ტაქსით მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანას შეძლებთ – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული შეზღუდვების ჩამონათვალის თანახმად, ტაქსში სამ პირზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია. ამასთან, ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.

მგზავრს მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე განთავსება არ შეუძლია.

დღეს, 23 მაისს საქართველოში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და მოიხსნა კომენდანტის საათი. თუმცა, ამის მიუხედავად, რჩება მთელი რიგი აკრძალვები.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ისევ აკრძალულია:

[crosslist]

  • რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“);
  • სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირება (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);
  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობება;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.

[/crosslist]

 

“არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ შეზღუდვები მოიხსნა და ახლა ყველაფრის უფლება გვაქვს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ეხმაურება.  ცერცვაძის თქმით, თუ როგორ წარიმართება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ეს მთლიანად საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

„თუ რა შედეგს მოახდენს ამ შეზღუდვების მოხსნა, ამას დროს  გვიჩვენებს. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი დონე. ეს მთლიანად დამოკიდებულია ჩვენზე და საზოგადოებაზე. ჩვენს შეგნებაზე,  ჩვენს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ შეზღუდვები მოიხსნა და ახლა ყველაფრის უფლება გვაქვს,“ –  თქვა თენგიზ ცერცვაძე „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

22 მაისის ღამის 12 საათის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. მოიხსნა მთელი რიგი შეზღუდვები.

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – ამირან გამყრელიძის განმარტება

დღეიდან, 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმებულია. გაუქმდა მთელი რიგი შეზღუდვებიც, თუმცა ძალაშია აკრძალვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია როდის დაიწყებს შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას.

22 მაისს, გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრად მყოფმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ესმის მოქალაქეების, რომელიც გაბრაზებული არიან შექმნილი დისკომფორტის გამო, მაგრამ შეზღუდვა დროებით ისევ უნდა შენარჩუნდეს.

“მესმის, რომ ეს მართლაც სერიოზული დისკომფორტია, დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ საქართველოში და გამოვიყურებით რაღაც კუნძულად, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც იქნა გამოყენებული, დროულად, სწორად და კარგად, ეს იყო მობილობის დაგდება, გადაადგილების შეზღუდვა ქვეყანაში. მესმის, რომ ეს რთულია…

როდესაც პიარ ჯგუფი სოციალურ ქსელში ჩემს შესახებ დაწერილი ინფორმაციის მონიტორინგს გვიკეთებს, ძალიან ბევრი განაწყენებულია ამ საკითხზე. მესმის ხალხის უკმაყოფილება. მაგრამ ხაზს ვუსვამ, როდესაც სასწორის ორ პინზე დებ ერთის მხრივ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეს მხრივ  კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის და ახალი შემთხვევების რაოდენობა გვექნება აი ამ ფარგლებში – 5-10 ან 15. თუ ამ ტიპის ტენდენციები გვექნა, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ტანსაცმელს ისევ ვერ იყიდით და ვერც კაფეში წახვალთ – რა შეზღუდვა უქმდება და რა რჩება ძალაში

ტანსაცმელს ისევ ვერ იყიდით და ვერც კაფეში წახვალთ – რა შეზღუდვა უქმდება და რა რჩება ძალაში

22 მაისის ღამის 12 საათის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

დღეს, 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჩამოთვალა, რა შეზღუდვები რჩება ძალაში ხვალიდან და რა – უქმდება.

  • 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში და, ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვაც.
  • უქმდება კარანტინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა.
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რჩება საკარანტინე ზონაში.
  • უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში, ტაქსების გარდა. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია გამოიყენოს პირბადე.
  • უქმდება შეზღუდვა 70 და მეტი წლის ასაკის ადამიანების სახლიდან გასვლაზე, მაგრამ მთავრობის რეკომენდაციაა, 70 წელს გადაცილებული ადამიანები უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.
  • შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი.
  • ძალაშია შეზღუდვები რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურებაზე.
  • შეზღუდულია სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო ზონებისა.
  • კვლავაც შეზღუდულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა.
  • შეზღუდული რჩება მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა აგრარული ბაზრობებისა.
  • შეზღუდულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.
  • აზარტული და მომგებიანი თამაშები შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.
  • ყველა ბიზნესუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
  • შეზღუდვები ნარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.
  • 15 ივნისიდან იხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმზე.
  • 1 ივლისიდან საქართველო აპირებს მიიღოს საერთაშორისო ტურისტები, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.

ყველა შეზღუდვის ეტაპობრვი მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საბჭო. მუშაობას გააგრძელებს ცხელი ხაზი 144.

____________

ფოტო: pexels

ტრაილერის მძღოლის კარანტინი მანქანაში

მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა, ტრაილერის მძღოლები გამონაკლისები არიან მათ შორის, ვინც შეუფერხებლად გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორეში – მძღოლებს წუთითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა. თუმცა გართულდა მათი სამუშაო პირობები. მძღოლებს, თუკი ისინი ტრანზიტულად გადაადგილდებიან, 48 საათში უწევთ ქვეყნის დატოვება, ხოლო თუკი საქართველოა მათი დანიშნულების ბოლო ქვეყანა, მაშინ 14-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულება აქვთ.

ლევან მადოიშვილი 57 წლისაა. 34 წელია მძღოლია. აქედან 12 წელია, რაც ტრაილერს მართავს. თურქეთი, საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი – ასეთია მისი სტანდარტული მარშრუტი. თავად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს.

საქართველოში 6 დღის წინ დაბრუნდა და ახლა სავალდებულო კარანტინს ქობულეთში, ტრაილერების სერვისცენტრში მდგარ საკუთარ მანქანაში გადის. ლევან მადოიშვილი ქობულეთში, ციხისძირში ცხოვრობს. მისი თქმით მანქანაში კარანტინის გავლა იმიტომ უწევს, რომ სახლში, თვითიზოლაციისთვის საჭირო პირობები არ აქვს.

„მანქანა რომ სარემონტო არ მყოლოდა კარანტინს ალბათ ფოთში გავივლიდი. კარანტინი მანქანაში ნიშნავს ჯანდაბას… ვხუმრობ, პატარა ერთოთახიანი ბინაა ჩემი ეს მანქანა-მეთქი. პატარა სამზარეულოც მაქვს, წყალიც მაქვს, მაგრამ მძღოლისთვის ყველაზე რთული მანქანაში უსაქმოდ  ჯდომაა,“ – ამბობს ლევან მადოიშვილი.

ე.წ. ბოლო რეისი, რომელიც ლევანმა შეასრულა, რუსეთიდან ტვირთი ჩაიტანა სომხეთში. მისთვის ასეთი მარშრუტები ადვილია. თუმცა ჰყვება რთულზეც.

„ყველაფერი რთულია, როცა ტრაილერის მძღოლი ხარ. ყველანაირი პასუხისმგებლობა ჩვენზეა. ჩაგაბარებენ ტვირთს, უნდა მიიტანო ადგილზე.

მძღოლისთვის ზამთარია ყველაზე ცუდი. ლარსის გაწმენდა თოვლის გამო ვერ ესწრება. ეს არის ჩვენი, მძღოლების პრობლემა.

ქვეყნებიდან სირთულის მიხედვით, ყაზახეთს გამოვყოფდი – ზამთარი ზამთარს არ ჰგავს და ზაფხული – ზაფხულს.

ზამთარში მოგსილავს, დაგფარავს. ორი წლის წინ „სალიარკა“ გამეყინა მანქანაში. საშინელება გამოვიარე. ისევ მძღოლებმა მიშველეს. მაგ გზებზე, როცა გიჭირს მძღოლები თუ დაგეხმარებიან, თორემ ისე არავინ. გრეიდერი იმ გზებზე არ დადის და არაფერი. 500 კილომეტრს ისე გაივლი, აქლემი რომ აქლემია, ის არ შეგხვდება. ზაფხულში კიდევ აუტანელი სიცხეა.

უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს ჩვენი ფირმაც. გზაში არ დავუტოვებივართ არასდროს. თუ რამე დაგვჭირვებია, ყოველთვის აღმოუჩენიათ დახმარება. ეს მნიშვნელოვანია“.

კორონავირუსის გამო თითქმის ცარიელ ავტობანებზე უწევს გადაადგილება. ლევანი ამბობს, რომ ცარიელი ქალაქების გავლაც რთულია.

“არც სასადილოა ღია, არც რამე რესტორანი. არაფერი საერთოდ. დამოკიდებული ხარ მაღაზიაზე. რამე უნდა იყიდო და მერე თავად მოამზადო. თან სულ ცარიელია გზები. უცნაურია ასე ცარიელ გზაზე სიარულიც”.

ხულოში ძლიერმა ქარმა 9 სახლის სახურავი დააზიანა

ხულოში ძლიერმა ქარმა 9 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა სოფლებში: ღორჯომი, მეკეიძეები, ნიაკეთი, ირემაძეები, თხილვანა და გუდასახო. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, ორი ოჯახი დროებით საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა.

„ჩვენ დავითვლით ხარჯებს და კომისიურად განიხილება, რა ოდენობის თანხა უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა, ამ ეტაპზე ამას ვერ გეტყვით,“ – გვითხრა ხულოს მერმა.

ძლიერი ქარი ხულოში. ირაკლი ჯორბენაძის ფოტო
ძლიერი ქარი ხულოში. ირაკლი ჯორბენაძის ფოტო

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ გაფართოვდება, კომპანია მერიისგან კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვს. თანხმობის შემთხვევაში მერიას 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. მერია თანახმაა, თანახმაა „ბათუმის ბულვარიც“, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.

გასხვისების ფორმა  უზურფრუქტის წესი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქონება ბათუმის მერიის საკუთრებაში დარჩება, კომპანიას კი მისი მართვის უფლება ექნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. კომპანიამ სასურველ ვადად 15 წელი დაასახელა.

გარდა ამისა, კომპანია იტოვებს უფლებას ვადის დასრულებისას მოითხოვოს სარგებლობის ხელშეკრულების გაგრძელება არანაკლებ შვიდი წლის ვადით, მოთხოვნის დროისათვის არსებული საიჯარო ღირებულების [სარგებლობის საფასურის] გათვალისწინებით.

ჯამში 341 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა 199,76 კვადრატული მეტრი ბათუმის ბულვარში, რომელსაც „ამბასადორ ბათუმი“ ითხოვს, მერიას შესაბამისი ხელშეკრულებით, აღნაგობის უფლებით მოქალაქე ანჟელა კიკვაძისთვის ჰქონდა გადაცემული.

იგივე ნაკვეთსა და შენობას „ამბასადორ ბათუმი“ ითხოვს და მერიას ატყობინებს, რომ ანჟელა კიკვაძესთან ე.წ. უფლების დათმობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. შესაბამისად, კომპანია უფლებამონაცვლეობას ითხოვს. ამ განცხადებით „ამაბსადორ ბათუმს“ მერიისთვის 2020 წლის 4 მარტს მიუმართავს.

მერიის ინფორმაციით, როგორც აუდიტმა განსაზღვრა,  ამ ქონების წლიური საიჯარო ქირის საფასური 50 000  ლარი იქნება.

 განკარგულების პროექტის მიხედვით:

ბათუმის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზღვისპირა პარკში მდებარე 341,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 199,76 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის  შპს „ამბასადორი ბათუმი“-სათვის, პირდაპირი განკარგვის წესით, უზურფრუქტის ფორმით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა იმ პირობით, რომ  შპს „ამბასადორი ბათუმი“ არ მოითხოვს აღნაგობის უფლების მქონეს მიერ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურებას [ამას მერიის ერთ-ერთი დადგენილება ითვალისწინებდა].

შპს „ამბასადორი ბათუმი“ აანაზღაურებს 341,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 199,76კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის სარგებლობიდან [აღნაგობის უფლების მქონე ანჟელა კიკვაძე – უფლებამონაცვლე შპს „ამბასადორი ბათუმი“] გამომდინარე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე არსებულ დავალიანებას 48 596  ლარის ოდენობით, არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა.

უზურფრუქტის ფორმით გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელებს არანაკლებ 700 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციას. უზურფრუქტუარი არ მოითხოვს სარგებლობის საგნის გაუმჯობესების მიზნით მის მიერ გაწეული ხარჯების ან ამ ქონებასთან დაკავშირებით გაწეულ სხვა ნებისმიერი ხარჯის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურებას.

გარდა ამ ყველაფრისა, მერია თანახმაა უზურფრუქტის ვადის დასრულებისას კომპანიას მიეცეს სარგებლობის ხელშეკრულების არანაკლებ  შვიდი წლის ვადით გაგრძელების მოთხოვნის უფლება, მოთხოვნის დროისთვის არსებული სარგებლობის საფასურის გათვალისწინებით.

მონიშნულია კომპანიის მიერ მოთხოვნილი ტერიტორია

ბათუმის ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ 15 სართული შენობის აშენების ნებართვას ითხოვს. პროექტში ცვლილებაზე 2019 წლის 30 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იმსჯელეს. კომპანიამ ბულვარში სამშენებლო მოედანი 2016 წელს მოაწყო. ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული და შენობას მომავალში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. სააგენტოს ინფორმაციით, შენობის ფუნქციის შეცვლის შესახებ კომპანიას არ მიუმართავს.

კომპანიის მხრიდან შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურება და გათხრის მასშტაბები ბათუმში თავიდანვე ამძაფრებდა ეჭვებს, რომ აქ უფრო მაღალი შენობის აგება სურდათ. ეს ეჭვები გასული წლის ბოლოს დადასტურდა.

გარდა ამისა, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღებას ითხოვს, სადაც 15-სართულიანი შენობის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ასე კომპანია შეძლებს თავიდან აირიდოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება, რაც მისთვის ერთგვარი ბარიერია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან სასურველი ნებართვის მისაღებად.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

             „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან.

 

დღემდე საპატრიარქოს 17 მილიონი კვ.მეტრი ტყე აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან 

დღეს, 22 მაისს, საქართველოს პარლმანეტმა 79 ხმით დაამტკიცა კანონი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საშუალება ექნება ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

ამ კანონის მიღებამდე საპატრიარქოს სახელმწიფო ტყეს მიჩენის წესით გადასცემდა მართვაში, 20 წლის ვადით.

ამ დრომდე, იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც „ბათუმელებმა“ მოიძია, საქართველოს საპატრიარქოსთვის [სხვადასვა ეპარქიისთვის] სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოყოფილია ჯამში 1717,26 ჰექტარის ფართობის მიჩენილი უბანი. მათ შორის დაცულ ტერიტორიებზეც.

დღეს მიღებული კანონით კი, საპატრიარქოს უფლება აქვს, ამ მიჩენილი უბნების ნახევარზე მეტი [920 ჰექტარი ტყე] შეისყიდოს და საკუთრებაში დაირეგისტრიროს.

დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქოსთვის ტყის მიჩენილი უბნების გამოყოფა „რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებების ხელშეწყობისათვის“ ხდებოდა. ეს ღონისძიებები კი დაკონკრეტებული არ არის.

თუმცა, არის ორი გამონაკლისი, მაგალითად ზესტაფონში მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნად ეკლესიის მშენებლობაა დასახელებული; ხოლო მიჩენილი უბანი თბილისის წმინდა საბაგანწმენდილის მამათა მონასტრის მიმდებარედ, სამომლოცველო რეკრეაციული ცენტრის შექმნის მიზნით გამოიყო.

ამასთან, ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებით, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია“.

აჭარის ტერიტორიაზე, იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც მოვიძიეთ, საპატრიარქოსთვის „რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით“, ჯამში 22 ჰექტარამდე ფართობის ორი მიჩენილი უბანია გამოყოფილი:

10 ჰექტარი – კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან და 11,6 ჰექტარი – ასევე კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ხინოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ირგვლივ.

საპატრიარქოსთვის მიჩენილი ზოგიერთი ტყის ფართობი საკმაოდ მოცულობითი ტერიტორიაა. მაგალითად, კახეთში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ეროვნულ პარკში მდებარე – შავი მთის მონასტრის მიმდებარედ – 180 ჰექტარი; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოყოფილია 194,4 ჰექტარი ფართობის მიჩენილი უბანი; ალავერდის მონასტრის მიმდებარედ – 259 ჰექტარი; დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნიდან – 279.5 ჰექტარი და სხვა.

ამ თემაზე:

[red_box]საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონებას წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს – თამთა მიქელაძე[/red_box]

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში ტაქსის 3 მძღოლია დაკავებული

„ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში“ სამი ტაქსის მძღოლია, ამ საქმეზე სულ 13 პირი დააკავეს. კიდევ ერთ პირს, რომელიც პროკურატურის ვერსიით, კანონიერი ქურდია და ქურდულ გარჩევებში „საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა“, ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს – ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და მასზე ძებნა გამოცხადდა.

14-ივე ბრალდებულს დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ის ბათუმში დააკავეს და ტაქსის მძღოლია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი კობა ამბარდიშვილი. ის ამ საქმეში თბილისში მცხოვრები ბრალდებული მამა-შვილის ინტერესებს იცავს, ორივე მათგანი ე.წ. „მინივენით“ ტაქსაობდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით. ამ საქმეში კიდევ ერთი ტაქსის მძღოლია, რომელსაც ასევე, ადვოკატების თქმით, ვალი ჰქონდა ასაღები.

„ამ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბათუმში ჩამოიყვანა მგზავრები, როგორც ტაქსის მძღოლმა და მაშინვე დააკავეს. სულ 7 ტომი საქმეა, ჯერ ყველა მტკიცებულებას არ გავცნობივარ,“ – აღნიშნავს კობა ამბარდიშვილი.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ მამა-შვილს ვალი – 2 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა ასაღები და მევალეს ვეღარ პოულობდა, დახმარება კი, სხვა მძღოლს სთხოვა, რომელიც ახლა ასევე ბრალდებულია. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ მამა-შვილს ურთიერთობა არ ჰქონიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთან, ვისთანაც პროკურატურის ვერსიით, ეს ქურდული გარჩევები თანხმდებოდა.

„მამა-შვილი, რომელსაც მე ვიცავ, არ აღიარებს, რომ ქურდული სამყაროს წევრები არიან. არც ისაა ცნობილი, ვისაც მიმართა, ის მძღოლი თუ აღიარებს, რომ ქურდია… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისთანავე მიაცემინეს ჩვენება ადვოკატის გარეშე და იქ ამბობს, რომ ვარო, მაგრამ ასე ჩვენების მიღების უფლება არ ჰქონდათ,“ – ამბობს ადვოკატი კობა ამბარდიშვილი.

გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს, მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

საქმეში ერთ-ერთი მოწმე ბიზნესმენია, რომელიც 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც ჰქონდა ამ ბიზნესმენისგან ფული ასაღები და სადღაც ბინაში თუ შეხვდა, რომ გაერკვია, როდის დაუბრუნებდა ვალს, როგორ და ასე შემდეგ, არ ნიშნავს, რომ ეს ქურდული გარჩევაა… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც ბიზნესი აქვს, ის ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს,“ – გვითხრა ადვოკატმა ნიკა სადრაძემ.

ადვოკატის ვერსიით, ვალი ჰქონდა ასაღები კიდევ ერთ ბრალდებულს. მას ადვოკატი გიორგი სამუშია იცავს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სპორტსმენია, მას ვალი ჰქონდა ასაღები და ედავებიან იმას, რომ მიმართა ქურდულ სამყაროს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, ის დუმილის უფლებას იყენებს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი გიორგი სამუშია.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ვინ არის კანონიერი ქურდი, რომელიც „საბოლოო გადაწყვეტილებას“ იღებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 14 ბრალდებულს, რომლებიც „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დააკავეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 22 მაისს, ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესს მხოლოდ ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ქურდული გარჩევების დროს საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს ბრალდებული საზღვარგარეთ იმყოფება და მასზე ძებნა უკვე გამოაცხადეს.

გამოძიების ვერსიით, 14-დან ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთ მყოფი გ.ღ-ა. რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, კანონიერ ქურდად ცნობილი გიორგი ღოღელიანი, იგივე მეტსახელად „ნიკალაა“.  პროკურატურის მტკიცებით ამ ქურდულ გარჩევებში საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ღოღელიანი იღებდა.

ბათუმში, თბილისში, ცაგერსა და ხაშურში „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ 13 პირი 20 მაისს დააკავეს. გუშინ ამავე საქმეზე გიორგი ღოღელიანს წარუდგინეს ბრალი დაუსწრებლად. პროკურატურას ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, „საზღვარგარეთ მცხოვრები კანონიერი ქურდი“ გიორგი ღოღელიანია. დღევანდელ პროცესზე ღოღელიანს ადვოკატი არ ჰყავდა. მასაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ – გ.ღ. -ს, რომელიც სხვადასხვა დავასთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეში ერთ-ერთი მოწმე ბიზნესმენია, რომელიც 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გიორგი ღოღელიანი, მეტსახელად „ნიკალა“, 2005 წელსაც იყო კანონიერი ქურდობის მუხლით დაკავებული. ადვოკატების თქმით, იგი ამ დროისთვის საბერძნეთშია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

აჭარაში 300-მდე კურსდამთავრებული სავარაუდოდ ოქროს მედალს მიიღებს

განათლების სამინისტროს რესურსცენტრების ინფორმაციით, 2020 სასწავლო წლის ბოლოს, აჭარაში შესაძლოა 300-მდე ოქროსმედალოსანი გვყავდეს. ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა რესურსცენტრები სავარაუდო რიცხვს მაინც ასახელებენ.

წინასწარი მონაცემებით, ბათუმში საჯარო და კერძო სკოლების 135 კურსდამთავრებული ელოდება ოქროს მედალს, ხელვაჩაურში – 28, ქედაში – 18, შუახევში – 20, ხულოში – 35, ხოლო ქობულეთს 60-მდე ოქრისმედალოსანი შეიძლება ჰყავდეს.

ზუსტდება მონაცემები ვერცხლის მედალოსნებთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე მხოლოდ ხელვაჩაურის რესურსცენტრიდან მოგვწერეს, რომ დაახლოებით 7 ვერცხლისმედალოსანი ეყოლებათ, ბათუმში კი – 48 ვერცხლისმედალოსანი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას აჭარის განათლების მინისტრს მაია ხაჯიშვილს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, ოქრისმედალოსნების მიერ სახელმწიფოს სასწავლო გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით და თუ ეს ციფრი არის დაბალი, ხომ არ ღირდა ამ საკითხზე დაფიქრება.

მინისტრის თქმით, უმაღლესში გრანტის მოპოვების საკითხი ოქროსმედალოსნობასთან პირდაპირ კავშირში არ არის.

„გარკვეული კვლევები არსებობს, მაგრამ ეს არ ასახავს იმას, მოხდა თუ არა სკოლის მხრიდან მოსწავლის აკადემიური ცოდნის შეფასება ადეკვატურად.

ეროვნულ გამოცდებზე სასწავლო გრანტის მოპოვებას თავისი სკალირებული ფორმულა აქვს, ბევრი კომპონენტია გათვალისწინებული. თუნდაც ის, თუ რა მიმართულებას ირჩევს აბიტურიენტი, რომელ უნივერსიტეტში მოხვდება, რამდენად დიდია კონკურენცია და ა.შ. ამიტომ გრანტის საკითხი  მედალოსნობის პირდაპირ პროპორციული არ არის“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.

მისივე თქმით, ოქროს ან ვერცხლის მედლები არის მოსწავლეებისთვის ერთგვარი მოტივაცია და სკოლებში მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

 

სარა ჯოზეფინა ბეიკერი – ქალი, რომელმაც 90 ათასამდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

მეოცე საუკუნის დასაწყისში მიკრობების თეორიას და პროფილაქტიკურ მედიცინას ალმაცერად უყურებდნენ, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თავდაპირველად სრულიად რიგითმა წარმომადგენელმა, დაავადებების გამომწვევი მიკრობების რეალური  საფრთხე დაანახა ფართო საზოგადოებას ნიუ იორკში, შემდეგ კი მთელ ამერიკაში და თავისივე ინიციატივებით გატარებული ცვლილებებით ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა. მეოცე საუკუნის დასაწყისში სარა ჯოზეფინა ბეიკერმა დედათა და ბავშვთა მედიცინაში შემოიღო პროგრამები, რომლებიც დღემდე მოქმედებს არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ვრცელი სტატია ბეიკერის შესახებ BBC-მ მოამზადა. ,,ბათუმელები” ამ მასალის შემოკლებულ თარგმანს გთავაზობთ.

,,სიკვდილის ზონა“ – ასე ეძახდნენ ნიუ იორკის ჯანდაცვის ინსპექტორები მანჰეტენის ისტ-საიდს, ღარიბთა უბანს, სადაც პატარ-პატარა სახლებში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა ერთად. ამ დასახლებაში მუცლის ტიფის, წითელას, დიზენტერიის და სხვა ინფექციური დაავადებების ბევრი მატარებელი იყო. მუშათა მრავალბინიანი, მჭიდრო დასახლება, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არ იყო დაცული, დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების გავრცელებისთვის კარგ პირობებს ქმნიდა.

ასეთი დასახლებების პრობლემებს ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ყურადღების მიღმა ტოვებდა. 1908 წელს ბავშვთა ჰიგიენის დეპარტამენტის დირექტორი სარა ჯოზეფინა ბეიკერი გახდა და პრაქტიკული მიდგომების გამოყენება დაიწყო: გადაწყვიტა მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების შესწავლა, დააარსა რძის პუნქტი – საიდანაც მშობლებს შვილებისთვის ნატურალური რძის წაღება შეეძლოთ, შეკრიბა მომზადებული მედდები, გათვითცნობიერებული დედები და მათი საქმიანობა ბავშვთა ჰიგიენის, მიკრობებით გამოწვეული დაავადებების პრევენციისკენ მიმართა.

იმ დროს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. მხოლოდ ნიუ-იორკში ბავშვების მესამედი ხუთ წლის ასაკამდეც ვერ აღწევდა. ყოველ წელს საშუალოდ 1500 ბავშვი იღუპებოდა ქალაქში.

ბეიკერმა შენიშნა, რომ კოლეგა ინსპექტორები დაავადებულ ბავშვებს დაუდევრად აღრიცხავდნენ და ქალაქის ყველა რაიონში არ დადიოდნენ შესამოწმებლად.

ბეიკერი თავად დადიოდა უბნებში, სადაც სხვა დროს არავინ დადიოდა, 30-წლიანი სამუშაო კარიერა მან მთლიანად მიუძღვნა ნიუ-იორკის ღარიბთა უბნების, მუშათა დასახლებების შესწავლას, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას და ბავშვთა ჰიგიენის სწავლებას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ბეიკერმა მთელი ძალისხმევა მრავალბინიანი, ღარიბთა დასახლებებისკენ მიმართა, სადაც მიკრობული დაავადებების კერები იყო. /ფოტო: bbc; Hulton Archive/Getty Images

1930 წლისთვის, როცა ბეიკერი პენსიაში გავიდა, ამერიკული პრესა წერდა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში მისი წვლილის შედეგად ნიუ იორკში 90 ათასამდე ბავშვი გადაურჩა სიკვდილს. ბეიკერის შემდეგ ნიუ იორკის ღარიბთა უბნებისთვის ,,სიკვდილის ზონა“ აღარავის უწოდებია. მან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით შექმნა პრეცედენტი, რაც შემდეგ სხვა ქალაქებშიც დაინერგა.

ბეიკერს მედიცინა მაღალი იდეებისა და სიკეთის კეთების სურვილის გამო არ აურჩევია, მიზეზი ბევრად პროზაული იყო: გოგოს მამა და ძმა ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა, მცირეწლოვანი დის აღზრდა და დედის მოვლა მის პასუხისმგებლობად იქცა. უარი თქვა ვასარის კოლეჯზე და ნიუ იორკის ლაზარეთში დაიწყო სწავლა ქალთა მედიცინის სკოლაში.

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1898 წელს, ერთწლიანი სტაჟირება გაიარა ბოსტონის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში. დიდი ქალაქის ყველაზე ღარიბ მოსახლეობასთან მუშაობამ მას ბევრი რამ დაანახა. ბავშვების შესამოწმებლად ბინიდან ბინაში სიარულისას ის ხედავდა როგორ ცხოვრობდა მუშათა ღარიბი კლასი მიტოვებულ უბნებში, ანტისანიტარიასა და შეუფერებელ პირობებში, სადაც შეუძლებელი იყო ბავშვების ნორმალურად აღზრდა.

სტაჟირების შემდეგ ბეიკერი დაბრუნდა ნიუ იორკში და მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბავშვთა ჰიგიენის მიმართულების დირექტორი გახდა, შეუდგა თანამშრომელთა გათვიცნობიერებას, რომ ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად გადამწყვეტი იყო მიკრობების თეორიისა და ბაქტერიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა.

მე-19 საუკუნეში ფრანგმა მეცნიერმა, ლუი პასტერმა, მიკრობების თეორია შეიმუშავა, რომელიც აჩვენებდა, რომ მიკროორგანიზმები და მათი გამრავლება რიგ შემთხვევებში იწვევს დაავადებებს. მალევე აღმოაჩინეს ტუბერკულოზის, ქოლერის, მუცის ტიფისა და შავი ჭირის გამომწვევი მიკრობებიც. ნაცვლად დაავადებებთან ბრძოლისა, თანდათან დაინერგა აცრის კულტურა, რაც ამ დაავადებებისგან დაიცავდა ადამიანებს.

მედიცინის ამ სამეცნიერო მიღწევების წყალობით ბეიკერსა და მის კოლეგებს შეეძლოთ ჩაეტარებინათ ბაქტერიოლოგიური ტესტები, აღმოეჩინათ დაავადებულები და აეცრათ ადამიანები. ბეიკერმა აღმოაჩინა, რომ მისი კოლეგები ზოგ ინსტრუმენტს არცკი იყენებდა ხელმისაწვდომობის მიუხედავად.

მისი პირველი დავალება იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსპექტორებს მოევლოთ სკოლები და დაავადებების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში წაეყვანათ ბავშვები სახლში, შემდეგ კი ეცნობებინათ ბიუროსთვის და აღერიცხათ ისინი. ამის ნაცვლად ინსპექტორების დიდი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე სკოლას შემოივლიდა და სკოლების უმრავლესობის დირექციას ტელეფონით ურეკავდა. ეკითხებოდნენ იყო თუ არა რომელიმე ბავშვი ავად და სულ ეს იყო.

ასეთი ინსპექტორები ბეიკერმა დაითხოვა და მთავარი დამკვირვებლების დამხმარე თავად გახდა.

1907 წელს ბეიკერი ჯანდაცვის კომისრის მოადგილედ დანიშნეს, რის შემდეგაც კიდევ უფრო მასშტაბური გახდა მისი საქმიანობა, რაც სრულად იყო მიმართული ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისკენ, მათი სიკვდილიანობის მიზეზების კვლევისა და მდგომარეობის გამოსწორებისკენ.

ბეიკერი იყო პირველი ქალი შტატებში, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში იმ დროისთვის ასეთი მაღალი პოზიცია ეკავა.

ბეიკერის უფლებამოსილება მთელ ქალაქზე ვრცელდებოდა, თუმცა მისი მთავარი ამოცანა მანჰეტენის დასავლეთით მდებარე ღარიბთა დასახლებები იყო.

ამ ადგილს „ჯოჯოხეთის სამზარეულოსაც“ ეძახდნენ. მჭიდრო დასახლებაში ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი წყლის სისტემა იყო, არ არსებობდა კომუნალური მომსახურება, ახლომდებარე ქარხნებიდან კვამლი ბოლავდა და უბანს შავ ნისლში ხვევდა. დასახლების მცხოვრებთა უმრავლესობა ევროპელი იმიგრანტები იყვნენ, რომლებსაც დიდ ქალაქში დამკვიდრების გამოცდილება არ ჰქონდათ. დასახლების მცხოვრებლების ჯანმრთელობის პრობლემებს ნიუ იორკის მაშინდელი ჯანდაცვის სისტემა უგულებელყოფდა და  მდგომარეობა „უიმედო შემთხვევად“ იყო შეფასებული.

ბეიკერს სხვა დამოკიდებულება ჰქონდა, მას მიაჩნდა, რომ თუ ამ დასახლებაში მცხოვრებ დედებს ბავშვების მოვლის თანამედროვე მეთოდებზე გაუწევდა ვინმე რეკომენდაციას, შესაძლებელი იქნებოდა ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის მრავალი შემთხვევის თავიდან აცილება.

1911 წლისთვის ბავშვთა სიკვდილიანობა ნიუ იორკში 40%-ით შემცირდა.

ბეიკერის დროს პროფილაქტიკური მედიცინა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სიახლე იყო, მთელი ზაფხული მიუძღვნა მან მედდების მომზადებას, რომლებიც დადიოდნენ ღარიბთა დასახლებებში, რომ დედებისთვის მიკრობების და მათი გავრცელების საშიშროებაზე ეცნობებინათ. პასტერის მიკრობების თეორია ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო სამეცნიერო წრეების მიღმა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.

დედებს აცნობდნენ, რომ ძუძუთი კვების დროს, რეკომენდებული იყო რძის ბაქტერიებით ინფიცირების რისკის შემცირება, თავიდან აცილება, რომ ზაფხულში აუცილებელი იყო ჩვილების მსუნთქავ, ბუნებრივ, გრილ სახვევებში გახვევა, ბავშვების ხშირად დაბანა და სახლის განიავება.

ამ მცირედმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე. იმავე წლის ზაფხულს ყოველწლიურად მომაკვდავი ბავშვების რიცხვი 1500-დან  1200-მდე შემცირდა. 1911 წელს კი ბავშვთა სიკვდილიანობამ მთელ ნიუ იორკში 40%-ით იკლო.

გარდა შინ ექთნების ვიზიტებისა, ბეიკერმა დანერგა საბავშვო სამედიცინო პუნქტების ტრადიცია, სადაც დედებისთვის ხელმისაწვდომი იყო სწორი მეთოდებით პასტერიზებული, მიკრობებისგან დაცული რძე, აქვე ხდებოდა ბავშვების შემოწმება და წონის კონტროლი.

ბეიკერის მიერ შექმნილი საბავშვო პუნქტი, სადაც დედებს სუფთა, სწორად პასტერიზებული რძე ურიგდებოდათ ბავშვებისთვის/ფოტო: bbc; Hulton Archive/Getty Images

ბეიკერმა შეიმუშავა პირველი საბავშვო საკვები, ნარევი ჩვილებისთვის, რომელთა დედებიც მოკლებულნი იყვნენ ძუძუთი კვების შესაძლებლობას. ის იყო ასევე მეანი ქალების ლიცენზირების ინიციატორი, რადგან ხშირ შემთხვევაში მამაკაც ექიმებთან ორსული და მშობიარე ქალები თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ.

მომუშავე დედებისთვის  შეღავათი რომ გაეწიათ, ბეიკერმა შექმნა სპეციალური კლუბი, სადაც 20-დან 16 წლამდე გოგოებს პატარა დების და ძმების სწორად მოვლას ასწავლიდნენ, ვიდრე მშობლები სამსახურში იქნებოდნენ. გოგოები თითქმის ისეთივე ცოდნას იღებდნენ ბეიკერის კლუბში, რასაც სტუდენტი მედიკოსები. გადიოდნენ 20-გაკვეთილიან სწავლებას, რის შემდეგაც იცოდნენ რძის სწორად მომზადება, დაავადებების პროფილაქტიკა და ავადმყოფი ბავშვების მოვლა.

1915 წლისთვის ნიუ იორკში უკვე 25 ათას გოგოს ჰქონდა გავლილი ბეიკერის ეს კურსი.

ბეიკერის პროგრამებმა წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა: 1923 წელს ნიუ იორკში ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო ამერიკის და ევროპის სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით. ამერიკის 35 შტატში ნიუ იორკის წარმატების შემდეგ დანერგეს ბეიკერის პროგრამები დედათა და ბავშვთა მედიცინის დარგში.

მომუშავე დედებისთვის რომ შეღავათი გაეწიათ, ბეიკერმა შექმნა სპეციალური კლუბი, სადაც 20-დან 16 წლამდე გოგოებს პატარა დების და ძმების სწორად მოვლას ასწავლიდნენ ვიდრე მშობლები სამსახურში იქნებოდნენ. 1915 წლისთვის ნიუ იორკში უკვე 25 ათას გოგოს ჰქონდა გავლილი ეს კურსი./ფოტო:bbc; Hulton Archive/Getty Images

ბეიკერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფორმატორ თანამოაზრეებთნ ერთად მხარი დაუჭირა შეპარდ-ტაუნერის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შეიქმნებოდა ეროვნული პროგრამები და ფედერალური ფინანსებით იქნებოდა უზრუნველყოფილი დედათა და ბავშვთა სამედიცინო სერვისები.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო ამერიკის მედიცინის ასოციაციის წარმომადგენელი:

„ჩვენ ამ კანონპროექტის წინააღმდეგი ვართ. თუ ქალებსა და ბავშვებს გადაარჩენთ სახელმწიფოს ხარჯზე, რამ უნდა წაახალისოს ახალგაზრდა მამაკაცები შეისწავლონ მედიცინა?“ განაცხადა კონგრესის სხდომაზე ამერიკის მედიცინის ასოციაციის ერთ-ერთმა ექიმმა.

ნაკლები დაავადებული ქალი და ბავშვი იმდროინდელ ამერიკაში სამედიცინო ბიზნესის ნაკლებ შემოსავალს ნიშნავდა კაცი ექიმებისთვის.

ბეიკერის წინააღმდეგ შედგა პეტიციაც, სადაც ეწერა, რომ „ბავშვების მასობრივმა გამოჯანმრთელებამ სამედიცინო პრაქტიკის ჩამოშლა გამოიწვია“. ამ მოტივით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ქალაქის მერს ბეიკერის ბავშვთა ჰიგიენის ბიუროს გაუქმებას სთხოვდნენ.

,,ეს პეტიცია იყო პირველი კომპლიმენტი, რაც ბავშვთა ჰიგიენის ბიუროს შექმნისთვის მივიღე“, – წერდა ბეიკერი მოგვიანებით. – კრიტიკა ნიშნავდა, რომ მისმა პროგრამებმა კარგად იმუშავა.

გარდა ამგვარი კრიტიკისა, ის სექსიზმის მსხვერპლიც გახდა, როცა ქალებს ამერიკაში ჯერ კიდევ არ შეეძლოთ საუნივერსიტეტო განათლების მიღება.

1915 წელს უნივერსიტეტის დეკანმა მას სთხოვა წაეკითხა ბავშვთა ჰიგიენის კურსი ახლადჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორებისთვის, რაზეც ბეიკერმა უარი განაცხადა.

,,მე უარი ვთქვი წამეკითხა ლექციები დაწესებულებაში, სადაც ქალებს სწავლის საშუალება არ ეძლევათ და ჩემნაირებს სწავლისთვის გამოუსადეგარებად თვლიან. ვერავინ დამადანაშაულებს უსაფუძვლო გადაწყვეტილებაში“, –  წერდა ის. მაგრამ როცა დეკანმა სხვა ვერავინ იპოვა, ბეიკერს შესთავაზა ჩაწერილიყო პროგრამაში, რომლის საშუალებითაც ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხს მიიღებდა. ბეიკერი დათანხმდა და ლექციების კითხვა დაიწყო. ამის შემდეგ უნივერსიტეტი იძულებული გახდა სხვა სტუდენტი გოგოებიც მიეღო სასწავლებლად.

სარა ჯოზეფინა ბეიკერი/ფოტო:bbc; Hulton Archive/Getty Images

ამ სასწავლებელში ბეიკერი 15 წელი კითხულობდა ლექციებს. ჩანაწერებში ის იხსენებს ლექციების პირველ დღეებს და შემდგომ პერიოდსაც, თუ როგორი დამამცირებელი და ირონიული იყო სტუდენტი კაცების დამოკიდებულება მისი, როგორც ქალი ლექტორის მიმართ.

ბავშვთა ჰიგიენის ბიურო ბეიკერმა 1923 წელს დატოვა. ხუთი წიგნისა და ასობით სტატიის ავტორია, რომლებიც იმდროინდელ სამედიცინო ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

ბავშვთა ჰიგიენის ბიუროს გარდა მან დააარსა ბავშვთა ჰიგიენის ამერიკული ასოციაცია, რომლის პრეზიდენტი იყო 1917 წლიდან, 1935 წლიდან კი ქალთა მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.

ცხოვრების უკანასკნელი წლები სარა ჯოზეფინა ბეიკერმა ნიუ ჯერსის ფერმაში გაატარა და  1945 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

88 წლის ლოგინად ჩავარდნილ ბებიაზე ძალადობისთვის პირი 18 თვით დააპატიმრეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, თბილისში, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას და მას სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

ნ.ს-ს ბრალდება 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 2 ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მუსლიმები ბაირამის ლოცვას აჭარაში პირბადეებით შეასრულებენ – მუფთი

24 მაისს მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს მუფთის, ადამ შანთაძის თქმით, ლოცვა მეჩეთებში შედგება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით:

„გავიარეთ კონსულტაციები, წესების დაცვით ვაპირებთ შედგეს ბაირამის ლოცვა. მორწმუნეებს მოუწევთ დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება“.

დღესასწაულის დროს ბათუმის მეჩეთში, ტრადიციულად, ბევრი მორწმუნე იკრიბება ლოცვის მოსასმენად. როგორ მოხდება ხალხის ნაკადის რეგულირება? „ყველა ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ყველაფერი წესების დაცვით მოხდეს,“ – ამბობს ადამ შანთაძე.

რაც შეეხება ბოლნისსა და მარნეულს, აქ ბაირამის საერთო ლოცვა არ შედგება. შეიხმა მირტაგ ასადოვმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მასობრივი შეკრება არ იქნება და ყველა ილოცებს ინდივიდუალურად, ოჯახში.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მეჩეთში ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 19 მარტს მიიღო.

____________

ფოტო 2018 წლის არქივიდან: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

27 ტრანსგენდერ ქალს მართლმადიდებელი ეკლესია სურსათით დაეხმარა – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ ტრანსგენდერი ქალების მძიმე ისტორიების გაშუქების შემდეგ მას დაუკავშირდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ტრანსგენდერი ქალების დახმარების სურვილი გამოთქვა.

„სატელევიზიო გაშუქების შემდეგ მე დამიკავშირდა ერთი ადამიანი, ვისაც დაუკავშირდა ეს კონკრეტული ეკლესია და ვინც უთხრა, რომ უნდოდა დახმარება ტრანსგენდერ ადამიანებს. მთხოვეს ინკოგნიტოდ დარჩენა, ამიტომ, სამწუხაროდ, ხმამაღლა ვერ ვამბობ, რომელი ეკლესიაა“, – ამბობს ნატა ფერაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ის, რომ ტრანსგენდერ ქალებს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ეხმარებიან, ეს დაზუსტებული ინფორმაციაა.

„დიახ, ამის თქმის ლეგიტიმაცია გვაქვს“, – ამბობს ნატა ფერაძე, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თავის ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

„სუპერ ამბავი უნდა მოგიყვეთ ადამიანებო❗️❗️❗️
ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივით საკვები პროდუქტები შეგროვდა ტრანსგენდერი ქალებისთვის ?❤️?️‍?
არ მოგეჩვენათ, 27 ტრანსგენდერ ქალს სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიისგან მიუვა დღეს დახმარება!“ – წერს ნატა ფერაძე ფეისბუქზე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რამდენი ტრანსგენდერი ქალია საქართველოში და რატომ მხოლოდ 27-ს ეხმარებიან, ნატა ფერაძე ამბობს, რომ ტრანსგენდერი ქალები საქართველოში  60-ზე მეტნი არიან, თუმცა ის ყველას ვერ იცნობს. „მე, პირადად, მარტო 27 ტრანსგენდერ ქალთან მაქვს წვდომა და ამიტომ ჩავერთე. სულ ვცდილობ, რომ სრული სია გვქონდეს ტრანსგენდერი ქალების, თუმცა ჯერ ვერ მივაღწიეთ ამას, სამწუხაროდ“, – ამბობს ნატა ფერაძე.

მთავარი ფოტო: ნატა ფერაძის ფეისბუსის გვერდიდან/ ტრანსგენდერი ქალებისთვის განკუთვნილი დახმარება

როგორ უნდა წახვიდეთ სამკურნალოდ თურქეთში – საელჩოს ახალი განმარტება

საქართველოს საელჩო თურქეთში აქვეყნებს დეტალურ ინსტრუქციას იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც თურქეთში სამკურნალოდ წასვლა სურთ.

თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით, 31 ქვეყნის პაციენტებს, მათ შორის, ქართველ პაციენტებს, შეუძლიათ  თურქეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და მათთვის სასურველ კლინიკებში იმკურნალონ.

თურქეთში გამგზავრება რამდენიმე საფეხურისგან შედგება. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით.

„პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს – USHAŞ მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი (აუცილებელია, რომ პაციენტისა და მისი თანხმლები პირის ტრანსპორტირება განხორციელდეს საავტომობილო ან საჰაერო რეანომობილით),“ –  წერია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდნენ ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე☎️: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

უმდიდრესი ადამიანები პანდემიის დროს კიდევ უფრო გამდიდრდნენ

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში აშშ-ში მილიარდერების ქონება 15 პროცენტით გაიზარდა, მილიარდერების კლუბს კი 16 ადამიანი დაემატა – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ანალიტიკური ჯგუფის – Americans for Tax Fairness და Institute for Policy Studies-ის კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც 21 მაისს გამოქვეყნდა.

კვლევის პერიოდში, 18 მარტიდან 19 მაისამდე მილიარდერების ქონება 434 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 3,382 ტრილიონს მიაღწია.

საერთო ზრდის დაახლოებით 20 პროცენტი მოდის აშშ-ის ხუთ, ყველაზე მდიდარ ადამიანზე: „ამაზონის“ მფლობელ ჯეფ ბეზოსზე, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელ ბილ გეიტსზე, „ფეისბუქის“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგზე, Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელ უორენ ბაფეტსა და Oracle-ის თანადამფუძნებელ ლარი ელისონზე. ბეზოსის ქონება ორ თვეში 34,6 მილიარდით გაიზარდა და 30-პროცენტიანი ზრდა აჩვენა, გეიტსის- 8 მალიარდით [+8,2%], მარკ ცუკერბერგის კი – 25 მილიარდით [+46,2].

ორი თვის განმავლობაში აშშ-ის 30 მილიარდერს შორის პროცენტულად ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ საოჯახო მაღაზიების ქსელის, Menards-ის მფლობელს, ჯონ მენარ უმცროსს [+62,8] და ილონ მასკის [+48%].

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ორ თვეში მილიარდერების რაოდენობა აშშ-ში გაიზარდა. თუ მარტში აშშ-ში 614 მილიარდერი იყო, მაისში მილიარდერების რაოდენობა 630-ია.

აპრილში აშშ აღმოჩნდა მეორე ადგილზე ჩინეთის შემდეგ ახალი მილიარდერების რაოდენობით 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ამ პერიოდში მილიარდერების რაოდენობა აშშ-ში 210 ადამიანით გაიზარდა, მათ შორის, 61 ე.წ. IT მილიარდერია.

აჭარის მთავრობა ქობულეთს ზღვის პირას მიწის ნაკვეთს სთხოვს

აჭარის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტს სთხოვს საკუთრებაში გადასცეს 11 487 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს, მისი შემდგომი განკარგვის მიზნით. ამ ნაკვეთს ერთი მხრიდან შპს „გრინ რიზორთის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი ესაზღვრება.

გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალთან მდებარეობს.

ქობულეთში მდებარე სამ ნაკვეთზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „გრინ რეზორტსთან“ ნასყიდობის ხელშეკრულებები 2019 წლის 21 მარტს გააფორმა. ნაკვეთების საერთო ფართობი 1 796 308 კვ.მ-ია.

შპს „გრინ რიზორთი“ ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ეკუთვნით, ხოლო დირექტორად ლევან შერაზადაშვილი ფიქსირდება.

ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა

 

 

ბათუმმა დათქმულ ვადაში ვერ მიიღო 1,3-მილიონიანი ელექტროავტობუსები

ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს ბათუმი ახალ ელექტროავტობუსებს, უცნობია. ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 1,3 მილიონი ლარი [384 790 ევრო] ჯდება.

8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე, ბათუმი „ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი იქნება.

ხელშეკრულების მიხედვით, როგორც „ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, ბელორუსულ კომპანიას ელექტროავტობუსები 2 ეტაპად, აპრილსა და ივნისში უნდა მოეწოდებინა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დღეს, 22 მაისს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში შესაძლოა სექტემბერ-ოქტომბერში, მაქსიმუმ, 2020 წლის ბოლომდე იქნება.

„ვესაუბრეთ ქარხნის წარმომადგენელს, რომლის ინფორმაციითაც ავტობუსის გარკვეული დეტალები [ელემენტები] მზადდება ჩინეთში და პანდემიის გამო მიწოდებაში შეიქმნა პრობლემა, დანარჩენი მზადაა ყველაფერი“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში 2020 წლის 31 მარტიდან აღარ მოძრაობს. საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან უქმდება.

დღეს, 22 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგება – ჯანდაცვის მინისტრი

სახლიდან მუშაობა ვირუსის შემდეგ ნორმად იქცევა

გუშინ, 21 მაისს, ფეისბუქმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაო ძალის დისტანციურ მუშაობაზე დიდი ხნით გადავა. მიმდინარე კვირას კი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი 4-დღიანი სამუშაო კვირისა და მეტი დასვენების დღის შემოღების იდეით გამოვიდა, რითიც, მისი თქმით, ეკონომიკის სტიმულირება და შიდა ტურიზმის განვითარება უნდა მოხდეს.

მსოფლიო პანდემიის შემდეგ ოფისები თანდათან იხსნება და დამსაქმებლები შრომის ახალი და მოქნილი ფორმების დამკვიდრებაზე  ფიქრობენ.

ფეისბუქის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებს აცნობა, რომ ივლისიდან კომპანია დისტანციურად მომუშავე თანაგუნდელებს დაიქირავებს. ცუკერბერგის თქმით, ის ელის, რომ მომდევნო 5, 10 წლის განმავლობაში ფეისბუქის თანამშრომელთა ნახევარი ოფისში აღარ იმუშავებს და დისტანციურად შეასრულებს საქმეს.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ოთხდღიანი სამუშაო კვირის იდეის წარდგენისას განაცხადა, რომ ასე შრომა გადაწყვეტს სამსახურისა და პირადი ცხოვრებისთვის საჭირო დროის ბალანსის საკითხსაც.

გასულ წელს იაპონიაში ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა სატესტო რეჟიმში ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი და სამუშაო ძალასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომა წლის ბოლოს კომპანიამ წარმატებულად შეაფასა, როგორც წარმოების ასევე თანამშრობლებთან ურთიერთობის და უკუკავშირების თვალსაზრისით.

კადრების ექსპერტები დადებითად აფასებენ როგორც სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას, ასევე ოთხდღიან სამუშაო კვირას, როგორც ოფისებში მასობრივად დაბრუნების ალტერნატივას.

,,ასეთი მიდგომა ძალიან დაეხმარებოდა დასაქმებულებს დროის ბალანსში სამსახურსა და ცხოვრებას შორის, განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებსაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ, ახალგაზრდა დედებს, მშობლებს, რომლებმაც მეტი დრო უნდა გაატარონ შვილებთან / მოუარონ ხანდაზმულ მშობლებს. თუ Covid 19-ის შემდეგ დამსაქმებლები დაიწყებენ მსგავსი მიდგომებით კადრების დასაქმებას, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანური რესურსების მართვის საქმეში“, – ამბობს BBC-სთან სინგაპურის კადრების კონსულტანტი ალინ იბრაჰამი.

დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს გადაიაზრონ ოფისიდან დასაქმებულთა მუშაობის ხარჯებიც.

სხვადასხვა ოფისის კონსოლიდაციას გეგმავს კომპანია Mastercard-იც და აშშ-ს ტერიტორიაზე დისტანციურად მომუშავეთა ჰაბის შექმნის იდეას განიხილავს.

საქართველოში 15 წლის ბიჭების 14%-ს მარიხუანა ერთხელ მაინც მოუწევია – ჯანმოს კვლევა

ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის 227 441 მოზარდი გამოიკითხა. 

კვლევის ერთი კითხვა მოზარდებში მარიხუანის მოხმარებას ეხება, კერძოდ – მოუწევიათ თუ არა ერთხელ მაინც მარიხუანა, რაზედაც 15 წლის მოზარდების 13% დადებითად პასუხობს. ეს შვიდიდან დაახლოებით ერთი მოზარდია.

ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი აქვთ საქართველოში გამოკითხული 15 წლის მოზარდი გოგონების 2%-ს და ბიჭების 14%-ს.

 კითხვაზე მოგიწევიათ თუა რა მარიხუანა ბოლო 30 დღის განმავლობაში, 45-ვე ქვეყანაში გამოკითხული 15 წლის მოზარდების 7% პასუხობს, რომ – კი. ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი საქართველოში 15 წლის გოგონების 1%-სა და ბიჭების 10%-ს ჰქონდა.

მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლო კვლევა, რომელიც 19 მაისს გამოქვეყნდა, 2018 წლის მონაცემებს მოიცავს.

_______

რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე

ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, მოზარდებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები მომატებულია.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობაა – “ფიზიკური აქტივობების მაჩვენებლები რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში პრაქტიკულად საერთოდ არ გაუმჯობესებულა: გლობალურ რეკომენდაციას ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ზომიერი ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში 1 საათზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს, ასრულებს მოზარდების 20%-ზე ნაკლები“, – წერია კვლევაში. ანგარიშის თანახმად – “ევროპის რეგიონის ქვეყნების ნაწილში კვლავ მატულობს მოზარდებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის შემთხვევათა რაოდენობა. კერძოდ, ეს პრობლემები ყოველ მეხუთე მოზარდს ეხება”.

კვლევის მიხედვით, მართალია, მოზარდებში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება შემცირებულია, თუმცა მოხმარების ბოლო მაჩვენებლები კვლავ მაღალია.

ასეთია ძირითადი მიგნებები კვლევისა, რომელშიც 2017-2018 წლებში 11, 13 და 15 წლის მოზარდები გამოკითხეს. კვლევაში 227 441 მოზარდი მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით:

  • მოზარდების 48% ყოველდღიურად არ ჭამს არც ხილს და არც ბოსტნეულს (52% – ბიჭები, 44% – გოგონა).
  • მოზარდების მხოლოდ 2/3 იხეხავს კბილებს დღეში ორჯერ (73% – გოგონა, 57% – ბიჭი).
  • ყოველ ხუთ მოზარდში ერთს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე (25% – ბიჭები, 16% – გოგონები)
  • ოთხ მოზარდში ერთზე მეტმა თქვა, რომ თავს ძალიან მსუქნად მიიჩნევს (31% – გოგონა, 22% – ბიჭები).
  • მოზარდების მესამედზე მეტი (35%) მეგობრებს ეკონტაქტება ონლაინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში. პრევალენტობა უფრო მაღალია გოგონებში, ვიდრე ბიჭებში.
  • მოზარდების 7%-მა დაასახელა, რომ პრობლემურად იყენებს სოციალურ მედიას, რაც ხასიათდება დამოკიდებულების მსგავსი სიმპტომებით.
  • ყოველი ოთხი მოზარდიდან ერთი აცხადებს, რომ ნერვიულობს, გაღიზიანებულად გრძნობს თავს ან განიცდის ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს ყოველკვირეულად.
  • კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქვეყნებიდან იმ მოზარდების 25-მა პროცენტმა, ანუ ოთხიდან ერთმა (15 წლის მოზარდთაგან), ვისაც ჰქონია სქესობრივი კავშირი, აღნიშნა, რომ არ გამოუყენებია კონტრაცეპტივი ბოლო აქტის დროს.
  • 15 წლის ასაკისთვის, ხუთიდან თითქმის სამი მოზარდი ამბობს, რომ დაულევია ალკოჰოლი ცხოვრების მანძილზე. ოთხიდან ერთს მოუწევია თამბაქო და შვიდიდან დაახლოებით ერთს – მარიხუანა.
  • მოზარდების მეოთხედმა თქვა, რომ სკოლა ძალიან მოსწონს. თუმცა, სკოლით კმაყოფილებამ მოზარდებში 2014 წლიდან იკლო ქვეყნების მესამედში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგება – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 22 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

„ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღესდღეობით ისევ რჩება ქვეყანაში.

რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36, რაც ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. ვმუშაობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით გარკვეული წესების დადგენაზე და ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შემდეგაც მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს ეკა ტიკარაძე.

მისი თქმით, ტრანსპორტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ავტომანქანით 3-ზე მეტ პირს შეუძლია გადაადგილება, ტაქსებთან დაკავშირებით კი ეს შეზღუდვა ისევ რჩება.

ხვალ, 23 მაისს, საქართველოში უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

მე-9 სარჩელი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა სოცქსელში

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ დღეს, 22 მაისს, კიდევ ერთი სარჩელი დარეგისტრირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად გიორგი კოხრეიძის მიერ ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში დადგენილ ქცევის წესებს ასაჩივრებენ, რაც კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორების საფუძველი გახდა.

ჟურნალისტების უფლებებს ახლაც „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ეს უკვე მე-9 სარჩელია გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ. სასამართლო სარჩელების გარდა ჟურნალისტებმა მიმართეს პროკურატურასაც – მათი აზრით, გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ჟურნალისტების დევნის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო.

„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქცევის წესები არსებითად ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის მიზანს ატარებს და, რეალურად, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან დასაქმებულების თვითნებური დისციპლინური დევნისა და დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფეისბუქსტატუსების გამო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ტელევიზიას უკვე ჩამოაშორა ჟურნალისტი თეონა თურმანიძე, შემდეგ კი, ჟურნალისტი და ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი – მალხაზ რეხვიაშვილი გაუშვა სამსახურიდან. მაუწყებლის ქცევის წესები 8 აპრილს შეიმუშავა გიორგი კოხრეიძემ.

სარჩელის ავტორი ამ შემთხვევაში ალტერნატიული პროფესიული კავშირია. სარჩელის ავტორი და ინტერესების დამცველი ორგანიზაცია EMC-ი მიიჩნევს, რომ კოხრეიძის მიერ დადგენილი ქცევის წესები უკანონოა.

„…მაუწყებლის თანამშრომლებს სრულად (მათ შორის, არასამუშაო დროსაც) ეზღუდებათ საკუთარი სოციალური ქსელების თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის და აქტივობის უფლება. კერძოდ, თანამშრომლებს საკუთარ სოციალურ გვერდებზე შეეზღუდათ თავისუფლად ისეთი ფოტო, ვიდეო და ჩანაწერების გავრცელებაც, რომლებიც არ ეკუთვნის მაუწყებელს (მე-2 მუხლი). ასევე, თანამშრომლებს აეკრძალათ მაუწყებლის სამუშაო და სამაუწყებლო პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება (მე-12 მუხლი), ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირება (მე-9 მუხლი). მეტიც, ბრძანება ყველა თანამშრომელს ავალდებულებს მის უშუალო ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მაუწყებლის კრიტიკას უკავშირდება (მე-5 მუხლი). ამასთან, ქცევის წესები თანამშრომლებს სთხოვს სრულ ლოიალობას (მუხლი 13) და შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომ თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უნდა აზიანებდეს მაუწყებლის რეპუტაციას (14 მუხლი),“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარჩელების განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია. მეტიც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომა არც ერთი წლის შეტანილ სარჩელზე არ გაუმართავს, როცა ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენება გაასაჩივრა. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეები რამდენიმე მოსამართლემ უნდა განიხილოს: ხათუნა ბოლქვაძემ, გოჩა ფუტკარაძემ, სალიხ შაინიძემ, ალექსანდრე გოგუაძემ.

„მზად ვართ, ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ“ – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლის აღსადგენად.

„ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა. ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის,“ – განაცხადა ნათია თურნავამ, ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინშეხვედრის შემდეგ. ეს სამინისტრო ლიეტუვაში ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს.

საქართველოში 15 ივნისიდან უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა და შიდა ტურიზმის ამოქმედება იგეგმება, პირველი ივლისიდან კი – სახმელეთო და საჰაერო ფრენების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად და ფრენების ფაქტობრივი აღდგენა.

თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა რეგულაციებს დაექვემდებარება ტურიზმის სექტორი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ტურიზმის სექტორი პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფეროა. სამი თვე ეს სექტორი გაჩერებულია, თუ არ ჩავთვლით სასტუმროებს, რომლებსაც საკარანტინე სივრცეებად ქირაობს სახელმწიფო.

 ვრცლად ამ თემაზე: 

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, პრაქტიკულად, კარანტინში ჩამოდიან“ – ტურიზმი და პანდემია

„მინდა გთხოვოთ, იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან“ – გახარია ამირან გამყრელიძეს

„ბატონო ამირან, მინდა გთხოვოთ, რომ იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან ქვემოთ, ისევე როგორც ქალბატონო ეკა“ – ასე მიმართა დღეს, 23 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს.

„პირველი – უნდა აუხსნათ რა ხდება რეგიონში, მეორე – უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე – უნდა აუხსნათ, რომ ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ჩვენ ხელში, ნუ… რთული იქნება. და მეოთხე – პოლიტიკოსები აუხსნით, რომ გამოდის, რომ მესამე ფრონტი დაგვემატა. ეს, რაც გუშინ იქ ხდებოდა გუშინ, ეს იყო ჩვეულებრივი ცირკი,“ – ასეთი დავალება მისცა ამირან გამყრელიძეს, ეკატერინე ტიკარაძესა და პოლიტიკოსებს გახარიამ.

საბჭოს სხდომა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა „იმედზე“ და მთავრობის გვერდზე, ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.

დღეს გიორგი გახარიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ აქამდე თუ ორ ფრონტზე უწევდათ ბრძოლა – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ეკონომიკა, ახლა დაემატა, მესამე, პოლიტიკური ფრონტი.

მთავრობამ საქართველოს პარლამენტს მიმართა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტით, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

კანონში ცვლილებებს „დიქტატორულს“ უწოდებს ოპოზიცია.

პოლიციამ 70 წლის დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში დედას, 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

“გატაცებული მეზღვაურები რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდებიან. ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს…”, – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

მეზღვაურებმა ტყვეობაში 20 დღე გაატარეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად მუშაობენ ნებართვის მიღებაზე, რომ ნიგერიიდან მეზღვაურების ტრანსპორტირება უზრუნველყონ.

პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს დირექტორის თქმით, მეზღვაურთა გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური 30 აპრილს გაიტაცეს. გატაცებულთაგან 9 საქართველოს მოქალაქე იყო. გემზე დარჩენილი 4 მეზღვაური კი, რომლებიც გატაცებას გადაურჩნენ, უკვე საქართველოში არიან.

23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისის ღამის 12 საათიდან აღარ გაგრძელდება, გაუქმდება კომენდანტის საათიც [რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება ძალაში].

მიუხედავად ამისა, ძალაში დარჩება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება; ტაქსში უნდა იყოს მხოლოდ 3 პირი მძღოლის ჩათვლით [ამასთან, მგზავრი არ უნდა იჯდეს წინ, მძღოლის გვერდით]. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა]; დახურულ საჯარო სივრცეში, დაწესებულებებში, მარკეტებში სავალდებულოა პირბადე და სხვა.

მთავრობის განცხადებით, „რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და, როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი“.

კომენდანტის საათი საქართველოში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. აქედან დღემდე, ანუ 22 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 985 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 23 მილიონ 955 ათას ლარს გადააჭარბა.

ბოლო 5 დღე-ღამის  განმავლობაში, ანუ 17 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის სულ 415 პირი დააჯარიმა. აქედან, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე – 382 პირი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე – 27, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის – 6 პირი.

ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის აღებული გვაქვს ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 ათასი ლარი.

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე შემზღუდავი ზომების გატარების შესაძლებლობას პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მხარი გუშინ, 21 მაისს დაუჭირა. კენჭისყრას 101 დეპუტატი ესწრებოდა.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკნით, კანონპროექტი დასახვეწია სამართლებრივი ტექნიკისა და რედაქციული თვალსაზრისით:

https://netgazeti.ge/news/454501/

ბათუმში 263 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ლაბორატორიებში ჩატარებული 263 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 377 პირს.

ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 2 ინფიცირებული პაციენტი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, 22 მაისის მონაცემებით [11 სთ] საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 723 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 495 პაციენტი, გარდაიცვალა – 12.

უქმდება შეზღუდვა ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნაზე – გახარია

შეზღუდვა ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნაზე ხვალიდან, 23 მაისიდან, გაუქმდება  – ამის შესახებ, დღეს, 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შეზღუდვა შენარჩუნდება მხოლოდ ტაქსიში.

შეგახსენებთ, ხვალიდან, 23 მაისიდან, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.

 

11 და 13 წლის მოზარდებში ალკოჰოლით თრობის მაქსიმალური მაჩვენებელი საქართველოშია – ჯანმო

მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევა, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარდა, მოიცავს ინფორმაციას 11, 13 და 15 წლის მოზარდების ფიზიკური ჯანმრთელობის, სოციალური ურთიერთობებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შესახებ. კვლევაში 227 441 მოზარდი გამოიკითხა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობის მხრივ არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობა რჩება. კვლევაში წერია, რომ ევროპის რეგიონის ქვეყნების ნაწილში კვლავ მატულობს მოზარდებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაჩვენებელი, კერძოდ, ეს პრობლემა ყოველ მეხუთე მოზარდს აწუხებს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება მოზარდებში კლებულობს, ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია – კერძოდ, 15 წლის მოზარდების ერთ მესამედზე მეტს დაულევია ცხოვრებაში ალკოჰოლი და ყოველ მეშვიდეს მოუწევია თამბაქო ბოლო 30 დღის განმავლობაში.

რას ამბობს კვლევის შედეგები საქართველოს მოზარდებზე

ყოფილან თუ არა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ან/და ბოლო 30 დღის მანძილზე:

ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში / რეგიონში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. კვლევაში წერია, რომ ასეთი ქცევის მაჩვენებელი 11 და 13 წლის ასაკში, ზოგადად, დაბალი იყო, თუმცა ამ ასაკში მაქსიმალური მაჩვენებლები ბულგარეთსა და საქართველოში დაფიქსირდა.

ბოლოდროინდელი თრობის ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც თრობის მაჩვენებელი მატულობს რესპონდენტთა ასაკის მატებასთან ერთად. კვლევაში წერია, რომ მთლიანობაში გამოკითხული ყოველი მეხუთე 15 წლის მოზარდი (20%) ყოფილა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ორჯერ ან მეტჯერ ცხოვრებაში და შვიდიდან თითქმის ერთი (15%) იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში ბოლო 30 დღის განმავლობაში. ალკოჰოლთან დაკავშირებული კითხვის ორივე ნაწილში, გენდერული თვალსაზრისით დიდი სხვაობა საქართველოს გარდა დაფიქსირდა ალბანეთში, სომხეთში, მოლდოვასა და რუმინეთშიც.

მთლიანობაში ჩანს, რომ ბიჭებს უფრო მეტად მიუღიათ ალკოჰოლი ცხოვრებაში, ვიდრე გოგონებს. გენდერულ ჭრილში ამ მონაცემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობა სწორედ საქართველოში დაფიქსირდა, ანუ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაცილებით უფრო მეტმა ბიჭმა  (36%) დააფიქსირა, ვიდრე გოგომ (20%).

არაჯანსაღი კვება და ჭარბი წონა:

ყოველი ოთხი თინეიჯერიდან ერთი (25%) ყოველდღიურად ჭამს ტკბილეულს (მათ შორის შოკოლადს) – ტკბილეულის ყოველდღიური მოხმარება ქვეყნების მიხედვით ფართოდ განსხვავდებოდა, მაგალითად, ეს მაჩვენებელი ფინეთში (ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან) 3% –ია,  სომხეთში (13 წლის გოგოები) კი 70%. მოზარდებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში (დანია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი და შვედეთი), აღინიშნა ტკბილეულის ყოველდღიური მოხმარების დაბალი მაჩვენებელი. ტკბილეულის ყოველდღიური მოხმარება ყველაზე გავრცელებულია ალბანეთში, სომხეთსა და საქართველოში. “მეორეს მხრივ  ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ალბანეთი, სომხეთი და საქართველო, არიან იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ასეთი ქცევის მაღალი პრაქტიკა აქვთ”, – წერია კვლევაში.

კვლევის საერთო შედეგებით, გამოკითხული მოზარდების თითქმის ნახევარი (48%) არ რთავს კვების ყოველდღიურ რაციონში არც ხილს და არც ბოსტნეულს. ცალკე საქართველოშიც დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელია.  გამოკითხული 15 წლის გოგონების მხოლოდ 46% და ამავე ასაკის ბიჭების მხოლოდ 46% მიირთმევს ყოველდღიურად ხილს:

2014 წლიდან 2018-მდე, ქვეყნების მესამედში დაფიქსირდა მოზარდებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაჩვენებლების მატება, რაც ყოველ მე-5 ბავშვს აწუხებს.

ფიზიკური აქტივობა:

მნიშვნელოვანია, რომ კვლევის საერთო მაჩვენებლით გამოკითხული მოზარდების მხოლოდ  19% იცავს ჯანმო-ს რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, ყოველდღიურად საჭიროა 60 წუთიანი ზომიერი დატვირთვა მაინც. საქართველოში ასეთი მოზარდების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია:

საკუთარი თავის აღქმა:

15 წლის მოზარდების მეოთხედზე მეტმა (29%) თქვა, რომ თავს მსუქნად მიიჩნევს. თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ეს პასუხი გოგონებმა უფრო ხშირად დააფიქსირეს (36%), ვიდრე ბიჭებმა (22%). კონკრეტულად საქართველოში ასე მიიჩნევს გამოკითხული 15 წლის გოგონების 29% და ბიჭების 22%.

 

პირის ჰიგიენა:

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოზარდების მხოლოდ ⅔ იწმენდს კბილებს დღეში ორჯერ, საქართველოში ასეთი სურათია:

სქესობრივი კავშირი:

მთლიანი კვლევის ფარგლებში გამოკითხული ბიჭები გოგონებზე უფრო ხშირად აფიქსირებდნენ, რომ ჰქონიათ სქესობრივი კავშირი 15 წლის ასაკითვის (ბიჭები – 24% და გოგონები – 14%).
გენდერულ ჭრილში მნიშვნელოვანი განსხვავებები დაფიქსირდა 29 ქვეყანაში, კვლევის მიხედვით ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა საქართველოში (43 პროცენტული პუნქტით) და ალბანეთში (40 პროცენტული პუნქტით).
გრენლანდია ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც მნიშვნელოვნად მაღალი პრევალენტობა ჰქონდათ გოგონებს.

კვლევა მოიცავს 2017-2018 წლების პერიოდს. სკოლის ასაკის ბავშვებში ჯანმრთელობის ქცევის (Health Behaviour in School-aged Children (HBSC))კვლევა, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

საფრანგეთიდან ჩამოსული მიგრანტი: სამსახურს ვეძებ, რომ ისევ ჩემოდნებზე არ გვეძინოს

„როგორც საფრანგეთში, აქაც, ჩემს ქვეყანაშიც, ჩემოდნებზე გვძინავს… უკვე 5 თვეა ვითხოვ დახმარებას, სამსახურს, რომლითაც, მე და ჩემი 12 წლის შვილი არსებობას შევძლებთ,“ – ამბობს ბათუმელი რუსიკო დოლიძე. იგი საფრანგეთიდან წლის დასაწყისში დაბრუნდა, როცა მეუღლე გარდაეცვალა. რუსიკო ამბობს, რომ 2 წლის წინ საფრანგეთში მეუღლესთან და შვილთან ერთად წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა ქმრის მკურნალობას საქართველოში შედეგი არ ჰქონდა.

საფრანგეთში გამგზავრებამდე ოჯახმა ბათუმში საცხოვრებელი ბინა დააგირავა. ახლა რუსიკო შვილთან ერთად ახლობლებს აფარებს თავს, რადგან პრობლემაა ბინის ფულის გასტუმრებაც.

„ძალიან ლამაზი ქალაქია მარსელი, მაგრამ ლტოლვილებისთვის ძალიან სასტიკი…“ – გვიყვება რუსიკო დოლიძე, რომელსაც ვთხოვეთ საფრანგეთში ცხოვრების შესახებ მოეყოლა.

„ბუნებრივია, ია-ვარდით არავინ დაგვხვედრია იქ, მაგრამ მანამდე პარიზთან ახლოს, ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, რომელიც უფრო თბილი იყო, სტუმართმოყვარე, ყველა ყურადღებას გვაქცევდა… მერე გადაგვიყვანეს მარსელში. ფული რომ გაგვითავდა, თავშესაფრის სტატუსი მოვითხოვეთ. ვიდრე დროებით ღამის გასათევს მოგვცემდნენ, 5 თვე ხან სად გვეძინა, ხან  – სად. ქუჩაში ვათენებდით ღამეებს, მანქანას გვითმობდა ზოგი და იქ გვეძინა.

მაშინ  ჩემი გოგო 9 წლის იყო… ფრანგული ისე კარგად ისწავლა, თარჯიმნად ის დაგვყავდა ექიმებთან. ზუსტად ორი წლის წინ წავედით საფრანგეთში, 26 მაისი იყო, დამოუკიდებლობის დღე. საფრანგეთში ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის გამო წავედით, აქ უკვე აღარაფერს არ ჰქონდა შედეგი, რეანიმაციაში იყო სამჯერ… ბევრი არ გვიფიქრია, როცა გვითხრეს, იქნებ, საფრანგეთში უშველონო… ჩვენი ბინა გირაოთი 10 ათას დოლარად გავეცით, სულ უფულოდ ხომ არ წავიდოდით და ჩავედით საფრანგეთში“ , – გვითხრა რუსიკო დოლიძემ.

საფრანგეთში წასვლამდე რუსიკო დოლიძე წლების წინ ჟურნალისტად მუშაობდა, ასევე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ის პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა ამ პროფესიით არ უმუშავია. რუსიკო ახლა ნებისმიერ სამუშაოზე თანახმაა.

„სად არ ვიყავი: მარკეტებში, დიდ მაღაზიებში, კონსულტანტად რომ დამეწყო მუშაობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 10 ათასი დოლარიდან 5 უკვე გადავიხადე ახლობლების დახმარებით, ახლა ხუთის შეგროვება მინდა, რომ ჩემს ჭერქვეშ დაბრუნება შევძლო… ბათუმის მერს, ლაშა კომახიძესაც მივწერე და დახმარება ვითხოვე. სასურსათო კალათა მოუტანეს ჩემს შვილს…

საფრანგეთში დაბრუნებაზე ვფიქრობ ისევ, რადგან აქ გამოსავალს ვერ ვხედავ. იქ საკვების პრობლემა არ მქონია, ჯანდაცვაშიც ყველაფერს გვიფინანსებდნენ, რაც ძალიან ძვირადღირებულია… სოციალს, როგორც კი დავურეკავდი, მოდიოდა და მაქსიმალურ ყურადღებას გვაქცევდა… მირჩევნია აქ ვიყო, მაგრამ როგორ?“ – ასრულებს საუბარს რუსიკო დოლიძე.

34 კომპანიით პარლამენტში – დეპუტატ ივლიანე წულაიას ბიზნესი

ბიზნესმენი ივლიანე წულაია ბოლო მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ კვოტით მაჟორიტარ წევრად შევიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია, არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია და ძირითადად „ოცნების“ ინიცირებულ პროექტებს ეთანხმებოდა.

სამაგიეროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ და მშენებლობების მასშტაბები გაზარდეს დეპუტატის კომპანიებმა.

ივლიანე წულაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 34 კომპანიას ფლობს ან თანამესაკუთრეა. ბევრ კომპანიაში თანამესაკუთრედ ისევ დეპუტატის მფლობელობაში არსებული კომპანიაა დაფიქსირებული. ამ კომპანიების უმეტესობას თენგიზ წულაია ხელმძღვანელობს.

მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა, ივლიანე წულაიამ კომპანიების წილები მინდობით გადასცა სხვა პირს. ამ კომპანიიდან მიღებული შემოსავლები კი მას დეკლარაციაში აღარ დაუფიქსირებია. გასულ წელს შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატმა შემოსავლები არასრულად ასახა, რისთვისაც დააჯარიმეს.

კორპუსების უმეტესობა, რომლესაც წულაიას კომპანიები აშენებენ, ხშირად მშენებლობის დასრულებამდეა გაყიდული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევის თანახმად, წულაია და მისი ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, მათ 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს 700
000 ლარზე მეტი შესწირეს.

„არქის“ მიმდინარე სამშენებლო პროექტი დიღომში. უნდა აშენდეს A B C და D კორპუსები.

„არქი ფიჭვები“ – თბილისის ცენტრალურ ნაწილში, იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზეა. პროექტის მიხედვით, აქ 29-სართულიანი კორპუსი შენდება. როგორც კომპანია წერს, ამ ბინებიდან პანორამული ხედი გადაიშლება მთაწმინდასა და კუსტბაზე. 
ივლიანე წულაია [მარჯვნივ], საქართველოს პარლამენტის წევრი
14-სართულიანი „არქი ვარკეთილის“ საცხოვრებელი კომპლექსი 195 ბინას გააერთიანებს, როგორც კომპანიის ვებგვერდზე წერენ, ეს „არქის“ მეორმოცე პროექტია.

„არქი ვუდი“ თბილისის დიღმის მასივში.

არქი ისანი [პროექტის რენდერი]
პროექტი არქი ისანი – მიმდინარე მშენებლობა

ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დეპუტატის კომპანიები აშენებენ ან უკვე ააშენეს. დეპუტატმა გასულ წლებში მრავალბინიანი სახლი ბათუმის ცენტრში, გორგასლის ქუჩაზეც ააშენა. გარდა ამისა, ის ფლობს საცხოვრებელი და სასტუმრო აპარტამენტებს კვარიათში ზღვის პირას.

აპარტოტელი „სანსეტი“ კვარიათში
არქის კომპლექსი თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე.
არქი ვაზისუბანი

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით 2018 წელს წულაიას თავადაც შეუძენია ბინები თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომლებშიც ჯამში 150 000 დოლარზე მეტი გადაუხდია. 2019 წელს კი, მოტოციკლეტსა და ავტომანქანაში, ჯამში, 36 000 დოლარი გადაიხადა.

ბათუმში თხევადი გაზის რეზერვუარიდან აირი გაიფრქვა – ადგილზეა სამი სახანძრო ჯგუფი

დღეს, 21 მაისს, ბათუმში, ფაღავას ქუჩაზე, თხევადი გაზის რეზერვუარიდან დაზიანების შედეგად აირი ჰაერში გაიფრქვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის რეზერვუარის გამომავალ მილთან მცირე დაზიანებაა და ბუნებრივი აირი იფრქვევა ჰაერში. სამსახურში გვითხრეს, რომ აფეთქების საშიშროება არ არის.

„ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს რეზერვუარის გაგრილებას,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გაზის რეზერვუარი შპს „ბომბორას“ ეკუთვნის.

„კანონიერი ქურდების საქმეზე“ საზღვარგარეთ მყოფ პირს ბრალი წარუდგინეს

„კანონიერი ქურდების საქმეზე“ კიდევ ერთ პირს წარუდგინეს ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული ამ დროისთვის საზღვარგარეთაა და მასზე ძებნა გამოცხადდება. ამ საქმეზე შსს-მ 13 პირი გუშინ, 20 მაისს, დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გ.ღ. 1974 წელსაა დაბადებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გ.ღ. -ს, რომელიც სხვადასხვა დავასთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს,“ – აცხადებს შს სამინისტრო.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Exit mobile version