განათლება,მთავარი,სიახლეები

რისთვის აგროვებს ლადო აფხაზავა ფულს

11.05.2020 • 2662
რისთვის აგროვებს ლადო აფხაზავა ფულს

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა თავის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ფულს აგროვებს. ამაში მას სხვადასხვა ორგანიზაცია და კერძო თუ იურიდიული პირებიც ეხმარებიან. ლადოს ძალისხმევით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 430 მოსწავლეს უკვე აქვს ინტერნეტი. რატომ ცდილობს პედაგოგი ინტერნეტის ფული მოიძიოს თავისი და სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, მაშინ, როცა განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ვისაც ინტერნეტი არ აქვს, შეუძლია ტელესკოლას უყუროს?

„ტელესკოლა ნამდვილად კარგი პროექტია, მაგრამ ტელესკოლის ყურების დროს, მოსწავლე მაინც პასიურია და არც ინტერაქტივია და არც უკუკავშირი. ფეისბუქგვერდიც გააკეთა ტელესკოლამ, სადაც შესაძლებელია დავალებების გადაგზავნაც, მაგრამ მოსწავლეს, რომელსაც ინტერნეტი არ აქვს, როგორ გააგზავნის? ინტერნეტი რომ ჰქონდეს, ატვირთვა და სურათის გადაღება-გადაგზავნა რომ შეეძლოს, ონლაინგაკვეთილებშიც ჩაერთვებოდა მაშინ მოსწავლე“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

პედაგოგის თქმით, ონლაინგაკვეთილების უპირატესობა ის არის, რომ უკუკავშირი გაქვს.

„ონლაინგაკვეთილებზე ვიყენებთ სხვადასხვა რესურსს, ვაწვდი დავალებებს და ვიღებ უკუკავშირს. ვხედავ, როგორ აკეთებს ბავშვი დავალებებს, უფრო აქტიურია, უფრო ჩართულია პროცესში.

მაგალითად, ახლა ვიმსჯელეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. მოვიძიე ვიდეო, რომელიც გავუზიარე ბავშვებს – უყურეს, ვიმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, ვინ არა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და ა.შ. ანუ ასეთი თემების განხილვისას აუცილებელია ინტერაქცია, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თავისი აზრი გამოხატონ, იმსჯელონ. ასეთ შემთხვევაში ბავშვები უკეთ სწავლობენ და იმახსოვრებენ“, – ამბობს აფხაზავა.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც ონლაიგაკვეთილებში არიან ჩართული, ტელესკოლასაც არ უყურებენ.

„მე ვისაც  ვკითხე, აღარ ვუყურებთო, ასე მითხრეს. თანაც, ტელესკოლა და ონლაინგაკვეთილები დროში ემთხვევა. ტელესკოლა უფრო ადრე იწყება, ცხრა საათზე და სადღაც 11:00 საათამდე გრძელდება, მაგრამ ჩვენი ონლაინგაკვეთილებიც ამ დროისთვის იწყება“.

ლადო აფხაზავას ვკითხეთ, როგორ აპირებს მოსწავლეების საბოლოო შეფასებას. მისი აზრით, ამ ეტაპზე განმავითარებელი შეფასებებით შემოიფარგლება და ჯერჯერობით უცნობია, შეფასდებიან თუ არა მოსწავლეები ნიშნებით.

„ვინც ესწრება ონლაინგაკვეთილებს ვხედავ, როგორია მისი ჩართულობა პროცესში. შეავსო თუ არა ტესტი, კროსვორდი გააკეთა თუ არა ან ესე თუ დაწერა, ეს კრიტერიუმები განმავითარებელ შეფასებებში გაწერილია და იციან მოსწავლეებმა, მაგრამ იმ ბავშვების შეფასების დროს ვინც მხოლოდ ტელესკოლაზეა დამოკიდებული, შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული უხერხულობები.

თუ მასწავლებელი იტყვის, რომ „ეს ბავშვი არ ესწრებოდა ონლაინგაკვეთილებს, მაშინ მოსწავლე იტყვის, რომ ტელესკოლას უყურებდა. ასე, რომ დაიწერება თუ არა ნიშნები, ეს საკითხი მაინც გადასაწყვეტია და ალბათ დირექტორები იქნებიან ინფორმირებული“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, სადაც მიმდინარე პროცესების შეფასება იქნება წარმოდგენილი. არც ის არის ცნობილი, მოსწავლეების საბოლოო შეფასებისას რა სტანდარტით იხელმძღვანელებს სკოლა. შესაბამისად, სკოლები რეკომენდაციებს ისევ განათლების სამინისტროსგან ელიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: