Batumelebi | ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს – Batumelebi

ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 მაისს, დასრულდა. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას დეპარტამენტს ტენდერში მონაწილე შპს „მამისონი“ 14 581 880 ლარად სთავაზობს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ამიტომ, ამ ეტაპზე [შერჩევა-შეფასება] უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები [პროგრამულად მხოლოდ ის კომპანია ჩანს, ვისაც ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს].

სამშენებლო კომპანია „მამისონი“ 2007 წელს თბილისშია რეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელია შპს „ევორდ ჰოლდინგი“, რომლის მესაკუთრეებიც არიან თორნიკე, ირაკლი, სოფიკო და ნიკოლოზ ჭკადუები. ირაკლი ჭკადუა კი, შპს „მამისონის“ გენერალური დირექტორია.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ირაკლი ჭკადუამ 10 ათასი ლარი შესწირა 2017 წლის სექტემბერში.

შპს „მამისონმა“, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ჩაქვში, სადაც ბათუმის ახალი სასაფლაო უნდა გახსნილიყო [ამ კომპანიასთან 3 399 000 ლარზე იყო ხელშეკრულება გაფორმებული]. პროექტი „ბათუმის სასაფლაოებს“ შპს „ვეგასგან“ ჰქონდა შეძენილი, თუმცა, სასაფლაო დღემდე არ გახსნილა, რადგან სამუშაოები არასათანადოდ არის ჩატარებული.  ამ საქმეს პროკურატურა სწავლობს.

რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სრულ მონაკვეთზე ხელახალი ტენდერები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ ჯამში 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა.

დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას [რომლის ტენდერშიც „მამისონი“ მონაწილეობს], სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ტენდერის პირობის მიხედვით, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია, სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კი, 7 კომპანია მონაწილეობს და ამ ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

ამ თემაზე ვრცლად:

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერის მოგებას 7 კომპანია ცდილობს

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტში / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com