მთავარი,სიახლეები

საფრანგეთიდან ჩამოსული მიგრანტი: სამსახურს ვეძებ, რომ ისევ ჩემოდნებზე არ გვეძინოს

21.05.2020 • 1705
საფრანგეთიდან ჩამოსული მიგრანტი: სამსახურს ვეძებ, რომ ისევ ჩემოდნებზე არ გვეძინოს

„როგორც საფრანგეთში, აქაც, ჩემს ქვეყანაშიც, ჩემოდნებზე გვძინავს… უკვე 5 თვეა ვითხოვ დახმარებას, სამსახურს, რომლითაც, მე და ჩემი 12 წლის შვილი არსებობას შევძლებთ,“ – ამბობს ბათუმელი რუსიკო დოლიძე. იგი საფრანგეთიდან წლის დასაწყისში დაბრუნდა, როცა მეუღლე გარდაეცვალა. რუსიკო ამბობს, რომ 2 წლის წინ საფრანგეთში მეუღლესთან და შვილთან ერთად წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა ქმრის მკურნალობას საქართველოში შედეგი არ ჰქონდა.

საფრანგეთში გამგზავრებამდე ოჯახმა ბათუმში საცხოვრებელი ბინა დააგირავა. ახლა რუსიკო შვილთან ერთად ახლობლებს აფარებს თავს, რადგან პრობლემაა ბინის ფულის გასტუმრებაც.

„ძალიან ლამაზი ქალაქია მარსელი, მაგრამ ლტოლვილებისთვის ძალიან სასტიკი…“ – გვიყვება რუსიკო დოლიძე, რომელსაც ვთხოვეთ საფრანგეთში ცხოვრების შესახებ მოეყოლა.

„ბუნებრივია, ია-ვარდით არავინ დაგვხვედრია იქ, მაგრამ მანამდე პარიზთან ახლოს, ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, რომელიც უფრო თბილი იყო, სტუმართმოყვარე, ყველა ყურადღებას გვაქცევდა… მერე გადაგვიყვანეს მარსელში. ფული რომ გაგვითავდა, თავშესაფრის სტატუსი მოვითხოვეთ. ვიდრე დროებით ღამის გასათევს მოგვცემდნენ, 5 თვე ხან სად გვეძინა, ხან  – სად. ქუჩაში ვათენებდით ღამეებს, მანქანას გვითმობდა ზოგი და იქ გვეძინა.

მაშინ  ჩემი გოგო 9 წლის იყო… ფრანგული ისე კარგად ისწავლა, თარჯიმნად ის დაგვყავდა ექიმებთან. ზუსტად ორი წლის წინ წავედით საფრანგეთში, 26 მაისი იყო, დამოუკიდებლობის დღე. საფრანგეთში ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის გამო წავედით, აქ უკვე აღარაფერს არ ჰქონდა შედეგი, რეანიმაციაში იყო სამჯერ… ბევრი არ გვიფიქრია, როცა გვითხრეს, იქნებ, საფრანგეთში უშველონო… ჩვენი ბინა გირაოთი 10 ათას დოლარად გავეცით, სულ უფულოდ ხომ არ წავიდოდით და ჩავედით საფრანგეთში“ , – გვითხრა რუსიკო დოლიძემ.

საფრანგეთში წასვლამდე რუსიკო დოლიძე წლების წინ ჟურნალისტად მუშაობდა, ასევე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ის პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა ამ პროფესიით არ უმუშავია. რუსიკო ახლა ნებისმიერ სამუშაოზე თანახმაა.

„სად არ ვიყავი: მარკეტებში, დიდ მაღაზიებში, კონსულტანტად რომ დამეწყო მუშაობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 10 ათასი დოლარიდან 5 უკვე გადავიხადე ახლობლების დახმარებით, ახლა ხუთის შეგროვება მინდა, რომ ჩემს ჭერქვეშ დაბრუნება შევძლო… ბათუმის მერს, ლაშა კომახიძესაც მივწერე და დახმარება ვითხოვე. სასურსათო კალათა მოუტანეს ჩემს შვილს…

საფრანგეთში დაბრუნებაზე ვფიქრობ ისევ, რადგან აქ გამოსავალს ვერ ვხედავ. იქ საკვების პრობლემა არ მქონია, ჯანდაცვაშიც ყველაფერს გვიფინანსებდნენ, რაც ძალიან ძვირადღირებულია… სოციალს, როგორც კი დავურეკავდი, მოდიოდა და მაქსიმალურ ყურადღებას გვაქცევდა… მირჩევნია აქ ვიყო, მაგრამ როგორ?“ – ასრულებს საუბარს რუსიკო დოლიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: