მთავარი,სიახლეები

ადიდებული ალაზანი და ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი 

11.05.2020 • 2971
ადიდებული ალაზანი და ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი 

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ალაზნის ალყაში მოექცა. დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელი ხიდით სარგებლობა დღეს, 11 მაისს, შეუძლებელია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვანო ნასყიდაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხიდი მდინარე ალაზანზე 2017 წელს ააგეს.

„თავად ხიდი დაზიანებული არაა, ხიდამდე მისასვლელი გრუნტის გზაა მხოლოდ დაზიანებული,“ – ამბობს ვანო ნასყიდაშვილი.

მისივე თქმით, ამ მონაკვეთზე მდინარე ალაზნის კალაპოტის სიგანე დაახლოებით 300 მეტრია, ალაზანზე აგებული ხიდის სიგრძე კი  – 110 მეტრი.

„300 მეტრი იქნებოდა, ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე რომ გაგვეკეთებინა და მაგდენს როგორ გავაკეთებდით? სადაც მდინარე მიდიოდა თავის დროზე, ის კალაპოტი დავფარეთ ჩვენ. გრუნტის გზაა მხოლოდ დაზიანებული. სამანქანე ხიდი სადაც იყო, ის ხიდი დგას თავის ადგილას. ეს ხიდი არის საცალფეხო ხიდი, პრივატიზებულ ნაკვეთებთან დამაკავშირებელია მოსახლეობისათვის. სადაც მდინარე მიდიოდა, იქ გავდეთ მარტო ხიდი. გავუკეთეთ კიბეებით ასასვლელი. წყალი რომ ადიდდა, დატბორა ხალაწნის მხრიდან მისასვლელი. ჩამოდგება წყლები და იმ გზას აღვადგენთ,“ –  ამბობს ვანო ნასყიდაშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მაშინ, როცა ისტორიულად მდინარე ალაზანი ყოველ გაზაფხულზე დიდდება, რატომ არ იქნა ეს ფაქტორი გათვალისწინებული ხიდის მშენებლობისას, ახმეტის  მერის მოადგილე პასუხობს: „თვითონ მოსახლეობამ როგორც გვითხრა, ისე გავაკეთეთ გენაცვალე. სულ რომ დიდდება, მაგ ადგილზე მისდღემჩი არ იყო გადასული წყალი“.

ფოტო: რამზან გორგიშვილი

 

გადაბეჭდვის წესი