მთავარი,სიახლეები

როგორ გავახაროთ ავოკადო სახლის პირობებში

11.05.2020 • 10858
როგორ გავახაროთ ავოკადო სახლის პირობებში

ლათინურად Persea Americana – იგივე ავოკადო ბევრს რთულად გასახარებელი მცენარე ჰგონია, თუმცა ეს ასე არ არის. მართალია, ავოკადო საკმაოდ გვიან იძლევა ნაყოფს, მაგრამ მას პრიალა, მუქი და ღია მწვანე ფოთლების წყალობით დეკორატიული ღირებულებაც აქვს. ნაყოფს – 5, 8-10 წლის შემდეგ იძლევა, შესაძლოა 15 წელიც დასჭირდეს: გააჩნია გარემოპირობებს. ერთმანეთთან ახლოს რამდენიმე ნერგი დამტვერვისთვის სასარგებლოა.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ავოკადო სამხრეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში იზრდება და ბოლოს მცენარეს განსაკუთრებულად ნაყოფმსხმოიარე წელი ჰქონდა. იგივე შედეგი მცენარის სათანადოდ მოვლის პირობებში შეიძლება ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს.

საქართველოში ავოკადო პირველად 1904 წელს შემოიტანეს, სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, 1913 წლიდან მცენარე ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც გამოჩნდა და თანდათან მოიკიდა ფეხი.

საქართველოს ჰავა მისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, შავი ზღვის სანაპიროზე იყო გაშენებული საცდელი ნარგავები, კერძოდ, გავრცელებული იყო ჯიშები: მექსიკოლა, პუებლა და ფუერტე.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების კურატორი, ლანა კოდანოვი გვირჩევს, როგორ უნდა დავთესოთ ავოკადო, როგორ გადავრგოთ და მოვუაროთ.

ავოკადოს გამრავლება მარტივია თესლით. ნაყოფის ერთი კურკა ერთ თესლს შეიცავს. მწიფდება შემოდგომაზე. სასურველია თესლის გამოთავისუფლებიდან იმ დღესვე დაითესოს, მაგრამ შესაძლებელია თესლი შევინახოთ ნესტიან ქვიშაში რამდენიმე ხნის განმავლობაში. ნესტიანი ქვიშა საშუალებას იძლევა, შევინარჩუნოთ აღმოცენებისუნარიანი თესლი. დათესვისას თესლის ერთ მესამედს ტოვებენ ღიად და მხოლოდ ნაწილი იფარება მიწით. თესლი დაახლოებით 1, 2 თვეში აღმოცენდება.

როცა ნერგი 7 თვის გახდება და დაახლოებით 10, 15 სანტიმეტრს მიაღწევს, სასურველია მისი გადარგვა უფრო დიდ ქოთანში. ავოკადოსთვის სასურველია მსუბუქი, კარგად დრენაჟირებული ნიადაგი. მიწის, ტორფისა და პერლიტის ნაზავი. პერლიტს ნიადაგის უკეთ გასანიავებლად იყენებენ, რომ ფესვები მორწყვისგან არ დაზიანდეს. სასურველი და აუცილებელიცაა ავოკადოს ქოთანში გვქონდეს მიწის კარგად დრენაჟირებული სისტემა. მცენარე ირწყვება კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ეს ავოკადოს 6- 7 თვის ნერგია. თესლის ერთი მესამედი მიწის ზემოთაა დარჩენილი. ამ ასაკის ნერგი მოზრდილ ქოთანში უნდა გადაირგოს ისე, რომ თესლის ნაწილი ისევ მიწით დაუფარავი დარჩეს.

გადარგვისას სასურველია ფესვები შევაკვეცოთ, დავუმოკლოთ. გადარგვის დროსაც თესლს ნიადაგით არ ვფარავთ მთლიანად. ზაფხულის გვალვისგან შესაძლებელია ავოკადოს ნერგს ფოთლები დასცვივდეს და ამ დროს საჭიროა ფოთლების წყლით დანამვა. ძალიან მარტივია განსაზღვრა, სჭირდება თუ არა წყალი ავოკადოს. შეგვიძლია შევამოწმთ თითითაც – თუ ნიადაგი ზედაპირიდან ცოტა სიღრმეშიც ტენიანი, მაშინ მცენარეს აღარ ვრწყავთ, თუ გამომშრალია – წყალი აკლია.

ავოკადოს გამოზრდა შეგვიძლია ბინაში, ოფისსა და სათბურში. ზაფხულში მისი გატანა შეიძლება აივანზე, ბაღში. მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 15 და 25 გრადუსამდეა. ნერგი ძირითადად უძლებს ყინვას, მაგრამ 2-3-წლიანი ნაზარდები აუცილებელია მოვარიდოთ დაბალ ტემპერატურას. როცა ავოკადო დახურული სივრციდან ღია გრუნტში გაგვაქვს, უნდა შევურჩიოთ ქარისგან დაცული მზიანი ადგილი. ღია გრუნტში დარგვის შემდეგ სასურველია მცენარე ზამთარში შევფუთოთ. თუმცა მოყინვის შემთხვევაში ავოკადოს ფესვი ამოიყრის, რის შემდეგაც ჩვეულებრივ გააგრძელებს სიცოცხლეს.

ავოკადო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ხილად მიიჩნევა. მისი ენერგეტიკული ღირებულება 840 კილოჯოულია 100 გრ რბილობზე, მაშინ, როცა ბანანის ენერგეტიკული ღირებულება 355 კილოჯოულია, მანგოსი კი  – 215. შეიცავს A, B, C, D, K ვიტამინებს, 20-მდე მინერალურ ნივთიერებას. უნიკალური ეთერზეთების გამო გამოიყენებენ კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: