასუხისმგებელი ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ამ ცვლილებების მიღება მოუწევთ. ფაქტია, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ოპოზიციის გარეშე შეუძლია ამ ცვლილების მიღება.

  • რამდენად გამოვა ევროპელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა? 

ეს მძიმედ იქნება აღქმული პარტნიორების მხრიდან. ერთია, რას ლაპარაკობენ კობახიძე და თალაკვაძე, ასე ვთქვათ, შიდა მოხმარებისთვის, რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს და ასე შემდეგ, მაგრამ პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რაზე იყო საუბარი. ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ ეს ხელისუფლება არის ყველაზე არასანდო ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილებებში. ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს „ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორებთან.

რთულია პროგნოზის გაკეთება, ისეთი აკვიატების ადამიანი უდგას სათავეში „ოცნებას“, მაგრამ მე ვფიქრობ, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, ეს ადამიანები რომ არ გათავისუფლდნენ… ის განცხადებები, მაგალითად, რა პასუხი ჰქონდა თალაკვაძეს, როგორ იქცევიან კონგრესმენებთან დამოკიდებულებაში, ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მიდის იზოლაციისკენ, განსაკუთრებით ახლაა ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი, როცა ფინანსურ დახმარებასაც ელიან პარტნიორებისგან, როცა კრიზისი გაღრმავდება პოსტივირუსულ ვითარებაში.

  • მმართველი გუნდი ამ კონკრეტული პირების გათავისუფლებას იმიტომ ხომ არ ერიდება, რომ საკუთარი ელექტორატის ერთ-ერთი მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დასჯა იყო? 

ამ კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებით ხელისუფლებას აქვს გზავნილი, რომ შეუძლია დააკავოს ადამიანები, დაიწყონ გამოძიება. გარდა ამისა, ხელისუფლებას ხელიდან გამოეცალა „მტრის ხატზე“ ორიენტირებული საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა, რომ, აი, სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში. ახლა ეს აღარ გამოვა. ხელისუფლებას სჭირდება სხვა საკითხი პოლიტიკური პოლარიზებისთვის. თავისუფალ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ წააგებს, იმის მიუხედავად, თუ რა რეიტინგი აქვთ ახლა, კორონავირუსის თავდაპირველი მართვის პირობებში.

ხელისუფლება უკვე ცდილობს, რომ დაძაბოს ვითარება და დააჯეროს ხალხი, რომ სხვაა დამნაშავე. მათ დღის წესრიგში უკვე გაჩნდა ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“. მოლაპარაკებების შემდეგ ეს რიტორიკა ჩვენ არ გვესმოდა.

ერთია საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, როცა იძულებული ხარ ეს გააკეთო და მეორე – წინასაარჩევნო გარემო. როცა არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, ვერ იქნება საარჩევნო გარემო მშვიდი და გამჭვირვალე. არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან, თანასწორ გარემოში და ამას სჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აღიარება.

ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი, ის მონაწილეობდა ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებებში.

 

გახარია ტურიზმის გახსნაზე: უნდა გვქონდეს უკან გადახვევის შესაძლებლობა

დღეს, 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა მოკლედ მიმოიხილა მთავრობის მიერ ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები და ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმში „ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა“.

„ჩვენ, ასე თუ ისე, შედარებით, ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ გავუმკლავდით და გავიმარჯვეთ, ამის ილუზია არავის არ უნდა გვქონდეს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი მინიმუმ წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება,“ – განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს კონკრეტულ წესებზე, თუ როგორ, რა პირობებშია შესაძლებელი ტურიზმის გახსნა.

„რამდენიმე კრიტიკული წერტილია. ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო, შემდგომ – ტრანსპორტი და შემდგომ – სასტუმრო. ყველა ამ ადგილებში კოვიდის უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველომ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ახალი ნიშა უნდა დაიკავოს:

„ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე, როგორც არა მხოლოდ ზღვის, მთის, ისტორიული, კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ – უსაფრთხო ქვეყანა.

ყველაფერი, რაც აქამდე გვქონდა გაკეთებული, რაშიც გვქონდა დახარჯული დრო, რესურსი, ძალა, ყველაფერი ჩადებული, ამას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ყველაფერთან ერთად, იმით, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არის არგონავტების სამშობლო, რომ მედეა ამ სანაპიროზე… აქედან წაიყვანეს, სადაც წაიყვანეს, საბერძნეთში, ამას ყველაფერს ემატება ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და არის ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო. კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას.

ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის, გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები, არ უნდა ვიჩქაროთ, უბრალოდ არ უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ, რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, როგორც კი ვხედავთ, რომ რაღაც პრობლემები იქმნება, უნდა გადავახვიოთ უკან.

ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ, ტაქტიკამ და ეფექტურობამ, სულ მალე, დაახლოებით სადღაც აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

თურქეთის საკონსულო სურსათით დაეხმარება მათ, ვინც თურქეთში სამუშაოდ ვერ მიდის

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, იმ ოჯახებს, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოდ წასვლას ვერ ახერხებენ, საკონსულოს ორგანიზებით, 500 სასურსათო კალათს გადასცემენ.

როგორც თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ოჯახებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად არჩევენ. „არიან ოჯახები, რომლებიც უშუალოდ საკონსულოს მოგვმართავენ დახმარებისთვის, სხვა შემთხვევაში კი, მუნიციპალიტეტები გვაწვდიან ინფორმაციას. სოლიდარობის ფარგლებში 2 600 სასურსათო კალათა დარიგდა უკვე და 15 ტონა ფქვილი. ამ აქციაში ჩართული იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია Tika, რომელმაც 300 სასურსათო კალათა დაარიგა. ამჯერად კი 500 სასურსათო კალათა დარიგდება ქობულეთში, ოზურგეთსა და აჭარის მაღალმთიანეთში“, – გვითხრეს საკონსულოში.

ამ ეტაპზე აქციაში კომპანია Gökşin-ია ჩართული, რომელიც უზრუნველყოფს 500 სასურსათო კალათის გადაცემას იმ ოჯახებისთვის, რომელთა წევრებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოს ასრულებდნენ. როგორც წესი, ჩაის კრეფის სეზონი მაისის ბოლოს იწყება.

18-თვიანი ტყვეობის დასასრული – იტალიელი მოხალისე ტყვეობიდან გაათავისუფლეს

„სილვია რომანო თავისუფალია. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. სილვია, ჩვენ გელოდებით იტალიაში“, – იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ეს ტექსტი ტვიტერზე 9 მაისს დაწერა და ამით საზოგადოებას ამცნო, რომ 23 წლის იტალიელი სილვია რომანოს 18-თვიანი ტყვეობა დასრულდა.

სილვია რომანო კენიაში Africa Milele Onlus-ის პროგრამაში მოხალისედ მუშაობდა, როდესაც ის 2018 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთი სოფლიდან გაიტაცეს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა.

სილვია კენიიდან გამტაცებლებმა სომალში გადაიყვანეს. სწორედ სომალის დედაქალაქ მოგადიშუს მახლობლად გაათავისუფლეს ის 9 მაისს. სილვია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ალ შაბაბს“ ჰყავდა გატაცებული. იტალიური მედია წერს, რომ სილვიას გასათავისუფლებლად იტალიურ სპეცსამსახურებს სომალური და თურქული სპეცსამსახურები დაეხმარნენ.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მედიაში გამოჩნდა ფრაგმენტები სილვია რომანოს დღიურიდან, რომელსაც ის ტყვეობაში წერდა.

დღიურზე დაყრდნობით სტატია იტალიურმა გამოცემა „კორიერე დელა სერამ“ გამოაქვეყნა, სადაც სილვია აღწერს თავის სიტუაციას, თუ როგორ გაატარა მან ტყვეობის 18 თვე.

„ახლა ეს დღიური ნივთმტკიცებაა, რომელიც გამომძიებლებს მისცემს საშუალებას ისტორიის სრული რეკონსტრუქცია მოახდინონ,“ – წერს „კორიერე დელა სერა“.

„სასოწარკვეთილი ვიყავი, სულ ვტიროდი. ტყვეობის პირველი თვე საშინელება იყო. მუდმივად ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და იატაკზე მეძინა. თუმცა არ ვუცემივარ და არ უძალადიათ ჩემზე.  არაფრის გაკეთება არ დაუძალებიათ ჩემთვის. საჭმელს მაძლევდნენ. ყოველთვის, როდესაც ჩემს ოთახში შემოდიოდნენ, სახე დაფარული ჰქონდათ. საუბრობდნენ ენაზე ან დიალექტზე, რომელიც მე არ მესმოდა. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ვინც ინგლისურად საუბრობდა. მე მას ვთხოვე წიგნები, მოგვიანებით კი ყურანი. მუდმივად ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ვკითხულობდი და ვწერდი. ადგილი, სადაც ვყავდი გამოკეტილი, სოფელში იყო. დღეში რამდენჯერმე მესმოდა მუეძინის ხმა, რომელიც ლოცვისკენ მოუხმობდა მლოცველებს“, – წერს სილვია თავის დღიურში.

სილვიას 18-თვიანი ტყვეობის განმავლობაში სამი ვიდეო გადაუღეს და ეს ვიდეოები გამტაცებლებმა იტალიურ სპეცსამსახურებს გაუგზავნეს. იმის გამო, რომ სომალიში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სილვიას გამტაცებლები გამუდმებით იცვლიდნენ ადგილს. სილვია თავის დღიურში წერს, რომ ჯამში მთელი ტყვეობის განმავლობაში ექვს ადგილას იყო.

ექსტრემისტულ დაჯგუფება „ალ შაბაბს“ კიდევ რამდენიმე ევროპელის გატაცებაში ედება ბრალი. თუმცა სილვიას თქმით, ის თავისი ტყვეობის განმავლობაში არასდროს შეხვედრია სხვა გატაცებულებს.

სილვია 9 მაისს გაათავისუფლეს სომალში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სილვიამ ისლამი მიიღო. სწორედ ამის გამო, იტალიურ მედიაში გაჩნდა სტატიები იმის შესახებ, რომ სილვია რომანო შესაძლოა სტოკჰოლმის სინდრომი ჰქონდეს.

„საგამოძიებო ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ ეს შეიძლება იყოს [ისლამის მიღება] ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია იმ სიტუაციით, რომელშიც სილვია რომანო იყო 18 თვის განმავლობაში“, – წერს იტალიური გამოცემა „კორიერე დელა სერა“.

 

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/FABIO FRUSTACI

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის კლასტერიდან

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი, 81 წლის მამაკაცი, „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. მას კორონავირუსი 9 აპრილს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

ეს აჭარაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. პირველი პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა, 73 წლის ქალი, რომლის ინფიცირებაც „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდებოდა.

ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 13 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე.

აჭარაში ჯამში 43 პირი განიკურნა კორონავირუსისგან.

 

ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 მაისს, დასრულდა. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას დეპარტამენტს ტენდერში მონაწილე შპს „მამისონი“ 14 581 880 ლარად სთავაზობს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ამიტომ, ამ ეტაპზე [შერჩევა-შეფასება] უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები [პროგრამულად მხოლოდ ის კომპანია ჩანს, ვისაც ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს].

სამშენებლო კომპანია „მამისონი“ 2007 წელს თბილისშია რეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელია შპს „ევორდ ჰოლდინგი“, რომლის მესაკუთრეებიც არიან თორნიკე, ირაკლი, სოფიკო და ნიკოლოზ ჭკადუები. ირაკლი ჭკადუა კი, შპს „მამისონის“ გენერალური დირექტორია.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ირაკლი ჭკადუამ 10 ათასი ლარი შესწირა 2017 წლის სექტემბერში.

შპს „მამისონმა“, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ჩაქვში, სადაც ბათუმის ახალი სასაფლაო უნდა გახსნილიყო [ამ კომპანიასთან 3 399 000 ლარზე იყო ხელშეკრულება გაფორმებული]. პროექტი „ბათუმის სასაფლაოებს“ შპს „ვეგასგან“ ჰქონდა შეძენილი, თუმცა, სასაფლაო დღემდე არ გახსნილა, რადგან სამუშაოები არასათანადოდ არის ჩატარებული.  ამ საქმეს პროკურატურა სწავლობს.

[red_box]ამ თემაზე ვრცლად: ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება[/red_box]

[highlight color=”green”]რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას[/highlight], საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სრულ მონაკვეთზე ხელახალი ტენდერები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ ჯამში 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა.

დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას [რომლის ტენდერშიც „მამისონი“ მონაწილეობს], სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ტენდერის პირობის მიხედვით, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია, სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კი, 7 კომპანია მონაწილეობს და ამ ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

ამ თემაზე ვრცლად:

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან 110-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – დეპარტამენტი

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტში / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

„აბაზანაც არაა, ავტომანქანებში გვძინავს“- მძღოლები საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ითხოვენ

„აქ არიან მძღოლები, რომლებიც რეისში იყვნენ. ზოგი ერთი თვეც კი აქაა. აქ არც აბაზანაა, ვერც დაიძინებ სადმე, ისეც ტრაილერში უნდა იძინო,“ – გვიყვება ბათუმელი რომან ძნელაძე. ბათუმის ეკონომიკური გაფორმების ზონაში ის მძღოლები ითხოვენ საკარანტინო სივრცეში გადაყვანას, რომლებიც ტრანზიტულ რეისებს ასრულებენ სატვირთო ავტომანქანებით და ბათუმში რამდენიმე დღით, განბაჟების პროცედურების დასრულებამდე, უწევთ გაჩერება.

„…საკვები შემოაქვთ, კი, ძირითადად, გაყინული ხორცი და ლობიო, პაკეტებში დაფასოებული საჭმელია, მაგრამ ყველას მოწესრიგება უნდა, მთავარი პრობლემა ესაა,“ – ამბობს რომან ძნელაძე. მისი თქმით, ამ ზონიდან ის მძღოლები გადიან მხოლოდ ქალაქში, ვინც დაადასტურებს, რომ თვითიზოლაციის დაცვა შეუძლია.

„ზოგიერთი ბათუმელია, მაგრამ ოჯახში რამდენიმე წევრია და იზოლაციას ვერ დაიცავ, არ უშვებენ“, – დასძენს რომან ძნელაძე. მძღოლების თქმით, ისინი პანდემიამდე მსგავს სიტუაციაში სახლებში მიდიოდნენ ან გადამზიდავი კომპანია მათთვის საცხოვრებელ ბინას ქირაობდა.

მძღოლების თქმით, მოუწესრიგებელია ტუალეტებიც, სადაც ჰიგიენური პირობები პანდემიის პირობებში დაცული არ არის.

„ვინც 14 დღეზე მეტხანს ჩერდება საქართველოში, მას შეუძლია მოგვმართოს და გადავიყვანთ ახლომდებარე სასტუმროში, სხვა შემთხვევაში კი, ტირპარკში უნდა მივიდნენ, რომელიც მოწყობილია ფოთსა და რუსთავში,“ – გვითხრეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელ ხაზზე. ტირპარკის შემთხვევაში მძღოლებს დაძინება ისევ ავტომანქანებში მოუწევთ, თუმცა აქ სველი წერტილებია მოწყობილი. სააგენტოში განმარტეს, რომ ტირპარკით სარგებლობა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა.

სააგენტოს განმარტებით, გადამზიდავ კომპანიებს ისევ შეუძლიათ იქირაონ საცხოვრებელი ბინა მძღოლებისთვის და თუ დადასტურდება, რომ იზოლაციის პირობა დაცულია, შესაძლოა, მძღოლი იქ გადავიდეს.

რატომ არ გადაიყვანეს ის მძღოლები საკარანტინო სივრცეში, რომლებიც ორ კვირას ჩერდებიან ბათუმში? – სახმელეთო სააგენტოს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ვერ გვიპასუხებენ.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი,  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებს წინასწარ განუმარტავს საქონლის საბაჟო კონტროლის აუცილებელ პროცედურებს. ამასთან, მათ ეძლევათ დეტალური განმარტება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, შემდგომი გადაადგილების და სავალდებულო კარანტინისა თუ  თვითიზოლაციის  წესების შესახებ. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით, იზოლაციაში (მათ შორის, თვითიზოლაცია ან კარანტინი) გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ საბაჟო პროცედურების (მათ შორის, საქონლის გაფორმების პროცედურების) დასრულების შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ხორციელდება მძღოლის მიერ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით,“ – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

სკოლა „პროგრესი“ მოსწავლეთა შერჩევას იწყებს, რჩეულები 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ

სკოლა პროგრესი იწყებს ახალ პროექტს – “პროგრესული სკოლა”, რომელიც მოიცავს 15-ზე მეტი დასახელების საგნის შესწავლას არასასკოლო დღეებში. საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევას, “პროგრესულ სკოლაში” 100%-იანი დაფინანსებით ისწავლიან.

“სკოლა პროგრესი ყოველთვის გამოირჩეოდა სოციალური პასუხისმგებლობით და“პროგრესული სკოლაც” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ეს არის ერთგვარი საშაბათო სკოლა, რომელიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს საინტერესო საგნებს. კურიკულუმი შედგენილია იმ მოდულით და საკითხებით, რომელთაც სკოლა პროგრესის მოსწავლეები სასკოლო პროგრამისა და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ეუფლებიან”, – ამბობს სკოლა “პროგრესის” წარმომადგენელი.

სკოლა „პროგრესი“ სწავლებას ონლაინ ჩაატარებს.

პროგრესული სკოლა 4-კვირიანია და 1 თვის განმავლობაში 15-ზე მეტ კურსს 20 ლექტორი გაუძღვება. შერჩევა 2 ეტაპად მოხდება:

  1. აპლიკაციების გადარჩევა
    2. გასაუბრება

საგნების ჩამონათვალია:

  • STEM (I-XII)
    • ბიზნესის უნარ-ჩვევები (I-XII)
    • “მე და ფსიქოლოგია” (I-XII)
    • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (I-VIII)
    • სოციალურ-ემოციური განვითარება (II-VII)
    • კითხვის კლუბი (III-VII)
    • Speak Up English [ქართველი პედაგოგი] (I-IV)
    • Speak Up English With Ariska [Native Speaker] (V-XII)
    • ბიზნესის უნარ-ჩვევები [ინგლისური] (VI-XII)
    • ინფორმაციული წიგნიერება (VII-XII)
    • დებატები (VII-XII)
    • დებატები [ინგლისური] (VII-XII)
    • ლიტერატურის ფილოსოფია (IX-XII)
    • მედიაწიგნიერება (VII-XII)
    • ქიმია (VIII-XI)
    • პროფესიული ორიენტაცია (VIII-XII)
    • რამდენიმე კვლევითი უნარი ეკოლოგიაში (VIII-XII)
    • შესავალი კურსი ფილოსოფიასა და ლოგიკურ აზროვნებაში (X-XII)

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 13 მაისი, 18:00 სთ.

ყველა მსურველს ვუსურვებთ წარმატებებს!

რიჟვაძისა და დეპუტატების მიერ შეცდომით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული. საუბარია თანამდებობის 6 პირზე.

„2019-2020 წლებში წარდგენილ ქონებრივი  დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, რაც ასევე არის საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

„საერთაშოროსო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, თორნიკე რიჟვაძეს 2019 წლის 30 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს 25% წილი შპს „აჭარა ბერრის ლიმითედში”.  რიჟვაძეს მოცემული წილის მართვა სხვა პირისთვის მინდობით უნდა გადაეცა, რაც მან არ გააკეთა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის 31 ივლისს, თორნიკე რიჟვაძემ ეს წილი თორნიკე კუჭავას აჩუქა (კუჭავა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს). თუმცა სათანადო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო საჯარო რეესტრმა რიჟვაძის განცხადება არ დაარეგისტრირა. შესაბამისად, კომპანიის 25% დღემდე თორნიკე რიჟვაძის საკუთრებაში რჩება.

ზურაბ თენიეშვილი – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ზურაბ თენიეშვილმა, 2020 წლის 17 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა შემოსავალი, რომელიც ბათუმში, თანასაკუთრებაში არსებულ 175 კვ.მ. კომერციულ ფართობში საკუთარი წილის გასხვისებიდან მიიღო. ფარნავაზ მეფის 92/94 ნომერში მდებარე კომერციული ფართობის ნახევარს თენიეშვილი 2019 წლის 9 იანვრამდე ფლობდა, შესაბამისად, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავალი 2020 წლის დასაწყისში შევსებულ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა.

მუხრან კაკაბაძეაჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი

2019 წლის 10 სექტემბრის ქონებრივ დეკლარაციაში მუხრან კაკაბაძეს მითითებული არ აქვს მამის, ნოდარ კაკაბაძის სამეწარმეო საქმიანობა: ნოდარ კაკაბაძე შპს „სახლი პიაცასთან” დირექტორი და 20%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, კაკაბაძეს დეკლარირებული არ აქვს შემდეგი უძრავი ქონება: მის საკუთრებაში არსებული 57.22 კვ.მ. ბინა ბათუმში და დედის, ტატიანა ემინზადეს 38.28 კვ.მ. ფართობი ბათუმში.

ნუგზარ სურმანიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2020 წლის 24 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ნუგზარ სურმანიძემ მიუთითა, რომ მეუღლეს, სვეტლანა სურმანიძეს, შპს „ვიტაფარმის” 10%-იანი წილის მართვიდან 2019 წელს შემოსავალი არ მიუღია. ამ კომპანიამ, 2019 წელს, სახელმწიფო და გამარტივებული შესყიდვებიდან ჯამში 56,920 ლარი მიიღო.

ხვიჩა შარაშიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი

ხვიჩა შარაშიძის 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი შპს „ჩემი სახლის”, შპს „დუპლექსი-სამშენებლო კომპანიის” და შპს „vox”-ის 50%-იანი წილების მფლობელია. შარაშიძეს თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე არსებული წილების მართვა სხვა პირისთვის მინდობით უნდა გადაეცა, რაც არ გააკეთა.

ვახტანგ წულაძე -აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2019 წლის 28 თებერვალს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვახტანგ წულაძემ არ მიუთითა თავის საკუთრებაში არსებული 23.10 კვ.მ. ფართობი ბათუმში.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 10 მაისის 21:00 საათიდან 11 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტიც.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 7 პირი დააჯარიმეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დააჯარიმეს 37 მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

ფინკა ბანკი ფერმერების მხარდაჭერას აგრძელებს – ექსკლუზიური პირობები აგრო სესხებზე

ფინკა ბანკი ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად აგრძელებს ფერმერთა მხარდაჭერას და კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად მომხმარებლებს აგრო სესხებზე ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს – წლიური განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.65%-დან) იწყება.

ფინკა ბანკის აგრო სესხის განვადება განკუთვნილია მათთვის, ვინც „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში შეიძენს სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციას.

აგრო სესხის განვადების ვადა 6-დან 15 თვემდე, ხოლო სესხის თანხა 4500 ლარიდან 60 000 ლარამდეა, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო – 0%-ია. 40000 ლარამდე სესხი გაიცემა გირაოს და თავდების გარეშე.

უპრეცედენტოდ დაბალი ფასი დიდი შეღავათია ფერმერებისთვის. აგრო სესხის მეშვეობით ისინი მარტივად შეიძენენ მეურნეობისთვის საჭირო ინვენტარს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას, აგროტექნიკას, აგროინვენტარს, წვეთოვანი მორწყვის სისტემებს. გარდა ამისა, შესაძლებელია  მეღვინეობის დანადგარების, ფილტრაციის სისტემების, მუხის კასრების, დამხმარე მასალების სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე შეძენა.

ფინკა ბანკი უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.

აგრო სესხის განაცხადი შეავსეთ აქ, მოგვმართეთ ფილიალში ან ეწვიეთ აგროსფეროს მაღაზიებს თქვენს ქალაქში

 

 

წელს 4%-ით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით – საქართველო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაიცვალა 12 474 პირი, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13 011) 4%-ით ნაკლებია.

შედარებისთვის: 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 12 335).

„მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ. უნდა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ამავე წყაროს ცნობით, მომატებული სიკვდილიანობა ამ ეტაპისთვის (28.04.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში.

ბათუმში კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა, ხუთის განკურნებაზე კი პასუხს ელიან – Covid19

10 დღეზე მეტია აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ბათუმში კი Covid19-სგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ დღეს, 11 მაისს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ 5 პირის განმეორებითი ტესტირების პასუხს ელიან და ამის შემდეგ გადაწყდება მათი კლინიკა „მედალფადან“ გაწერის საკითხი.

ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 14 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე, მათ შორის, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აჭარაში ჯამში 43 პირი განიკურნა კორონავირუსისგან, ჩატარდა 7200-ზე მეტი ტესტირება.

„ჩვენი პროგნოზით, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება ახლა, ვინაიდან მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე მივიღეთ კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს რომ შენარჩუნდეს, უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები, აუცილებელია დავიცვათ სოციალური დისტანცირება, გამოვიყენოთ ნიღბები, მაქსიმალურად ვეცადოთ, ავირიდოთ თავიდან მასიური თავშეყრა,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

11 მაისის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 317 ადამიანი, გარდაიცვალა – 10.

ამავე თემაზე: 

განკურნებულთა რაოდენობა აქტიური შემთხვევების რიცხვს აჭარბებს – ბოლო მონაცემები

 

განკურნებულთა რაოდენობა აქტიური შემთხვევების რიცხვს აჭარბებს – ბოლო მონაცემები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიური შემთხვევების რიცხვს გადააჭარბა. კერძოდ:

ამ დროისთვის ახალი კორონავირუსისგან საქართველოში განკურნებულია 317 ადამიანი.

დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ 311 ადამიანს.

კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა სულ 30 891 ადამიანს.

11 მაისის [10:45 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 317 ადამიანი, გარდაიცვალა – 10.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Kiko Huesca

პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო, რომელიც 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან და რა რჩება ძალაში – მოკლედ

დღეს, 11 მაისიდან, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

[checklist]

  • დღეიდან მოიხსნა შეზღუდვა თბილისში შესვლასა და გასვლასთან დაკავშირებით
  • გაიხსნა ყველა სახის წარმოება, მათ შორის, საგამომცემლო საქმიანობა
  • 11 მაისიდან გახსნის უფლება აქვთ ღია მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც
  • იხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით
  • 14 მაისიდან შესვლა/გამოსვლის თვალსაზრისით იხსნება რუსთავი და გარდაბანი, ხოლო 18 მაისიდან – მარნეული

[/checklist]

ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

[crosslist]

  • ძალაშია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 
  • აკრძალულია სამ კაცზე მეტის გადაადგილება ავტომობილით 
  • დახურულ სივრცეებში, მაღაზიებში და ა.შ. საჭიროა პირბადის ტარება 
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა [ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, მატარებლები] 
  • დახურულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები

[/crosslist]

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდეა ძალაში.

11 მაისის [10:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 635 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 309 ადამიანი, გარდაიცვალა -10.

შავი ხვრელი „პრაქტიკულად თქვენს ეზოში“ – ახალი აღმოჩენა / BBC

6 მაისს მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამმაგი ვარსკვლავის სისტემა შავი ხვრელით. ამ ვარსკვლავთ მასის ცენტრი ისე ახლოს მდებარეობს ჩვენგან, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.

დაკვირვების ახალი მეთოდი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მსგავსი ობიექტი მზის სისტემის სიახლოვეს საკმაოდ მრავლადაა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

შავი ხვრელი, რომელიც ჩილეში მდებარე ევროპული ლაბორატორიის (ESO) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, მხოლოდ 1000 სინათლის წლით არის დედამიწას დაშორებული და იმაზე ახლოსა მზის სისტემასთან, ვიდრე სხვა ნებისმიერი, რაც აქამდე აღმოუჩენიათ.

ის იმდენად ახლოსაა ჩვენთან, რომ ყურადღებიან დამკვირვებელს, ნათელ ღამეში, ჭოგრიტის გარეშეც შეუძლია სამხრეთ ნახევარსფეროში დაინახოს ორი ვარსკვლავი, რომლებიც მის ირგვლივ ბრუნავენ.

ათასი სინათლის წლით დაშორება შესაძლოა მიწის მასშტაბებით უზარმაზარ მანძილად მოგვეჩვენოს, მაგრამ კოსმოსური საზომით ეს პრაქტიკულად ჩვენს გვერდითაა.

შედარებისთვის, „ირმის ნახტომის“ ცენტრალური შავი ხვრელი, რომელიც განლაგებულია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, 25 ათასი სინათლის წლით არის მზეს დაშორებული. ხოლო შავი ხვრელი, რომლის გადაღებაც გასულ წელს მოახერხა მეცნიერთა ჯგუფმა, მდებარეობს 50 მილიონი სინათლის წლის სიშორეზე, ანუ 500 კვინტილიონ კილომეტრში.

შავი ხვრელი, რომლის აღმოჩენის შესახებაც 6 მაისს გამოაცხადეს, შედის ტელესკოპის თანავარსკვლავედის სისტემაში და განლაგებული სამმაგი ვარსკვლავედის სისტემის ცენტრში HR 6819. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა ეს ობიექტი მაშინ აღმოაჩინეს, როცა ტელესკოპით აკვირდებოდნენ ორ ვარსკვლავს, რომლებიც მის ირგვლივ ბრუნავდნენ.

რასაკვირველია, ამ შავი ხვრელის დანახვაც შეუძლებელია, თუმცა მას თან სდევს ორი კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც ტელესკოპში ჩანს, როგორც ერთი მოკაშკაშე წერტილი.

გამონათების თავისებურების გამო ასტრონომები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ საქმე ჰქონდათ ორმაგ ვარსკვლავთან. თუმცა მკვლევარებმა ESO-დან მძლავრი ტელესკოპის [განლაგებული ლა-სილიას მთაზე, ატაკამას უდაბნოში] მეშვეობით შეძლეს დაედგინათ ამ ორი ვარსკვლავის ბრუნვის ხასიათი და ასევე მესამე, უხილავი ობიექტის არსებობა.

მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად მათ შენიშნეს, რომ ხილვადი ვარსკვლავიდან ერთ-ერთი აკეთებს მთლიან ბრუნს გამოუცნობი ობიექტის ირგვლივ ყოველი 40 დღის განმავლობაში, მაშინ, როცა მეორე ვარსკვლავი საკმაოდ შორს იმყოფება.

„ცხადია, უხილავი ობიექტი, რომელიც თავისი მასით ოთხჯერ დიდია, ვიდრე მზე, არ შეიძლება იყოს სხვა რამ, თუ არა შავი ხვრელი“, – ამბობს თომას რივინიუსი, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც ეს ობიექტი აღმოაჩინა.

„ირმის ნახტომის“ მასშტაბებით ის, ფაქტობრივად, ჩვენთან, უკანა ეზოში იმყოფება“, – დასძენს მეცნიერი.

ასტრონომები მიიჩნევენ, რომ აღმოჩენა არის აისბერგის წვერი და ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება არსებობდეს მრავალი შავი ხვრელი.

„აქ ასობით მილიონი ასეთი ვარსკვლავი უნდა იყოს, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე ვიცით“, – ამბობს თომას რივინიუსი. – „უფრო ნათლად გააზრება, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, დაგვეხმარება ჩვენს ძიებაში“.

ყველაზე ხშირად შავი ხვრელების აღმოჩენა ხერხდება ეგრეთ წოდებული ძალადობის აქტების დროს, როდესაც ისინი მათი მიზიდულობის სფეროში ისრუტავენ კოსმოსურ სხეულებს.

შავი ხვრელი HR 6819 სისტემაში ერთ-ერთი პირველი მსგავსი ვარსკვლავური მასის ობიექტია, რომელიც უშუალოდ არ მოქმედებს გარემომცველ სივრცესთან და ეს მას რეალურ შავ ხვრელად აქცევს.

შავი ხვრელიდან გარკვეულ მანძილზე არის წერტილი, საიდან გაქცევაც უკვე აღარაფერს შეუძლია, არც სინათლეს.

ობსერვატორია ჩილეში

___

მთავარი ფოტო: EUROPEAN SOUTHERN OBSERVATORY

ქედაში საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა ცალმხრივად განახლდა

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, ქედის მონაკვეთზე, მოძრაობა ცალმხრივად განახლდა. ქედის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხვალ დილით განახლდება სამუშაოები, რომ გზა ორმხრივად გაიხსნას.

ავტომაგისტრალზე გადაადგილება დღეს, 10 მაისს, ჩამოწოლილი მეწყრის გამო შეიზღუდა, გზა ხეებითა და ლოდებით ჩაიხერგა.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის განცხადებით, ასევე, შესაძლებელია შემოვლითი გზით სარგებლობა, თუმცა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებისთვის.

მეწყერი ქედაში
Exit mobile version