მთავარი,სიახლეები

18-თვიანი ტყვეობის დასასრული – იტალიელი მოხალისე ტყვეობიდან გაათავისუფლეს

11.05.2020 • 1660
18-თვიანი ტყვეობის დასასრული – იტალიელი მოხალისე ტყვეობიდან გაათავისუფლეს

„სილვია რომანო თავისუფალია. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. სილვია, ჩვენ გელოდებით იტალიაში“, – იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ეს ტექსტი ტვიტერზე 9 მაისს დაწერა და ამით საზოგადოებას ამცნო, რომ 23 წლის იტალიელი სილვია რომანოს 18-თვიანი ტყვეობა დასრულდა.

სილვია რომანო კენიაში Africa Milele Onlus-ის პროგრამაში მოხალისედ მუშაობდა, როდესაც ის 2018 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთი სოფლიდან გაიტაცეს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა.

სილვია კენიიდან გამტაცებლებმა სომალში გადაიყვანეს. სწორედ სომალის დედაქალაქ მოგადიშუს მახლობლად გაათავისუფლეს ის 9 მაისს. სილვია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ალ შაბაბს“ ჰყავდა გატაცებული. იტალიური მედია წერს, რომ სილვიას გასათავისუფლებლად იტალიურ სპეცსამსახურებს სომალური და თურქული სპეცსამსახურები დაეხმარნენ.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მედიაში გამოჩნდა ფრაგმენტები სილვია რომანოს დღიურიდან, რომელსაც ის ტყვეობაში წერდა.

დღიურზე დაყრდნობით სტატია იტალიურმა გამოცემა „კორიერე დელა სერამ“ გამოაქვეყნა, სადაც სილვია აღწერს თავის სიტუაციას, თუ როგორ გაატარა მან ტყვეობის 18 თვე.

„ახლა ეს დღიური ნივთმტკიცებაა, რომელიც გამომძიებლებს მისცემს საშუალებას ისტორიის სრული რეკონსტრუქცია მოახდინონ,“ – წერს „კორიერე დელა სერა“.

„სასოწარკვეთილი ვიყავი, სულ ვტიროდი. ტყვეობის პირველი თვე საშინელება იყო. მუდმივად ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და იატაკზე მეძინა. თუმცა არ ვუცემივარ და არ უძალადიათ ჩემზე.  არაფრის გაკეთება არ დაუძალებიათ ჩემთვის. საჭმელს მაძლევდნენ. ყოველთვის, როდესაც ჩემს ოთახში შემოდიოდნენ, სახე დაფარული ჰქონდათ. საუბრობდნენ ენაზე ან დიალექტზე, რომელიც მე არ მესმოდა. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ვინც ინგლისურად საუბრობდა. მე მას ვთხოვე წიგნები, მოგვიანებით კი ყურანი. მუდმივად ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ვკითხულობდი და ვწერდი. ადგილი, სადაც ვყავდი გამოკეტილი, სოფელში იყო. დღეში რამდენჯერმე მესმოდა მუეძინის ხმა, რომელიც ლოცვისკენ მოუხმობდა მლოცველებს“, – წერს სილვია თავის დღიურში.

სილვიას 18-თვიანი ტყვეობის განმავლობაში სამი ვიდეო გადაუღეს და ეს ვიდეოები გამტაცებლებმა იტალიურ სპეცსამსახურებს გაუგზავნეს. იმის გამო, რომ სომალიში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სილვიას გამტაცებლები გამუდმებით იცვლიდნენ ადგილს. სილვია თავის დღიურში წერს, რომ ჯამში მთელი ტყვეობის განმავლობაში ექვს ადგილას იყო.

ექსტრემისტულ დაჯგუფება „ალ შაბაბს“ კიდევ რამდენიმე ევროპელის გატაცებაში ედება ბრალი. თუმცა სილვიას თქმით, ის თავისი ტყვეობის განმავლობაში არასდროს შეხვედრია სხვა გატაცებულებს.

სილვია 9 მაისს გაათავისუფლეს სომალში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სილვიამ ისლამი მიიღო. სწორედ ამის გამო, იტალიურ მედიაში გაჩნდა სტატიები იმის შესახებ, რომ სილვია რომანო შესაძლოა სტოკჰოლმის სინდრომი ჰქონდეს.

„საგამოძიებო ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ ეს შეიძლება იყოს [ისლამის მიღება] ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია იმ სიტუაციით, რომელშიც სილვია რომანო იყო 18 თვის განმავლობაში“, – წერს იტალიური გამოცემა „კორიერე დელა სერა“.

 

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/FABIO FRUSTACI

გადაბეჭდვის წესი


ასევე: