მთავარი,სიახლეები

სექსუალურად მოძალადე პაციენტს ფსიქიატრიულში ჯაჭვით აბამდნენ – ომბუდსმენის ანგარიში

11.05.2020
სექსუალურად მოძალადე პაციენტს ფსიქიატრიულში ჯაჭვით აბამდნენ – ომბუდსმენის ანგარიში

„…მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი სექსუალურად ძალადობდა სხვა პაციენტებზე, რასაც ხშირად თან ახლდა კონფლიქტი პაციენტებს შორის. დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობების და სივიწროვის გამო, პაციენტის განცალკევება ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც ზარალდებოდნენ როგორც სხვა პაციენტები, ისე სავარაუდო მოძალადე პაციენტიც, რადგან სამედიცინო პერსონალი მას ხანგრძლივი დროით აჯაჭვავდა რკინის საწოლზე,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ დღეს, 11 მაისს, გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში, სადაც ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობაა აღწერილი ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში.

ანგარიშის მიხედვით, ეს შემთხვევა „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ მოხდა. მონიტორინგის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, პაციენტი ღიად აცხადებდა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, თუმცა „აღნიშნულ ფაქტს ადმინისტრაცია მხოლოდ დანარჩენ პაციენტებზე ფიზიკური ძალადობის ჭრილში განიხილავდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სპეციალურ ანგარიშში გამოვლენილია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებსა და სათემო ორგანიზაციებში მყოფი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მდგომარეობა. ანგარიშში არაერთ დარღვევაზეა საუბარი, მაგალითად, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოვლინდა გაიდლაინებით
გაუთვალისწინებელი მედიკამენტის გამოყენების გზით ლიბიდოს მიზანმიმართულად დაქვეითების შემთხვევა.

ამავე ანგარიშში მოხვდა შემთხვევა, როცა ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტის ორსულობის დადგენა დაწესებულებაში ვერ მოხერხდა და ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა.

„სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის შეფასებით, ძალადობის პრევენციაზე ზრუნვა სათანადოდ არ ხდება და გამოვლინდა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ძალადობის შემთხვევების უგულებელყოფის შემთხვევები.

„სექსუალური ძალადობა არ არის გამიჯნული პაციენტებს შორის ძალადობის სხვა ფორმისგან და დაწესებულებების მხრიდან, როგორც წესი, აღიქმება ფიზიკურ ძალადობად, ფსიქოლოგიურ ზეწოლად და ა.შ.

ბენეფიციართა შორის სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას შშმ პირთა პანსიონატებში. ხშირად ბენეფიციართა ერთი ჯგუფი ცდილობს დაჩაგროს და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მეორე. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იგი პანსიონატში მისი ნების საწინააღმდეგოდ „გაათხოვეს“. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ადამიანების ცხოვრება იმთავითვე ძალადობის მომეტებულ რისკებს შეიცავს და ადამიანის ფუნდამენტური უფლების სათანადოდ დაცვას გამორიცხავს,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: