მთავარი,სიახლეები

„აბაზანაც არაა, ავტომანქანებში გვძინავს“- მძღოლები საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ითხოვენ

11.05.2020
„აბაზანაც არაა, ავტომანქანებში გვძინავს“- მძღოლები საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ითხოვენ

„აქ არიან მძღოლები, რომლებიც რეისში იყვნენ. ზოგი ერთი თვეც კი აქაა. აქ არც აბაზანაა, ვერც დაიძინებ სადმე, ისეც ტრაილერში უნდა იძინო,“ – გვიყვება ბათუმელი რომან ძნელაძე. ბათუმის ეკონომიკური გაფორმების ზონაში ის მძღოლები ითხოვენ საკარანტინო სივრცეში გადაყვანას, რომლებიც ტრანზიტულ რეისებს ასრულებენ სატვირთო ავტომანქანებით და ბათუმში რამდენიმე დღით, განბაჟების პროცედურების დასრულებამდე, უწევთ გაჩერება.

„…საკვები შემოაქვთ, კი, ძირითადად, გაყინული ხორცი და ლობიო, პაკეტებში დაფასოებული საჭმელია, მაგრამ ყველას მოწესრიგება უნდა, მთავარი პრობლემა ესაა,“ – ამბობს რომან ძნელაძე. მისი თქმით, ამ ზონიდან ის მძღოლები გადიან მხოლოდ ქალაქში, ვინც დაადასტურებს, რომ თვითიზოლაციის დაცვა შეუძლია.

„ზოგიერთი ბათუმელია, მაგრამ ოჯახში რამდენიმე წევრია და იზოლაციას ვერ დაიცავ, არ უშვებენ“, – დასძენს რომან ძნელაძე. მძღოლების თქმით, ისინი პანდემიამდე მსგავს სიტუაციაში სახლებში მიდიოდნენ ან გადამზიდავი კომპანია მათთვის საცხოვრებელ ბინას ქირაობდა.

მძღოლების თქმით, მოუწესრიგებელია ტუალეტებიც, სადაც ჰიგიენური პირობები პანდემიის პირობებში დაცული არ არის.

„ვინც 14 დღეზე მეტხანს ჩერდება საქართველოში, მას შეუძლია მოგვმართოს და გადავიყვანთ ახლომდებარე სასტუმროში, სხვა შემთხვევაში კი, ტირპარკში უნდა მივიდნენ, რომელიც მოწყობილია ფოთსა და რუსთავში,“ – გვითხრეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელ ხაზზე. ტირპარკის შემთხვევაში მძღოლებს დაძინება ისევ ავტომანქანებში მოუწევთ, თუმცა აქ სველი წერტილებია მოწყობილი. სააგენტოში განმარტეს, რომ ტირპარკით სარგებლობა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა.

სააგენტოს განმარტებით, გადამზიდავ კომპანიებს ისევ შეუძლიათ იქირაონ საცხოვრებელი ბინა მძღოლებისთვის და თუ დადასტურდება, რომ იზოლაციის პირობა დაცულია, შესაძლოა, მძღოლი იქ გადავიდეს.

რატომ არ გადაიყვანეს ის მძღოლები საკარანტინო სივრცეში, რომლებიც ორ კვირას ჩერდებიან ბათუმში? – სახმელეთო სააგენტოს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ვერ გვიპასუხებენ.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი,  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებს წინასწარ განუმარტავს საქონლის საბაჟო კონტროლის აუცილებელ პროცედურებს. ამასთან, მათ ეძლევათ დეტალური განმარტება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, შემდგომი გადაადგილების და სავალდებულო კარანტინისა თუ  თვითიზოლაციის  წესების შესახებ. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით, იზოლაციაში (მათ შორის, თვითიზოლაცია ან კარანტინი) გადაყვანა ხორციელდება მხოლოდ საბაჟო პროცედურების (მათ შორის, საქონლის გაფორმების პროცედურების) დასრულების შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ხორციელდება მძღოლის მიერ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით,“ – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: