მთავარი,სიახლეები

„ხელისუფლებას ხელიდან გამოეცალა მტრის ხატი, რომ სააკაშვილი დაბრუნდება“ – სამნიძე

11.05.2020 • 1472
„ხელისუფლებას ხელიდან გამოეცალა მტრის ხატი, რომ სააკაშვილი დაბრუნდება“ – სამნიძე

“საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, წერტილი“ – ეს პრემიერმა გახარიამ გუშინ, 9 მაისს, თქვა. მანამდეც ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებიდან ცხადი გახდა, „8 მარტის შეთანხმების“ ერთი ნაწილი რომ ვერ შესრულდებოდა, რაც ეხება პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. „8 მარტის შეთანხმებამდე“ მოლაპარაკებების ხანგრძლივ პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო თანამეგობრობაც.

რამდენად გამოუვა „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება და საჯაროდ დადებული პირობის შეუსრულებლობა? – თემაზე „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს, ხათუნა სამნიძეს ვესაუბრეთ, რომელიც ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.

  • ქალბატონო ხათუნა, პირველ რიგში, რამდენად ხედავთ დღეს იმის რესურსს, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება სრულად?

მე, პირადად, არ მგონია, რომ ხელისუფლება გაბედავს და ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს… რაც შეეხება პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, ეს პირობა ნამდვილად იყო შეთანხმების ნაწილი. თუ გავიხსენებთ, იგივე ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ ამერიკის საელჩოს და დასავლელი პარტნიორების გამოხმაურებას, ეს ცხადად მოწმობს, რომ შეთანხმების საგანი არ იყო მხოლოდ საარჩევნო მოდელის შეცვლა. ხელისუფლების დღევანდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ მან ახალი დღის წესრიგი დაიწყო, რომ გააქროს ამ შეთანხმებიდან პოლიტიკური პატიმრები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომელსაც დანარჩენები აჟღერებენ. ივანიშვილისთვის ეს პერსონალური საკითხია – უგულავას და ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი ეს ბრძანება შესრულდეს.

  • 8 მარტის შეთანხმების შემდეგ მიღებულ მემორანდუმში წერია: „…აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“. აქ მართლაც არაფერია ნათქვამი კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე. რითი დასტურდება, რომ მმართველ პარტიას ამ საკითხზე შეუთანხმდით? 

ასეთ მოლაპარაკებებში, როცა საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩართული, ბუნებრივია, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არავინ ჩაწერდა მემორანდუმში, მაგრამ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც იციან ძალიან კარგად, რომ საუბარი იყო კონკრეტულ ადამიანებზე: ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა, ასევე აქტივისტების დაკავებაზე, რომლებიც შემდეგ გაათავისუფლეს. მოლაპარაკებების დროს პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანების წინააღმდეგ საქმეების შეწყვეტაზე რომ შევთანხმდით, ამას ადასტურებს ამერიკის საელჩოს განცხადებაც, როცა ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს. საელჩომ პირდაპირ თქვა, რომ ეს ჩრდილს აყენებს 8 მარტის შეთანხმებას… ევროპარლამენტარი კუბილიუსიც ამაზე საუბრობს, რომ შეთანხმების საგანი მხოლოდ საარჩევნო მოდელის შეცვლა არ იყო.

მემორანდუმში, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქვე საუბარია იმაზე, რომ მხარეები მიესალმებიან პრეზიდენტის მზაობას საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ პროცესს, ანუ აქაც საუბარი იყო პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებაზე.

  • ანუ საუბარი იყო მხოლოდ მსჯავრდებულებზე? სხვა მხრივ, რა ფორმით შეიძლებოდა მმართველ პოლიტიკურ გუნდს გავლენა მოეხდინა იმ საქმეებზე, რომლებსაც სასამართლო განიხილავს? 

იყო საუბარი, მაგალითად, აღკვეთის შეცვლაზე რურუას შემთხვევაში, ეს უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია… მთავარია, რომ მოლაპარაკებების დროს ხელისუფლების მხრიდან იყო გამოხატული მზაობა, მართლმსაჯულებას აღარ გამოიყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომაც უწოდეს ამ შეთანხმებას ისტორიული, რომ ადამიანების დევნა შეწყდებოდა პოლიტიკური ნიშნით, რომ არ ყოფილიყო აღქმა – ადამიანები იდევნებიან საარჩევნო პროცესის წინ და მეორე: საარჩევნო სისტემა ყოფილიყო უფრო სამართლიანი, ვიდრე აქამდე.

  • შესაძლო პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულების გათავისუფლებას ხელისუფლება აპირებდა და შემდეგ გადაიფიქრა?

კი, ივანიშვილს ახასიათებს აკვიატებები და პირადი ბოღმა, ასევე დაპირების უკან წაღება, გაგახსენებთ: დიდი მიტინგის დროს ის გამოვიდა და შეგვპირდა, რომ იქნებოდა პროპორციული სისტემა. შემდეგ გამოვიდა და თქვა, მე ეს იმიტომ ვთქვი, რომ ჩაწყნარებულიყო სიტუაციაო. მას ახასიათებს ასეთი სვლები, რომ კონკრეტულ მომენტში ცეცხლი თითქოს ჩააქროს და შემდეგ პოზიცია შეცვალოს. ახლა ხელისუფლება აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება და ოპოზიცია იქნება პასუხისმგებელი ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ამ ცვლილებების მიღება მოუწევთ. ფაქტია, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ოპოზიციის გარეშე შეუძლია ამ ცვლილების მიღება.

  • რამდენად გამოვა ევროპელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა? 

ეს მძიმედ იქნება აღქმული პარტნიორების მხრიდან. ერთია, რას ლაპარაკობენ კობახიძე და თალაკვაძე, ასე ვთქვათ, შიდა მოხმარებისთვის, რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს და ასე შემდეგ, მაგრამ პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რაზე იყო საუბარი. ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ ეს ხელისუფლება არის ყველაზე არასანდო ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილებებში. ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს „ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორებთან.

რთულია პროგნოზის გაკეთება, ისეთი აკვიატების ადამიანი უდგას სათავეში „ოცნებას“, მაგრამ მე ვფიქრობ, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, ეს ადამიანები რომ არ გათავისუფლდნენ… ის განცხადებები, მაგალითად, რა პასუხი ჰქონდა თალაკვაძეს, როგორ იქცევიან კონგრესმენებთან დამოკიდებულებაში, ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მიდის იზოლაციისკენ, განსაკუთრებით ახლაა ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი, როცა ფინანსურ დახმარებასაც ელიან პარტნიორებისგან, როცა კრიზისი გაღრმავდება პოსტივირუსულ ვითარებაში.

  • მმართველი გუნდი ამ კონკრეტული პირების გათავისუფლებას იმიტომ ხომ არ ერიდება, რომ საკუთარი ელექტორატის ერთ-ერთი მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დასჯა იყო? 

ამ კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებით ხელისუფლებას აქვს გზავნილი, რომ შეუძლია დააკავოს ადამიანები, დაიწყონ გამოძიება. გარდა ამისა, ხელისუფლებას ხელიდან გამოეცალა „მტრის ხატზე“ ორიენტირებული საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა, რომ, აი, სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში. ახლა ეს აღარ გამოვა. ხელისუფლებას სჭირდება სხვა საკითხი პოლიტიკური პოლარიზებისთვის. თავისუფალ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ წააგებს, იმის მიუხედავად, თუ რა რეიტინგი აქვთ ახლა, კორონავირუსის თავდაპირველი მართვის პირობებში.

ხელისუფლება უკვე ცდილობს, რომ დაძაბოს ვითარება და დააჯეროს ხალხი, რომ სხვაა დამნაშავე. მათ დღის წესრიგში უკვე გაჩნდა ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“. მოლაპარაკებების შემდეგ ეს რიტორიკა ჩვენ არ გვესმოდა.

ერთია საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, როცა იძულებული ხარ ეს გააკეთო და მეორე – წინასაარჩევნო გარემო. როცა არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, ვერ იქნება საარჩევნო გარემო მშვიდი და გამჭვირვალე. არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან, თანასწორ გარემოში და ამას სჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აღიარება.

ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი, ის მონაწილეობდა ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებებში.

 

გადაბეჭდვის წესი